არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის შემეცნებით განმტკიცებული ოჯახები

ღვთის შემეცნებით განმტკიცებული ოჯახები

„ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“

ღვთის შემეცნებით განმტკიცებული ოჯახები

„ბერლინის კედელი“. სწორედ ასე უწოდა ერთმა არგენტინელმა წყვილმა იმ კედელს, რომელიც მათ ოჯახში აღიმართა და რამაც ისინი ერთმანეთს დააშორა. მათ გაუთავებელი უთანხმოებები ჰქონდათ და ერთმანეთის ატანა აღარ შეეძლოთ.

სამწუხაროდ, ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ეს წყვილი არ არის. მრავალი ოჯახი იტანჯება ჩხუბის, ღალატისა და ერთმანეთისადმი მტრული დამოკიდებულების გამო. ასეთი რამ გულსატკენია, რადგან ოჯახი ღვთისგან არის დაფუძნებული (დაბადება 1:27, 28; 2:23, 24). ღვთის ეს ძღვენი იდეალური გარემოა დიდი სიყვარულის გამოსავლენად. (რუთი 1:9, აქ). ოჯახის წევრები, რომლებიც ღვთის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებენ, ამით იეჰოვას განადიდებენ და ერთმანეთთანაც სასიამოვნო ურთიერთობა აქვთ *.

ოჯახი ღვთის მიერ არის დაფუძნებული. ამიტომ საჭიროა მისი თვალსაზრისის განვითარება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ოჯახი. მის სიტყვაში მოცემულია ბევრი პრაქტიკული რჩევა, რომლებიც ეხმარება ოჯახებს წარმატების მიღწევაში, განსაკუთრებით კი სირთულეების წამოჭრისას. ქმრის როლის შესახებ ბიბლია ამბობს: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“. როდესაც ქმარი თავის მოვალეობას ასრულებს, ცოლი სიამოვნებით ავლენს ‘დიდ პატივისცემას ქმრის’ მიმართ (ეფესოელები 5:25—29, 33).

მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის შესახებ პავლე მოციქულმა დაწერა: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4). ეს თბილ ოჯახურ ატმოსფეროს ქმნის და შვილებს მშობლებისადმი მორჩილებას უადვილებს (ეფესოელები 6:1).

ზემოთ მოყვანილი პრინციპები იმის მაჩვენებელია, რომ ბიბლიაში გონივრული რჩევებია მოცემული ოჯახთან დაკავშირებით. ღვთიური პრინციპების გამოყენებამ მრავალ ოჯახს ბედნიერება მოუტანა. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სტატიის დასაწყისში მოხსენიებული არგენტინელი წყვილი. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ, მათმა ოჯახმა ბიბლიის გონივრული რჩევების გამოყენება დაიწყო. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ ურთიერთობა გაეუმჯობესებინათ და ერთმანეთის მიმართ თანამგრძობნი და შემწყნარებელნი ყოფილიყვნენ (იგავები 15:22; 1 პეტრე 3:7; 4:8). მათ ისწავლეს რისხვისგან თავის შეკავება და ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც სიტუაცია, ერთი შეხედვით, გამოუვალი ჩანს, დახმარებისთვის ღვთისთვის მიმართვა (კოლოსელები 3:19). მალე „ბერლინის კედელი“ დაინგრა!

ღმერთს ოჯახების განმტკიცება შეუძლია

ღვთის სიტყვის შესწავლასა და ბიბლიაში მოცემული პრინციპების გამოყენებას შეუძლია განამტკიცოს ოჯახი, რომ ზეწოლებს გაუძლოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ჩვენს დღეებში ოჯახებს საშინელი სირთულეების ატანა მოუწევდა. პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ მოხდებოდა მორალის დაცემა და საზოგადოების დაკნინება, რაც ჩვენს დღეებში შეინიშნება. მან თქვა, რომ „ბოლო დღეებში“ იქნებოდნენ ორგულები, „თბილ გრძნობებს მოკლებულები“ და მშობლების ურჩნი, მათ შორისაც კი, „რომლებიც გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან“ (2 ტიმოთე 3:1—5).

