არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამუშაო — კურთხევა თუ წყევლა?

სამუშაო — კურთხევა თუ წყევლა?

სამუშაო — კურთხევა თუ წყევლა?

„კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, რომ . . . დატკბეს თავისი ნაღვაწით“ (ეკლესიასტე 2:24, სსგ).

„სამუშაო დღის ბოლოს არაფრის თავი აღარ მაქვს“. გამოკითხულთაგან ყოველი მე-3 მუშა-მოსამსახურე ასე აღწერს საკუთარ გრძნობებს. ასეთი რამ გასაკვირი არ არის, რადგან ბევრს სტრესულ ვითარებაში უწევს მუშაობა; ისინი დიდ ხანს მუშაობენ და სამსახურის საქმეს სახლშიც კი აგრძელებენ — ამ ყოველივეს კი ისიც ემატება, რომ გაწეული სამსახურისთვის უფროსები იშვიათად აქებენ.

მასობრივმა წარმოებამ მრავალ მუშა-მოსამსახურეს ისეთი გრძნობა გაუჩინა, თითქოს არაფერს წარმოადგენს. ასეთი პირობები შემოქმედებითი უნარის ჩახშობის მიზეზი ხდება. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს სამუშაოს მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე. სამუშაოთი დაინტერესება კლებულობს. საქმის უკეთ შესრულების სურვილი იკარგება. ამ ყოველივემ შეიძლება ადამიანს მუშაობის მიმართ უარყოფითი განწყობა შეუქმნას და შეაძულოს კიდეც ის.

როგორი დამოკიდებულება გაქვთ სამუშაოს მიმართ?

ყოველთვის არ შეგვიძლია ვითარების შეცვლა. მაგრამ საკუთარი დამოკიდებულების შეცვლა შეგვიძლია. თუ ხედავთ, რომ გარკვეულწილად თქვენც გაქვთ სამუშაოსადმი უარყოფითი დამოკიდებულება, დამხმარე იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით ღვთიური თვალსაზრისისა და პრინციპების გათვალისწინება (ეკლესიასტე 5:18). ეს მრავალს დაეხმარა, გარკვეული კმაყოფილება და სიხარული ეპოვა სამუშაოში.

ღმერთი უდიდესი მშრომელია. ღმერთი შრომობს. შეიძლება ღვთის შესახებ ამ კუთხით არ გვიფიქრია, მაგრამ სწორედ ასე გვაცნობს ღმერთი თავს ბიბლიის პირველივე გვერდებიდან. „დაბადების“ წიგნი იწყება იმით, რომ იეჰოვას ქმნის ცას და მიწას (დაბადება 1:1). დაფიქრდით იმ სხვადასხვაგვარ როლზე, რომლებიც ღმერთმა შემოქმედების დაწყებისას შეასრულა — ის იყო დიზაინერი, ორგანიზატორი, ინჟინერი, ხელოვანი, შესაფერისი მასალების შემრჩევი, არქიტექტორი, ქიმიკოსი, ბიოლოგი, ზოოლოგი, პროგრამისტი, ლინგვისტი . . . და ეს არ არის სრული ჩამონათვალი (იგავები 8:12, 22—31).

როგორი იყო მისი ნამუშევრის ხარისხი? ბიბლია გვეუბნება, რომ „კარგი“ იყო, „ძალზე კარგი“ (დაბადება 1:4, 31). ნამდვილად მისი შემოქმედება ‘ღაღადებს ღმერთის დიდებას’ და ჩვენც უნდა განვადიდოთ ის (ფსალმუნები 18:2; 148:1).

ცის, დედამიწისა და პირველი წყვილის შექმნით ღვთის საქმეები არ დასრულებულა. იეჰოვას ძემ, იესო ქრისტემ, თქვა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოანე 5:17). მართლაც, იეჰოვა განაგრძობს თავის ქმნილებებზე ზრუნვას და ერთგული მსახურების დაცვას (ნეემია 9:6; ფსალმუნები 35:7; 144:15, 16). ღმერთი ადამიანებსაც აძლევს საშუალებას, იყვნენ მისი „თანამშრომლები“ და დაეხმარონ გარკვეული მიზნის განხორციელებაში (1 კორინთელები 3:9).

