არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა მფარველობს მათ, ვინც მასზეა მინდობილი

იეჰოვა მფარველობს მათ, ვინც მასზეა მინდობილი

იეჰოვა მფარველობს მათ, ვინც მასზეა მინდობილი

„მუდამ მფარავდეს შენი სიკეთე და შენი ჭეშმარიტება“ (ფსალმუნები 40:11, აქ [39:12]).

1. რას სთხოვდა დავითი იეჰოვას და დღეს როგორ არის მისი თხოვნა დაკმაყოფილებული?

ძველი ისრაელის მეფე დავითი, რომელიც ‘მტკიცედ ესავდა უფალს’, აღიძრა, ეთქვა, რომ იეჰოვამ ‘ყური მიაპყრო მას და მოისმინა მისი ვედრება’ (ფსალმუნები 39:2). მან არაერთხელ დაინახა, როგორ იცავდა იეჰოვა თავის მოყვარულებს. სწორედ ამიტომ შეეძლო დავითს ეთხოვა იეჰოვასთვის, რომ მუდამ გაეწია მისთვის მფარველობა (ფსალმუნები 40:11, აქ [39:12]). დავითი იმ ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს შორისაა, რომლებსაც ღმერთმა „უკეთესი აღდგომის“ იმედი მისცა. ასე რომ, დავითი დღეს ღვთის მეხსიერებაშია და მიიღებს ამ ჯილდოს (ებრაელები 11:32—35). ამგვარად, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ დავითი საუკეთესო სახით არის დაცული, რადგან მისი სახელი იეჰოვას „სამახსოვრო წიგნშია“ ჩაწერილი (მალაქია 3:16).

2. როგორ გვეხმარება ბიბლია იმის გაგებაში, თუ რას ნიშნავს იეჰოვას მფარველობა?

2 თუმცა ებრაელების მე-11 თავში მოხსენიებული ღვთის ერთგული მსახურები იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლამდე ცხოვრობდნენ, ისინი იოანეს 12:25-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების თანახმად იქცეოდნენ: „ვისაც თავისი სული უყვარს, სპობს მას, ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნიერებაში, მარადიული სიცოცხლისთვის დაიცავს მას“. აქედან გამომდინარე, იეჰოვას მფარველობა მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ ის ტანჯვისა და დევნისგან დაგვიცავს. ღვთის მფარველობა იმას გულისხმობს, რომ მისი მსახური სულიერად იქნება დაცული, რათა სიცოცხლის ბოლომდე იეჰოვას კეთილგანწყობით ისარგებლოს.

3. რა ადასტურებს, რომ იეჰოვამ მფარველობა გაუწია იესოს და რა მოჰყვა ამას შედეგად?

3 თავად იესო საშინელი დევნისა და შეურაცხყოფის სამიზნე გახდა. მისმა მტრებმა იმასაც კი მიაღწიეს, რომ ის წამებითა და ყველაზე სამარცხვინო სიკვდილით მომკვდარიყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა არ შეასრულა მესიის დაცვასთან დაკავშირებული დანაპირები (ესაია 42:1—6). სიკვდილიდან მესამე დღეს იესო აღდგა, რითაც დამტკიცდა, რომ იეჰოვამ ისევე შეისმინა მისი ვედრება, როგორც დავითის. პასუხად ღმერთმა ძალა მისცა იესოს უმწიკვლობის შესანარჩუნებლად (მათე 26:39). ამგვარად დაცულმა იესომ ზეცაში უკვდავება მიიღო; მილიონობით ადამიანს კი, რომლებიც ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლისადმი რწმენას ავლენენ, მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს.

4. რაში შეუძლიათ იყვნენ დარწმუნებულნი სულით ცხებული ქრისტიანები და „სხვა ცხვრები“?

4 ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვას სურვილიც აქვს და ძალაც შესწევს, ისევე დაიცვას დღეს თავისი მსახურები, როგორც ამას დავითისა და იესოს დღეებში აკეთებდა (იაკობი 1:17). იესოს ცხებულ ძმებს, რომელთაგანაც დედამიწაზე მცირე რიცხვია დარჩენილი, შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იეჰოვა თავის დანაპირებს შეასრულებს: „უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა . . . ზეცაში ინახება თქვენთვის, რომლებიც რწმენის მეშვეობით ღვთის ძალით ხართ დაცულნი ხსნისთვის, რომელიც უკანასკნელ დროს უნდა გამოცხადდეს“ (1 პეტრე 1:4, 5). მიწიერი იმედის მქონე „სხვა ცხვრებსაც“ შეუძლიათ მიენდონ ღმერთს და სჯეროდეთ მისი დანაპირების, რის შესახებაც ფსალმუნმომღერალი გვატყობინებს: „შეიყვარეთ უფალი, მისნო წმიდანო; ერთგულს იცავს უფალი“ (იოანე 10:16; ფსალმუნები 30:24).