მცდელობა, რომ ვასიამოვნოთ ღმერთს, დაგვეხმარება, წინ აღვუდგეთ ოჯახისთვის ასეთი ზიანის მომტან გავლენას. მრავალმა ოჯახმა დაინახა, რომ იმ პრობლემების გადასალახავად, რომლებსაც ხვდებიან, სულიერი მიდგომაა საჭირო. თუ ოჯახის წევრებს სურთ, ღმერთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ, მათ პირველ ადგილზე ბიბლიური პრინციპები უნდა დააყენონ და უნდა ესმოდეთ, რომ „სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები“ (ფსალმუნები 126:1). ოჯახში ღვთის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება უდიდესი წარმატებისა და ბედნიერების მომტანია (ეფესოელები 3:14, 15).

ჰავაიში მცხოვრები დენისი თავად დარწმუნდა ამ ფაქტის ჭეშმარიტებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობის მიმდევარი იყო, ის ყოველთვის ილანძღებოდა და ჩხუბობდა. ჯარში მსახურების შემდეგ, ის უფრო აგრესიული გახდა, და ყველა და ყველაფერი სძულდა. „ყოველთვის ვჩხუბობდი, — იხსენებს დენისი. — სულ არ მაინტერესებდა, რა მომივიდოდა და არც სიკვდილის მეშინოდა. ბილწსიტყვაობას და ჩხუბს ვაგრძელებდი. ჩემი ცოლი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ბიბლიის შესწავლა დამეწყო“.

დენისი უარს ამბობდა ბიბლიის შესწავლის დაწყებაზე. მაგრამ ცოლის კარგმა საქციელმა ქმარზე დადებითად იმოქმედა. ბოლოს დენისი მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ქრისტიანულ შეხვედრაზე წავიდა. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და სულიერად წინ წაიწია. დენისი თამბაქოს 28 წელი ეწეოდა. მან მიატოვა ეს ჩვევა და გაწყვიტა ურთიერთობა იმ მეგობრებთან, რომლებიც ისეთ საქმეებს აკეთებდნენ, რომელთა მიტოვებასაც თავად ცდილობდა. იეჰოვასადმი მადლიერმა დენისმა აღნიშნა: „ჩემი ოჯახური ცხოვრება გაუმჯობესდა. ჩვენ ქრისტიანულ შეხვედრებსა და მსახურებაში ერთად დავდივართ. ჩემს ორ შვილს ჩემი აღარ ეშინია, რადგან რისხვის შეკავება ვისწავლე და აღარც ვილანძღები. უკვე შეგვიძლია ერთმანეთთან ნორმალურად ლაპარაკი და სიამოვნებით ვსაუბრობთ ბიბლიურ თემებზე. ბიბლიური ჭეშმარიტება რომ არა, ისეთი ფიცხი ვიყავი, რომ დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი“.

ოჯახებს ბედნიერების მიღწევა შეუძლიათ, როცა იეჰოვას ნების შესრულებას მთელ ძალ–ღონეს ახმარენ. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მდგომარეობა უკეთესია, თუ ოჯახის ერთი წევრი მაინც იყენებს ბიბლიურ პრინციპებს. ქრისტიანული ოჯახის აშენება მძიმე შრომას, უნარსა და დროს მოითხოვს. მაგრამ ოჯახის ასეთ წევრებს იეჰოვა არწმუნებს, რომ მათი მცდელობა დაჯილდოვდება. მათ შეუძლიათ შეუერთდნენ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (ფსალმუნები 121:2, აქ).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 იხილეთ იეჰოვას მოწმეების 2005 წლის კალენდარი, მაისი-ივნისი.

[ჩანართი 9 გვერდზე]

ღმერთს „ყოველი ოჯახი ზეცაში და დედამიწაზე უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის“ (ეფესოელები 3:15).

[ჩარჩო 8 გვერდზე]

იეჰოვასთვის ოჯახები ძალიან ძვირფასია

«აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა“» (დაბადება 1:28).

„ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა . . . ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში“ (ფსალმუნები 127:1, 3).