არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქადაგება იქ, სადაც პირველ საუკუნეში ქრისტიანობა ყვაოდა

ქადაგება იქ, სადაც პირველ საუკუნეში ქრისტიანობა ყვაოდა

ქადაგება იქ, სადაც პირველ საუკუნეში ქრისტიანობა ყვაოდა

იტალია, ჩექმის ფორმის ნახევარკუნძული, ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს. მისმა რელიგიამ და კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოს ისტორიაზე. იტალია მილიონობით ტურისტს იზიდავს მრავალფეროვანი ლანდშაფტით, ხელოვნების ცნობილი ნიმუშებითა და გემრიელი კერძებით. ამ ქვეყანაში ხალხს კარგი ბიბლიური განათლება აქვს.

სავარაუდოდ, ჭეშმარიტი ქრისტიანობა პირველად გავრცელდა რომში — მაშინდელი იმპერიის დედაქალაქში — მას შემდეგ, რაც იუდეველები და პროზელიტები შინ დაბრუნდნენ იერუსალიმიდან, სადაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტიანობა მიიღეს. დაახლოებით ახ. წ. 59 წელს პავლე მოციქული პირველად ეწვია იტალიას. მან ზღვისპირა ქალაქ პუტეოლეში თანამორწმუნე ‘ძმები მონახა’ (საქმეები 2:5—11; 28:11—16).

როგორც იესომ და მისმა მოციქულებმა იწინასწარმეტყველეს, ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულისთვის განდგომილებმა თანდათანობით გადაუხვიეს ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან. თუმცა დღეს, სანამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული ჯერ არ დამდგარა, იესოს ერთგული მოწაფეები სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში — მათ შორის იტალიაშიც — ქადაგებენ (მათე 13:36—43; საქმეები 20:29, 30; 2 თესალონიკელები 2:3—8; 2 პეტრე 2:1—3).

უიმედო დასაწყისი

1891 წელს ჩარლზ ტეიზ რასელი, რომელიც ბიბლიის მკვლევარების (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა მთელ მსოფლიოში, პირველად ეწვია იტალიის ზოგიერთ ქალაქს. როგორც მან თქვა, შედეგი არ იყო სახარბიელო: „ვერაფერი დავინახეთ ისეთი, რაც იმედს მოგვცემდა; ვფიქრობდით, რომ ჩვენი საქმიანობა იტალიაში ნაყოფს ვერ გამოიღებდა“. 1910 წლის გაზაფხულზე ძმა რასელი ხელახლა ეწვია იტალიას და რომის ცენტრში მდებარე ერთ–ერთ სპორტდარბაზში ბიბლიურ თემაზე ლექცია წაიკითხა. როგორი იყო შედეგი? როგორც მან თქვა, „მთლიანობაში, ამ შეხვედრამ იმედი გაგვიცრუა“.

პირველი ათწლეულების განმავლობაში იტალიაში სასიხარულო ცნობის ქადაგება საკმაოდ ნელა მიიწევდა წინ. ნაწილობრივ, ამის მიზეზი ის იყო, რომ იეჰოვას მოწმეებს ფაშისტები დევნიდნენ. ამ დროს იტალიაში მხოლოდ 150 მოწმე იყო, რომელთაგან უმრავლესობამ ბიბლიური ჭეშმარიტება სხვა ქვეყნებში მცხოვრები ნათესავებისგან ან მეგობრებისგან გაიგო.

საოცარი წინსვლა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიაში მისიონერები გაგზავნეს. მაგრამ, როგორც სახელმწიფო არქივში ნაპოვნ მასალებშია აღნიშნული, ვატიკანის საეკლესიო იერარქიის მაღალი წოდების პირებმა მთავრობას მიმართეს, რომ მისიონერები იტალიიდან გაეძევებინათ. მისიონერები იძულებულები იყვნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა. მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა იტალიაში დარჩენა.

