არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის წყალობით გადარჩენილნი და არა მხოლოდ საქმეებით

ღვთის წყალობით გადარჩენილნი და არა მხოლოდ საქმეებით

ღვთის წყალობით გადარჩენილნი და არა მხოლოდ საქმეებით

„[თქვენ] ხართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით . . . ეს საქმეების გამო არ მომხდარა, რომ კვეხნის მიზეზი არავის ჰქონდეს“ (ეფესოელები 2:8, 9).

1. სხვებისგან განსხვავებით როგორ უყურებენ ქრისტიანები პირად მიღწევებს და რატომ?

დღეს ადამიანები ამაყობენ და ხშირად იკვეხნიან კიდეც პირადი მიღწევებით. ქრისტიანები სხვაგვარად იქცევიან. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას არ ამახვილებენ თავიანთ წარმატებებზე, მაშინაც კი, თუ ეს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ეხება. იეჰოვას ხალხი ხარობს მსოფლიო საძმოს საერთო მიღწევებით, თუმცა ისინი ხაზს არ უსვამენ პირად წვლილს ამ საქმეში. მათ ესმით, რომ იეჰოვას მსახურებაში სწორი მოტივები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი მიღწევები. ნებისმიერი, ვინც მიიღებს მარადიული სიცოცხლის ჯილდოს, ეს რწმენისა და ღვთის წყალობის შედეგი იქნება და არა პირადი მიღწევების (ლუკა 17:10; იოანე 3:16).

2, 3. რით ამაყობდა პავლე და რატომ?

2 პავლე მოციქულს ეს კარგად ესმოდა. მას შემდეგ, რაც სამჯერ შეევედრა უფალს, მისთვის ‘სხეულში ეკალი მოეშორებინა’, იეჰოვამ უპასუხა: „გეყოფა ჩემი წყალობა, რადგან სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“. პავლე თავმდაბლურად დაემორჩილა იეჰოვას: „ამიტომ უდიდესი სიამოვნებით ვიამაყებ ჩემი სისუსტეებით, რათა კარავივით გადამეფაროს ქრისტეს ძალა“. ჩვენც უნდა მივბაძოთ პავლეს თავმდაბლური სულის გამოვლენაში (2 კორინთელები 12:7—9).

3 მიუხედავად იმისა, რომ პავლეს უდიდესი წვლილი მიუძღოდა ქრისტიანულ მსახურებაში, მას ესმოდა, რომ ეს მისი განსაკუთრებული უნარის შედეგი არ იყო. მან მოკრძალებით თქვა: „ჩემ მიმართ, ყველა წმინდაზე უმცირესის მიმართ, იქნა ეს წყალობა გამოვლენილი, რათა უცხოტომელებისთვის სასიხარულო ცნობა მეუწყებინა ქრისტეს განუზომელი სიმდიდრის შესახებ“ (ეფესოელები 3:8). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ პავლეს არ ახასიათებდა კვეხნა, თავდაჯერებულობა და ამპარტავნობა. „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლების მიმართ კი წყალობას ავლენს“ (იაკობი 4:6; 1 პეტრე 5:5). ვბაძავთ პავლეს თავმდაბლობაში და მივიჩნევთ საკუთარ თავს ძმებზე ‘უმცირესად’?

„ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“

4. რატომ არის ზოგჯერ რთული, სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩავთვალოთ?

4 მოციქული პავლე ქრისტიანებს ურჩევდა: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილიპელები 2:3). ამის გაკეთება შეიძლება არ იყოს ადვილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ პასუხისმგებლობები გვაკისრია. მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ჩვენზე გარკვეულწილად გავლენას ახდენს ქვეყნიერებაში გაბატონებული მეტოქეობის სული. შესაძლოა ბავშვობაში გვასწავლიდნენ, ღვიძლ და-ძმებს ან თანაკლასელებს შევჯიბრებოდით; ან მუდმივად მოგვიწოდებდნენ, სწავლასა თუ სპორტში პირველები ვყოფილიყავით. ცხადია, საქებარია, თუ ნებისმიერი კარგი საქმის შესასრულებლად ძალებს არ ვიშურებთ. მაგრამ ამით ქრისტიანები საკუთარ მიღწევებს არ ვუსვამთ ხაზს. ნაცვლად ამისა, გვსურს, რომ ასეთმა საქმემ ჩვენც მოგვიტანოს სარგებლობა და სხვებსაც. პირველობისკენ სწრაფვა სახიფათოა. რატომ?

