არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ თქვეს მოწაფეებმა კართან მდგარი პატიმრობაში მყოფი პეტრეს ხმის გაგონებისას, რომ ეს „მისი ანგელოზი იქნებაო“? (საქმეები 12:15).

შეიძლება მოწაფეებს ეგონათ, რომ პეტრეზე ცნობის მოსაწოდებლად ჭიშკართან ზეციერი მაცნე იდგა. განვიხილოთ ამ მუხლის კონტექსტი.

პეტრე საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდემ, რომელმაც იაკობი მოკლა. ამიტომ მოწაფეებს სრული საფუძველი ჰქონდათ, ეფიქრათ, რომ შესაძლოა პეტრეც მსგავსად მოეკლათ. პატიმრობაში მყოფ პეტრეს, რომელიც ჯაჭვებით იყო შეკრული, მონაცვლეობით დარაჯობდა ჯარისკაცთა ოთხი ოთხეული. ერთ საღამოს ის სასწაულებრივად დაიხსნა ანგელოზმა ციხიდან. ბოლოს, როცა პეტრე გონს მოეგო, თქვა: „ახლა ნამდვილად ვიცი, რომ იეჰოვამ თავისი ანგელოზი გამოგზავნა და დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან“ (საქმეები 12:1—11).

პეტრე დაუყოვნებლივ წავიდა მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის, სახლში, სადაც მრავალი მოწაფე იყო შეკრებილი. როდესაც ჭიშკარზე დააკაკუნა, გარეთ გამოვიდა მოახლე, სახელად როდე. პეტრეს ხმა რომ იცნო, სხვებისთვის შესატყობინებლად სახლში ისე შევარდა, რომ ჭიშკართან მდგომს კარი არც კი გაუღო! თავიდან მოწაფეებმა არ დაიჯერეს, რომ ჭიშკართან პეტრე იდგა. ამის ნაცვლად მათ არასწორად დაასკვნეს: „მისი ანგელოზი იქნებაო“ (საქმეები 12:12—15).

ფიქრობდნენ მოწაფეები იმას, რომ პეტრე უკვე მოკლეს და მისი სული იყო ჭიშკართან? შეუძლებელია ეს ასე ყოფილიყო, რადგან იესოს მიმდევრებმა იცოდნენ ბიბლიური ჭეშმარიტება მკვდრებთან დაკავშირებით, რომ „მკვდრებმა არაფერი არ იციან“ (ეკლესიასტე 9:5, 10). მაშინ, რას გულისხმობდნენ მოწაფეები, როცა თქვეს: „მისი ანგელოზი იქნებაო?“

იესოს მოწაფეებმა იცოდნენ, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში ანგელოზები ეხმარებოდნენ ღვთის ხალხს. მაგალითად, იაკობი ლაპარაკობდა ‘ანგელოზზე, თავის მხსნელზე ყოველი ბოროტისაგან’ (დაბადება 48:16). მათ შუაში მდგარ ბავშვთან დაკავშირებით კი იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „გაფრთხილდით, არ დაამციროთ არც ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“ (მათე 18:10).

საინტერესოა, რომ ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში სიტყვა „აგგელოს“ („ანგელოზი“), ნათარგმნია როგორც „მაცნე“ (Young’s Literal Translation of the Holy Bible). როგორც ჩანს, ზოგიერთ იუდეველს სწამდა, რომ ღვთის თითოეულ მსახურს თავისი ანგელოზი ანუ „მფარველი ანგელოზი“ ჰყავდა. რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვაში პირდაპირ არაფერია ნათქვამი ამის შესახებ, მაგრამ, შესაძლოა, როცა მოწაფეებმა თქვეს: „მისი ანგელოზი იქნებაო“, ისინი ფიქრობდნენ, რომ პეტრეზე ცნობის მოსაწოდებლად ჭიშკართან ზეციერი მაცნე იდგა.