არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘სიცოცხლე ახლა’ სრულად ვხარობ მისით!

‘სიცოცხლე ახლა’ სრულად ვხარობ მისით!

ბიოგრაფია

‘სიცოცხლე ახლა’ სრულად ვხარობ მისით!

მოგვითხრო ტედ ბაკინგემმა

ექვსი წლის სრული დროით მსახური და ექვსი თვის დაქორწინებული ვიყავი, როცა უეცრად პოლიომიელიტით დავავადდი. ეს მოხდა 1950 წელს. მაშინ მხოლოდ 24 წლის ვიყავი. ცხრა თვის განმავლობაში საავადმყოფოში ვიყავი და ბევრი დრო მქონდა ჩემს ცხოვრებაზე დასაფიქრებლად. ვფიქრობდი, ჩემი ფიზიკური ნაკლი როგორ იმოქმედებდა ჩემი და ჩემი მეუღლის, ჯოისის, მომავალზე.

მამამ, რომელიც არასოდეს ყოფილა მორწმუნე, 1938 წელს სახლში მოიტანა წიგნი „მთავრობა“ *. პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ომის დაწყების საშიშროებამ აღძრა ის, რომ ეს წიგნი აეღო. რამდენადაც ვიცი, მამას არასდროს წაუკითხავს ის, მაგრამ დედა კითხულობდა, რადგან ძალიან მორწმუნე იყო. ის მალევე გამოეხმაურა ამ ცნობას. მან დატოვა ანგლიკანური ეკლესია და, მამის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, იეჰოვას მოწმე გახდა; დედა სიკვდილამდე, 1990 წლამდე, ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.

დედამ პირველად ქრისტიანულ შეხვედრაზე ქალაქ ეპსომში (ლონდონიდან სამხრეთით) მდებარე სამეფო დარბაზში წამიყვანა. კრება ტარდებოდა იქ, სადაც ადრე მაღაზია იყო. ჩვენ მოვუსმინეთ ჯოზეფ რუტერფორდის მოხსენების ჩანაწერს, რომელიც იმ პერიოდში ხელმძღვანელობას უწევდა იეჰოვას მოწმეების საქმიანობას. ამ შეხვედრამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ძლიერი დაბომბვების შედეგად ლონდონში ცხოვრება უფრო და უფრო საშიში ხდებოდა. ამიტომ, 1940 წელს მამამ გადაწყვიტა, ოჯახი უსაფრთხო ადგილას, დასავლეთ ლონდონიდან 45 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ მეიდენჰედში, გადაეყვანა. ეს ძალიან კარგი აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან იქ არსებული 30 წევრისგან შემდგარი კრება გამხნევების შესანიშნავ წყაროს წარმოადგენდა. ფრედ სმითმა, სულიერად ძლიერმა ქრისტიანმა, რომელიც 1917 წელს მოინათლა, თავის ფრთებქვეშ შემიფარა და დამეხმარა, რომ უფრო ეფექტური მქადაგებელი გავმხდარიყავი. დღემდე მადლიერი ვარ მისი პირადი მაგალითის მოცემისა და სიყვარულის გამოვლენისთვის.

სრული დროით მსახურების დაწყება

1941 წლის მარტის ერთ სუსხიან დღეს მდინარე ტემზაში მოვინათლე 15 წლის ასაკში. ამ დროისთვის ჩემმა უფროსმა ძმამ, ჯიმიმ, სრული დროით ქადაგება დაიწყო. ახლა ის და მისი მეუღლე მაჯი, ბირმინგემში ცხოვრობენ. მათ თითქმის მთელი ცხოვრება სარაიონო და საოლქო მსახურებაში გაატარეს ბრიტანეთში. ჩემი უმცროსი და რობინა და მისი მეუღლე ფრანკი ასევე იეჰოვას ერთგული მსახურები არიან.