სამუშაო შეიძლება კურთხევა იყოს. განა არ ამბობს ბიბლია, რომ მუშაობა წყევლაა? დაბადების 3:17—19–დან შეიძლება ჩანდეს, რომ ღმერთმა ადამი და ევა დაუმორჩილებლობისთვის იმით დასაჯა, რომ სამუშაო მისცა. როდესაც პირველ წყვილს მსჯავრი დასდო, ღმერთმა ადამს უთხრა: „შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას“. იგულისხმებოდა ამ სიტყვებში, რომ ღმერთმა სამუშაოს მიცემით დასაჯა ადამი და ევა?

არა. სასჯელი ის იყო, რომ ადამისა და ევას ორგულობის გამო ედემის ბაღის საზღვრების გაფართოება მაშინ არ მოხდებოდა. ღმერთმა მიწა დაწყევლა. არსებობისთვის საჭირო იყო ადამიანის ოფლის ღვრა და მძიმე შრომა (რომაელები 8:20, 21).

ნაცვლად იმისა, რომ მუშაობა წყევლად მივიჩნიოთ, ბიბლია გვიჩვენებს, რომ იგი კურთხევაა. როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, თავად ღმერთი ბევრს შრომობს. რადგანაც ღმერთმა ადამიანები თავის ხატად შექმნა, მათ მისცა იმის უნარი და უფლება, რომ მოუარონ მის მიწიერ ქმნილებებს (დაბადება 1:26, 28; 2:15). ღმერთმა ეს დავალება მათ მანამდე მისცა, ვიდრე დაბადების 3:19–ში მოცემულ სიტყვებს იტყოდა. თუ მუშაობა წყევლა იყო, იეჰოვა არასოდეს ეტყოდა ხალხს, რომ ემუშავათ. ნოეს და მის ოჯახს წარღვნამდე და წარღვნის შემდეგ საკმაოდ დიდი სამუშაოს შესრულება მოუწიათ (დაბადება 9:1—7). პირველ საუკუნეში შრომისკენ იესოს მოწაფეებსაც მოუწოდებდნენ (1 თესალონიკელები 4:11).

მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღეს მუშაობა შეიძლება საკმაოდ რთული იყოს. სტრესი, ხიფათი, მოწყენილობა, იმედგაცრუება, კონკურენცია, სიცრუე და უსამართლობა არის ზოგიერთი ‘ეკალი და ძეძვი’, რომლებიც თან სდევს მუშაობას. მაგრამ თვით მუშაობა არ არის წყევლა. ეკლესიასტეს 3:13–ში ბიბლია მუშაობას და შრომის ნაყოფს ღვთის ძღვენს უწოდებს (იხილეთ ჩარჩო „სამუშაოსთან დაკავშირებულ სტრესთან გამკლავება“).

თქვენ შეგიძლიათ განადიდოთ ღმერთი თქვენი შრომით. სამუშაოს ხარისხიანად შესრულება ყოველთვის ფასობდა. ეს ბიბლიის თვალსაზრისითაც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მხარეა სამუშაოსთან დაკავშირებით. თავად ღმერთი თავის საქმეს ყოველთვის საუკეთესოდ აკეთებს. მან მოგვცა ნიჭი და უნარი და სურს, რომ ეს ყოველივე კარგად გამოვიყენოთ. მაგალითად, ძველ ისრაელში, კარვის მშენებლობის დროს იეჰოვამ ბეცალელსა და ოჰოლიაბს სიბრძნე, გაგების უნარი და ცოდნა მისცა, რაც მათ კონკრეტული დავალების შესრულების შესაძლებლობას მისცემდა (გამოსვლა 31:1—11). ეს გვიჩვენებს, რომ ღმერთი დაინტერესებული იყო სამუშაოს მსვლელობით და იმით, თუ როგორ სრულდებოდა ის.