5. თუ ადამიანი კონტროლს არ გაუწევს საკუთარ თავს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ის მეტოქეობის სულმა?

5 თუ ადამიანი კონტროლს არ გაუწევს საკუთარ თავს, მეტოქეობისა და პატივმოყვარეობის სულმა ის შეიძლება ქედმაღალი გახადოს და სხვებს უპატივცემულოდ მოექცეს; შესაძლოა სხვისი უნარის ან მიღწევების შეშურდეს. იგავების 28:22 (სსგ) ამბობს: „შურიანი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის, მაგრამ არ იცის, რომ სიდუხჭირე ეწევა“. შესაძლოა ის ისეთი მდგომარეობის მოპოვებისკენაც კი ისწრაფვის, რისი უფლებაც არა აქვს. თავისი საქციელის გასამართლებლად მან შეიძლება დაიწყოს დრტვინვა და სხვების კრიტიკა, რასაც ქრისტიანები უნდა მოერიდონ (იაკობი 3:14—16). სინამდვილეში, ასეთი ადამიანი ეგოისტური სულის განვითარების საფრთხის წინაშეა.

6. რა გაფრთხილებას გვაძლევს ბიბლია მეტოქეობის სულთან დაკავშირებით?

6 ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს: „ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნუ შევეჯიბრებით და შურის თვალით ნუ შევხედავთ ერთმანეთს“ (გალატელები 5:26). მოციქულმა იოანემ მოიხსენია თანაქრისტიანი, რომელსაც, როგორც ჩანს, ასეთი სული განუვითარდა. „კრებას წერილი მივწერე,“ — თქვა იოანემ, — „მაგრამ პირველობის მოყვარული დიოტრეფე ჩვენგან არაფერს იღებს პატივისცემით. ამიტომ, თუ მოვალ, გავიხსენებ მის საქმეებს, რომლებსაც კვლავაც აკეთებს, ბოროტ ხმებს რომ ავრცელებს ჩვენზე“. ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც ქრისტიანები ასე იქცევიან (3 იოანე 9, 10).

7. რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა, რომ მოერიდოს სამსახურში მეტოქეობის სულის გამოვლენას?

7 ცხადია, შეუძლებელია ქრისტიანმა სრულებით აარიდოს თავი ისეთ საქმეებს, რომლებშიც მეტოქეობის სული ირეკლება. მაგალითად, ფირმა, რომელშიც ქრისტიანი მუშაობს, შეიძლება კონკურენციას უწევდეს ცალკეულ პირებს ან სხვა ფირმებს, რომლებიც მსგავს პროდუქციას ამზადებენ ან მსგავს მომსახურებას სთავაზობენ. ასეთ შემთხვევებშიც კი ქრისტიანმა სხვების მიმართ პატივისცემა და სიყვარული უნდა გამოავლინოს, და გაითვალისწინოს სხვების მოთხოვნილებები. ის უნდა მოერიდოს არალეგალურ საქმეს და ქრისტიანისთვის მიუღებელ საქციელს. მას არ უნდა იცნობდნენ ეგოისტ პიროვნებად, რომელიც მეტოქეობის სულს ავლენს. ქრისტიანი არ უნდა ფიქრობდეს, რომ პირველობა — რასაც უნდა ეხებოდეს — ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. და, თუ სამსახურში მართებს ქრისტიანს ასე მოქცევა, მაშ რამდენად უფრო მნიშვნელოვანია ეს ღვთის თაყვანისმცემლობაში!

„არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“

8, 9. ა) რატომ არ უნდა შეეჯიბრონ ქრისტიანი უხუცესები ერთმანეთს? ბ) რატომ ეხება 1 პეტრეს 4:10-ში ჩაწერილი რჩევა ღვთის ყველა მსახურს?

8 ის, თუ როგორი სული უნდა გამოავლინონ ქრისტიანებმა ღვთის მსახურებაში, კარგად ჩანს ღვთის შთაგონებით დაწერილ ამ სიტყვებში: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“ (გალატელები 6:4). ქრისტიანული კრების უხუცესებს კარგად ესმით, რომ ერთმანეთს არ უნდა შეეჯიბრონ და, როგორც ერთი სხეულის ნაწილებმა, ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. ისინი ხარობენ, რომ თითოეულ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს კრების წინსვლაში. ისინი არ ავლენენ მეტოქეობის სულს და კრებას ერთსულოვნების კარგ მაგალითს აძლევენ.

9 ასაკის, გამოცდილებისა და თანდაყოლილი უნარის გამო ზოგი უხუცესი შეიძლება სხვაზე უკეთ უძღვებოდეს საქმეს ან შორსმჭვრეტელობით გამოირჩეოდეს. ამიტომ იეჰოვას ორგანიზაციაში უხუცესებს სხვადასხვა პასუხისმგებლობები აკისრიათ. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავი სხვას შეადარონ, მათ კარგად ახსოვთ ბიბლიური რჩევა: „რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები“ (1 პეტრე 4:10). ფაქტობრივად, ეს მუხლი იეჰოვას ყველა მსახურს გვეხება, რადგან ზუსტი შემეცნება ყველამ მივიღეთ და ყველას გვერგო წილად ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობის პატივი.

10. რა შემთხვევაში იქნება ჩვენი მსახურება იეჰოვასთვის მისაღები?

10 იეჰოვასთვის ჩვენი მსახურება მოსაწონი მხოლოდ მაშინ არის, თუ მას სიყვარულით და ერთგულად ვასრულებთ და არა იმ მიზნით, რომ სხვებზე უკეთესები გამოვჩნდეთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს მსახურებაზე, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უჭერს მხარს. არავის შეუძლია ზუსტად დაინახოს სხვისი მოტივები. მხოლოდ იეჰოვაა „გულთამხილავი“ (იგავები 24:12; 1 მეფეთა 16:7). ამიტომ კარგი იქნება, თუ დროდადრო საკუთარ თავს შევეკითხებით: „რა მოტივებით ვემსახურები ღმერთს?“ (ფსალმუნები 23:3, 4; მათე 5:8).

სწორი თვალსაზრისი რწმენის დამამტკიცებელ საქმეებზე

11. რა გონივრული კითხვები წამოიჭრება ქრისტიანულ მსახურებასთან დაკავშირებით?

11 თუ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გულის მოტივები უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს რწმენის დამამტკიცებელ საქმეებზე? და, თუ ღმერთს სწორი მოტივებით ვემსახურებით, აუცილებელია ჩანაწერები ვაწარმოოთ იმასთან დაკავშირებით, რას ვაკეთებთ და რამდენს? ეს გონივრული შეკითხვებია, რადგან არ გვსურს, საქმეებზე წინ ციფრები დავაყენოთ ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავარი ყურადღება ანგარიშებზე გადავიტანოთ.

12, 13. ა) რა მიზეზების გამო ვაბარებთ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშს? ბ) რატომ გვაქვს სიხარულის მიზეზი, როდესაც ვხედავთ მსოფლიო საძმოს მიერ წარმოდგენილ საერთო ანგარიშს?