სულიერად დაცულნი

5, 6. ა) როგორ არის დღეს ღვთის ხალხი დაცული? ბ) როგორი ურთიერთობა აქვთ სულით ცხებულებს იეჰოვასთან და რისი თქმა შეიძლება მიწიერი იმედის მქონე ადამიანებზე?

5 დღეს იეჰოვა ზრუნავს, რომ სულიერად დაიცვას თავისი ხალხი. თუმცა ისინი დევნის, სირთულეებისა თუ უბედური შემთხვევებისგან არ არიან დაცულნი, იეჰოვა ამხნევებს და ერთგულად უდგას მხარში მათ, რათა გაუფრთხილდნენ მასთან ახლო ურთიერთობას. ისინი ამ ურთიერთობას ღვთის მიერ სიყვარულით გაღებული გამოსასყიდისადმი რწმენის საფუძველზე განამტკიცებენ. ზოგი ერთგული ქრისტიანი ღმერთმა წმინდა სულით სცხო, რათა ქრისტეს თანამმართველები გამხდარიყვნენ ზეცაში. ისინი აღიარებულნი არიან მართლებად, როგორც ღვთის სულიერი შვილები. ბიბლიაში მათ შესახებ ნათქვამია: „მან დაგვიხსნა სიბნელის ძალაუფლებისგან და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში, ვისი მეშვეობითაც გავთავისუფლდით გამოსასყიდით, მოგვეტევა ჩვენი ცოდვები“ (კოლოსელები 1:13, 14).

6 მილიონობით სხვა ერთგული ქრისტიანი დარწმუნებულია, რომ მათაც შეუძლიათ სარგებლობა მიიღონ გამომსყიდველური მსხვერპლიდან. ბიბლიაში ვკითხულობთ: „კაცის ძეც ხომ არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მარკოზი 10:45). ეს ერთგული ქრისტიანები მოუთმენლად ელიან ღვთის მიერ დანიშნულ დროს, როდესაც დატკბებიან „ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლებით“ (რომაელები 8:21). ისინი ძალიან აფასებენ ღმერთთან ახლო ურთიერთობას და მთელი გულით ცდილობენ ამ ურთიერთობის განმტკიცებას.

7. რა საშუალებებით ზრუნავს დღეს ღმერთი თავისი ხალხის სულიერ კეთილდღეობაზე?

7 ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა თავისი ხალხის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავს, საგანმანათლებლო პროგრამაა. ეს მათ საშუალებას აძლევს, განუწყვეტლივ მიიღონ ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა. აგრეთვე, იეჰოვა ხელმძღვანელობს მათ თავისი სიტყვის, ორგანიზაციისა და წმინდა სულის მეშვეობით. „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელობის შედეგად, ღვთის ხალხი საერთაშორისო ოჯახს წარმოადგენს. მონის კლასი აკმაყოფილებს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო ოჯახის წევრების სულიერ მოთხოვნილებებს და, როცა საჭიროება მოითხოვს, მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზეც ზრუნავს მათი წარმოშობისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად (მათე 24:45).

8. როგორ ავლენს ნდობას იეჰოვა თავის ერთგულთა მიმართ და რაში არწმუნებს მათ?

8 იეჰოვამ არ დაიცვა იესო მოწინააღმდეგეთა სასტიკი ფიზიკური თავდასხმებისგან; იმავეს თქმა შეიძლება დღევანდელ ქრისტიანებზეც. მაგრამ, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ჩვენით უკმაყოფილოა. პირიქით, ის დარწმუნებულია, რომ მისი მსახურები მის მხარეს დაიკავებენ უზენაეს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხში (იობი 1:8—12; იგავები 27:11). იეჰოვა ყოველთვის თავისი ერთგული მსახურების გვერდით იქნება, „რადგან უფალს სამართალი უყვარს, და არ მიატოვებს თავის წმიდებს, სამარადისოდ დაცულნი იქნებიან“ (ფსალმუნები 36:28).

სიკეთითა და ჭეშმარიტებით დაცულნი

9, 10. ა) როგორ იცავს იეჰოვას ჭეშმარიტება მის ხალხს? ბ) ბიბლიიდან გამომდინარე, როგორ იცავს იეჰოვა თავის ერთგულებს სიკეთის გამოვლენით?