ეს დიდ გავლენას უნდა ახდენდეს იმაზე, თუ რა წარმოდგენა გვაქვს საკუთარ უნარსა თუ სამუშაო ჩვევებზე. იგი გვეხმარება, რომ ყოველივე ეს ღვთისგან ბოძებულ ძღვნად მივიჩნიოთ და მათდამი ზერელე დამოკიდებულება არ გვქონდეს. ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს, რომ თავიანთი საქმე გააკეთონ ისე, თითქოს ღმერთი უმოწმებდეს ნაშრომს: „რასაც უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, როგორც იეჰოვასთვის და არა როგორც ადამიანებისთვის“ (კოლოსელები 3:23). ღვთის მსახურებს ნაბრძანები აქვთ, რომ სამუშაო კეთილსინდისიერად შეასრულონ. ამგვარად მოქმედებით ბიბლიური ცნობა უფრო მიმზიდველი ხდება თანამშრომლებისა და სხვებისთვის (იხილეთ ჩარჩო „ბიბლიური პრინციპების გამოყენება სამუშაოზე“).

განხილულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: „რამდენად გულმოდგინედ და ხარისხიანად ვასრულებ ჩემს საქმეს? ესიამოვნებოდა ღმერთს იმის დანახვა, თუ როგორ ვმუშაობ? ვარ ბოლომდე კმაყოფილი იმით, თუ როგორ ვართმევ თავს დაკისრებულ სამუშაოს? თუ არა, საჭიროა გაუმჯობესება (იგავები 10:4; 22:29).

შრომა და სულიერობა. თუმცა გულმოდგინედ მუშაობა საქებარია, სამუშაოზე თუ ცხოვრებაში კმაყოფილების მისაღწევად საჭირო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ — სულიერობა. მეფე სოლომონი, რომელიც გულმოდგინედ შრომობდა, ძალიან მდიდარი იყო და ცხოვრობდა საუკეთესო პირობებში. მაგრამ ის შემდეგ დასკვნამდე მივიდა: „გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მის მცნებებს, რადგან სულ ეს არის ადამიანი“ (ეკლესიასტე 12:13).

ნათელია, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ღვთის ნება ნებისმიერი საქმის შესრულებისას. ვმუშაობთ ღვთის ნება–სურვილის შესაბამისად თუ მის საწინააღმდეგოს ვაკეთებთ? ვახმართ ძალისხმევას, რომ ვასიამოვნოთ ღმერთს თუ მხოლოდ იმას ვცდილობთ, რომ საკუთარ თავს ვასიამოვნოთ? თუ ღვთის ნებას არ ვასრულებთ, საბოლოოდ უიმედობის, მარტოობისა და სიცარიელის გრძნობა დაგვეუფლება.

სტივენ ბერგლასი უკიდურესად გადაღლილ ადამიანებს ურჩევს, რომ „ცხოვრებაში იპოვონ რაიმე სტიმული, მიზეზი ენთუზიაზმისთვის“. არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, ვიდრე ის, რომ ემსახურო შემოქმედს, რომელმაც მოგვცა ნიჭი და უნარი სამუშაოს შესასრულებლად. იმის კეთება, რაც ჩვენს შემოქმედს სიამოვნებს, არასოდეს დაგვიტოვებს უკმაყოფილების გრძნობას. იესოსთვის იეჰოვას მიერ დაკისრებული სამუშაო ნოყიერი, სასიამოვნო და გამომაცოცხლებელი საკვების მსგავსი იყო (იოანე 4:34; 5:36). გარდა ამისა გაიხსენეთ, რომ ღმერთი, უდიდესი მშრომელი, გვიწვევს, გავხდეთ მისი „თანამშრომელნი“ (1 კორინთელები 3:9).

ღვთისადმი თაყვანისცემა და სულიერი ზრდა დამაჯილდოებელი სამუშაოსა და პასუხისმგებლობისთვის გვამზადებს. სამუშაოზე ხშირად ვხვდებით ზეწოლას, კონფლიქტებსა და მოთხოვნებს, ამიტომ საჭიროა ძლიერი რწმენა და სულიერობა. ეს მოგვცემს ძალას, რომელიც გვჭირდება იმისათვის, რომ უკეთესი თანამშრომლები და დამსაქმებლები ვიყოთ. მეორე მხრივ, ამ უღვთო ქვეყნიერებაში არსებულმა რეალობამ შეიძლება დაგვანახვოს ის მხარეები, რომლებშიც რწმენაში განმტკიცება გვჭირდება (1 კორინთელები 16:13, 14).