12 წიგნში „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“ ნათქვამია: «იესო ქრისტეს პირველი მიმდევრები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ანგარიშებს, რითაც ჩანდა, თუ როგორ მიიწევდა წინ სამქადაგებლო საქმიანობა (მარკოზი 6:30). წიგნი „საქმეები“ მოგვითხრობს, რომ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაახლოებით 120 მოწაფეზე გადავიდა წმინდა სული. მალე ეს ციფრი 3 000-მდე გაიზარდა, შემდეგ კი — 5 000-მდე. . .  (საქმეები 1:15; 2:5—11, 41, 47; 4:4; 6:7). როგორ გაამხნევებდა მოწაფეებს იმის გაგება, რომ მათი რიცხვი იზრდებოდა!» დღეს იეჰოვას მოწმეები ამავე მიზეზის გამო ცდილობენ, ზუსტად აწარმოონ ანგარიშები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება მთელ მსოფლიოში იესოს სიტყვები: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ანგარიშებიდან ვხედავთ, თუ რა არის ამ მხრივ მიღწეული მთელ მსოფლიოში. ისინი გვიჩვენებენ, სად არის დახმარება საჭირო, რომელ პუბლიკაციებზეა მოთხოვნილება და რა რაოდენობით.

13 ამრიგად, სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები გვეხმარება, უფრო ეფექტურად შევასრულოთ ჩვენი დავალება — ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ. გარდა ამისა, განა არ ვმხნევდებით, როდესაც ვგებულობთ, როგორ ასრულებენ ძმები ამ დავალებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში? იმის დანახვა, თუ როგორ იზრდება მსოფლიო საძმო, სიხარულს გვმატებს, აქტიური მსახურებისკენ აღგვძრავს და გვარწმუნებს, რომ იეჰოვა მხარს გვიჭერს. რა სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ მსოფლიო საძმოს ანგარიშში ჩვენი პირადი ანგარიშიც არის შესული! ჩვენი პირადი ანგარიშები არაფერია მსოფლიო საძმოს მიერ წარმოდგენილ საერთო ანგარიშთან შედარებით, მაგრამ ის იეჰოვასთვის შეუმჩნეველი როდია (მარკოზი 12:42, 43). გახსოვდეს, შენი პირადი ანგარიშის გარეშე საერთო ანგარიში არ იქნებოდა სრული.

14. ქადაგებისა და სწავლების გარდა, რას მოიცავს იეჰოვასადმი ჩვენი მსახურება?

14 რასაკვირველია, პირად ანგარიშში არ ჩანს ყველაფერი, რასაც ღვთისადმი მიძღვნილი თითოეული მსახური მასზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად აკეთებს. მაგალითად, ანგარიშებში არ მივუთითებთ, რეგულარულად გვაქვს თუ არა ბიბლიის პირადი შესწავლა, სისტემატურად ვესწრებით თუ არა კრებებს და რამდენად აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას პროგრამაში, როგორ ვასრულებთ კრებაში დაკისრებულ მოვალეობებს, რას ვაკეთებთ გაჭირვებაში მყოფი თანაქრისტიანების დასახმარებლად, სამეფო საქმის წინ წასაწევად რა რაოდენობის თანხას ვწირავთ და ასე შემდეგ. მაშასადამე, რადგან სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების ჩაბარება მნიშვნელოვანია, მასზე სწორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს. ის გვეხმარება, არ მოვსუსტდეთ და გულმოდგინედ განვაგრძოთ მსახურება. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ანგარიში არის ოფიციალური ნებართვა, რომლის საფუძველზეც მარადიული სიცოცხლის უფლებას მოვიპოვებთ.

„კარგი საქმეების მოშურნე“

15. თუმცა მხოლოდ საქმეები ვერ გადაგვარჩენს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

15 ნათელია, რომ მხოლოდ საქმეებით ვერ გადავრჩებით, თუმცა ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ ეწოდებათ ქრისტიანებს ‘ქრისტეს საკუთრებად გაწმენდილი ერი, კარგი საქმეების მოშურნე’, და ამიტომ მოუწოდებენ მათ, ‘ყურადღებიანები იყვნენ, რათა წაახალისონ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის’ (ტიტე 2:14; ებრაელები 10:24). ბიბლიის დამწერი იაკობი უფრო ხაზგასმით ამბობს: „როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ისე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე“ (იაკობი 2:26).

