მშობლებო, იზრუნეთ თქვენი ოჯახის მოთხოვნილებებზე
მშობლებო, იზრუნეთ თქვენი ოჯახის მოთხოვნილებებზე
„ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე . . . რწმენა უარყო“ (1 ტიმოთე 5:8).
1, 2. ა) რატომ არის გამამხნევებელი იმის დანახვა, რომ ქრისტიანული ოჯახის ყველა წევრი ესწრება შეხვედრებს? ბ) რა სირთულეები აქვთ გადასალახავი ოჯახებს იმისათვის, რომ დროულად მივიდნენ შეხვედრებზე?
თუ ქრისტიანულ კრებას შეხვედრის დაწყებამდე შეავლებთ თვალს, ადვილად შეამჩნევთ სუფთად და კოხტად გამოწყობილ ბავშვებს, რომლებიც მშობლების გვერდით სხედან. განა სასიამოვნო არ არის იმის დანახვა, რომ ქრისტიანული ოჯახები სიყვარულით გამოირჩევიან? მათ უყვართ იეჰოვა და ერთმანეთი. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს, რამხელა ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ოჯახი დანიშნულ დროს მივიდეს შეხვედრაზე.
2 ხშირ შემთხვევაში, მშობლებს მთელი დღის მანძილზე ძალიან ბევრი საქმე აქვთ, განსაკუთრებით კი იმ საღამოს არიან დაკავებულები, როდესაც კრების შეხვედრა აქვთ. მათ უნდა მოამზადონ საჭმელი, გააკეთონ საოჯახო საქმეები და ბავშვებს საშინაო დავალების მომზადებაში დაეხმარონ. მშობლებს საკმაოდ დიდი ტვირთი აწევთ ოჯახში; ისინი ზრუნავენ, რომ ოჯახის ყველა წევრი სუფთად გამოიყურებოდეს, დანაყრებული იყოს და დროულად გაემზადოს შეხვედრისთვის. გარდა ამისა, ხშირად სწორედ ამ დროს ემართებათ ბავშვებს ისეთი რამ, რაც მშობლებს დროს ართმევს. უფროსმა ბავშვმა შეიძლება თამაშის დროს ტანსაცმელი გაიხიოს, უმცროსმა საჭმელი გადაიქციოს ან მათ ერთმანეთში კინკლაობა დაიწყონ (იგავები 22:15). რა ხდება შედეგად? მშობლებმა შეიძლება ყველაფერი ვერ მოასწრონ მაშინაც კი, თუ წინასწარ აქვთ დაგეგმილი. ყველაფრის მიუხედავად, ოჯახის ყველა წევრი შეხვედრის დაწყებამდე ყოველთვის სამეფო დარბაზშია. რა გამამხნევებელია ასეთი ოჯახების დანახვა — გადის წლები, ბავშვები იზრდებიან და იეჰოვას ემსახურებიან!
3. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა ძალიან აფასებს ოჯახს?
3 თუმცა ზოგჯერ თქვენი, როგორც მშობლის, მოვალეობა რთული შესასრულებელია და ზოგჯერ დამქანცველიც, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ღმერთი ძალიან აფასებს თქვენს მცდელობას. იეჰოვა ოჯახის დამფუძნებელია. სწორედ ამიტომ არის ბიბლიაში ნათქვამი, რომ იეჰოვას ყველა ოჯახი „უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის“ — თავისი არსებობისთვის (ეფესოელები 3:14, 15). მშობლებო, როდესაც ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ სათანადოდ შეასრულოთ თქვენი როლი ოჯახში, სამყაროს უზენაეს უფალს განადიდებთ (1 კორინთელები 10:31). განა ეს უდიდესი პატივი არ არის? აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ვიმსჯელებთ იმ პასუხისმგებლობის გარშემო, რომელიც იეჰოვამ დააკისრა მშობლებს. ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ნიშნავს ოჯახის წევრების მოთხოვნილებებზე ზრუნვა. მოდი შევეხოთ სამ მხარეს, რომლებზეც უნდა იზრუნონ მშობლებმა ღვთის მითითების თანახმად.
ზრუნვა მატერიალურ მოთხოვნილებებზე
4. რა პასუხისმგებლობა დააკისრა იეჰოვამ მშობლებს შვილების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად?