როდესაც სამუშაო ნამდვილად კურთხევა იქნება

მათ, რომლებიც დღეს მძიმედ შრომობენ ღვთის სამსახურში, შეუძლიათ მომავლის იმედი ჰქონდეთ; მომავლისა, როდესაც იეჰოვა აღადგენს სამოთხეს და მთელ დედამიწაზე მხოლოდ სასიამოვნო სამუშაო იქნება. იეჰოვას წინასწარმეტყველმა ესაიამ მომავალი ცხოვრების შესახებ იწინასწარმეტყველა: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, დარგავენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, და არ დარგავენ სხვის შესაჭმელად . . . თავიანთი ხელის ნაკეთებს გაცვეთენ ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21—23).

იმ დროს სამუშაო მართლაც კურთხევა იქნება! ისწავლეთ ღვთის მოთხოვნები, იმოქმედეთ შესაბამისად და იყავით მათ შორის, ვისაც იეჰოვა აკურთხებს და ვინც ყოველთვის „ხედავს სიკეთეს მთელ თავის ნაშრომში“ (ეკლესიასტე 3:13).

[ჩანართი 8 გვერდზე]

ღმერთი უდიდესი მშრომელია: დაბადება 1:1, 4, 31; იოანე 5:17

[ჩანართი 8 გვერდზე]

სამუშაო შეიძლება კურთხევა იყოს: დაბადება 1:28; 2:15; 1 თესალონიკელები 4:11

[ჩანართი 8 გვერდზე]

თქვენ შეგიძლიათ განადიდოთ ღმერთი თქვენი შრომით: გამოსვლა 31:1—11; კოლოსელები 3:23

[ჩანართი 8 გვერდზე]

შრომა და სულიერობა: ეკლესიასტე 12:13; 1 კორინთელები 3:9

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

სამუშაოსთან დაკავშირებულ სტრესთან გამკლავება

მედმუშაკები სტრესულ სამუშაოს პროფესიულ დაავადებათა გამომწვევ რისკ-ფაქტორებს მიაკუთვნებენ. იგი შეიძლება წყლულის, დეპრესიისა და თვითმკვლელობის მიზეზიც კი გახდეს. ამასთან დაკავშირებით იაპონელებს აქვთ ტერმინი — „კაროში“, „გადამეტებული მუშაობით გამოწვეული სიკვდილი“.

სტრესი შეიძლება სამუშაოსთან დაკავშირებულმა სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს. მაგალითად, სამუშაო საათების ან პირობების შეცვლამ; უფროსთან პრობლემებმა; სხვა მოვალეობის დაკისრებამ ან განსხვავებული სახის სამუშაომ; თანამდებობიდან გადადგომამ ან სამუშაოდან დათხოვნამ. ასეთ სტრესთან გასამკლავებლად ზოგი იცვლის სამუშაოს ან გარემოს. სხვები ცდილობენ მის დაძლევას, მაგრამ ამაოდ; სტრესი მათი ცხოვრების სხვა სფეროებზეც ვრცელდება, უფრო ხშირად კი — ოჯახურ ცხოვრებაზე. ზოგი კი ემოციურად იმდენად იტანჯება, რომ დეპრესიასა და სასოწარკვეთილებაში ვარდება.

ქრისტიანები კარგად არიან მომზადებულნი იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ სამუშაოსთან დაკავშირებულ სტერსს. ბიბლია უზრუნველგვყოფს მრავალი მნიშვნელოვანი პრინციპით, რომლებიც რთულ დროს სულიერი და ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში გვეხმარება. მაგალითად, იესომ თქვა: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“. ამ სიტყვებით იესო გვეუბნება, რომ დღეს დღევანდელ პრობლემებზე ვიფიქროთ და არა ხვალისაზე. ასეთი სახით, ავერიდებით პრობლემების გაზვიადებას და სტრესის მომატებას (მათე 6:25—34).

მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანები ღვთის ძალას მიენდონ და არა საკუთარს. როდესაც ვგრძნობთ, რომ მეტი აღარ შეგვიძლია, ღმერთი მოგვცემს მშვიდობას, სიხარულს და სიბრძნეს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს. პავლე მოციქულმა დაწერა: „გაძლიერდით უფალში და მისი ძალის სიძლიერეში“ (ეფესოელები 6:10; ფილიპელები 4:7).

