არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდესაც ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება წამოიჭრება

როდესაც ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება წამოიჭრება

როდესაც ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება წამოიჭრება

რასაკვირველია, არც ერთ გონიერ ცოლ-ქმარს არ სიამოვნებს უთანხმოება, მაგრამ ეს გარდაუვალია. ყველაფერი შეიძლება იმით დაიწყოს, რომ ერთის ნათქვამმა მეორე გააღიზიანოს. ორივე ხმას უწევს, ფიცხდება და ემოციების მოზღვავების შედეგად გესლიანი შენიშვნებით მიაქვთ ერთმანეთზე იერიში. შემდეგ მდუმარება ისადგურებს; ისინი ჯიუტობენ და უარს ამბობენ ერთმანეთთან საუბარზე. დროთა განმავლობაში გულისწყრომა ცხრება და ცოლ-ქმარი ერთმანეთს ბოდიშს უხდის. მომავალ უთანხმოებამდე მათ შორის მშვიდობა სუფევს.

სატელევიზიო პროგრამებში ცოლქმრული უთანხმოებები გამუდმებული ხუმრობის საგნად არის ქცეული, მაგრამ, სინამდვილეში, ეს სრულებით არ არის სასაცილო. ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჩხვლეტს“ (იგავები 12:18, აქ). უკმეხად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ემოციური ჭრილობა მოგვაყენოს, რაც უთანხმოების გადაჭრის შემდეგაც კი შეიძლება კარგა ხანს არ მოშუშდეს. კამათი შესაძლოა ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს (გამოსვლა 21:18).

რასაკვირველია, არასრულყოფილების გამო ცოლ-ქმარი ყოველთვის ვერ აარიდებს თავს პრობლემებს (დაბადება 3:16; 1 კორინთელები 7:28). მაგრამ ხშირი და სერიოზული შეკამათება არ უნდა იქცეს ჩვეულებრივ მოვლენად. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ხშირი უთანხმოებები ზრდის წყვილის გაყრის ალბათობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ცოლ-ქმარმა ისწავლოს უთანხმოებების მშვიდობიანი გზით გადაჭრა.

სიტუაციის სწორად შეფასება

თუ ოჯახში გაუთავებლად კამათობთ, გაარკვიეთ, რა იწვევს თქვენ შორის უთანხმოებას. როგორ რეაგირებთ, როდესაც ამა თუ იმ საკითხში განსხვავებული აზრი გაქვთ? მაშინვე ხომ არ შეურაცხყოფთ და ადანაშაულებთ ერთმანეთს? თუ ასეა, რისი გაკეთება გმართებთ?

პირველ რიგში, გულწრფელად დაფიქრდით, თავად თქვენ რით ამწვავებთ პრობლემას. ადვილად ხომ არ გამოდიხართ მდგომარეობიდან? ხომ არ გახასიათებთ კამათი? თქვენი მეორე ნახევარი რას ფიქრობს ამის შესახებ? ამაზე დაფიქრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება თქვენ და თქვენს მეუღლეს კამათთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ.

დავუშვათ, მეუღლე გულჩათხრობილია, მაშინ როცა თქვენ გულწრფელად და მთელი გრძნობებით შეგიძლიათ საკუთარი აზრების გამოთქმა. შეიძლება თქვათ: „ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ყველას გვიყვარდა ერთმანეთთან ურთიერთობა და თავისუფლად გამოვთქვამდით აზრებს. ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ვკამათობდით!“ მაგრამ ის, რაც თქვენ გულახდილ საუბრად მიგაჩნიათ, შესაძლოა თქვენმა მეუღლემ შეურაცხყოფად და სერიოზულ კამათად ჩათვალოს. იმის ცოდნა, რომ ორივეს კომუნიკაციასთან დაკავშირებით განსხვავებული თვალსაზრისი გაქვთ, გაუგებრობების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.

ისიც გახსოვდეთ, რომ კამათი ყოველთვის ხმის აწევას არ გულისხმობს. პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „მოიშორეთ . . . ყვირილი და ლანძღვა“ (ეფესოელები 4:31). სიტყვა „ყვირილი“ ხმის აწევას გულისხმობს, მაშინ როცა „ლანძღვა“ პაექრობის სულზეც მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებშიც კი შეიძლება პაექრობის სული იგრძნობოდეს, თუ ვინმე ღიზიანდება ან მცირდება.