4 პავლე მოციქულმა დაწერა: „ცხადია, ვინც არ 1 ტიმოთე 5:8). ვინ ჰყავს პავლეს მხედველობაში? ოჯახისთავი, ანუ, როგორც ეს ხშირ შემთხვევაშია, მამა. ქალს კი ღმერთმა დააკისრა ქმრის მხარდაჭერის ღირსეული პასუხისმგებლობა (დაბადება 2:18). ბიბლიურ დროში ქალები ხშირად ეხმარებოდნენ ქმრებს ოჯახის მოთხოვნილებებზე ზრუნვაში (იგავები 31:13, 14, 16). დღეს ბევრ მშობელს მარტო უწევს შვილების აღზრდა *. ბევრი მარტოხელა მშობელი შესანიშნავად ზრუნავს ოჯახის მოთხოვნილებებზე. ცხადია, კარგია, როდესაც ბავშვებს ორივე მშობელი ჰყავთ და მეთაურობას მამა იღებს თავის თავზე.
ზრუნავს თავის ახლობლებზე, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (5, 6. ა) რა სირთულეებს აწყდებიან ისინი, რომლებიც ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვას ცდილობენ? ბ) ქვეყნიურ სამუშაოსთან დაკავშირებით როგორი თვალსაზრისი დაეხმარება ქრისტიანს ოჯახზე ზრუნვაში?
5 რა სახის საჭიროებებს გულისხმობს პავლე 1 ტიმოთეს 5:8–ში? კონტექსტიდან ჩანს, რომ ის ოჯახის მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ლაპარაკობს. სხვადასხვა ხელისშემშლელი მიზეზის გამო ოჯახისთავისთვის შეიძლება საკმაოდ რთული იყოს ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვა. დღეს ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია — ბევრს სამსახურიდან ითხოვენ, უმუშევართა რიცხვი იზრდება, ფასები და გადასახადები მატულობს. რა დაეხმარება ოჯახისთავს, რომ ასეთი სირთულეების მიუხედავად შეძლოს ოჯახზე ზრუნვა?
6 ოჯახისთავს უნდა ახსოვდეს, რომ იეჰოვამ დააკისრა ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვების თანახმად, მამაკაცი, რომელსაც შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მაგრამ არ აკეთებს ამას, ‘უარყოფს რწმენას’. ქრისტიანი ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს ღვთის თვალში. სამწუხაროდ, დღევანდელ ქვეყნიერებაში ბევრი ‘თბილ გრძნობებს არის მოკლებული’ (2 ტიმოთე 3:1, 3). ბევრი მამა თავს არიდებს თავისი მოვალეობის შესრულებას და უმწეო მდგომარეობაში ტოვებს ოჯახს. ქრისტიანი ქმრები კი გულგრილად და არასერიოზულად არ ეკიდებიან ოჯახის მოთხოვნილებებზე ზრუნვას. ისინი, ბევრი თანამშრომლისგან განსხვავებით, ყველაზე უბრალო სამუშაოს შესრულებასაც კი არ თაკილობენ. ქრისტიანი ქმრები ასეთ სამუშაოსაც აფასებენ, რადგან ამით ოჯახის წევრებსაც არჩენენ და იეჰოვა ღმერთსაც უხარებენ გულს.
7. რატომ უნდა იფიქრონ მშობლებმა იესოს მაგალითზე?
7 ოჯახისთავს იესოს სრულყოფილ მაგალითზე დაფიქრებაც დაეხმარება. გაიხსენეთ, რომ ბიბლია ერთ–ერთ წინასწარმეტყველებაში იესოს „საუკუნო მამად“ მოიხსენიებს (ესაია 9:6, 7). იესომ, „უკანასკნელმა ადამმა“ „პირველი კაცის ადამის“ ადგილი დაიკავა და, ასე ვთქვათ, მათ მამად იქცა, რომლებიც მისადმი რწმენას ავლენენ (1 კორინთელები 15:45). ადამისგან განსხვავებით, რომელიც ეგოისტი და მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე მზრუნველი მამა იყო, იესო იდეალური მამაა. ბიბლიაში მის შესახებ ნათქვამია: „იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული გაწირა ჩვენთვის“ (1 იოანე 3:16). დიახ, იესომ მზადყოფნით გაიღო საკუთარი სიცოცხლე სხვებისთვის. ის, აგრეთვე, ყოველდღიურად ზრუნავდა სხვებზე და ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებშიც კი სხვების ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებდა. მშობლებო, კარგია, თუ ბაძავთ თავგანწირვის სულს, რომელსაც იესო ავლენდა.
