არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე მეფეთა“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე მეფეთა“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე მეფეთა“

იეჰოვა უზენაესი ხელისუფალია; ამიტომ მოითხოვება ჩვენგან სრულყოფილი მორჩილება? შეუძლია მართალ ადამიანს ყოველთვის ის აკეთოს, რაც ღვთის თვალში სწორია? როგორ პიროვნებას თვლის ჭეშმარიტი ღმერთი „თავის სასურველად“? (1 მეფეთა 13:14). ბიბლიის წიგნი „მეორე მეფეთა“ ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს გვაძლევს.

წიგნი „მეორე მეფეთა“ დაწერილია ორი წინასწარმეტყველის, გადის და ნათანის, მიერ. ორივე მათგანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ძველი ისრაელის მეფე დავითთან *. ამ წიგნის წერა დაახლოებით ძვ. წ. 1040 წელს, დავითის 40-წლიანი მეფობის დასასრულისთვის, დამთავრდა. წიგნი ყურადღებას, უმთავრესად, დავითზე და იეჰოვასთან მის ურთიერთობაზე ამახვილებს. ეს ამაღელვებელი ცნობა მოგვითხრობს, თუ როგორ ერთიანდება ომებისგან დაუძლურებული ერი მამაცი მეფის ხელმძღვანელობით და ქვეყანა ფეხზე დგება. ამ საოცარ ისტორიაში მრავლად ვხვდებით ადამიანთა გრძნობების მძაფრ გამოვლინებებს.

დავითი „სულ მაღლა და მაღლა“ მიდის

(2 მეფეთა 1:1—10:19)

დავითის რეაქცია საულისა და იონათანის სიკვდილზე, ცხადყოფს, თუ რა გრძნობები ჰქონდა მას იეჰოვასა და მამა-შვილის მიმართ. ხებრონში დავითი იუდას ტომზე მეფდება. ისრაელის დანარჩენ ნაწილზე კი საულის შვილი იშბოშეთი მეფობს. დავითი „მაღლა და მაღლა“ მიდის და დაახლოებით შვიდ წელიწად-ნახევრის შემდეგ უკვე მთელ ისრაელზე მეფობს (2 მეფეთა 5:10, სსგ).

დავითი იებუსელებისგან ათავისუფლებს იერუსალიმს და იგი დედაქალაქი ხდება. დავითის პირველ მცდელობას, რომ შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადაიტანოს, უბედურება მოჰყვება. მაგრამ მეორე მცდელობა წარმატებით მთავრდება და დავითი სიხარულისგან ცეკვავს. იეჰოვა დავითთან სამეფო შეთანხმებას დებს. დავითი მტრებს იმორჩილებს, რადგან ღმერთი მასთანაა.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

2:18. რატომ არიან იოაბი და მისი ორი ძმა ცერუიას, თავიანთი დედის, ძეებად მოხსენიებულნი? ებრაულ წერილებში, გენეალოგია, ჩვეულებრივ, მამის ხაზით არის წარმოდგენილი. ცერუიას ქმარი შესაძლოა ნაადრევად მოკვდა ან ის უღირსი იყო იმისათვის, რომ წმინდა წერილებში შეეტანათ. შეიძლება ცერუია ნუსხაში იმიტომ არის მოხსენიებული, რომ ის დავითის და ან ნახევარდა იყო (1 ნეშტთა 2:15, 16). ამ სამი შვილის მამა ბეთლემში სამარხის შესახებ საუბრისას არის მხოლოდ მოხსენიებული (2 მეფეთა 2:32).

3:29. რაზე მიანიშნებდა „ხელყავარჯნიანი“? ქალების საქმე, ჩვეულებრივ, ტანსაცმლის ქსოვა იყო. ამიტომ ეს გამოთქმა შეიძლება გულისხმობდა კაცებს, რომლებიც ომში მონაწილეობისთვის არ გამოდგებოდნენ და ამის გამო იძულებულნი იყვნენ, ის საქმე ეკეთებინათ, რასაც, ჩვეულებრივ, ქალები აკეთებდნენ.