ერთ დღეს, როდესაც ტანსაცმლის ფაბრიკაში ბუღალტრად ვმუშაობდი, დირექტორმა თავის ოფისში დამიბარა და პერსპექტიული კარიერა — მომმარაგებლის თანამდებობა — შემომთავაზა. მაგრამ მე გარკვეული პერიოდი ვფიქრობდი, ჩემი ძმის მაგალითისთვის მიმებაძა, ამიტომ თავაზიანად ვთქვი უარი დამსაქმებლის წინადადებაზე და ისიც ვუთხარი, რა მიზეზით ვაკეთებდი ამას. ჩემდა გასაოცრად, მან გულითადად შემაქო, რომ ამგვარ ღირსეულ საქმიანობაში —ქრისტიანულ მსახურებაში — მინდოდა მონაწილეობის მიღება. ასე რომ, 1944 წელს ნორთჰემპტონში საოლქო კონგრესის შემდეგ, სრული დროით მსახურება დავიწყე.

პირველი დანიშნულება ექსეტერში (დევონი) მივიღე. იმ დროისათვის ქალაქში ომისდროინდელი დაბომბვის შემდეგ აღდგენით სამუშაოებს ატარებდნენ. ერთ ბინაში ვცხოვრობდით მე და ორი პიონერი, ფრანკ და რუთ მიდლტონები, რომლებიც ძალიან დიდ ყურადღებას ავლენდნენ ჩემდამი. მაშინ 18-იოდე წლის ვიყავი და რეცხვა და მზარეულობა არ მეხერხებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, რამაც მდგომარეობა საგრძნობლად შემიმსუბუქა.

სამქადაგებლო მსახურებაში პარტნიორობას მიწევდა ერთი ირლანდიელი ძმა, ვიქტორ გარდი, რომელიც 50 წლის იყო. მან მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო მსახურება. ვიქტორმა მასწავლა გონივრულად გამენაწილებინა დრო, უფრო მეტი გულმოდგინებით მეკითხა ბიბლია და დამეფასებინა ბიბლიის სხვა თარგმანები. იმ მნიშვნელოვან წლებში, როდესაც პიროვნების ფორმირება ხდება, ვიქტორის ერთგულების მაგალითი ზუსტად ის იყო, რაც ძალიან მჭირდებოდა.

პრობლემები ნეიტრალიტეტის გამო

ომი დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ ხელისუფლება მაინც ითხოვდა ახალგაზრდების სამხედრო სამსახურში გაწვევას. 1943 წელს მეიდენჰედში სასამართლოს წინაშე წარვდექი, სადაც განვაცხადე, რომ როგორც სახარების მქადაგებელი, მათ უნდა გავეთავისუფლებინე სამხედრო სამსახურისგან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს წინადადებაზე უარი მითხრეს, გადავწყვიტე მსახურება ექსეტერში გამეგრძელებინა. ასე რომ, საბოლოოდ დამიბარეს ექსეტერში, რათა ადგილობრივი სასამართლოს წინაშე წარვმდგარიყავი. მოსამართლემ, რომელმაც ციხეში ექვსი თვით მძიმე შრომა მომისაჯა, მითხრა, რომ, სამწუხაროდ, მას უფრო მეტი სასჯელის მოცემა არ შეეძლო. ექვსი თვის გასვლის შემდეგ უკან დამაბრუნეს ციხეში, რომ დამატებით კიდევ ოთხი თვე დავრჩენილიყავი.

ციხეში მხოლოდ ერთი მოწმე ვიყავი, ამიტომ სატუსაღოს ზემდეგები იეჰოვას მეძახდნენ. სიის ამოკითხვისას საკმაოდ უცნაური იყო ამ სახელის ხსენებაზე პასუხის გაცემა, რის გაკეთებაც მიწევდა, მაგრამ დიდად სასიამოვნო იყო, რომ ღვთის სახელი ყოველდღე მესმოდა! ამის წყალობით, სხვა პატიმრებმა გაიგეს, რომ ჩემი, როგორც იეჰოვას მოწმის, პოზიციის გამო ვიმყოფებოდი მათ შორის. მოგვიანებით ნორმან კასტროც ამავე ციხეში გადმოიყვანეს, რის შემდეგაც სახელი შემიცვალეს — მე და კასტროს მოსე და აარონი დაგვარქვეს.

