მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რატომ არ დასაჯა ღმერთმა სიკვდილით დავითი და ბათ-შებაყი მრუშობის გამო, მაშინ როცა მათი შვილი მოკვდა?
მოსეს რჯულში ნათქვამი იყო: „თუ კაცს ქმრიან ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე მოიკლას — ამ ქალთან მწოლარე კაცი და ეს ქალი. და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან“ (მეორე რჯული 22:22). იეჰოვას რომ დაეშვა, დავითი და ბათ-შებაყი მოსამართლეებს რჯულის თანახმად გაესამართლებინათ, მრუშ წყვილს სიკვდილი არ ასცდებოდა. რადგან ადამიანს არ შეუძლია გულების წაკითხვა, მოსამართლეები დამნაშავეებს ჩადენილი ცოდვის ანუ ფაქტების საფუძველზე გაასამართლებდნენ. რჯულის თანახმად, მრუში სიკვდილით უნდა დასჯილიყო. ისრაელ მოსამართლეებს არ ჰქონდათ ასეთი ცოდვის პატიების უფლება.
ადამიანისგან განსხვავებით, ჭეშმარიტი ღმერთი ხედავს, რა ხდება დამნაშავის გულში და შეუძლია აპატიოს კიდეც დანაშაული, თუ აქვს ამის საფუძველი. რადგან საქმე დავითს ეხებოდა, ვისთანაც შეთანხმება ჰქონდა სამეფოზე დადებული, იეჰოვამ გამონაკლისი დაუშვა და გადაწყვიტა, დამნაშავეები თავად გაესამართლებინა (2 მეფეთა 7:12—16). „მთელი ქვეყნიერების მსაჯულს“ უფლება ჰქონდა, ასე მოქცეულიყო (დაბადება 18:25).
რა დაინახა იეჰოვამ, როდესაც დავითის გულს იკვლევდა? 50-ე ფსალმუნის მე-2 მუხლში ნათქვამია, რომ ამ ფსალმუნში აღწერილია, თუ რა გრძნობები დაეუფლა დავითს, „რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, რაც ბათ-შებაყთან შევიდა“. ფსალმუნების 50:3—6-ში ვკითხულობთ: „შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შემბრალებლობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული. მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმიდე; რადგან ვიცი ჩემი დანაშაული, და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას. შენ, მხოლოდ შენ შემოგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში“. დავითს ძლიერ აწუხებდა სინდისი და იეჰოვამ ამაში გულწრფელი მონანიება დაინახა. ღმერთმა ეს საკმარის საფუძვლად მიიჩნია, რომ შეეწყალებინა შემცოდველები. ამას გარდა, დავითი თავადაც გულმოწყალე იყო; იეჰოვა კი გულმოწყალე პიროვნების მიმართ გულმოწყალებას ავლენს (1 მეფეთა 24:4—7; მათე 5:7; იაკობი 2:13). ამიტომ, როდესაც დავითმა აღიარა ცოდვები, ნათანმა უთხრა: „უფალმაც მოგიტევა შენი ცოდვა, არ მოკვდები (2 მეფეთა 12:13).
დავითი და ბათ-შებაყი მაინც ვერ გაექცეოდნენ ცოდვის შედეგებს. „რაკი ამ საქციელით უფლის ლანძღვის საბაბი მიეცი მტრებს, — უთხრა ნათანმა დავითს, — შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა“. ბავშვი მძიმედ დასნეულდა და მოკვდა, მიუხედავად იმისა, რომ დავითი შვიდი დღე მარხულობდა და მოთქვამდა (2 მეფეთა 12:14—18).
ზოგს უჭირს იმის გაგება, თუ რატომ უნდა მომკვდარიყო ბავშვი, ვინაიდან მეორე რჯულის 24:16-ში ნათქვამია: „შვილები არ უნდა მოიკლან მამებისათვის“. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საქმე თუ ადამიანებს გადაეცემოდა განსახილველად, მშობლები ბავშვთან ერთად, რომელიც ჯერ არ იყო დაბადებული, სიკვდილით დაისჯებოდნენ. გარდა ამისა, შვილის დაკარგვით დავითი უკეთ მიხვდებოდა, როგორ ატკინა იეჰოვას გული ბათ-შებაყთან ჩადენილი მრუშობის გამო. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა სამართლიანად მოიქცა, რადგან «წრფელია [„სრულყოფილია“, აქ] ღვთის გზა» (2 მეფეთა 22:31).
[სურათი 31 გვერდზე]
დავითმა გულწრფელად მოინანია.