8, 9. ა) რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებს ფრინველებზე დაკვირვების შედეგად, რომლებიც უანგაროდ ზრუნავენ თავიანთ ბარტყებზე? ბ) როგორ ავლენს ბევრი ქრისტიანი მშობელი თავგანწირულ სულს?
8 უანგარო სიყვარულის შესახებ მშობლებს ბევრის სწავლა შეუძლიათ იესოს სიტყვებიდან: „რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს“ (მათე 23:37). იესო აღწერს, როგორ უწევს კრუხი მფარველობას თავის წიწილებს და როგორ იკრებს მათ ფრთებქვეშ. მართლაც, მშობლებს ბევრის სწავლა შეუძლიათ იქიდან, თუ ინსტინქტურად როგორ ზრუნავენ ფრინველები თავიანთ ბარტყებზე. დედამ შეიძლება საკუთარი სიცოცხლეც კი ჩაიგდოს საფრთხეში მათ დასაცავად. აგრეთვე აღსანიშნავია ის, თუ როგორ ზრუნავენ ფრინველები ყოველდღიურად თავიანთ ბარტყებზე. მათთვის საკვები რომ იპოვონ, ისინი ბევრს დაფრინავენ. და ამას მაშინაც კი აკეთებენ, როდესაც ძალაგამოცლილები არიან; ისინი ბარტყებს ნისკარტში უდებენ საჭმელს, მადააღძრული ბარტყები კი უფრო მეტს ითხოვენ. იეჰოვას ბევრი ქმნილება ‘ინსტინქტურ სიბრძნეს’ ავლენს თავიანთ პატარებზე ზრუნვისას (იგავები 30:24, აქ).
9 ქრისტიანი მშობლები მთელ მსოფლიოში ასეთივე თავგანწირულ სულს ავლენენ. თქვენ, ალბათ, საკუთარი თავის დაზარალებას ამჯობინებთ იმას, რომ ვინმემ ან რამემ თქვენს შვილს მიაყენოს ზიანი. გარდა ამისა, თქვენ ყოველდღიურად სიხარულით იღებთ მსხვერპლს, რომ იზრუნოთ ოჯახის წევრებზე. უმეტესობა დილით ადრე დგებით და მძიმედ შრომობთ. ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ სრულფასოვანი საკვებით უზრუნველყოთ ოჯახი, შვილებს ყოველთვის სუფთად ეცვათ, ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნათ და სანათადო განათლება მისცეთ. და ეს წლების მანძილზე გრძელდება. უდავოა, ასეთი თავგანწირული სულისა და სიმტკიცის გამოვლენა გულს უხარებს იეჰოვას! (ებრაელები 13:16). მაგრამ, ამავე დროს, გახსოვთ, რომ ოჯახს სხვა უფრო მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაც აქვს, რომელთა დაკმაყოფილებაზეც უნდა იზრუნოთ.
ზრუნვა სულიერ მოთხოვნილებებზე
10, 11. რა უფრო მნიშვნელოვანი მოთხოვნილებები აქვთ ადამიანებს და პირველ რიგში რისი გაკეთება მართებთ მშობლებს, რომ იზრუნონ შვილებზე ამ მხრივ?
10 მატერიალურზე გაცილებით მნიშვნელოვანი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. იესომ თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4; 5:3). მშობლებო, როგორ შეგიძლიათ შვილების სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება?
11 ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ცნობილი ბიბლიური ადგილია მეორე რჯულის 6:5—7. გთხოვთ გადაშალოთ ბიბლია და წაიკითხოთ ეს მუხლები. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ მუხლების თანახმად, უპირველესად მშობლებმა უნდა განავითარონ იეჰოვასთან პირადი ურთიერთობა, შეიყვარონ ის და გულთან ახლოს მიიტანონ მისი სიტყვა. დიახ, თქვენ ღვთის სიტყვის გულმოდგინე შემსწავლელები უნდა იყოთ; რეგულარულად უნდა იკითხოთ ის და იფიქროთ წაკითხულზე, რათა ღრმად ჩასწვდეთ იეჰოვას გზებს, პრინციპებს, კანონებს და შეიყვაროთ ისინი. შედეგად, ბიბლიური ჭეშმარიტება ღრმად გაიდგამს თქვენს გულში ფესვებს. ეს სიხარულს მოგიტანთ და უფრო მეტად იგრძნობთ იეჰოვასადმი სიყვარულსა და მოწიწებას. ამასთანავე, შვილებისთვის გასაზიარებლად უამრავი კარგი რამ გექნებათ (ლუკა 6:45).