ექსეტერიდან ბრისტოლში, ბოლოს კი უინჩესტერის ციხეში გადამიყვანეს. პირობები ყოველთვის სახარბიელო არ იყო, მაგრამ ეს იუმორის გრძნობის შენარჩუნებაში დამეხმარა. მე და ნორმანმა უინჩესტერში ყოფნის დროს გახსენების საღამო ერთად აღვნიშნეთ, რამაც ძალიან გაგვახარა. ფრანცის კუკმა, რომელმაც ციხეში მოგვინახულა, შესანიშნავი მოხსენება წაგვიკითხა.

ცვლილებები ომის შემდგომ წლებში

1946 წელს, ბრისტოლის კონგრესზე — სადაც გამოცხადდა, რომ გამოვიდა ბიბლიის შესასწავლი დამხმარე პუბლიკაცია „დაე მართალი იყოს ღმერთი“, შევხვდი ლამაზ გოგონას, ჯოის მურს, რომელიც დევონში მსახურობდა პიონერად. ჩვენი მეგობრობა სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა და ოთხი წლის შემდეგ ტივერტონში დავქორწინდით, სადაც 1947 წლიდან ვიმყოფებოდი. ჩვენ დაქირავებულ ბინაში ვცხოვრობდით, რომელშიც კვირაში ერთ დოლარსა და ათ ცენტს ვიხდიდით. ეს შესანიშნავი პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში!

ჩვენი ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ სამხრეთ ბრიკსემში — შესანიშნავ საპორტო ქალაქში — გადავედით, სადაც ყველაზე პირველად განვითარდა ტრალით თევზჭერა. მაგრამ აქ დიდხანს არ დავრჩენილვართ, რადგან ლონდონის კონგრესზე მგზავრობისას პოლიომიელიტით დავავადდი. კომაში ჩავვარდი და, როგორც ზემოთ მოვიხსენიე, საავადმყოფოდან მხოლოდ ცხრა თვის შემდეგ გამომწერეს. მარჯვენა ხელი და ორივე ფეხი ძალიან დამიზიანდა (დღესაც იგივე მდგომარეობაში მაქვს), რის გამოც ხელჯოხის ტარება მიწევდა. ჩემი ძვირფასი მეუღლე ერთგული, ხალისიანი თანამგზავრი და გამხნევების წყარო იყო. მან მოახერხა სრული დროით მსახურების გაგრძელება. მაგრამ რა უნდა გვეკეთებინა ახლა? მალე იმის მოწმე უნდა გავმხდარიყავი, რომ იეჰოვას ხელი არასოდეს არის მოკლე.

მომდევნო წელს უიმბლდონში (ლონდონი) დავესწარით კონგრესს. ამ დროისთვის ხელჯოხს აღარ ვატარებდი. აქ შევხვდით პრაის ჰიუზს, რომელიც იმ დროს დიდ ბრიტანეთში სამქადაგებლო საქმიანობას უწევდა ხელმძღვანელობას. ის მომესალმა და მითხრა: „ტედ, სარაიონო მსახურებაში გვჭირდები!“ ეს ჩემთვის უდიდესი გამხნევება იყო! მაგრამ მომცემდა ჯანმრთელობა ამის საშუალებას? მე და ჯოისს გვაღელვებდა ეს საკითხი, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში მომზადების შემდეგ, იეჰოვაზე სრულად მინდობილები, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დავბრუნდით, სადაც სარაიონო ზედამხედველად ვიყავი დანიშნული. მაშინ მხოლოდ 25 წლის ვიყავი, მაგრამ დღესაც თვალწინ მიდგას იმ მოწმეთა სიკეთე და მოთმინება, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.