დაბრკოლებების მიუხედავად, იტალიაში უამრავმა ადამიანმა დაიწყო იეჰოვას თაყვანისცემის „მთაზე“ ასვლა (ესაია 2:2—4). მოწმეთა რიცხვი საოცრად იზრდებოდა. 2004 წელს სასიხარულო ცნობის მაუწყებელთა რიცხვმა 233 527–ს მიაღწია; 248 მცხოვრებზე ერთი მოწმე მოდიოდა. ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 433 242 ადამიანი დაესწრო. შარშან იტალიაში 3 049 კრება იყო, რომელთა შეხვედრებიც კეთილმოწყობილ სამეფო დარბაზებში ტარდებოდა.

ქადაგება მრავალ ენაზე

ბოლო პერიოდში იტალიაში მნიშვნელოვნად იზრდება იმიგრანტთა რიცხვი. აფრიკიდან, აზიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან ბევრი მიდის იტალიაში სამუშაოს საშოვნელად, ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ან სხვა სირთულეების თავიდან ასარიდებლად. როგორ შეიძლება მილიონობით ასეთი ადამიანისთვის სულიერი დახმარების გაწევა?

იტალიაში ბევრი მოწმე საკმაოდ რთული საქმის შესრულებას შეუდგა. მათ დაიწყეს ალბანური, ამჰარული, არაბული, ბენგალური, პენჯაბური, სინჰალური, ტაგალური და ჩინური ენების შესწავლა. 2001 წლიდან დაწყებული, ენის შემსწავლელი კურსები ტარდება მათთვის, ვინც მზადყოფნას ავლენს უცხო ენაზე საქადაგებლად. გასული სამი წლის განმავლობაში 17 ენაზე 79 კურსი ჩატარდა, რომლებსაც 3 711 იეჰოვას მოწმე დაესწრო. ამან შესაძლებელი გახადა 25 ენაზე 146 კრებისა და 274 ჯგუფის ჩამოყალიბება და გაძლიერება. ბევრმა გულწრფელმა ადამიანმა ასე გაიგო სასიხარულო ცნობა და დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ენების შესწავლას ხშირად არაჩვეულებრივი შედეგები მოჰყვება.

ერთი იეჰოვას მოწმე ბიბლიის შესახებ ესაუბრა ინდოეთიდან ჩამოსულ მალაიალამურ ენაზე მოლაპარაკე მამაკაცს, ჯორჯს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოსთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ის სიხარულით დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე. რამდენიმე დღის შემდეგ ჯორჯმა თავისი მეგობარი, გილი, რომელიც ინდოელია და პენჯაბურ ენაზე საუბრობს, სამეფო დარბაზში მიიყვანა; მასთან ბიბლიის შესწავლა იქნა დაწყებული. გილმა მოწმეებს გააცნო დევიდი, ტელუგუს ენაზე მოლაპარაკე ინდოელი. დევიდმაც მალე დაიწყო შესწავლა. ბიბლიის შესწავლა დაიწყო სხვა ორმა ინდოელმაც — სონმა და შუბაშმა, რომლებიც იმ სახლში ცხოვრობენ, სადაც დევიდი.

რამდენიმე კვირის შემდეგ მარათულ ენაზე მოლაპარაკე მამაკაცმა, დალიპმა, იეჰოვას მოწმეებს დაურეკა: „მე ჯორჯის მეგობარი ვარ. შეგიძლიათ ბიბლია შემასწავლოთ?“ შემდეგ ტამილურ ენაზე მოლაპარაკე მამაკაცმა, სუმიტმა, მოისურვა შესწავლა. მოგვიანებით ჯორჯის სხვა მეგობრებმაც დაურეკეს მოწმეებს და ბიბლიის შესწავლა ითხოვეს. ამის მერე ჯორჯმა სამეფო დარბაზში სხვა ახალგაზრდა კაცი, მაქსი, მიიყვანა. მანაც მოისურვა, ღმერთზე უფრო მეტი გაეგო. დღეისათვის ექვსი ბიბლიის შესწავლა ტარდება და კიდევ ოთხი აპირებს შესწავლის დაწყებას. ეს შესწავლები ინგლისურად ტარდება, თუმცა ასევე იყენებენ პუბლიკაციებს ჰინდურ, მალაიალამურ, მარათულ, პენჯაბურ, ტამილურ, ტულუგურ და ურდულ ენებზე.