ამის მხედველობაში მიღებით კიდევ ერთხელ დაფიქრდით, როგორ აგვარებთ უთანხმოებებს მეორე ნახევართან. საუბარი კამათში ხომ არ გადადის? როგორც დავინახეთ, ამ კითხვაზე სწორი პასუხის გასაცემად ძალიან მნიშვნელოვანია მეუღლის თვალსაზრისის გათვალისწინება. ნუ დაასკვნით, თითქოს მეუღლეს იმის გამო აქვს ასეთი თვალსაზრისი, რომ ზედმეტად მგრძნობიარეა. ნაცვლად ამისა, შეეცადეთ საკუთარ თავს მისი თვალით შეხედოთ, და შესაბამისად შეიცვალოთ. პავლემ დაწერა: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

„დაუკვირდით, როგორ ისმენთ“

უთანხმოებების მოგვარებაში, აგრეთვე, დაგეხმარებათ იესოს რჩევა: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18). თუმცა იესო არ გულისხმობდა ცოლქმრულ ურთიერთობას, ამ მუხლში მოცემული პრინციპი მათაც შეუძლიათ გამოიყენონ. რამდენად ყურადღებით უსმენთ მეუღლეს? საერთოდ უსმენთ კი მას? თუ მყისვე აწყვეტინებთ სიტყვას და ეუბნებით, რომ ბოლომდე არ გესმით მისი ნათქვამი? „ვინც პასუხს სცემს მოსმენამდე — ეს მისი სისულელეა და სირცხვილი“, — ამბობს ბიბლია (იგავები 18:13). ამიტომ საჭიროა, რომ უთანხმოების წამოჭრის დროს ერთად იმსჯელოთ და ყურადღებით მოუსმინოთ ერთმანეთს.

ნაცვლად იმისა, რომ უმნიშვნელოდ ჩათვალოთ თქვენი მეორე ნახევრის თვალსაზრისი, შეეცადეთ, იყოთ „გულისხმიერნი“ (1 პეტრე 3:8). ბერძნულ ორიგინალში ეს სიტყვა უმთავრესად ნიშნავს სხვისი ტკივილის განცდას. როდესაც თქვენი მეუღლე დამწუხრებულია, თანაუგრძნეთ მას. შეეცადეთ, სიტუაციას მისი თვალით შეხედოთ.

როგორც ჩანს, ღვთისმოშიში ისაკი ასე იქცეოდა. ბიბლიაში მოთხრობილია, რომ მისი ცოლი, რებეკა, ძალიან ნერვიულობდა თავის ვაჟზე, იაკობზე. „მომბეზრდა სიცოცხლე ხეთელ ასულთა გამო“, — უთხრა მან ისაკს. „თუ იაკობი ხეთელ ასულს მოიყვანს ცოლად, როგორც ესენი არიან, რაღად მინდა მე სიცოცხლე?“ (დაბადება 27:46).

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეტისმეტი წუხილის გამო რებეკა აზვიადებდა პრობლემას. მართლა ხომ არ ჰქონდა მობეზრებული მას სიცოცხლე? ნუთუ მართლა სიკვდილს არჩევდა, თუ მისი ვაჟი ხეთელ ქალიშვილზე დაქორწინდებოდა? ალბათ, არა. მიუხედავად ამისა, ისაკმა უმნიშვნელოდ არ ჩათვალა ცოლის გრძნობები. მან უსაფუძვლოდ არ მიიჩნია რებეკას წუხილი და შესაბამისად იმოქმედა (დაბადება 28:1). თქვენც შეგიძლიათ მსგავსად მოიქცეთ, როდესაც დაინახავთ, რომ მეუღლეს რაღაც აწუხებს. უმნიშვნელოდ ნუ ჩათვლით ამას. მოუსმინეთ, პატივი ეცით მის აზრს და უთანაგრძნეთ.