12. როგორ შეუძლიათ მშობლებს მიბაძონ იესოს, როდესაც შვილებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას უნერგავენ?
12 სულიერად ძლიერი მშობლები მიჰყვებიან მეორე რჯულის 6:7–ში ჩაწერილ რჩევას და ნებისმიერი შესაძლებლობისას ‘უნერგავენ’ შვილებს იეჰოვას სიტყვებს. „ჩანერგვა“ გამეორების საშუალებით სწავლებასა და შეგონებას ნიშნავს. იეჰოვამ კარგად იცის, რომ თითოეულ ჩვენგანს — განსაკუთრებით კი ბავშვებს — სასწავლებლად გამეორება გვესაჭიროება. ამიტომ იესო მიმართავდა ამ მეთოდს მსახურების დროს. მაგალითად, როდესაც მოწაფეებს ასწავლიდა, რომ ქედმაღლობისა და მეტოქეობის ნაცვლად, თავმდაბლობა გამოევლინათ, მან რამდენჯერმე სხვადასხვაგვარად გაიმეორა ეს პრინციპი. ის მსჯელობდა, თვალსაჩინო მაგალითები მოჰყავდა და საკუთარი საქციელითაც უჩვენებდა ამას (მათე 18:1—4; 20:25—27; იოანე 13:12—15). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იესო ყოველთვის მოთმინებით ასწავლიდა. მსგავსად, მშობლებმა სხვადასხვა საშუალებებით უნდა ასწავლონ შვილებს ძირითადი ბიბლიური სწავლებები, მოთმინებით გაუმეორონ მათ იეჰოვას პრინციპები მანამ, სანამ არ გაითავისებენ და ცხოვრებაში არ გამოიყენებენ.
13, 14. როდის შეუძლიათ მშობლებს ბიბლიური ჭეშმარიტება ჩაუნერგონ შვილებს და რომელი სტატიების გამოყენება დაეხმარებათ ამაში?
13 ოჯახური შესწავლა შესანიშნავი საშუალებაა ბავშვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების ჩასანერგად. მართლაც, რეგულარული, გამამხნევებელი და სიხარულის მომტანი ოჯახური შესწავლა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მთელი ოჯახის სულიერობას. მთელ მსოფლიოში ქრისტიანულ ოჯახებს დიდ სიამოვნებას ანიჭებთ ასეთი შესწავლები; ისინი იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პუბლიკაციებით სარგებლობენ და შესწავლის ჩატარებისას შვილების საჭიროებებს ითვალისწინებენ. ამ მხრივ, მშობლებს დიდ დახმარებას უწევს წიგნები „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ და „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ *. მაგრამ ბავშვების სწავლება მხოლოდ ოჯახური შესწავლის დროს არ ხდება.
14 მეორე რჯულის 6:7-დან ჩანს, რომ მშობლებს შვილებთან სულიერ საკითხებზე სასაუბროდ უამრავი შესაძლებლობა აქვთ. როდესაც ბავშვებთან ერთად მგზავრობთ, საოჯახო საქმეებს აკეთებთ ან ისვენებთ, თქვენ შეგიძლიათ ეს დრო ბავშვების სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენოთ. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს გამუდმებით „ლექციები უკითხოთ“ ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე. ნაცვლად ამისა, შეეცადეთ, ისე წარმართოთ საუბრები, რომ გამამხნევებელ, სულიერ თემებზე იმსჯელოთ. მაგალითად, ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში სტატიები მრავალფეროვან თემებზე იბეჭდება. ასეთი სტატიები დაგეხმარებათ, ისაუბროთ იეჰოვას მიერ შექმნილ ცხოველებზე, ბუნებაში არსებულ თვალწარმტაც ადგილებზე, სხვადასხვა კულტურის ადამიანებზე და მათი ცხოვრების წესის მრავალფეროვნებაზე. ასეთმა საუბრებმა შეიძლება აღძრას ბავშვები, უფრო მეტი დრო დაუთმონ ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული ლიტერატურის კითხვას (მათე 24:45—47).
15. როგორ შეუძლიათ მშობლებს დაანახონ შვილებს, რომ ქრისტიანული მსახურება საინტერესო და კარგი შედეგების მომტანია?