თეოკრატიულ საქმიანობებში მონაწილეობის მიღებით მე და ჯოისმა დავინახეთ, რომ კრებების მონახულებამ ჩვენს ქრისტიან და-ძმებთან ძალიან დაგვაახლოვა. ჩვენ არ გვყავდა ავტომობილი, ამიტომ ან მატარებლით ვმგზავრობდით ან ავტობუსით. მართალია ჩემს დაავადებასთან დაკავშირებულ სირთულეებთან შეგუება მიწევდა, მაგრამ გვქონდა ბედნიერება, რომ მონაწილეობა მიგვეღო ასეთ მსახურებაში, რაც 1957 წლამდე გაგრძელდა. ჩვენ აზრით აღსავსე ცხოვრება გვქონდა, მაგრამ წინ სხვა რთული დავალება გველოდა.

მისიონერული მსახურება

ძალიან აღგვაფრთოვანა იმის გაგებამ, რომ გალაადის სკოლის 30-ე კლასში მიგვიწვიეს. თავს კარგად ვართმევდი ჩემს ფიზიკურ უძლურებებს, ამიტომ მე და ჯოისმა სიხარულით მივიღეთ მოწვევა. გამოცდილებიდან ვიცოდით, რომ იეჰოვა ყოველთვის მოგვცემდა ძალებს მისი ნების შესასრულებლად. ხუთი თვის მანძილზე „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ — რომელიც ნიუ-იორკში, საუთ-ლანსინგის (აშშ) შესანიშნავ შემოგარენში მდებარეობს — ჩატარებულმა ინტენსიურმა სწავლების კურსმა სწრაფად ჩაიარა. სტუდენტები ძირითადად დაქორწინებული წყვილები იყვნენ, რომლებიც მიმოსვლით საქმიანობას ეწეოდნენ. როდესაც კლასში იკითხეს, რომელიმე ჩვენგანს თუ სურდა უცხო ტერიტორიებზე მისიონერად მსახურება, ჩვენც მათ შორის ვიყავით, ვინც ამის სურვილი გამოთქვა. მაგრამ სად უნდა წავსულიყავით? უგანდაში, აღმოსავლეთ აფრიკაში!

იმ დროს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა უგანდაში აკრძალული იყო, ამიტომ მირჩიეს, რომ დავსახლებულიყავი ამ ქვეყანაში და სამსახურიც მეშოვნა. ჯერ მატარებლითა და შემდეგ გემით დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ, კამპალაში (უგანდა) მივედით. საიმიგრაციო განყოფილების თანამშრომლებს არ ესიამოვნათ ჩვენი დანახვა და მხოლოდ რამდენიმე თვით დარჩენის უფლება მოგვცეს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი გვითხრეს, რომ დაგვეტოვებინა ქვეყანა. მთავარი სამმართველოს წარმომადგენლების მითითებით ჩრდილოეთ როდეზიაში (ახლანდელი ზამბია) გავემგზავრეთ. აქ შევხვდით „გალაადის“ სკოლის ოთხ კურსდამთავრებულს, — ფრანკ და კარი ლუისებსა და ჰეიზი და ჰარიეტ ჰოსკინზებს, — რომელთა ნახვამაც ძალიან გაგვახარა. აქედან მალე სამხრეთ როდეზიაში (ახლანდელი ზიმბაბვე) დაგვნიშნეს.

ჩვენ მატარებლით ვიმგზავრეთ და ბულავაიოში ჩასვლამდე პირველად მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ თვალი შეგვევლო დიდებულ ჩანჩქერ ვიქტორიასთვის. გარკვეული პერიოდით მაკლაკების ოჯახში დავრჩით, რომლებიც იმ მოწმეებს შორის იყვნენ, ვინც იქ პირველად დასახლდა. გვქონდა ბედნიერება, რომ შემდგომი 16 წლის განმავლობაში კარგად გავცნობოდით მათ.

