„თავისი რწმენისთვის დევნილი“
„თავისი რწმენისთვის დევნილი“
ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ქალაქმა ჩერნობიომ სახელი გაითქვა პარკით, რომელიც ადამიანთა უფლებების დარღვევის მსხვერპლთა პატივსაცემად გაიხსნა. ერთერთ დაფაზე აღნიშნულია, რომ იგი ეძღვნება ნარჩიზო რეტს, რომელიც დაიბადა გერმანიაში, იტალიურ ოჯახში, და 1930 წელს იეჰოვას მოწმე გახდა. ჰიტლერული რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეები იდევნებოდნენ, რადგან ისინი ჰიტლერს ჭეშმარიტ ღმერთზე, იეჰოვაზე, წინ არ აყენებდნენ.
რეტს რაღაც გზებით საკონცენტრაციო ბანაკებში „საგუშაგო კოშკის“ ეგზემპლარები შეჰქონდა, ამიტომ, როდესაც გესტაპომ ეს შეიტყო, ნარჩიზომ ჩერნობიოში გაქცევით უშველა თავს. იქ მას სთხოვეს, იტალიურ ენაზე ეთარგმნა „საგუშაგო კოშკი“ და ახლომახლო მცხოვრები ახალგაზრდა თანამორწმუნეებისთვის დაერიგებინა. მისი აქტიური საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩა. ესესელმა ოფიცერმა და მისმა ხალხმა გაჩხრიკეს მისი სახლი, დააპატიმრეს ის და ხელთ იგდეს „კრიმინალური“ სამხილი — ორი ბიბლია და რამდენიმე წერილი! რეტი გერმანიაში გადაგზავნეს და დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში ჩასვეს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე კი სიკვდილით დასაჯეს. ის იყო „თავისი რწმენისთვის დევნილი“, — ნათქვამია ჩერნობიოში გაკეთებულ დაფაზე.
ნარჩიზო რეტისა და იმ სხვა ასობით მოწმის მიერ გამოვლენილი რწმენა, რომლებიც ნაცისტებისგან იდევნებოდნენ, დღეს გამამხნევებელია ქრისტიანებისთვის, რათა ისინიც იეჰოვას ერთგულები დარჩნენ — სამყაროში იმ ერთადერთი ღირსეული პიროვნებისა, რომელიც მათგან თაყვანისცემას იმსახურებს (გამოცხადება 4:11). იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი“. ღმერთი გაიხსენებს მათ საქმეებს და დააჯილდოებს მათ სიმამაცისთვის (მათე 5:10; ებრაელები 6:10).