არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პატიოსანი ადამიანები განადიდებენ იეჰოვას

პატიოსანი ადამიანები განადიდებენ იეჰოვას

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

პატიოსანი ადამიანები განადიდებენ იეჰოვას

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები — ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც — თავიანთი პატიოსნებით არიან ცნობილნი. განვიხილოთ დედამიწის სამ კონტინენტზე მომხდარი შემთხვევები.

ნიგერიაში მცხოვრებმა ჩვიდმეტი წლის ოლუსოლამ ერთ დღეს, როცა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, მიწაზე დაგდებული საფულე შენიშნა. მან ის სკოლის დირექტორს გადასცა, რომელმაც საფულეში 6 200 ნაირა აღმოაჩინა (დაახლოებით 45 აშშ დოლარი). დირექტორმა საფულე დაუბრუნა მასწავლებელს, რომელმაც ის დაკარგა. მადლიერმა მასწავლებელმა ოლუსოლას 1 000 ნაირა აჩუქა (დაახლოებით 7 აშშ დოლარი) და უთხრა, რომ ამ ფულით სწავლის საფასური გადაეხადა. როცა სხვა მოსწავლეებმა გაიგეს, რაც მოხდა, დაცინვა დაუწყეს ოლუსოლას. რამდენიმე კვირის შემდეგ, ერთმა მოსწავლემ განაცხადა, რომ ფული მოჰპარეს, ამიტომ მასწავლებლებს სთხოვეს, ყველა მოსწავლე გაეჩხრიკათ. „შენ აქ დადექი, — უთხრა მასწავლებელმა ოლუსოლას, — ვიცი, რომ იეჰოვას მოწმე ხარ და შენ არ მოიპარავდი“. ფული აღმოაჩნდა იმ ბიჭებიდან ორს, რომლებიც დასცინოდნენ ოლუსოლას; ქურდობის გამო ისინი მკაცრად დასაჯეს. ოლუსოლა წერს: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველა მიცნობს როგორც იეჰოვას მოწმეს, რომელიც არასდროს იქურდებს, რაც განადიდებს იეჰოვას“.

ერთ დღეს სახლიდან გამოსულმა მარსელომ, რომელიც არგენტინაში ცხოვრობს, სახლის უკანა კართან რამდენიმე მეტრში მიწაზე დაგდებული პორტფელი იპოვნა. მან პორტფელი სახლში შეიტანა და ცოლთან ერთად ფრთხილად გახსნა. მათდა გასაკვირად, შიგ იდო დიდი რაოდენობით ფული, საკრედიტო ბარათები და რამდენიმე ხელმოწერილი ჩეკი, რომელთაგან ერთ-ერთზე მილიონი პესო იყო გამოწერილი (250 000 ევრო). პორტფელში მათ ტელეფონის ნომერიც აღმოაჩინეს. ისინი დაუკავშირდნენ მფლობელს და შეუთანხმდნენ, რომ დაუბრუნებდნენ პორტფელს მთელი შიგთავსით და შეხვედრა მარსელოს სამუშაოსთან დათქვეს. როცა პორტფელის პატრონი მივიდა, აღელვებული ჩანდა. მარსელოს უფროსმა იმ კაცს უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდა, რადგან მარსელო იეჰოვას მოწმე იყო. პორტფელის პოვნისთვის პატრონმა მარსელო მხოლოდ 20 პესოთი (დაახლოებით 6 აშშ დოლარი) დაასაჩუქრა. ამან მარსელოს უფროსი ძალიან გააბრაზა, რადგან მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მარსელოს პატიოსნებამ. ამან საშუალება მისცა მარსელოს, აეხსნა მისთვის, რომ მას, როგორც იეჰოვას მოწმეს, სურდა ყოველთვის პატიოსნად მოქცეულიყო.

შემდეგი შემთხვევა ყირგიზეთში მოხდა. რინატმა, ექვსი წლის ბიჭუნამ, იპოვა საფულე, რომელიც მათ მეზობლად მცხოვრებ ქალბატონს ეკუთვნოდა. საფულეში იდო 1100 სომი (დაახლოებით 25 აშშ დოლარი). როდესაც რინატმა ამ ქალს საფულე დაუბრუნა, მან დაითვალა ფული და რინატის დედას უთხრა, რომ 200 სომი (დაახლოებით 5 აშშ დოლარი) აკლდა. რინატმა უთხრა, რომ ფული არ აუღია. შემდეგ ყველანი ერთად წავიდნენ დაკარგული ფულის მოსაძებნად და იმ ადგილთან ახლოს იპოვეს, სადაც მანამდე საფულე ეგდო. ქალი გაოცებული იყო. მან დიდი მადლობა გადაუხადა რინატსა და მის დედას, უპირველესად, იმისათვის, რომ დაკარგული ფული დაუბრუნეს და შემდეგ შვილის ქრისტიანად აღზრდისათვის.