9 დავითი ლოცვაში, რომელიც მე-40 ფსალმუნშია ჩაწერილი, სთხოვდა იეჰოვას, რომ სიკეთითა და ჭეშმარიტებით გაეწია მისთვის მფარველობა. იეჰოვას ჭეშმარიტება და სიმართლისადმი სიყვარული მის მიერ ნათლად გაცხადებულ ნორმებში ვლინდება. ისინი, რომლებიც ამ ნორმების თანახმად ცხოვრობენ, უფრო მეტად არიან დაცულნი მწუხარებისგან, შიშისგან და პრობლემებისგან, ვიდრე ამ ნორმების უგულებელმყოფელნი. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი თავი და ახლობლები გულსატკენი პრობლემებისგან, თუ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას, სექსუალურ აღვირახსნილობასა და ძალადობას ავარიდებთ თავს. და მათაც კი, რომლებიც უხვევენ იეჰოვას ჭეშმარიტი გზიდან — როგორც ეს ერთ დროს დავითს დაემართა — შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღმერთი მომნანიებელს კვლავაც გაუწევს მფარველობას. ისინი სიხარულით იტყვიან: ‘გაჭირვებისგან დამიცავ’ (ფსალმუნები 31:7). მართლაც, როგორ სიკეთეს ავლენს იეჰოვა!

10 ღვთის სიკეთე იმითაც ვლინდება, რომ ის თავის მსახურებს აფრთხილებს, შორს იყვნენ განადგურების პირას მყოფი ბოროტი ქვეყნიერებისგან. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს; ვინაიდან ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისგან“. თუ გავითვალისწინებთ ამ გაფრთხილებას და შესაბამისად ვიმოქმედებთ, ჩვენი ცხოვრება მარადიულად იქნება დაცული, რადგან ზემოთ მოყვანილი სიტყვები ასე გრძელდება: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:15—17).

განსჯის უნარით, გამჭრიახობითა და სიბრძნით დაცულნი

11, 12. ახსენით, როგორ გვიცავს განსჯის უნარი, გამჭრიახობა და სიბრძნე.

11 მათ საყურადღებოდ, ვისაც ღვთის მოწონების დამსახურება სურს, დავითის ძემ, სოლომონმა, ღვთის შთაგონებით დაწერა: «განსჯა შეგინახავს შენ და საზრიანობა [„გამჭრიახობა“, აქ] დაგიცავს». ის აგრეთვე მოგვიწოდებს: „შეიძინე სიბრძნე . . . ნუ განაგდებ მას და ის შეგინახავს შენ, გიყვარდეს იგი და დაგიცავს შენ“ (იგავები 2:11; 4:5, 6).

12 განსჯის უნარს იმ შემთხვევაში განვივითარებთ, თუ ვიფიქრებთ იმაზე, რაც ღვთის სიტყვიდან ვისწავლეთ. ამგვარად მოქმედება შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტი გამჭრიახობა გამოვავლინოთ, რათა სწორად დავადგინოთ პრიორიტეტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრმა ჩვენგანმა იცის — შესაძლოა, პირადი გამოცდილებიდანაც — რომ პრობლემები მაშინ წამოიჭრება, როდესაც შეგნებულად ან შეუგნებლად გონივრულად არ ვადგენთ პრიორიტეტებს. სატანის ქვეყნიერება გვიბიძგებს, მიზნად გამდიდრება, სახელისა და ძალაუფლების მოხვეჭა დავისახოთ, მაშინ როცა იეჰოვა მოგვიწოდებს, უფრო მნიშვნელოვანს — სულიერ ფასეულობებს — მივაპყროთ ყურადღება. როდესაც სატანის ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებული სულიერზე წინ დგას, ამის გამო შეიძლება ოჯახები დაინგრეს, მეგობრობას ბზარი გაუჩნდეს და აღარც სულიერი მიზნები დავისახოთ. შედეგად ადამიანი იმ მწარე სინამდვილის პირისპირ აღმოჩნდება, რის შესახებაც იესომ თქვა: „რა სარგებლობას მოუტანს კაცს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, სულს კი დაკარგავს?“ (მარკოზი 8:36). სიბრძნე გვკარნახობს, ყურად ვიღოთ იესოს რჩევა: „ამიტომ, უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:33).

ეგოიზმის საშიშროება

13, 14. როგორ ადამიანს ეწოდება ეგოისტი და რატომ არის არაგონივრული ეგოისტური სულის გამოვლენა?

