არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნახულობთ დროს ძვირფას ადამიანებთან სასაუბროდ?

ნახულობთ დროს ძვირფას ადამიანებთან სასაუბროდ?

ნახულობთ დროს ძვირფას ადამიანებთან სასაუბროდ?

„ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა თანდათანობით საოცრად სუსტდება“, — ნათქვამია პოლონურ ყოველკვირეულ ჟურნალ „პოლიტიკაში“. როგორც ვარაუდობენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაქორწინებული წყვილები ერთმანეთთან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს დღეში მხოლოდ ექვს წუთს უთმობენ. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ მეუღლეების ცალ-ცალკე ცხოვრებისა და განქორწინებების 50 პროცენტი ამ მიზეზით ხდება.

რა შეიძლება ითქვას მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობაზე? უმეტეს შემთხვევაში „ეს არ არის საუბარი, არამედ დაკითხვას უფრო წააგავს: ‘რა ხდებოდა სკოლაში? როგორ არიან შენი მეგობრები?’ აქედან გამომდინარე, როგორ ისწავლიან ჩვენი შვილები გულახდილ ურთიერთობას?“ — აღნიშნულია ზემოთ მოხსენიებულ ჟურნალში.

რადგანაც ახლო ურთიერთობის დამყარება ადვილი არ არის, როგორ შეგვიძლია გავიუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარი? ქრისტიანმა მოწაფემ იაკობმა მნიშვნელოვანი რჩევა მოგვცა: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). დიახ, გულახდილი საუბრისთვის საჭიროა, ყურადღებით მოვუსმინოთ და სწრაფად არ შევაწყვეტინოთ ლაპარაკი ან ნაჩქარევი დასკვნა არ გამოვიტანოთ. მოერიდეთ კრიტიკას, რადგან ადვილი შესაძლებელია, ამან საუბრის სურვილი დააკარგვინოს ადამიანს. გარდა ამისა, იესო ტაქტიანად იყენებდა კითხვებს, არა გამოკითხვისთვის, არამედ იმისთვის, რომ გამოეკვლია მსმენელის გულები და გაეუმჯობესებინა მათთან ურთიერთობა (იგავები 20:5; მათე 16:13—17; 17:24—27).

ბიბლიაში ჩაწერილი პრაქტიკული პრინციპების გამოყენება აღგვძრავს, რომ ვესაუბროთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს და კომუნიკაცია დავამყაროთ მათთან. ამის შედეგი კი შეიძლება იყოს გულთბილი ურთიერთობა, რომელიც გაგრძელდება მრავალი წლის განმავლობაში — თვით მთელი ცხოვრებაც კი.