მოსმენა და წვდომის უნარი

ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“ (იგავები 19:11, აქ). ადვილი შესაძლებელია სერიოზული უთანხმოების დროს მწვავე რეაგირება მოახდინოთ მეუღლის უხეშად ნათქვამ ყოველ სიტყვაზე. ეს მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას. ამიტომ როდესაც მეუღლეს უსმენთ, შეეცადეთ, ნათქვამის უკან მისი გრძნობებიც დაინახოთ. ასეთი სახით სიტუაციის განჭვრეტა დაგეხმარებათ, პირადი წყენა დაივიწყოთ და პრობლემის არსი დაინახოთ.

დავუშვათ, ცოლი გეუბნებათ: „შენ არასდროს ატარებ ჩემთან ერთად დროს!“ შეიძლება ასეთ სიტყვებზე ღიზიანდებით და მის ბრალდებას მშრალი ფაქტებით აბათილებთ: „წინა თვეში განა მთელი დღე შენთან ერთად არ გავატარე?!“ მაგრამ, თუ ყურადღებით მოუსმენთ ცოლს, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სინამდვილეში, ის თქვენგან არ ითხოვს მეტი დროის დათმობას. ნაცვლად ამისა, მას შეიძლება იმაში დარწმუნება სჭირდება, რომ არ არის მიტოვებული და კვლავაც გიყვართ.

დავუშვათ, თქვენი ქმარი უკმაყოფილებას გამოთქვამს თქვენ მიერ ახლახან შეძენილ ნივთებზე. „როგორ მოახერხე ამდენი ფულის დახარჯვა?“ — გაკვირვებული გეკითხებათ. აღელვების გამო შეიძლება თავის დაცვა დაიწყოთ — შეახსენოთ ოჯახის ფინანსური მდგომარეობის ან იმის შესახებ, თუ თქვენთან შედარებით, თავად რამდენს ხარჯავს. მაგრამ წვდომის უნარი დაგეხმარებათ იმის დანახვაში, რომ თქვენს ქმარს შესაძლოა ის კი არ აღელვებს, რომ ფული დახარჯეთ, არამედ ის, რომ მნიშვნელოვანი ნივთების ყიდვა მასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტეთ.

რასაკვირველია, ყველა წყვილს განსხვავებული შეხედულება აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს გაატარებენ ერთად დროს ან რა ნივთებს შეიძენენ. აქედან იმის სწავლა შეგვიძლია, რომ უთანხმოებების წამოჭრისას წვდომის უნარი დაგვეხმარება რისხვის დაოკებასა და პრობლემის არსის დანახვაში. სწრაფი რეაგირების ნაცვლად, მიჰყევით ბიბლიის ერთ–ერთი დამწერის, იაკობის, რჩევას და იყავით „სწრაფი . . . მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19).

გახსოვდეთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ტონით ელაპარაკებით მეუღლეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ბრძენთა ენა . . . კურნებაა“ (იგავები 12:18). უთანხმოების დროს თქვენი სიტყვები აღიზიანებს მას თუ კურნავს? შერიგებას უწყობს ხელს თუ თქვენ შორის კედელს აღმართავს? როგორც დავინახეთ, გაბრაზება ან სწრაფი რეაგირება უფრო ამწვავებს კონფლიქტს (იგავები 29:22).

როდესაც უთანხმოება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადადის, ყველანაირად ეცადეთ, ჩაწვდეთ პრობლემის არსს. ყურადღება გაამახვილეთ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზზე და არა თავად პიროვნებაზე. უფრო მეტად იმაზე იფიქრეთ, თუ როგორი მოქცევა იქნებოდა სწორი და არა იმაზე, თუ ვინ არის თქვენ შორის მართალი. ფრთხილად იყავით, რომ თქვენმა სიტყვებმა არ გაამწვავოს კამათი. ბიბლიაში ნათქვამია: „შეურაცხმყოფელი სიტყვა კი აღაგზნებს რისხვას“ (იგავები 15:1). დიახ, თქვენი სიტყვებიდან და ხმის ტონიდან ჩანს, ნამდვილად გსურთ თუ არა მეორე ნახევართან კარგი ურთიერთობა