ყრუ–მუნჯებს „ესმით“ სასიხარულო ცნობა

იტალიაში 90 000–ზე მეტი ყრუ–მუნჯი ცხოვრობს. 1970–იან წლებში მოწმეებმა ზოგიერთ მათგანთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. თავდაპირველად იტალიური ჟესტების ენას რამდენიმე ყრუ–მუნჯი მოწმე ასწავლიდა თანაქრისტიანებს, რომლებიც მზად იყვნენ, სხვებს დახმარებოდნენ. შედეგად უფრო და უფრო მეტი ყრუ–მუნჯი ავლენდა ბიბლიისადმი ინტერესს. დღეს ჟესტების ენაზე მოლაპარაკე 1 400–ზე მეტი ადამიანი ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს. ჟესტების ენაზე 15 კრება და 52 ჯგუფია.

თავდაპირველად ყრუ–მუნჯებთან ქადაგება მხოლოდ ცალკეული მოწმეების ინიციატივით ხდებოდა. 1978 წელს კი იტალიაში იეჰოვას მოწმეების ფილიალმა ორგანიზება გაუწია ყრუ–მუნჯებისთვის კონგრესის ჩატარებას. იმავე წლის მაისში გამოცხადდა, რომ მომავალ საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც მილანში ჩატარდებოდა, ყრუ–მუნჯებისთვის სექციები იქნებოდა გამოყოფილი. პირველი სარაიონო კონგრესი ყრუ–მუნჯებისთვის 1979 წლის თებერვალში ჩატარდა მილანის საკონგრესო დარბაზში.

ამის შემდეგ ფილიალმა მეტი ყურადღება დაუთმო ყრუ–მუნჯების სულიერ საჭიროებებს და მაუწყებლები წაახალისა ჟესტების ენის გაუმჯობესებისკენ. 1995 წლიდან სპეციალური პიონერები (სრული დროით მქადაგებლები) იგზავნებიან, რომ დაეხმარონ ყრუ–მუნჯ მოწმეებს, უფრო მეტად დახელოვნდნენ ქადაგებაში და შეძლონ ქრისტიანული შეხვედრების ჩატარება. სამ საკონგრესო დარბაზში დაყენებულია თანამედროვე ვიდეოსისტემები, რათა ყრუ–მუნჯებს გაუადვილდეთ მასალის გაგება. გარდა ამისა, ყრუ–მუნჯთა დასახმარებლად პუბლიკაციები ხელმისაწვდომია ვიდეოკასეტებზე.

გარეშეთათვის შეუმჩნეველი არ რჩება, რომ მოწმეები ყრუ–მუნჯთა სულიერ საჭიროებებზე ზრუნავენ. იტალიაში ყრუ–მუნჯთა საზოგადოების მიერ გამოცემულ ჟურნალში კათოლიკე მონსენიორის (უმაღლესი კათოლიკური სამღვდელოების წარმომადგენელი) წერილიდან ციტატა იყო მოყვანილი: „ყრუ–მუნჯებს გამუდმებული ყურადღება ესაჭიროებათ, რაც ადვილი არ არის. მაგალითად, მათ შეუძლია სხვების დახმარების გარეშე მივიდნენ ეკლესიაში, მაგრამ იქ სჭირდებათ თარჯიმანი, რომელიც გადაუთარგმნის ყველაფერს, რასაც საეკლესიო მსახურების დროს კითხულობენ, აცხადებენ ან მღერიან“. აგრეთვე, ჟურნალშია ნათქვამია: „[პრელატი] აღიარებს, რომ სამწუხაროდ, ეკლესია ჯერ არ არის მზად ყრუ–მუნჯების დასახმარებლად. ის ამბობს, რომ ყრუ–მუნჯებზე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზებში უკეთ ზრუნავენ, ვიდრე ეკლესიებში“ (P@role & Segni).

