იეჰოვას განდიდება სკოლაში
იეჰოვას განდიდება სკოლაში
იეჰოვას ახალგაზრდა მოწმეები მთელ მსოფლიოში ყველანაირ შესაძლებლობებს იყენებენ იმისათვის, რომ განადიდონ ღმერთი სკოლაში, როგორც ბაგეებით, ასევე საქციელით. განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი, რომელიც მათი ახალგაზრდული ენთუზიაზმის მაჩვენებელია.
საბერძნეთში მცხოვრებ ახალგაზრდა მოწმეს დედამიწის ატმოსფეროს დაბინძურებასთან დაკავშირებით თემის დაწერა დაავალეს. «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებლის» გამოყენებით, მან იპოვა სასარგებლო მასალა ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ თემის დასასრულს მან აღნიშნა, რომ მასალა ამ ჟურნალზე იყო დაფუძნებული. მასწავლებელმა თქვა, რომ ეს იყო ყველაზე კარგი თემა, რაც კი მას ოდესმე წაუკითხავს. მასწავლებელმა ეს ინფორმაცია მოგვიანებით სემინარზე გამოიყენა, რასაც კარგი შედეგები მოჰყვა. ახალგაზრდა დამ გადაწყვიტა, რომ მასწავლებლისთვის „გამოიღვიძეთ!“-ის სხვა ნომრებიც შეეთავაზებინა, მათ შორის ის ჟურნალი, რომელშიც მოცემული იყო სტატიათა სერია „მასწავლებლები — რას გავაკეთებდით მათ გარეშე?“ (რუს.). მასწავლებელმა კლასში თქვა, რომ მას ძალიან მოსწონს ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, რის შემდეგაც კლასში სხვა ბავშვებმაც მოითხოვეს რამდენიმე ეგზემპლარი. ახალგაზრდა დამ სკოლაში ჟურნალის მრავალი ეგზემპლარი მიიტანა და მოსწავლეებს ჟურნალის სხვა ნომრების წაკითხვის შესაძლებლობა მიეცათ.
ბენინში (აფრიკა) ერთ მოზარდ ქრისტიანს უჩვეულო წინააღმდეგობა შეხვდა. ჩვეულებისამებრ, რამდენიმე მოსწავლის მშობელი გაერთიანდა იმისათვის, რომ დაექირავებინათ მასწავლებელი, რომელიც მათ შვილებს ძნელ საგნებში გამოცდების ჩასაბარებლად მოამზადებდა. მაგრამ მასწავლებლებმა მეცადინეობისთვის შაბათი დილა ამოირჩიეს. მაშინ ახალგაზრდა მოწმემ თქვა: „შაბათ დილას სამქადაგებლო შეხვედრა გვაქვს კრებაში. კვირის განმავლობაში ეს ყველაზე საუკეთესო დროა ჩემთვის და ამას არაფერზე გავცვლი!“ მამამისი, რომელიც მარტოხელა მშობელი და იეჰოვას მოწმეა, დაეთანხმა გოგონას და გადაწყვიტა, ერთი ჯგუფის მშობლებისა და მასწავლებლებისთვის დროის შეცვლა ეთხოვა. მაგრამ მათ უარი განაცხადეს. ახალგაზრდა გოგონამ გადაწყვიტა, გამოცდებისთვის მასწავლებლების გარეშე მომზადებულიყო. ამ პერიოდში ის კრებასთან ერთად მსახურობდა. თანაკლასელები დასცინოდნენ მას და ეუბნებოდნენ, რომ შეეწყვიტა ქადაგება და ასევე მიეტოვებინა თავისი ღმერთი. ისინი სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის ვერ ჩააბარებდა გამოცდებს. მაგრამ, როცა ეს დრო დადგა, მომზადებულ მოსწავლეთა ჯგუფი ჩაიჭრა, ახალგაზრდა დამ კი ჩააბარა გამოცდები. ცხადია, დაცინვები შეწყდა. ახლა თანაკლასელები მას ეუბნებიან: „შენ უნდა ემსახურო შენს ღმერთს“.
ჩეხეთის რესპუბლიკაში 12 წლის გოგონას რომელიმე წიგნზე დაფუძნებით მოხსენების მომზადება დაავალეს. მას დედამ ურჩია, რომ გამოეყენებინა წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. გოგონამ მოხსენება ასეთი კითხვით დაიწყო: „როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი?“ შემდეგ აღწერა იესო, დედამიწაზე მისი ცხოვრების პერიოდი და მისი სწავლებები. შემდეგ განიხილა თავი „მიმტევებლობის გაკვეთილი“. მასწავლებელმა თქვა: „ეს იყო ყველაზე კარგი მოხსენება, რაც კი ოდესმე მოგიმზადებია!“ მან დიდი სიამოვნებით აიღო ეს წიგნი. ზოგიერთმა მისმა თანაკლასელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ამ წიგნის ეგზემპლარი მათთვისაც მიეტანა. გოგონა ძალიან გახარებული იყო, რომ მეორე დღეს 18 წიგნი გაავრცელა.
ახალგაზრდებს ძალიან ახარებთ ის, რომ იეჰოვას სკოლაში განადიდებენ. კარგი იქნებოდა, თუ თითოეული ჩვენთაგანი მათ ახალგაზრდულ ენთუზიაზმს მიბაძავდა.