ცვლილებებთან შეგუება

ორკვირიანი მომზადების გავლის შემდეგ, — რომლის განმავლობაშიც გავეცანი იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას აფრიკაში, — საოლქო ზედამხედველად დამნიშნეს. აფრიკის მივარდნილ ადგილებში ქადაგება თან წყლის, საკვების, ქვეშაგების, ტანსაცმლის, კინოპროექტორის, ელექტროგენერატორის, დიდი ეკრანისა და სხვა აუცილებელი ნივთების ტარებას ნიშნავდა. ყოველივე ეს სატვირთო მანქანაში ისე კომპაქტურად იყო ჩაწყობილი, რომ ოღრო–ჩოღრო გზებზე სიარული შესაძლებელი ყოფილიყო.

მე აფრიკელ სარაიონო ზედამხედველებთან ერთად ვმსახურობდი, ჯოისი კი სიამოვნებით ეხმარებოდა მათ ცოლებსა და შვილებს, რომლებიც ასევე შემოგვიერთდნენ მსახურებაში. აფრიკის ველზე სიარული შეიძლება დამღლელიც იყო, განსაკუთრებით კი ცხელ ამინდში, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ამ კლიმატში ჩემს ფიზიკურ უძლურებებს ადვილად ვუმკლავდებოდი, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვიყავი.

ხალხი ძირითადად ღარიბი იყო. ბევრი მათგანი ტრადიციებს იცავდა, ჩაფლული იყო ცრუმორწმუნეობასა და პოლიგამიაში, მაგრამ ისინი ძალიან აფასებდნენ ბიბლიას. ზოგიერთ ადგილებში კრებები ტარდებოდა დიდი ხეების ჩრდილქვეშ და საღამოობით შუქი საკიდი ლამპრებიდან მოდიოდა, რომლებშიც ზეთი იყო ჩასხმული. ჩვენ ყოველთვის გვიჩნდებოდა მოკრძალების გრძნობა, როდესაც ღვთის სიტყვას ვსწავლობდით ვარსკვლავებით მოჭედილი ღია ცის ქვეშ, რაც ღვთის შემოქმედების ასე ბრწყინვალე ნაწილია.

აფრიკაში ასევე დაუვიწყარი იყო საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილმების ჩვენება. კრება შეიძლება 30 მოწმისგან შედგებოდა, მაგრამ ასეთი შემთხვევების დროს ვიცოდით, რომ შეიძლება 1 000–ზე მეტი ადამიანი მოსულიყო!

ტროპიკებში, რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი დროდადრო ავად გახდეს, მაგრამ დადებითი განწყობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მე და ჯოისმა ვისწავლეთ სირთულეებისთვის თავის გართმევა — მე ვუმკლავდებოდი მალარიის შემოტევებს, ჯოისი კი ამებით გამოწვეულ დაავადებას.

მოგვიანებით სოლზბერის (ახლანდელი ჰარარე) ფილიალში დაგვნიშნეს, სადაც იეჰოვას სხვა ერთგულ მოწმეებთან ერთად მსახურება პატივი იყო ჩვენთვის. ამ მსახურთა შორის იყვნენ ლესტერ დეივი და ჯორჯ და რუბი ბრედლები. მთავრობამ ქორწინების რეგისტრირების უფლება მომცა, რაც საშუალებას მაძლევდა ოფიციალურად გამეფორმებინა აფრიკელი ძმების ქორწინება და ამგვარად კრებაში ქრისტიანული ქორწინების კვანძები განმემტკიცებინა. რამდენიმე წლის შემდეგ, სხვა პატივი მხვდა წილად, კერძოდ, მომენახულებინა ისეთი კრებები, სადაც ბანტუს ენაზე არ ლაპარაკობდნენ. ათწლეულების განმავლობაში მე და ჯოისი ამ მსახურების წყალობით ვხარობდით ძმებთან ურთიერთობითა და მათი სულიერი წინსვლით. ამ პერიოდში ჩვენ ასევე ვინახულებდით ძმებს ბოსტვანასა და მოზამბიკში.