13 საკუთარი თავით დაინტერესება ბუნებრივია. მაგრამ, როდესაც საკუთარი სურვილები და ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება, შედეგად სირთულეები წამოიჭრება. ამიტომ იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ ღმერთთან მეგობრობას, იეჰოვა გვირჩევს, მოვერიდოთ ეგოისტური სულის გამოვლენას. ეგოისტი ეწოდება ადამიანს, რომელიც „მხოლოდ საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებებისა თუ ინტერესების დაკმაყოფილებაზე ფიქრობს“. განა დღეს ბევრი ასეთ სულს არ ავლენს? ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ სატანის ბოროტი სისტემის „ბოლო დღეებში“ ადამიანები გახდებოდნენ ეგოისტები ანუ ‘იქნებოდნენ საკუთარი თავის მოყვარულები’ (2 ტიმოთე 3:1, 2).

14 ქრისტიანებს ესმით, რომ გონივრულია მიჰყვნენ ბიბლიურ რჩევას — იზრუნონ სხვების ინტერესებზე და უყვარდეთ ისინი საკუთარი თავივით (ლუკა 10:27; ფილიპელები 2:4). ჩვეულებრივ, ადამიანებს ეს რჩევა არაგონივრული ეჩვენებათ. თუმცა ბედნიერი ქორწინებისთვის, ოჯახის წევრებს შორის მოსიყვარულე ურთიერთობისა და კმაყოფილების მომტანი მეგობრობისთვის ასეთი სულის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, იეჰოვას ჭეშმარიტმა მსახურებმა არასდროს უნდა დაუშვან, რომ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვამ დაჩრდილოს უფრო მნიშვნელოვანი. იეჰოვას მსახურება ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქრისტიანისთვის.

15, 16. ა) სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ეგოისტურმა მიდრეკილებამ, და ვინ გამოავლინა მსგავსი სული? ბ) სინამდვილეში, რას აკეთებს ადამიანი, როდესაც უმალ გასჯის სხვებს?

15 ეგოისტურმა მიდრეკილებამ შეიძლება ადამიანი დაარწმუნოს, რომ ის ყოველთვის მართალია. შედეგად ის თავდაჯერებული და კრიტიკული გახდება. ბიბლიაში მართებულად არის ნათქვამი: „ვინც არ უნდა იყო, ადამიანო, გამართლება არა გაქვს, თუკი სხვას ასამართლებ, რადგან რაშიც სხვას ასამართლებ, იმაში საკუთარ თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისი გამსამართლებელი იმავეს სჩადიხარ“ (რომაელები 2:1; 14:4, 10). იესოს დღეებში მცხოვრები რელიგიური წინამძღოლები იმდენად იყვნენ დარწმუნებულები საკუთარ სიმართლეში, რომ თავი უფლებამოსილად ჩათვალეს, გაეკიცხათ იესო და მისი მიმდევრები. ამგვარად ისინი მოსამართლეების როლში გამოვიდნენ. ამ რელიგიურ წინამძღოლებს არ უნდოდათ თავიანთი შეცდომების დანახვა, რის გამოც საკუთარ თავს თავად გამოუტანეს განაჩენი.

16 იუდამ, იესოს მიმდევარმა, რომელმაც გასცა თავისი მოძღვარი, საკუთარ თავს ნება დართო, სხვები გაესამართლებინა. ერთხელ ბეთანიაში იუდამ მკაცრად გააკრიტიკა ლაზარეს და, მარიამი, როდესაც მან ნელსაცხებელი სცხო იესოს. იუდამ ასე გამოთქვა უკმაყოფილება: „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ფული ღარიბებს არ დაურიგდა?“ ბიბლიაში ახსნილია, თუ რატომ ამბობდა იუდა ამას: „ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო, ყულაბა მას ჰქონდა და მასში ჩაყრილ ფულს იღებდა“ (იოანე 12:1—6). მოდი, ნურასოდეს დავემსგავსებით იუდასა და იმ რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც უმალ განსჯიდნენ სხვებს, სინამდვილეში კი, საკუთარ თავს სდებდნენ მსჯავრს.

17. ახსენით, რატომ არის სიამაყე ანუ მეტისმეტი თავდაჯერებულობა საშიში.

