არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ მოვიშლით კარგის კეთებას

ნუ მოვიშლით კარგის კეთებას

ნუ მოვიშლით კარგის კეთებას

„კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში“, — მოგვიწოდა პეტრე მოციქულმა (1 პეტრე 2:12). ბერძნულ სიტყვაში, რომელიც „კარგად“ ითარგმნა, იგულისხმება ის, რაც „სასიამოვნოა, კეთილშობილურია, პატივსაცემია და საუკეთესოა“. ჩვენს დროში, ჩვეულებრივ, შეიძლება არარეალური ჩანდეს, ხალხისგან მოელოდე კეთილშობილური და ღირსეული საქმეების კეთებას. მაგრამ დღეს იეჰოვას ხალხი, მთლიანობაში, წარმატებით ასრულებს პეტრე მოციქულის მოწოდებას. ფაქტობრივად, ისინი მთელ მსოფლიოში არიან ცნობილნი თავიანთი კარგი საქმეებით.

ეს კი განსაკუთრებით აღსანიშნავია მაშინ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ დაძაბულ სიტუაციებსა და პრობლემებს, რომლებსაც ამ ‘ძნელად ასატან დროში’ ვაწყდებით (2 ტიმოთე 3:1). განსაცდელები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, წინააღმდეგობები კი ჩვეულებრივი რამ არის ქრისტიანულ გზაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ როცა ზოგი განსაცდელი ხანმოკლეა, ზოგს ბოლო არ უჩანს და ინტენსიურია. მიუხედავად ამისა, პავლე მოციქულმა გვირჩია: „ნუ მოვიშლით კარგის კეთებას, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით“ (გალატელები 6:9). მაშ, როგორ შეგვიძლია ყოველთვის ვაკეთოთ კარგი, როცა საშინელ განსაცდელებსა და მტრულ დამოკიდებულებას ვაწყდებით?

ის, რაც კარგის კეთებაში დაგვეხმარება

„კეთილშობილური, ღირსეული და საუკეთესო“ საქმეები მომდინარეობს ადამიანის შინაგანი პიროვნებიდან, გულიდან. ამიტომ განსაცდელებისა და გაჭირვების დროს კარგის კეთება ნაჩქარევი მოქმედება კი არ არის, არამედ ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში ბიბლიური პრინციპების ყოველდღიურად მიყოლისა და პრაქტიკაში გამოყენების შედეგი. რა დაგვეხმარება კარგის კეთებაში? განვიხილოთ ზოგი მათგანი.

განივითარეთ ქრისტეს აზროვნება. თავმდაბლობაა საჭირო იმის ასატანად, რაც შესაძლოა უსამართლობად ჩანს. პიროვნებამ, რომელსაც დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცუდად მოპყრობა მოითმინოს. იესომ კი „თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე“ (ფილიპელები 2:5, 8). იესოს მიბაძვით ჩვენ ‘არ დავიღლებით და არ დავკარგავთ სიმხნევეს’ წმინდა მსახურებაში (ებრაელები 12:2, 3). გამოავლინეთ თავმდაბლური მორჩილება იმით, რომ მზადყოფნით ითანამშრომლოთ მათთან, რომლებსაც თქვენს კრებაში ხელმძღვანელობა აკისრიათ (ებრაელები 13:17). ისწავლეთ, რომ სხვები საკუთარ თავზე „აღმატებულად“ ჩათვალოთ და მათი ინტერესები თქვენს ინტერესებზე წინ დააყენოთ (ფილიპელები 2:3, 4).

გახსოვდეთ, რომ იეჰოვას უყვარხართ. ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ იეჰოვა „არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6). ის ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე და სურს, რომ მარადიულად ვიცხოვროთ (1 ტიმოთე 2:4; 1 პეტრე 5:7). თუ გვემახსოვრება, რომ ვერაფერი გააუქმებს ჩვენ მიმართ ღვთის სიყვარულს, ეს დაგვეხმარება, რომ განსაცდელების დროსაც კარგი ვაკეთოთ (რომაელები 8:38, 39).

სრულად მიენდეთ იეჰოვას. იეჰოვაზე მინდობა განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც განსაცდელებს ბოლო არ უჩანს ან, როცა ისინი ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა არ დაუშვებს ისეთ განსაცდელს, ‘რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება’, არამედ ყოველთვის ‘მოგვცემს გამოსავალს’ (1 კორინთელები 10:13). თუ იეჰოვაზე ვართ მინდობილნი, შეგვიძლია მხნედ ვიყოთ მაშინაც კი, როცა ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება (2 კორინთელები 1:8, 9).

გამუდმებით ილოცეთ. მთელი გულით ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია (რომაელები 12:12). გულწრფელი ლოცვა ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც იეჰოვას ვუახლოვდებით (იაკობი 4:8). პირადი გამოცდილებიდან ვისწავლეთ, „რომ რაც უნდა ვთხოვოთ . . . ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14). თუ იეჰოვა უშვებს, რომ გაგრძელდეს განსაცდელები და ამით ჩვენი ერთგულება გამოიცადოს, ლოცვით მას უნდა მივმართოთ, რომ დაგვეხმაროს (ლუკა 22:41—43). ლოცვიდან ვსწავლობთ, რომ არასდროს არა ვართ მარტონი, არამედ იეჰოვაა ჩვენს მხარეს და ყოველთვის გავიმარჯვებთ (რომაელები 8:31, 37).

კარგი საქმეები — ‘ქებისა და პატივის მიზეზი’

დროდადრო ყველა ქრისტიანი ‘წუხს სხვადასხვა განსაცდელის გამო’, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა ‘მოვიშალოთ კარგის კეთება’. როდესაც დაძაბულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, განმტკიცდით შემეცნებით, რათა საბოლოოდ თქვენი ერთგულება „დიდებისა და პატივის მიზეზი“ იყოს (1 პეტრე 1:6, 7). სრულად ისარგებლეთ ყველა იმ სულიერი საშუალებით, რომელსაც იეჰოვა გთავაზობთ რწმენის გასაძლიერებლად. თუ მხარდაჭერას საჭიროებთ, მიმართეთ მათ, რომლებიც ქრისტიანულ კრებაში მწყემსებად და მასწავლებლებად მსახურობენ და რჩევების მოცემა შეუძლიათ (საქმეები 20:28). რეგულარულად დაესწარით კრების ყველა შეხვედრას, „რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრაელები 10:24). ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა, პირადი შესწავლა და სამქადაგებლო მსახურებაში რეგულარული მონაწილეობა დაგეხმარებათ, რომ ფხიზლები და სულიერად ძლიერები იყოთ (ფსალმუნები 1:1—3; მათე 24:14).

რაც უფრო მეტ სიყვარულსა და მზრუნველობას იგრძნობთ იეჰოვასგან, მით უფრო მეტად გექნებათ სურვილი, ‘კარგი საქმეების მოშურნენი’ იყოთ (ტიტე 2:14). გახსოვდეთ, რომ „ბოლომდე მომთმენი გადარჩება“ (მათე 24:13). მაშ, იყავით გადაწყვეტილებით აღსავსენი, რომ ‘არ მოიშალოთ კარგის კეთება’!

[ჩანართი 29 გვერდზე]

ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა არ დაუშვებს ისეთ განსაცდელს, ‘რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება’, არამედ ყოველთვის ‘მოგვცემს გამოსავალს’.

[სურათები 30 გვერდზე]

თეოკრატიული საქმიანობით დაკავება დაგვეხმარება, განსაცდელებს მომზადებულები შევხვდეთ.