15 გამამხნევებელ საკითხებზე საუბარი დაგეხმარებათ, შვილების სხვა სულიერ საჭიროებაზეც იზრუნოთ. ქრისტიანმა ბავშვებმა უნდა ისწავლონ, თავიანთი რწმენა სხვებს ეფექტურად გაუზიარონ. როდესაც „საგუშაგო კოშკიდან“ ან „გამოიღვიძეთ!“–იდან რაიმე საინტერესო მასალაზე მსჯელობთ, შეგიძლიათ ეს მსახურებას დაუკავშიროთ. მაგალითად, შეგიძლიათ ჰკითხოთ შვილს: „განა კარგი არ იქნება, თუ უფრო მეტი გაიგებს ამას იეჰოვას შესახებ? როგორ ფიქრობ, შეიძლება ვინმე დაინტერესდეს ამ საკითხით?“ ასეთი მსჯელობის შედეგად ბავშვს შეიძლება უფრო ძლიერი სურვილი გაუჩნდეს, სხვებს ნასწავლი გაუზიაროს. შვილებთან ერთად ქადაგებით, მათ პრაქტიკულად აჩვენებთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. აგრეთვე, ბავშვები ხედავენ, რომ სამქადაგებლო მსახურება საინტერესო და სასიამოვნო საქმეა, რომელსაც უდიდესი კმაყოფილება და სიხარული მოაქვს (საქმეები 20:35).
16. რისი სწავლა შეუძლიათ შვილებს მშობლების ლოცვებიდან?
16 მშობლებს ლოცვის დროსაც შეუძლიათ შვილების სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვა. იესომ მოწაფეებს ასწავლა, როგორ ელოცათ და ხშირად ლოცულობდა მათთან ერთად (ლუკა 11:1—13). დაფიქრდით, რამდენ რამეს ისწავლიდნენ ისინი, როდესაც იეჰოვას ძე მათთან ერთად ლოცულობდა! თქვენს შვილებსაც ბევრის სწავლა შეუძლიათ თქვენი ლოცვებიდან. მაგალითად, ისინი დაინახავენ, რომ იეჰოვას სურს, თავისუფლად გადავუშალოთ გული და ნებისმიერი პრობლემის შესახებ ვესაუბროთ. დიახ, თქვენი ლოცვები ბავშვებს დაეხმარება, გაითავისონ უმნიშვნელოვანესი სულიერი ჭეშმარიტება — მათ ზეციერ მამასთან ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობა აქვთ (1 პეტრე 5:7).
ზრუნვა ემოციურ მოთხოვნილებებზე
17, 18. ა) როგორ უსმევს ბიბლია ხაზს შვილებისადმი სიყვარულის გამოვლენის აუცილებლობას? ბ) როგორ უნდა მიჰბაძონ იეჰოვას მამებმა შვილებისადმი სიყვარულის გამოვლენაში?
17 რასაკვირველია, შვილები ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც საჭიროებენ. ღვთის სიტყვა მშობლებს ეუბნება, რომ მათ ამ მხრივაც უნდა იზრუნონ შვილებზე. მაგალითად, ახალგაზრდა ქალებს ბიბლია მოუწოდებს, „უყვარდეთ შვილები“ (ტიტე 2:4). მართლაც, გონივრულია ამ რჩევის გათვალისწინება. ეს ბავშვს სიყვარულს ასწავლის, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე სარგებლობას მოუტანს მას. მეორე მხრივ, ნამდვილად არაგონივრულია, როდესაც შვილის მიმართ სიყვარულს არ ავლენენ. ამას დიდი ტკივილი მოაქვს. ამავე დროს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მშობელი არ ცდილობს, მიჰბაძოს იეჰოვას, რომელიც ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად, ძლიერ სიყვარულს ავლენს ჩვენ მიმართ (ფსალმუნები 102:8—14).
18 იეჰოვა ინიციატივას ავლენს მიწიერი შვილებისადმი სიყვარულის გამოსავლენად. 1 იოანეს 4:19–ში ნათქვამია: „მან პირველმა შეგვიყვარა“. მამებო, თქვენ განსაკუთრებით უნდა შეეცადოთ, მიჰბაძოთ იეჰოვას და ინიციატივა გამოიჩინოთ შვილებთან თბილი ურთიერთობის განსავითარებლად. ბიბლია მოუწოდებს მამებს, მოერიდონ შვილების გაღიზიანებას, „რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლოსელები 3:21). ბავშვისთვის შეიძლება ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი ის იყოს, როდესაც გრძნობს, რომ მშობელს არ უყვარს ან არ აფასებს. კარგია, თუ მამებს, რომლებსაც უჭირთ გრძნობების გამოხატვა, ყოველთვის ახსოვთ იეჰოვას მიერ მოცემული მაგალითი. იეჰოვამ ზეციდან გამოხატა, რომ მოიწონა თავისი ძე და უყვარდა ის (მათე 3:17; 17:5). რა გამამხნევებელი იქნებოდა ეს იესოსთვის! მსგავსად, ბავშვებისთვისაც ძალიან გამამხნევებელი და სტიმულის მიმცემია, როდესაც მშობლები გულწრფელად გამოხატავენ მათდამი სიყვარულს და აქებენ მათ.