5:1, 2. იშბოშეთის სიკვდილიდან რამდენი ხნის შემდეგ გამეფდა დავითი მთელ ისრაელზე? როგორც ჩანს, გონივრულია დავასკვნათ, რომ იშბოშეთმა თავისი ორწლიანი მეფობა საულის სიკვდილიდან მალევე დაიწყო, დაახლოებით იმ დროს, როცა დავითი ხებრონში გამეფდა. დავითი მთელ იუდას შვიდ წელიწად-ნახევარი ხებრონიდან მართავდა. მთელ ისრაელზე გამეფების შემდეგ მალევე, მან დედაქალაქად იერუსალიმი აქცია. ამგვარად, დავითი მთელი ისრაელის მეფე იშბოშეთის სიკვდილიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ გახდა (2 მეფეთა 2:3, 4, 8—11; 5:4, 5).

8:2. რამდენი მოაბელი იქნა დახოცილი ისრაელებთან ბრძოლის შემდეგ? ამ რაოდენობის დადგენა შესაძლებელია გაზომვის საშუალებით და არა დათვლით. როგორც ჩანს, დავითმა მოაბელები მიწაზე ერთ მწკრივად დააწვინა. შემდეგ კი საბელით გაზომა. როგორც ჩანს, ორი საბელი ანუ მოაბელთა ორი მესამედი დახოცეს, ხოლო ერთი საზომი ანუ ერთი მესამედი, ცოცხლად დატოვეს.

რას ვსწავლობთ:

2:1; 5:19, 23. ხებრონში დასახლებამდე და მტრის წინააღმდეგ გალაშქრებამდე დავითი იეჰოვას შეეკითხა, თუ როგორ მოქცეულიყო. ჩვენც ასევე უნდა ვეძებოთ იეჰოვას ხელმძღვანელობა ისეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც ჩვენს სულიერობაზე მოახდენს გავლენას.

3:26—30. შურისძიებას სამწუხარო შედეგები მოაქვს (რომაელები 12:17—19).

3:31—34; 4:9—12. დავითი სამაგალითოა იმ მხრივ, რომ მას შურისძიება და მტრობა არ ახასიათებდა.

5:12. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა გვაძლევს ცოდნას და მან მოგვცა შესაძლებლობა, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონოდა.

6:1—7. თუმცა დავითი კარგი განზრახვით ცდილობდა კიდობნის გადატანას, მისი ურემზე დადება ღვთის ბრძანებას ეწინააღმდეგებოდა და ამიტომ შედეგი სავალალო აღმოჩნდა (გამოსვლა 25:13, 14; რიცხვნი 4:15, 19; 7:7—9). ყუზას მიერ კიდობნისთვის ხელის შეშველების შემთხვევა გვიჩვენებს, რომ, რაც უნდა კარგი განზრახვა გვქონდეს, ღვთის მოთხოვნები არ უნდა შევცვალოთ.

6:8, 9. რთულ სიტუაციაში დავითი ჯერ გაბრაზდა, შემდეგ შეშინდა და, შესაძლოა, იეჰოვაც კი დაადანაშაულა ტრაგედიაში. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა არ დავადანაშაულოთ იმ პრობლემებში, რომლებიც მისი ბრძანებების უგულებელყოფას მოაქვს.

7:18, 22, 23, 26. დავითის თავმდაბლობა, იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულება და მისი სახელის განდიდების სურვილი ჩვენთვის მისაბაძია.

8:2. 400 წლის წინათ წარმოთქმული წინასწარმეტყველება შესრულდა (რიცხვნი 24:17). იეჰოვას სიტყვა ყოველთვის სრულდება.

