სამუშაოსთან დაკავშირებული დილემა
სამუშაოსთან დაკავშირებული დილემა
„შრომა და კიდევ შრომა! დიდი სიამოვნებაა იმის ცოდნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“ (კეტრინ მენსფილდი, მწერალი, 1888—1923)
იზიარებთ ამ შეხედულებას? რას ფიქრობთ სამუშაოსთან დაკავშირებით? ფიქრობთ, რომ სამუშაო არის სასიამოვნო გამოსასვლელ დღეებს შორის არსებული გრძელი, ბნელი გვირაბი? თუ იმდენად გიტაცებთ იგი, რომ სამუშაოს გარეშე ვერ ძლებთ?
ადამიანთა უმრავლესობა იმ საათების უმეტეს ნაწილს, როცა არ სძინავს, მუშაობაში ატარებს. სამუშაომ შეიძლება განსაზღვროს, თუ სად და როგორ ვიცხოვრებთ. სიყმაწვილიდან პენსიაზე გასვლამდე ბევრი, უმეტესწილად, მხოლოდ სამუშაოთია დაკავებული. ზოგიერთი ჩვენგანი მუშაობით დიდ კმაყოფილებას იღებს. ზოგისთვის სამუშაოს ავკარგიანობას ხელფასი და პრესტიჟი განსაზღვრავს; ზოგიც მხოლოდ იმიტომ მუშაობს, რომ რამით იყოს დაკავებული, მაშინ როდესაც მუშაობა სხვებისთვის დროის ფუჭი კარგვაა.
არიან ადამიანები, რომლებიც იმიტომ მუშაობენ, რომ იცხოვრონ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც იმიტომ ცხოვრობენ, რომ იმუშაონ. ზოგი სამუშაოზე ან სამუშაოს გამო კვდება. მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლოდროინდელი მონაცემებით, სამუშაო უფრო მეტ ტკივილსა და სიკვდილს იწვევს, „ვიდრე ომები ან ნარკომანია და ალკოჰოლიზმი ერთად აღებული“. ლონდონში გამომავალ გაზეთ „გარდიანში“ ნათქვამია: „ორ მილიონზე მეტი ადამიანი კვდება სამუშაოზე უბედური შემთხვევების ან პროფესიული დაავადებების გამო . . . მტვერი, ქიმიური ნაერთები, ხმაური, რადიაცია იწვევს კიბოს, გულის დაავადებასა და დამბლას. ბავშვთა შრომა და იძულებითი შრომა არის ჩვენს დროში არსებული კიდევ ერთი საშინელი სინამდვილე.
ფსიქოლოგი სტივენ ბერგლასი აგრეთვე მოიხსენიებს „უკიდურეს გადაღლილობას“. ის აღწერს გულმოდგინე მშრომელს, რომელიც თავისი კარიერის მწვერვალის მიღწევის შემდეგ „გამუდმებით შინაგან შფოთვას, მწვავე ტკივილსა და გულდამძიმებულობას [გრძნობს]; ვარდება დეპრესიაშიც კი, რადგან ფიქრობს, რომ მუშაობის ან კარიერის მახეში გაება და იქიდან ვერც თავს დააღწევს და ვერც მორალურ კმაყოფილებას მიიღებს“.
შრომისმოყვარეობა და შრომის მანია
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ხალხი ძალიან ბევრს მუშაობს, საჭიროა, ერთმანეთისგან განვასხვავოთ შრომისმოყვარეობა და შრომის მანია. მრავალი შრომის მანიით შეპყრობილი ამ მშფოთვარე ქვეყნიერებაში სამუშაოს უსაფრთხო ადგილად მიიჩნევს; მშრომელი ადამიანისთვის კი ის მნიშვნელოვანი და ზოგჯერ კმაყოფილების მომტანი ვალდებულებაა.
შრომის მანიით შეპყრობილნი სამუშაოს იმის უფლებას აძლევენ, რომ მუშაობამ მათი ცხოვრებიდან სხვა ყველაფერი განდევნოს. მაგრამ შრომისმოყვარეებმა იციან, თუ როდის შეწყვიტონ მუშაობა და შეუძლიათ სხვა საქმეზე გადაერთონ, მაგალითად არ გამოტოვონ ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღე. შრომის მანიით შეპყრობილებს გადამეტებული მუშაობით გამოწვეული მძაფრი შეგრძნებები მოსწონთ და ასე იკმაყოფილებენ ემოციურ მოთხოვნილებებს, მაგრამ შრომისმოყვარეებს ეს არ ახასიათებთ.თანამედროვე საზოგადოებაში თითქმის წაშლილია ზღვარი შრომის მანიასა და შრომისმოყვარეობას შორის და ქანცგაწყვეტამდე მუშაობა ხალხის თვალში მიმზიდველად არის წარმოჩენილი. მობილურმა ტელეფონებმა, მოდემებმა და პეიჯერებმა შეიძლება სახლი სამუშაო ადგილად აქციოს. როდესაც ნებისმიერი ადგილი შეიძლება სამუშაო ადგილად იქცეს და ნებისმიერი დრო სამუშაო დროდ, ამან, შესაძლოა, ზოგს ზიანიც კი მიაყენოს.
რას აკეთებს ზოგი იმისათვის, რომ დაძლიოს სამუშაოსადმი ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება? სოციოლოგებმა შენიშნეს, რომ ისინი, რომლებიც გადამეტებულად მუშაობენ და დიდი სტრესის ქვეშ არიან, ცდილობენ, თავიანთ სამუშაოს რაიმე სულიერი შემატონ და პროფესიულ საქმიანობას რელიგია შეუთავსონ. „სან–ფრანცისკო იკზამინერში“ აღნიშნულია, რომ „შრომითი და რელიგიური საქმიანობის შერწყმა სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს“.
„სილიციუმის ველის“ — შეერთებული შტატების მაღალი ტექნოლოგიის წმინდათა წმინდას — შესახებ ერთ სტატიაში არც ისე დიდი ხნის წინ აღნიშნული იყო: „სამუშაო ადგილების შემცირების გამო ფაბრიკების ავტოსადგომები თითქმის ცარიელია, მაშინ როდესაც იმ ადგილების ავტოსადგომები, სადაც ბიბლიის შესწავლები მიმდინარეობს, გადაჭედილია“. რა მნიშვნელობაც არ უნდა ჰქონდეს ამას, ფაქტი ერთია — მთელ მსოფლიოში მრავალი მიხვდა, რომ ბიბლია დადებით გავლენას ახდენს მათ თვალსაზრისზე სამუშაოსთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ხალხს უფრო გაწონასწორებული დამოკიდებულება აქვს შორმისა და, საერთოდ, ცხოვრების მიმართ.
როგორ გვეხმარება ბიბლია მუშაობაზე გაწონასწორებული თვალსაზრისის შექმნაში? არსებობს ისეთი ბიბლიური პრიპციპები, რომლებიც დაგვხმარება გავუმკლავდეთ სამუშაოსთან დაკავშირებულ სირთულეებს? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.