19. რატომ არის მნიშვნელოვანი შვილების დასჯა და რა მხრივ უნდა ცდილობდნენ ქრისტიანი მშობლები გაწონასწორებულობის გამოვლენას?
19 რასაკვირველია, მშობლების სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება. სიყვარული, ძირითადად, საქმით ვლინდება. მშობლები სიყვარულს ავლენენ შვილების მატერიალურ და სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამისკენ, უმთავრესად, სიყვარული აღძრავთ. გარდა ამისა, მშობლები სიყვარულს ავლენენ, როცა მათ აღსაზრდელად დასჯას მიმართავენ. სინამდვილეში, „იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს“ (ებრაელები 12:6). დასჯის უგულებელყოფა კი, შეიძლება ითქვას, რომ მშობლების მხრიდან სიძულვილის გამოვლენა იქნებოდა (იგავები 13:24). დასჯასთან დაკავშირებით იეჰოვა ყოველთვის გაწონასწორებულობას ავლენს (იერემია 46:28). ასეთი ზომიერების შენარჩუნება არასრულყოფილი მშობლებისთვის ადვილი არ არის. მაგრამ ამის მიღწევა ნებისმიერ ძალისხმევად ღირს. მკაცრად, მაგრამ სიყვარულით დასჯა ბავშვს დაეხმარება, კარგ პიროვნებად ჩამოყალიბდეს და ცხოვრებაში ბედნიერი იყოს (იგავები 22:6, სსგ). განა ყველა ქრისტიანი მშობელი ამას არ ისურვებდა თავისი შვილისთვის?
20. როგორ შეუძლიათ მშობლებს, შესაძლებლობა მისცენ შვილებს, ‘აირჩიონ სიცოცხლე’?
20 მშობლებო, იეჰოვას მიერ დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებას — შვილების მატერიალურ, სულიერ თუ ემოციურ მოთხოვნილებებზე ზრუნვას — უამრავი კურთხევა მოჰყვება. ამგვარად შვილებს საუკეთესო შესაძლებლობას აძლევთ, რომ ‘აირჩიონ სიცოცხლე და იცოცხლონ’ (მეორე რჯული 30:19). შვილებს, რომლებიც იეჰოვას მსახურებას ირჩევენ და სიცოცხლის ვიწრო გზაზე სრულწლოვანების ასაკშიც დადიან, დიდი სიხარული მოაქვთ მშობლებისთვის (ფსალმუნები 126:3—5). ასეთ სიხარულს დასასრული არ ექნება! მაგრამ როგორ შეუძლიათ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, განადიდონ იეჰოვა დღეს? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში განიხილება.
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 ამ სტატიაში, ძირითადად, ვისაუბრებთ მამის, როგორც ოჯახისთავის, პასუხისმგებლობებზე. მაგრამ მოცემული პრინციპების გამოყენება შეუძლიათ ქრისტიან ქალებსაც, რომლებსაც მარტო უწევთ შვილებზე ზრუნვა.
^ აბზ. 13 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
როგორ უპასუხებდით?
როგორ შეუძლიათ მშობლებს იზრუნონ შვილებზე:
• მატერიალურად?
• სულიერად?
• ემოციურად?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 18 გვერდზე]
ბევრი ფრინველი ბარტყების გამოსაკვებად დაუსვენებლად შრომობს.
[სურათი 20 გვერდზე]
მშობლებმა პირველ რიგში საკუთარ სულიერობაზე უნდა იზრუნონ.
[სურათები 20, 21 გვერდებზე]
მშობლებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ, შვილებს შემოქმედის შესახებ ასწავლონ.
[სურათი 22 გვერდზე]
შვილებისთვის გამამხნევებელი და სტიმულის მიმცემია, როდესაც მშობლები აქებენ მათ.