16. რა არის საქმეებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი და რას უნდა მოვერიდოთ?

16 მართალია კარგი საქმეები მნიშვნელოვანია, მაგრამ მოტივები უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ გონივრულია, დროდადრო შევამოწმოთ ჩვენი გულის მოტივები. რადგან არავის შეუძლია ზუსტად იცოდეს სხვისი მოტივები, უნდა მოვერიდოთ სხვის განსჯას. „ვინა ხარ შენ, რომ სხვის მოსამსახურეს ასამართლებ?“ — ნათქვამია ბიბლიაში. — „დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა“ (რომაელები 14:4). ყველაფრის „ბატონი“, იეჰოვა, და მის მიერ დანიშნული მოსამართლე, იესო ქრისტე, გაგვასამართლებენ არა მხოლოდ საქმეების, არამედ გულის მოტივების, შესაძლებლობების, სიყვარულისა და ერთგულების საფუძველზე. მხოლოდ იეჰოვასა და იესო ქრისტეს შეუძლიათ ზუსტად შეაფასონ, ვაკეთებთ თუ არა იმას, რისკენაც მოციქული პავლე მოგვიწოდებს: „ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას“ (2 ტიმოთე 2:15; 2 პეტრე 1:10; 3:14).

17. რატომ უნდა გვახსოვდეს იაკობის 3:17–ში ჩაწერილი სიტყვები მაშინ, როცა ყველანაირად ვცდილობთ, ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია?

17 იეჰოვა კეთილგონიერებას ავლენს და იმაზე მეტს არ მოელის ჩვენგან, ვიდრე შეგვიძლია. იაკობის 3:17–ის თანახმად, „ზემოდან მომავალ სიბრძნეს . . . ახასიათებს კეთილგონიერება“. განა გონივრული არ იქნება, მივბაძოთ იეჰოვას ამ მხრივ? ეს ნამდვილად დიდი მიღწევა იქნება. ამგვარად, არ უნდა ვეცადოთ, საკუთარი თავისგან ან ქრისტიანი და–ძმებისგან მოვითხოვოთ ის, რაც არაკეთილგონივრულია და არარეალური.

18. რას შეგვიძლია ველოდოთ, თუ გაწონასწორებული თვალსაზრისი გვექნება ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებსა და იეჰოვას წყალობაზე?

18 თუ რწმენის დამამტკიცებელ საქმეებსა და იეჰოვას წყალობაზე გაწონასწორებული თვალსაზრისი გვექნება, სიხარულს შევინარჩუნებთ. იეჰოვას ჭეშმარიტი მსახურები სწორედ ამით გამოირჩევიან (ესაია 65:13, 14). შეგვიძლია გავიხაროთ იმ კურთხევებით, რომლებიც იეჰოვას ხალხს გვაქვს, იმის მიუხედავად, თუ პირადად ჩვენ რამდენის გაკეთება შეგვიძლია. „ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით“ კვლავაც ვთხოვოთ ღმერთს, დაგვეხმაროს, შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთოთ. დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს [ჩვენს] გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:4—7). დიახ, მანუგეშებელი და გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას წყალობით გადავრჩებით და არა მხოლოდ საქმეებით!

შეგიძლიათ ახსნათ?

• რატომ არ იკვეხნიან ქრისტიანები პირადი მიღწევებით?

• რატომ არ ავლენენ ქრისტიანები მეტოქეობის სულს?

• რატომ აბარებენ ქრისტიანები სამქადაგებლო მსახურების ანგარიშებს?

• რატომ ერიდებიან ქრისტიანები თანაქრისტიანების განსჯას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

„გეყოფა ჩემი წყალობა“.

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

უხუცესები ხარობენ, როდესაც თითოეულ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს კრების საკეთილდღეოდ.

[სურათები 18, 19 გვერდებზე]

შენი პირადი ანგარიშის გარეშე საერთო ანგარიში არ იქნებოდა სრული.