9:1, 6, 7. დავითმა თავისი დანაპირები შეასრულა. ჩვენც უნდა ვეცადოთ პირობის შესრულებას.

იეჰოვა თავის ცხებულს უბედურებას ატეხს თავს

(2 მეფეთა 11:1—20:26)

„აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, — ეუბნება იეჰოვა დავითს. — ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მახლობელს მივცემ, მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან“ (2 მეფეთა 12:11). რატომ ეუბნება ღმერთი დავითს ასეთ რამეს? ამის მიზეზი მეფის მიერ ბათ-შებაყთან ჩადენილი ცოდვაა. დავითი ინანიებს და ამიტომ ცოდვა მიეტევება, მაგრამ ის ჩადენილი ცოდვის შედეგებს იმკის.

ბათ-შებაყის პირველი შვილი კვდება. შემდეგ, თამარს, დავითის ქალიშვილს, თავისი ნახევარძმა ყამნონი აუპატიურებს. შურისძიებით შეპყრობილი აბესალომი, თამარის ძმა, კლავს ყამნონს. შემდეგ აბესალომი საკუთარი მამის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს და თავს ხებრონის მეფედ აცხადებს. დავითი იძულებულია იერუსალიმიდან გაიქცეს. აბესალომი სექსუალურ კავშირს ამყარებს თავისი მამის ათ ხარჭასთან, რომლებიც სახლის მოსავლელად არიან დარჩენილები. დავითი სამეფო ტახტს მხოლოდ მას შემდეგ იბრუნებს, რაც აბესალომს კლავენ. ბენიამინელი შებაყის აჯანყება მისი სიკვდილით მთავრდება.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

14:7. რას ასიმბოლოებდა „ნაპერწკალი“? „ნაპერწკლად“ ნათარგმნი სიტყვა მიუთითებდა ნაკვერჩხლის შუქზე და ცოცხალ შთამომავალთან დაკავშირებით გამოიყენებოდა.

19:29. რატომ უპასუხა დავითმა მეფიბოშეთს ასეთი სახით? მეფიბოშეთის მოსმენისას დავითი, ალბათ, მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ციბას დაუჯერა (2 მეფეთა 16:1—4; 19:24—28). სრულიად დასაშვებია, რომ ამას დავითი გაეღიზიანებინა და ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტის მოსმენა აღარ უნდოდა.

რას ვსწავლობთ:

11:2—15. დავითის შეცდომების შესახებ გულწრფელად ჩაწერილი ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული.

11:16—27. როდესაც სერიოზულად ვცოდავთ, არ უნდა შევეცადოთ მის დამალვას, როგორც ეს დავითმა გააკეთა. ნაცვლად ამისა, იეჰოვას წინაშე უნდა ვაღიაროთ დანაშაული და დახმარებისთვის კრების უხუცესებს მივმართოთ (იგავები 28:13; იაკობი 5:13—16).

12:1—14. ნათანმა შესანიშნავი მაგალითი მისცა კრებაში დანიშნულ უხუცესებს. ისინი გამოსწორებაში ეხმარებიან მათ, რომლებმაც ცოდვა ჩაიდინეს. უხუცესებმა ეს პასუხისმგებლობა დახელოვნებულად უნდა შეასრულონ.

12:15—23. სწორი თვალსაზრისის ქონა იმაზე, რაც შეემთხვა, დაეხმარა დავითს, უბედურებაზე სათანადო რეაგირება მოეხდინა.

15:12; 16:15, 21, 23. როდესაც საქმეები ისე წარიმართა, რომ თითქოს აბესალომი უნდა გამეფებულიყო, სიამაყემ და ამბიციამ იქამდე მიიყვანა ახითოფელი, რომ შესანიშნავი მრჩეველი მოღალატე გახდა. გონიერება თავმდაბლობისა და ერთგულების გარეშე შეიძლება მახე გახდეს.