სასიხარულო ცნობის ქადაგება პატიმრებთან

შესაძლებელია, რომ ადამიანი ციხეში იჯდეს და თავისუფალი იყოს? დიახ, რადგან ღვთის სიტყვას აქვს ძალა, „გაათავისუფლოს“ ის, ვინც ისმენს მას და ცხოვრებაში იყენებს. ცნობა, რომელსაც იესო „ტყვეებს“ აუწყებდა, მათ ცოდვისა და ცრუ რელიგიისგან ათავისუფლებდა (იოანე 8:32; ლუკა 4:16—19). იტალიაში ციხეებში ქადაგებას შესანიშნავი შედეგები მოჰყვება. ხელისუფლებისგან თითქმის 400-მა მოწმემ მიიღო ნებართვა, რომ პატიმრებისთვის სულიერი დახმარება აღმოეჩინათ. იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია პირველი არაკათოლიკური ორგანიზაცია იყო, რომელმაც ითხოვა და მიიღო პატიმრებთან ქადაგების ნებართვა.

ბიბლიური ცნობა შესაძლებელია სრულიად მოულოდნელი გზითაც კი გავრცელდეს. პატიმრები თავად იწყებენ სხვა პატიმრებთან საუბრებს იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შესახებ. შედეგად, ზოგიერთი მათგანი სურვილს გამოთქვამს, რომ მოწმეებმა ისინიც მოინახულონ. ზოგჯერ კი პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებიც ბიბლიას სწავლობენ, ურჩევენ მათ, რომ ციხეში მოითხოვონ იეჰოვას მოწმეებთან შეხვედრა. ზოგი, ვისაც მუდმივი პატიმრობა აქვს მისჯილი მკვლელობის ან სხვა რაიმე სერიოზული დანაშაულის გამო, ინანიებს წარსულ ცხოვრებას და ძირეულად იცვლება. შედეგად, ისინი მიძღვნისა და მონათვლისათვის ემზადებიან.

მრავალ ციხეში ბიბლიურ თემებზე საჯარო მოხსენებებს კითხულობენ, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშნავენ და იეჰოვას მოწმეთა მიერ მომზადებულ ვიდეოფილმებს აჩვენებენ. ხშირად ასეთ შეხვედრებს ძალიან ბევრი პატიმარი ესწრება.

პატიმრების დახმარების მიზნით, მოწმეები ყველაზე მეტად იმ ჟურნალებს ავრცელებენ, რომლებშიც პატიმრებისთვის სასარგებლო თემებია განხილული. მაგალითად, ერთი ასეთი ჟურნალი იყო 2001 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“–ი (რუს.), რომელშიც დაბეჭდილი იყო სტატია „შესაძლებელია დამნაშავის გამოსწორება?“. 2003 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“–ში კი განხილული იყო თემა „ნარკომანი ოჯახში — რა უნდა იღონოთ?“. ციხეებში ათასობით ჟურნალი გავრცელდა, რის შედეგადაც ასობით პატიმარმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ციხის ზოგი მცველიც დაინტერესდა ბიბლიური ცნობით.