უთანხმოების მოგვარება და არა კამათში გამარჯვება

უთანხმოების მოგვარებისას ჩვენი მიზანი პრობლემის გადაჭრა უნდა იყოს და არა კამათში გამარჯვება. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? საუკეთესო საშუალებაა ბიბლიაში შესაბამისი რჩევის მოძებნა და მისი ცხოვრებაში გამოყენება; ამაში განსაკუთრებით ქმრებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა. ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად გამოთქვათ თქვენი პირადი თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხთან ან პრობლემასთან დაკავშირებით, რატომ არ შეხედავდით მას იეჰოვას თვალით? ლოცვით მიმართეთ ღმერთს და ეძებეთ მისი მშვიდობა, რომელიც დაიცავს თქვენს გულსა და გონებას (ეფესოელები 6:18; ფილიპელები 4:6, 7). მთელი გულით შეეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ იზრუნოთ, არამედ მეორე ნახევრის ინტერესებზეც (ფილიპელები 2:4).

ხშირად მდგომარეობას ის უფრო ართულებს, რომ უარყოფითი გრძნობებისა და მოზღვავებული ემოციების გამო ვეღარ აკონტროლებთ საკუთარ ფიქრებსა და საქციელს. მეორე მხრივ, თუ მზად ხართ, ბიბლიური რჩევის თანახმად შეიცვალოთ, შედეგად მშვიდობიანად იცხოვრებთ, ერთი აზრი გექნებათ და იეჰოვას კურთხევებს მიიღებთ (2 კორინთელები 13:11). ასე რომ, როდესაც „ზემოდან მომავალი სიბრძნით“ ვხელმძღვანელობთ, ღვთის მოსაწონ თვისებებს ვავლენთ და „მშვიდობისმყოფელთა“ მსგავსად, კურთხევებს ვიღებთ (იაკობი 3:17, 18).

მართლაც, ყველამ უნდა ვისწავლოთ უთანხმოების მშვიდობიანი გზით გადაჭრა მაშინაც კი, თუ ეს პირადი ინტერესების მსხვერპლად გაღებას მოითხოვს (1 კორინთელები 6:7). მიჰყევით პავლეს რჩევას და მოიშორეთ „რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა და უწმაწური სიტყვები . . . გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ (კოლოსელები 3:8—10).

ცხადია, ზოგჯერ ისეთი რამ წამოგცდებათ, რის გამოც მოგვიანებით ინანებთ (იაკობი 3:8). ასეთ შემთხვევაში ბოდიში მოუხადეთ მეუღლეს და შეეცადეთ, კვლავაც მოახმაროთ ძალისხმევა სიტუაციის გამოსწორებას. რაც დრო გავა, ორივე დაინახავთ, რომ უფრო ადვილად და მშვიდობიანად აგვარებთ უთანხმოებებს.

[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]

სამი ნაბიჯი დაძაბულობის განსამუხტავად:

• მოუსმინეთ მეუღლეს იგავები 10:19

• პატივი ეცით მის აზრს ფილიპელები 2:4

• თანაუგრძნეთ სიყვარულით 1 კორინთელები 13:4—7

[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]

რისი გაკეთება შეგიძლიათ ახლა?

დაუსვით მეუღლეს ქვემოთ მოცემული კითხვები და ყურადღებით მოუსმინეთ ისე, რომ აზრი არ გააწყვეტინოთ. შემდეგ თქვენმა მეორე ნახევარმაც იგივე გააკეთოს.

• მახასიათებს კამათი?

• ყურადღებით გისმენ, როდესაც საკუთარ აზრებს გამოთქვამ, თუ ლაპარაკის დამთავრებამდე ვრეაგირებ?

• ჩემს სიტყვებში გულგრილობას ან სიბრაზეს ხომ არ გრძნობ?

• რისი გაკეთება შეგვიძლია ორივეს იმისათვის, რომ ერთმანეთს უფრო თავაზიანად ვესაუბროთ — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განსხვავებული აზრი გვაქვს ამ თუ იმ საკითხზე?

[სურათი 21 გვერდზე]

უსმენთ მეუღლეს?

[სურათი 22 გვერდზე]

„ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მიმატოვა და აღარ ვუყვარვარ“.

[სურათი 22 გვერდზე]

„შენ არასდროს ატარებ ჩემთან ერთად დროს!“

[სურათი 22 გვერდზე]

„წინა თვეში განა მთელი დღე შენთან ერთად არ გავატარე?!“