დაბოლოს, სტრესულმა სიტუაციამაც კი შეიძლება დადებითი შედეგები მოგვიტანოს. განსაცდელების დროს იეჰოვას მივმართავთ და მასზე ვართ მინდობილნი. ასეთმა მდგომარეობამ აგრეთვე შეიძლება აღგვძრას, განვაგრძოთ ქრისტიანული პიროვნების ჩამოყალიბება და განვავითაროთ სირთულეების წინაშე სიმტკიცის გამოვლენის უნარი. პავლე გვირჩევს: „გასაჭირშიც ვიხაროთ, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს, მოთმინებას ღვთის მოწონება მოაქვს, ღვთის მოწონებას — იმედი“ (რომაელები 5:3, 4).

ასე რომ, სტრესმა შეიძლება ჩვენს სულიერ ზრდას შეუწყოს ხელი, ნაცვლად იმისა, რომ იმედი წაგვართვას და დაგვამწუხროს.

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

ბიბლიური პრინციპების გამოყენება სამუშაოზე

სამუშაოზე ქრისტიანების განწყობამ და ქცევამ ბიბლიური ჭეშმარიტება შეიძლება მიმზიდველი გახადოს როგორც თანამშრომლებისთვის, ისე სხვებისთვის. ტიტეს მიმართ მიწერილ წერილში პავლე მოციქული დღევანდელი მუშა-მოსამსახურეების მსგავს სიტუაციაში მყოფებს ურჩევს, რომ „ყველაფერში თავიანთ ბატონებს დაემორჩილონ და ასიამოვნონ მათ, სიტყვა არ შეუბრუნონ, არ იქურდონ, არამედ სრულად გამოავლინონ ერთგულება, რათა ყველაფერში შეამკონ ჩვენი მხსნელის — ღვთის — სწავლება“ (ტიტე 2:9, 10).

მაგალითად, ვნახოთ, თუ რა მისწერა ერთმა ბიზნესმენმა იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოს: „მსურს სამუშაოზე მოვიწვიო იეჰოვას მოწმეები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პატიოსნები, გულწრფელები და სანდოები არიან და არ მოატყუებენ. მე მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს ვენდობი. გთხოვთ, დამეხმარეთ“.

კეილი იეჰოვას მოწმეა, რომელიც რეგისტრატორად მუშაობს კერძო სკოლაში. ერთხელ რაღაც გაუგებრობის გამო ერთმა თანამშრომელმა რამდენიმე მოსწავლის თვალწინ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „სიფრთხილე მმართებდა, რათა იეჰოვას სახელისთვის ჩირქი არ მომეცხო“ — იხსენებს კეილი. მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ის ფიქრობდა, თუ როგორ გამოეყენებინა ბიბლიური პრინციპები. ერთ-ერთი ბიბლიური პრინციპი მან ნახა რომაელების 12:8-ში: „რამდენადაც თქვენის მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“. მან ელექტრონული ფოსტის საშუალებით წერილი გაუგზავნა თავის თანამშრომელს და მოუბოდიშა მათ შორის არსებული დაძაბულობისთვის. კეილმა წერილში სთხოვა მას, რომ სამუშაოს შემდეგ დარჩენილიყო და გაერკვიათ მათ შორის არსებული გაუგებრობა. როდესაც ყველაფერი ნათელი გახდა, კეილის თანამშრომელმა დამოკიდებულება შეიცვალა და აღიარა, რომ კეილი გონივრულად მოიქცა. მან უთხრა კეილს: „ასე, ალბათ, თქვენი რწმენის გამო მოიქეცით“. ისინი გულთბილად გადაეხვივნენ ერთმანეთს და დაშორდნენ. რა დასკვნა გააკეთა კეილიმ? „არასოდეს შევცდებით, თუ ბიბლიურ პრინციპებს გამოვიყენებთ“.

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

მრავალ მუშას ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს არაფერს წარმოადგენს.

[საავტორო უფლება]

Japan Information Center, Consulate General of Japan in NY

[საავტორო უფლებები დაცულია 8 გვერდზე]

Globe: NASA photo