უფლებამოსილი პირებისგან ნებართვის მიღების შემდეგ პატიმარი, სახელად კონსტანტინო, 138 ადგილობრივი მოწმის თანდასწრებით ქალაქ სან–რემოს სამეფო დარბაზში მოინათლა. „გარშემომყოფთაგან უდიდეს სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი“, — თქვა კონსტანტინომ, რომელიც მონათვლის შემდეგ უზომოდ გახარებული იყო. ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა ციხის ზედამხედველის სიტყვები: „მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა . . . მონათვლის ნებართვა რომ მივეცით. ყველაფერს უნდა გაეწიოს ანგარიში, რაც ხელს უწყობს პატიმრის სოციალურ, პიროვნულ და სულიერ გამოჯანსაღებას“. კონსტანტინოს ცოლსა და ქალიშვილზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ იმოქმედა ზუსტმა ბიბლიურმა შემეცნებამ კონსტანტინოს ცხოვრებაზე: „ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მან საკუთარ თავში ასეთი ცვლილებები მოახდინა. ის მშვიდი გახდა და უფრო მეტად დაიწყო ჩვენზე ზრუნვა. მან ხელახლა მოიპოვა ჩვენი ნდობა და პატივისცემა“. მათაც დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანულ კრებებზე დასწრება.

სერჯოს 2024 წლამდე ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ქურდობის, ყაჩაღობის, ნარკოტიკების კონტრაბანდისა და მკვლელობისთვის. მას შემდეგ, რაც სამი წლის განმავლობაში ბიბლიას სწავლობდა და რადიკალურად შეიცვალა, მონათვლა გადაწყვიტა. ის კუნძულ ელბაზე მდებარე პორტოაცუროს ციხეში მე–15 პატიმარია, რომელიც მოინათლა როგორც იეჰოვას მოწმე. ის რამდენიმე პატიმრის თანდასწრებით ციხის სპორტდარბაზში სპეციალურად მოწყობილ პატარა აუზში მოინათლა.

ლეონარდომ, რომელსაც 20 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, ნებართვა მიიღო, ქალაქ პარმის ერთ–ერთ სამეფო დარბაზში მონათლულიყო. მან ადგილობრივ გაზეთს ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ ციხის კედლებიდან თავის დაღწევის მიზნით კი არ მოინათლა, არამედ იმიტომ, რომ გულწრფელად იყო სულიერს მოწყურებული. ლეონარდომ თქვა: „ჩემი ცხოვრება შეცდომებით იყო სავსე, მაგრამ ყველაფერი უკან მოვიტოვე. დიდი ცვლილები მოვახდინე საკუთარ თავში, თუმცა ეს ერთ ღამეში არ მომხდარა. ვეცდები ბოლომდე პატიოსანი დავრჩე“.

სალვატორი, რომელიც მკვლელობისთვის დააპატიმრეს, ციხეში მკაცრი რეჟიმის პირობებში იმყოფება. ის ციხეში მონათლეს, რამაც ბევრზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ციხის ზედამხედველმა თქვა: „ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ პატიმრის გადაწყვეტილებას უკეთესობისკენ შეცვლასთან დაკავშირებით, რაც დადებით გავლენას ახდენს როგორც ციხის პერსონალზე, ისე მთლიანად საზოგადოებაზე“. მას შემდეგ, რაც სალვატორმა ცვლილებები მოახდინა საკუთარ თავში, მისმა ცოლმა და ქალიშვილმა იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დაიწყეს დასწრება. ერთი პატიმარი, რომელსაც სალვატორმა უქადაგა, მოინათლა.

პირველ საუკუნეში იტალიაში ქრისტიანული საქმიანობა წინ მიიწევდა (საქმეები 2:10; რომაელები 1:7). დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში სულიერი მკა მიმდინარეობს, კვლავაც ფართოვდება სამქადაგებლო საქმიანობა ქვეყანაში, სადაც პავლე თანაქრისტიანებთან ერთად გულმოდგინედ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას (საქმეები 23:11; 28:14—16).

[რუკა 13 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

იტალია

რომი

[სურათები 15 გვერდზე]

საკონგრესო დარბაზი ბიტონტოში და კრება ჟესტების ენაზე რომში.

[სურათი 16 გვერდზე]

პატიმრებს ბიბლიური ჭეშმარიტება „ათავისუფლებს“.

[სურათები 17 გვერდზე]

სამქადაგებლო საქმიანობა კვლავაც წინ მიიწევს იქ, სადაც ერთ დროს ქრისტიანობა ყვაოდა.