კვლავ სხვაგან გადასვლა

სამხრეთ აფრიკაში მსახურებაში გატარებული ბედნიერი წლების შემდეგ, 1975 წელს სიერა–ლეონეში (დასავლეთი აფრიკა) დაგვნიშნეს. მალე დავსახლდით ფილიალში, რათა ახალი დანიშნულებით გაგვეხარა, მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა. მალარიის შეტევების გამო ავად გავხდი და დავსუსტდი, ხოლო ბოლოს სამკურნალოდ ლონდონში გადასვლა მომიწია, სადაც მირჩიეს, რომ აფრიკაში აღარ დავბრუნებულიყავი. ამ ფაქტმა ძალიან დაგვაღონა, მაგრამ მე და ჯოისი ლონდონის ბეთელის ოჯახმა თბილად მიგვიღო. ასევე, ლონდონის კრებაში მყოფმა უამრავმა აფრიკელმა და–ძმამ ჩვეული გარემო შეგვიქმნეს. ჯანმრთელობა თანდათანობით გამიუმჯობესდა და სხვა დანიშნულების შესრულებას შევუდექი — მთხოვეს შესყიდვის განყოფილებაში მემსახურა. მომდევნო წლების განმავლობაში დიდი ზრდის მოწმენი გავხდით, რამაც დაგვანახვა, რომ ეს ნამდვილად საინტერესო საქმე იყო.

XX საუკუნის 90–იანი წლების დასაწყისში, ჩემს ძვირფას მეუღლეს ჯოისს მოტორული ნერვული სისტემა დაუზიანდა და 1994 წელს დაიღუპა. ის იყო მოსიყვარულე, ერთგული მეუღლე, რომელიც ყოველთვის მზად იყო, შეგუებოდა ყველანაირ პირობას, რომელთან გამკლავებაც გვიწევდა. ასეთ მძიმე დანაკლისის გრძნობასთან გამკლავებისას დავინახე, რომ აუცილებელია, ნათელი სულიერი ხედვა შევინარჩუნო და მომავალს ველოდო. კარგი თეოკრატიული განრიგის მიყოლა, რაშიც ქადაგებაც შედის, ასევე მეხმარება, რომ გონება სრულიად დაკავებული მქონდეს (იგავები 3:5, 6).

ბეთელში მსახურება ცხოვრებაში უდიდესი პატივი და შესანიშნავი შესაძლებლობაა. იქ მრავალი ახალგაზრდაა, რომლებთანაც შეგიძლია იმსახურო და ბევრი სიხარული გაიზიარო მათთან ერთად. გვიხარია ლონდონში სტუმრების მიღება. ზოგჯერ ვხვდები ჩემს ძვირფას მეგობრებს, რომლებიც აფრიკაში მსახურების დროს გავიცანი და იქ განცდილ სასიამოვნო წუთებს ვიხსენებ. ყოველივე ეს კი მეხმარება, რომ გავიხარო ‘სიცოცხლით ახლა’ და რწმენითა და იმედით ვუყურო სიცოცხლეს, რომელიც „მომავალში“ იქნება (1 ტიმოთე 4:8).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 გამოიცა იეჰოვას მოწმეების მიერ 1928 წელს. ამჟამად აღარ გამოიცემა.

[სურათი 25 გვერდზე]

დედასთან ერთად 1946 წელს.

[სურათი 26 გვერდზე]

ჯოისთან ერთად ქორწილის დღეს, 1950 წელს.

[სურათი 26 გვერდზე]

ბრისტოლის კონგრესზე 1953 წელს.

[სურათები 27 გვერდზე]

მსახურება დაშორებულ ტერიტორიაზე (ზემოთ) და სამხრეთ როდეზიის კრებაში, ახლანდელი ზიმბაბვე (მარცხნივ).