19:24, 30. მეფიბოშეთი ნამდვილად მადლიერი იყო დავითის მხრიდან სიყვარულით გამოვლენილი სიკეთისთვის. ის მზადყოფნით დაემორჩილა მეფის გადაწყვეტილებას ციბასთან დაკავშირებით. იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი მადლიერებამ უნდა აღგვძრას, რომ მორჩილები ვიყოთ.

20:21, 22. ერთი პიროვნების ბრძნულად მოქმედებას მრავლისთვის დიდი უბედურების აცილება შეუძლია (ეკლესიასტე 9:14, 15).

„უფლის ხელში ჩავვარდე“

(2 მეფეთა 21:1—24:25)

სამი წლის განმავლობაში გვალვის გამო შიმშილობაა, რადგან საული გაბაონელების სისხლის ღვრაშია დამნაშავე (იესო ნავეს ძე 9:15). შურისძიების მიზნით, გაბაონელები საულის შთამომავლობიდან შვიდი კაცის დახოცვას ითხოვენ. დავითი მათ თხოვნას უსრულებს; გვალვა მთავრდება და ძლიერი წვიმა მოდის. ფილისტიმელების ოთხი გოლიათი ‘დავითისა და მისი მსახურების ხელით ეცემა’ (2 მეფეთა 21:22).

დავითი სერიოზულ ცოდვას სჩადის იმით, რომ მოსახლეობის აღრიცხვის ბრძანებას იძლევა, რაც კანონის დარღვევაა. ის ინანიებს და ამჯობინებს, რომ „უფლის ხელში“ ჩავარდეს (2 მეფეთა 24:14). შედეგად 70 000 კვდება ჭირის გამო. დავითი ემორჩილება იეჰოვას ბრძანებას და მუსვრა წყდება.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

21:8. როგორ შეიძლება ითქვას, რომ საულის ასულს მიქალს ხუთი ვაჟი ჰყავდა, როცა 2 მეფეთა 6:23–ში ნათქვამია, რომ ის უშვილო მოკვდა? ყველაზე მეტად გავრცელებულია ის აზრი, რომ ისინი მიქალის დის, მერაბის, შვილები იყვნენ, რომელიც ყადრიელზე იყო გათხოვილი. როგორც ჩანს, მერაბი ადრე მოკვდა და ბავშვები მიქალმა გაზარდა.

21:9, 10. რამდენი ხნის განმავლობაში ყარაულობდა რიცფა საულის ორ შვილსა და ხუთ შვილიშვილს, რომლებიც გაბაონელებმა დახოცეს? შვიდივენი ჩამოკიდებულნი იყვნენ „მკათათვის პირველ დღეებში“, რაც ისრაელში მარტის ან აპრილის თვე იყო. მათი გვამები მთაზე დაკიდეს. რიცფა დღედაღამე დარაჯობდა მკვდრებს, ვიდრე იეჰოვამ გვალვის დამთავრებით არ აჩვენა, რომ მისი რისხვა დაცხრა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელში ძლიერი, თავსხმა წვიმა მოსავლის აღების დასრულებამდე, ოქტომბრამდე, მოსულიყო. აქედან გამომდინარე, რიცფა, შეიძლება, მკვდრებს ხუთი–ექვსი თვის განმავლობაში ყარაულობდა. ამის შემდეგ დავითმა მათი ძვლები დამარხა.

24:1. რატომ ჩაეთვალა დავითს დიდ ცოდვად მოსახლეობის აღრიცხვა? მოსახლეობის აღრიცხვა რჯულში აკრძალული არ იყო (რიცხვნი 1:1—3; 26:1—4). ბიბლია არაფერს ამბობს, თუ რა მიზნით აღრიცხა დავითმა ხალხი. მაგრამ 1 ნეშტთა 21:1 გვიჩვენებს, რომ დავითი ამის გასაკეთებლად სატანამ აღძრა. ასე იყო, თუ ისე, მეფის ლაშქრის სარდალმა, იოაბმა, იცოდა, რომ დავითის გადაწყვეტილება აღრიცხვასთან დაკავშირებით არასწორი იყო და მან სცადა კიდეც, რომ მეფისთვის გადაეთქმევინებინა ამის გაკეთება.

