საღი აზროვნება — რატომ არის დღეს ასე იშვიათი?
საღი აზროვნება — რატომ არის დღეს ასე იშვიათი?
„რა ემართება? არ უნდა იცოდეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება?“, — უკმაყოფილებას გამოხატავს ერთი მამაკაცი. სხვა კი თავს უიმედოდ აქნევს და იქაურობას ბუტბუტით შორდება: „ცოტათი მაინც რომ შეეძლოს საღად აზროვნება, ასეთ რამეს არასოდეს გააკეთებდა“. ალბათ, გსმენიათ მსგავსი სიტყვები. მოდი ახლა ვიმსჯელოთ, რას ნიშნავს „საღი აზროვნება“.
საღი აზროვნებისთვის საჭიროა განსჯის უნარი. ბევრს ურჩევნია, რომ მათ მაგივრად სხვებმა იფიქრონ ანუ მიიღონ გადაწყვეტილებები. ისინი თავიანთი ცხოვრების წარმართვის საშუალებას მედიას, თანატოლებსა და ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებს აძლევენ.
როგორც ერთი დამკვირვებელი აღნიშნავს, საღი აზროვნება დღეს იშვიათია. როგორ შეგვიძლია განვივითაროთ საღი აზროვნება? რა სარგებლობა მოაქვს მას?
როგორ განვივითაროთ საღი აზროვნება?
თუმცა, საღი აზროვნების განსავითარებლად დრო, ყველაფრის კარგად აწონ-დაწონა და გამუდმებული ძალისხმევაა საჭირო, მისი შეძენა შესაძლებელია. განვიხილოთ სამი ფაქტორი, რაც დაგვეხმარება საღი აზროვნების განვითარებაში.
ბიბლიის შესწავლა და მასში მოცემული რჩევების გამოყენება. ბიბლია, რომელიც კარგი ენითა და ლოგიკითაა დაწერილი, საუკეთესო საშუალებაა სიბრძნისა და საღი აზროვნების განსავითარებლად (ეფესოელები 1:8). მაგალითად, პავლე მოციქული თანაქრისტიანებს ურჩევდა: „რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელები 4:8). თუ ამ რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, საღად ვიაზროვნებთ და გონივრულად ვიმოქმედებთ.
საკუთარი გამოცდილებიდან სწავლა. ერთი შვეიცარიელი პოეტი იმის ხაზგასასმელად, რომ საღი აზროვნება მჭიდროდაა დაკავშირებული ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან, ამბობს: „საღი აზროვნება . . . გამოცდილებისა და წინდახედულობის ნაყოფია“. ბიბლიაში ნათქვამია: «გულუბრყვილოს [„გამოუცდელს“, აქ] სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს» (იგავები 14:15). საღი აზროვნების განვითარება დაკვირვების, სწავლისა და გამოცდილების შედეგად არის შესაძლებელი. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მეტს ვსწავლობთ. თუმცა თავმდაბლობა და თვინიერებაა საჭირო იმისათვის, რომ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლოთ. ამ ბოლო დღეებში მცხოვრები ადამიანების თავდაჯერებულობა, ამპარტავნობა და თავნებობა იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მოკლებულნი არიან საღ აზროვნებას (2 ტიმოთე 3:1—5).
მეგობრების გონივრულად შერჩევა. ისინი, ვისთანაც ვმეგობრობთ, შეიძლება დაგვეხმარონ ან პირიქით, ხელი შეგვიშალონ სიბრძნისა და საღი აზროვნების განვითარებაში. იგავების 13:20 ამბობს: „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“. ჩვენ არ უნდა ავირეკლოთ მათი აზროვნება და შეხედულებები, რომლებიც არ ემორჩილებიან ღმერთს და უარყოფენ მის სიტყვას. იგავების 17:12-ში ნათქვამია: „სჯობს ბელდაკარგული დათვი შეხვდეს კაცს, ვიდრე ბრიყვი თავისი სისულელით“.
რა სარგებლობა მოაქვს საღად აზროვნებას?
საღი აზროვნების განვითარება სასარგებლოა. შედეგად ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება და არც დრო იკარგება ფუჭად. საღმა აზროვნებამ შესაძლოა თავიდან აგვაცილოს გულგატეხილობა, რაც ხშირად წინდაუხედაობას მოჰყვება. საღ აზროვნებას მოკლებულები ცხოვრებას ირთულებენ. „ბრიყვს დაჰქანცავს თავისი შრომა“ — ამბობს ბიბლია (ეკლესიასტე 10:15, სსგ). ასეთი ადამიანები შეიძლება ფუჭად გაისარჯონ და დაიქანცონ; სინამდვილეში, ისინი ფასეულს ვერაფერს გააკეთებენ.
ბიბლიაში მოცემულია ბევრი რჩევა სიწმინდის, სისუფთავის, ურთიერთობების, შრომისმოყვარეობის, სიღარიბესთან გამკლავებისა და ბევრი სხვა საკითხის შესახებ. მილიონობით ადამიანს საკუთარი გამოცდილებით შეუძლია დაადასტუროს, რომ ცხოვრებაში მათი წარმატება თუ წარუმატებლობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იყენებენ ბრძნულ ბიბლიურ პრინციპებს.
საღი აზროვნება უფრო მეტს მოიაზრებს, ვიდრე მხოლოდ დადგენილი წესებისა თუ მითითებების ზედმიწევნით მიყოლას. საღი აზროვნება გვეხმარება ვალდებულებების შესრულებაში. თუმცა, თუ საღი აზროვნება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცოდნის შეძენა არ გვჭირდება. „მოისმენს ბრძენი და შეიმატებს სწავლას“, — ნათქვამია იგავების 1:5-ში. აგრეთვე, უნდა ვისწავლოთ მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და ამის საფუძველზე სათანადო დასკვნების გამოტანა. ეს დაგვეხმარება, რომ ‘სიბრძნით ვიაროთ’ (იგავები 28:26).
თავმდაბლობა მჭიდრო კავშირშია საღ აზროვნებასთან. თუმცა, შეიძლება საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობის აღების სურვილი გვაქვს, საღი აზროვნება ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების აღიარებაში დაგვეხმარება. პავლე მოციქული მოგვიწოდებს, რომ ‘ბევრი ვიშრომოთ უფლის საქმეში’ (1 კორინთელები 15:58). მაგრამ საჭიროა წონასწორობის გამოვლენა ეკლესიასტეს 9:4-ში ჩაწერილი პრინციპის გათვალისწინებით: „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომსა სჯობია“. როდესაც იეჰოვას ვემსახურებით და სათანადოდ ვზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ეს შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო დიდხანს ვიცოცხლოთ და აქტიურად განვაგრძოთ მსახურება. საღი აზროვნება დაგვეხმარება, ვიყოთ გაწონასწორებულები და სიხარულის დაკარგვის გარეშე მივიყვანოთ ბოლომდე ის საქმე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. დიახ, საღ აზროვნებას მრავალმხრივი სარგებლობის მოტანა შეუძლია.
[სურათი 14 გვერდზე]
ბიბლიაში გონივრული რჩევებია მოცემული.
[სურათი 15 გვერდზე]
საღი აზროვნების განვითარება დაკვირვების, სწავლისა და გამოცდილების შედეგად არის შესაძლებელი.