17 თუმცა პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგი ქრისტიანი იუდას მსგავსად არ ქურდობდა, სამწუხაროდ, ისინი გაამაყდნენ და თავდაჯერებულები გახდნენ. იაკობმა მათ შესახებ დაწერა: „თქვენ კი ამაყობთ თავდაჯერებული კვეხნით.“ — შემდეგ კი დასძინა. — „ყოველი ასეთი სიამაყე ბოროტებაა“ (იაკობი 4:16). როდესაც საკუთარი მიღწევებით ან იეჰოვას ორგანიზაციაში დაკისრებული პასუხისმგებლობებით მოგვაქვს თავი, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს (იგავები 14:16). გავიხსენოთ, რა დაემართა პეტრე მოციქულს, როდესაც მეტისმეტი თავდაჯერებულობის გამო იკვეხნიდა: „ყველა რომ დაბრკოლდეს და მიგატოვოს, მე არასოდეს დავბრკოლდები! . . . მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ“. სინამდვილეში, არაფერი გვაქვს სატრაბახო. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას სიკეთის შედეგია. თუ ამას ღრმად ჩავიბეჭდავთ გონებაში, არ გავხდებით თავდაჯერებულები (მათე 26:33—35, 69—75).

18. როგორ უყურებს იეჰოვა სიამაყეს?

18 „სიამაყე წინ უძღვის დაღუპვას, დაცემას წინ უძღვის ქედმაღლობა“, — გვაფრთხილებს ბიბლია. რატომ? იეჰოვა გვპასუხობს: „სიამაყე და ქედმაღლობა . . . მძულს მე“ (იგავები 8:13; 16:18). გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვამ აღშფოთება გამოხატა ასურეთის მეფის „გულის კადნიერების ნაყოფისა და მედიდური თვალების თავდაჯერებული მზერის გამო“ (ესაია 10:12, აქ). იეჰოვამ ის ქედმაღლობის გამო დასაჯა. მალე სატანის ამაყი ქვეყნიერებაც თავისი თავდაჯერებული — ხილული თუ უხილავი — მმართველებით პასუხს აგებს იეჰოვას წინაშე. ნურასოდეს გამოვავლენთ ისეთ სულს, როგორსაც იეჰოვას მოწინააღმდეგეები ავლენენ!

19. რა გაგებით შეუძლიათ ღვთის მსახურებს იამაყონ, მაგრამ, ამავე დროს, იყვნენ თავმდაბლები?

19 ქრისტიანებს ნამდვილად აქვთ მიზეზი, იამაყონ იმით, რომ იეჰოვას მსახურები არიან (იერემია 9:24). მათ იმის მიზეზიც აქვთ, რომ თავმდაბლები იყვნენ. რატომ? „ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). ამიტომ იმისათვის, რომ იეჰოვას ერთგულები დავრჩეთ, ისეთი თვალსაზრისი უნდა განვივითაროთ, როგორიც პავლე მოციქულს ჰქონდა. მან თქვა: „ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა“. შემდეგ დასძინა: „რომელთა შორისაც პირველი მე ვარ“ (1 ტიმოთე 1:15).

20. როგორ იცავს დღეს იეჰოვა თავის ხალხს, და როგორ დაიცავს მათ მომავალში?

20 ვინაიდან იეჰოვას ხალხი სიხარულით აყენებს ღვთის ინტერესებს პირად ინტერესებზე წინ, შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ იეჰოვა კვლავაც დაიცავს მათ სულიერად. აგრეთვე, იეჰოვა არწმუნებს თავის ხალხს, რომ დიდი გასაჭირის დროს არა მარტო სულიერად, ფიზიკურადაც დაიცავს. ახალ ქვეყნიერებაში ისინი იტყვიან: „აი, ესაა ჩვენი ღმერთი, მას ველოდით, რომ გვიხსნიდა ჩვენ. ეს არის უფალი, მას ველოდით, ვილხინოთ და ვიხაროთ მისი ხსნით“ (ესაია 25:9).

როგორ უპასუხებდით?

• როგორ დაიცვა იეჰოვამ მეფე დავითი და იესო ქრისტე?

• როგორ არის დღეს დაცული იეჰოვას ხალხი?

• რატომ უნდა მოვერიდოთ ეგოისტური სულის გამოვლენას?

• რა გაგებით შეგვიძლია ვიამაყოთ, მაგრამ, ამავე დროს, ვიყოთ თავმდაბლები?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 9 გვერდზე]

როგორ უწევდა იეჰოვა მფარველობას დავითსა და იესოს?

[სურათები 10, 11 გვერდებზე]

რა საშუალებებით იცავს დღეს იეჰოვა თავის ხალხს სულიერად?

[სურათები 12 გვერდზე]

თუმცა ვამაყობთ იმით, რომ იეჰოვას ვემსახურებით, ყოველთვის თავმდაბლები უნდა ვიყოთ.