რას ვსწავლობთ:

22:2—51. დავითის სიმღერაში რა შესანიშნავადაა იეჰოვა აღწერილი, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ჩვენს დიდ ნდობას იმსახურებს!

23:15—17. დავითი დიდ პატივს სცემდა ღვთის კანონს სიცოცხლესთან და სისხლთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში მან თავი შეიკავა, გაეკეთებინა ისიც კი, რაც იეჰოვას კანონის დარღვევას წააგავდა. ჩვენც მსგავსი თვალსაზრისი უნდა განვივითაროთ ღვთის ყველა კანონის მიმართ.

24:10. დავითი სინდისმა მონანიებისკენ აღძრა. არის ჩვენი სინდისიც იმდენად ფაქიზი, რომ მსგავსი რეაგირება მოახდინოს?

24:14. დავითმა კარგად იცოდა, რომ იეჰოვა ღმერთი ადამიანებზე ბევრად მოწყალეა. ჩვენც ასეთივე თვალსაზრისი უნდა გვქონდეს.

24:17. დავითი ნანობდა, რომ თავისი ცოდვის გამო ტანჯვა მთელ ისრაელს დაატყდა. მომნანიებელ შემცოდველს სინდისი უნდა ქენჯნიდეს იმ საქციელის გამო, რის შედეგადაც შეიძლებოდა მთელ კრებას მოსცხებოდა ჩირქი.

‘უფლისთვის სასურველ კაცად’ ყოფნა შესაძლებელია

ისრაელის მეორე მეფე ‘უფლისთვის სასურველი კაცი’ აღმოჩნდა (1 მეფეთა 13:14). დავითი არასოდეს დაეჭვებულა იეჰოვას სამართლიან მოთხოვნებში და არასდროს აუღია ღვთისგან დამოუკიდებელი ცხოვრების კურსი. ყოველთვის, როდესაც დავითი შეცდომას უშვებდა, აღიარებდა ცოდვას, იღებდა მის მიმართ გატარებულ გამოსასწორებელ ზომებს და სწორ გზაზე დგებოდა. დავითი მართალი კაცი იყო. განა გონივრული არ არის, მისი მსგავსნი ვიყოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეცდომებს ვუშვებთ?

დავითის ცხოვრება ნათლად გვიჩვენებს, რომ აღიარო იეჰოვას უზენაესობა, ნიშნავს, გაითვალისწინო სიკეთესა და ბოროტებასთან დაკავშირებით მისი ნორმები, და ეცადო მათ დაცვას. ეს შესაძლებელია. როგორი მადლიერები უნდა ვიყოთ იმისთვის, რასაც „მეორე მეფეთას“ წიგნიდან ვსწავლობთ! ღვთის შთაგონებით დაწერილი ცნობა მართლაც ცოცხალი და მოქმედია (ებრაელები 4:12).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 მიუხედავად იმისა, რომ სამუელს ამ წიგნის დაწერაში მონაწილეობა არ მიუღია, ზოგ თარგმანში ეს წიგნი მის სახელს ატარებს, რადგანაც ეს პირველი ორი წიგნი თავდაპირველად ებრაული კანონის ერთ გრაგნილზე იყო დაწერილი. სამუელის მიერ დაწერილია „პირველი მეფეთას“ უმეტესი ნაწილი.

[სურათი 16 გვერდზე]

დავითს ყოველთვის ახსოვდა, თუ ვინ მისცა მეფობა, რაც თავმდაბლობის შენარჩუნებაში დაეხმარა.

[სურათები 18 გვერდზე]

„აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან“.

ბათ-შებაყი

თამარი

ყამნონი