არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ნებისმიერ განსაცდელს!

ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ნებისმიერ განსაცდელს!

ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ნებისმიერ განსაცდელს!

დგახართ ამჟამად რაიმე პრობლემის წინაშე? ისეთი გრძნობა ხომ არ გეუფლებათ, რომ ვერ გაუმკლავდებით მას? დროდადრო შიში ხომ არ გიპყრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი პრობლემა განსაკუთრებულია და გამოსავალიც არსაიდან ჩანს? თუ ასეა, გულს ნუ გაიტეხთ! რა განსაცდელის წინაშეც უნდა დავდგეთ, ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღვთის დახმარებით შევძლებთ მათთან გამკლავებას.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვთის მსახურები ‘შეხვდებიან სხვადასხვანაირ განსაცდელს’ (იაკობი 1:2, სსგ). განვიხილოთ სიტყვა „სხვადასხვანაირის“ (ბერძნულად „პიკილოს“) მნიშვნელობა. დედანში მოცემული ეს სიტყვა ძველ ბერძნულში „მრავალგვარს“ ანუ „მრავალფეროვანს“ ნიშნავს და „განსაცდელების მრავალგვარობაზე“ მიუთითებს. ყოველდღიურ საუბრებში ეს სიტყვა ძირითადად „მრავალფეროვანს“ ნიშნავს. ამგვარად, „სხვადასხვანაირი განსაცდელი“, ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, არის განსაცდელი, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგრამ იეჰოვა გვეხმარება, რომ შევძლოთ თითოეულ მათგანთან გამკლავება. რატომ შეგვიძლია ვიყოთ ამაში დარწმუნებულნი?

„ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობა“

პეტრე მოციქულმა თქვა, რომ ქრისტიანები ‘დამწუხრებულნი არიან სხვადასხვა განსაცდელის გამო’ (1 პეტრე 1:6). მოგვიანებით, ღვთის შთაგონებით დაწერილ პირველ წერილში, მან თქვა, რომ ‘ღვთის წყალობა მრავალმხრივ ვლინდება’ (1 პეტრე 4:10). გამოთქმა „მრავალმხრივ“, იგივე ბერძნული ფუძიდან არის ნაწარმოები. ერთი ბიბლეისტი ამ გამოთქმასთან დაკავშირებით ამბობს: «ამ გამოთქმაში ღრმა აზრია ჩადებული. . . ღვთის წყალობასთან „პიკილოსის“ გამოყენება ნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი სიტუაცია, რომლის მოგვარებაც ღვთის წყალობით არ იყოს შესაძლებელი». — შემდეგ ის დასძენს: შეუძლებელია არსებობდეს ისეთი სიტუაცია, კრიზისი, კრიტიკული მდგომარეობა ან სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემა, რომლის დროსაც ღვთის წყალობა გამოსავალს ვერ იპოვის და წარმატებით ვერ გაუმკლავდება მას. ამგვარად, ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რის მოგვარებაც ღვთის წყალობისთვის შეუძლებელია. ეს ექსპრესიული სიტყვა „პიკილოსი“ თვალნათლივ გვიჩვენებს ღვთის წყალობის მრავალფეროვნებას; ღვთის წყალობისა, რომელსაც ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეუძლია».

ღვთის წყალობა განსაცდელების ატანაში გვეხმარება

ღმერთი თავისი წყალობის გამოსავლენ ერთ-ერთ საშუალებად, ქრისტიანულ კრებაში გაერთიანებულ სხვადასხვა ადამიანს იყენებს (1 პეტრე 4:11). ღვთის თითოეული მსახური სულიერი ძღვენით, ანუ უნარით, არის დაჯილდოებული, რაც გამხნევების წყაროა მათთვის, ვინც განსაცდელების წინაშე დგას (რომაელები 12:6—8). მაგალითად, კრების ზოგიერთი წევრი ბიბლიის შესანიშნავი მასწავლებელია. მათ მიერ გონივრულად ნათქვამი სიტყვები ძალებს მატებს სხვებს და განსაცდელების ატანის საშუალებას აძლევს მათ (ნეემია 8:1—4, 8, 12). კრების სხვა წევრები სამწყემსო მონახულებას აკეთებენ და რეგულარულად აკითხავენ სახლში მათ, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება. ასეთი მონახულებები გამამხნევებელი, ‘გულების მანუგეშებელია’ (კოლოსელები 2:2). რწმენის განმამტკიცებელი ასეთი მონახულებებისას ზედამხედველები სულიერ ძღვენს სხვებს უწილადებენ (იოანე 21:16). გარდა ამისა, კრებებში არიან ისეთებიც, რომლებიც განსაცდელებით დამწუხრებული თანამორწმუნეების მიმართ სითბოს, თანაგრძნობისა და სათუთი გრძნობების გამოვლენით არიან ცნობილნი (საქმეები 4:36; რომაელები 12:10; კოლოსელები 3:10). მოსიყვარულე და-ძმების მიერ გამოვლენილი თანაგრძნობა და მათ მიერ გაწეული დახმარება ღვთის წყალობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა (იგავები 12:25; 17:17).

„ყოველგვარი ნუგეშის მამა“

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იეჰოვა გვაძლევს ნუგეშს. ის არის „ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4). ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვაში მოცემული სიბრძნე და იეჰოვას მიერ თავისი წმინდა სულის მეშვეობით მოცემული ძალა არის ძირითადი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც იეჰოვა ლოცვებზე გვპასუხობს (ესაია 30:18, 21; ლუკა 11:13; იოანე 14:16). ჩვენ შეგვიძლია განმტკიცებულნი ვიყოთ პავლე მოციქულის სიტყვებით, რომელიც მან ღვთის შთაგონებით დაწერა: „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13).

მართლაც, რა „ფერისაც“, ანუ ხასიათის, უნდა იყოს განსაცდელი, ყოველთვის იარსებებს „ფერი“, ანუ გამოხატულება, ღვთის წყალობისა, რომელიც მის ატანაში დაგვეხმარება. თავისი მსახურებისადმი იეჰოვას მიერ დროულად და სათანადოდ გამოვლენილი მხარდაჭერა — სხვადასხვაგვარი განსაცდელებისა თუ სირთულეების მიუხედავად — „ღვთის მრავალმხრივი სიბრძნის“ დამადასტურებელია (ეფესოელები 3:10). განა არ ეთანხმებით ამას?

[სურათები 31 გვერდზე]

იეჰოვა გვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ განსაცდელებს.