არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე გლობალურ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში

ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე გლობალურ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში

ბიოგრაფია

ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე გლობალურ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში

მოგვითხრო ანა მათეაკისმა

გემი ცეცხლის ალში იყო გახვეული. 171-მეტრიანი უზარმაზარი გემი რომ ჩაძირულიყო, ზღვის სიღრმეში დავინთქმებოდი. თავის გადასარჩენად გამალებით ვცურავდი და გაშმაგებით ვებრძოდი აბობოქრებულ ტალღებს. ერთადერთი გადასარჩენი საშუალება ის იყო, რომ მოვჭიდებოდი მაშველ ჟილეტს, რომლითაც სხვა მანდილოსანი მიცურავდა. ვლოცულობდი, რომ ღმერთს ძალა და გაბედულება მოეცა ჩემთვის. ეს იყო ყველაფერი, რის გაკეთებაც შემეძლო.

იდგა 1971 წელი. მესამე მისიონერული დავალების შესასრულებლად იტალიაში ვბრუნდებოდი. გემის დაღუპვისას ყველაფერი დავკარგე, რაც კი გამაჩნდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი — სიცოცხლე, მოსიყვარულე ქრისტიანული საძმო და იეჰოვას მსახურების შესანიშნავი შესაძლებლობა — არ დამიკარგავს. ასეთი მსახურების წყალობით სამ კონტინენტზე ვიმსახურე. ზემოთ მოხსენიებული გემის დაღუპვა ერთ-ერთი იყო იმ არასასიამოვნო შემთხვევებიდან, რომლებიც ცხოვრებაში გადამხდა.

დავიბადე 1922 წელს. ჩემი ოჯახი ცხოვრობდა რამალაჰში, რომელიც იერუსალიმის ჩრდილოეთით დაახლოებით 16 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მართალია ჩემი მშობლები კრეტას კუნძულიდან იყვნენ, მაგრამ მამა ნაზარეთში გაიზარდა. სამ ძმასა და ორ დას შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი. ჩვენს ოჯახს შუათანა ძმის სიკვდილმა თავზარი დასცა. ის მდინარე იორდანეში დაიხრჩო, როცა სკოლიდან ექსკურსიაზე წაიყვანეს. ამ ტრაგედიის შემდეგ დედას რამალაჰში დარჩენა აღარ უნდოდა და საცხოვრებლად ათენში (საბერძნეთი) გადავედით; მაშინ სამი წლის ვიყავი.

ჩვენი ოჯახი იგებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას

საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ, ჩემი უფროსი ძმა ნიკოსი, რომელიც მაშინ 22 წლის იყო, შეხვდა ბიბლიის მკვლევარებს (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს). ბიბლიური ცოდნის მიღებამ მას დიდი სიხარული მოუტანა; ის დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა ქრისტიანულ მსახურებაში. ამან მამა ძალიან განარისხა და ნიკოსი სახლიდან გააგდო. მიუხედავად ამისა, მამის პალესტინაში ყოფნის დროს მე, დედა და ჩემი და, არიადნა, ნიკოსს ქრისტიანულ შეხვედრებზე დავყვებოდით. ახლაც კარგად მახსოვს, თუ რა ენთუზიაზმით ესაუბრებოდა დედა სხვებს იმის შესახებ, რასაც ასეთ შეხვედრებზე ისმენდა. მალე ის კიბოთი დაავადდა და 42 წლის ასაკში დაიღუპა. ამ მძიმე პერიოდში არიადნა სიყვარულით ზრუნავდა ოჯახზე. მართალია ის ახალგაზრდა იყო, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში დედასავით მედგა მხარში.

მამას ყოველთვის დავყავდი მართლმადიდებლურ ეკლესიაში, როცა ის ათენში იყო. მისი დაღუპვის შემდეგაც კი განვაგრძობდი ეკლესიაში სიარულს, ოღონდ იშვიათად. დავინახე, რომ ეკლესიაში ღვთისადმი ერთგულებას არ ავლენდნენ, ამიტომ გადავწყვიტე, ეკლესიაში აღარ მევლო.

მამის გარდაცვალების შემდეგ ფინანსთა სამინისტროში მუდმივი სამუშაო ვიშოვე. ჩემმა ძმამ თავისი ცხოვრება სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობას მიუძღვნა და მრავალი წელი საბერძნეთში მსახურობდა. 1934 წელს ის კვიპროსში გადავიდა, რადგან ამ კუნძულზე იეჰოვას მონათლული მოწმეები არ იყვნენ. ასე რომ, მას შესაძლებლობა მიეცა, სამქადაგებლო საქმიანობის წინ წასაწევად ამ ტერიტორიაზე ემსახურა. დაქორწინების შემდეგ მისმა მეუღლემ, გალატიამაც დაიწყო სრული დროით მსახურება *. ნიკოსი ხშირად გვიგზავნიდა ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს, წიგნებსა და ჟურნალებს, მაგრამ იშვიათად თუ ვნახულობდით დროს მათ წასაკითხად. ის სიკვდილამდე კვიპროსში დარჩა.

ბიბლიური ჭეშმარიტების გათავისება

1940 წელს ნიკოსის მეგობარმა, ათენში მცხოვრებმა გულმოდგინე მოწმემ, ჯორჯ დურასმა, მოგვინახულა და პატარა ჯგუფთან ერთად ბიბლიის შესწავლა შემოგვთავაზა. ჩვენ დიდი სიხარულით დავთანხმდით. მალე სხვებს ვუყვებოდით იმას, რასაც ვსწავლობდით. ბიბლიური ცოდნის მიღების შემდეგ, მე და ჩემი და აღძრულები ვიყავით, ჩვენი სიცოცხლე იეჰოვასთვის მიგვეძღვნა. არიადნა 1942 წელს მოინათლა, მე კი — 1943 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ნიკოსმა კვიპროსში მიგვიწვია და 1945 წელს საცხოვრებლად ნიქოზიაში (კვიპროსი) გადავედით. საბერძნეთისგან განსხვავებით, კვიპროსში სამქადაგებლო საქმიანობა აკრძალული არ იყო. ჩვენ ვქადაგებდით არა მარტო კარდაკარ, არამედ ქუჩაშიც.

ორი წლის შემდეგ არიადნა საბერძნეთში დაბრუნდა. აქ ის თანამორწმუნეზე დაქორწინდა და დარჩა ათენში. მალე ჩემმა დამ და სიძემ აღმძრეს, რომ საბერძნეთში დავბრუნებულიყავი და დედაქალაქში სრული დროით მემსახურა. ყოველთვის მინდოდა, რომ პიონერი ვყოფილიყავი, ამიტომ, დავბრუნდი ათენში, სადაც დიდი მოთხოვნილება იყო.

მსახურების გაფართოების შესაძლებლობა

1947 წლის 1 ნოემბერს დავიწყე პიონერული მსახურება. ყოველთვიურად 150 საათს ვქადაგებდი. ჩვენს კრებას დიდი ტერიტორია ჰქონდა და ფეხით დიდი მანძილის გავლა მიწევდა. მიუხედავად ამისა, ბევრი კურთხევა მქონდა. პოლიცია ხშირად აპატიმრებდა მოწმეებს, რომლებიც სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობდნენ ან ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებოდნენ. ამიტომ ცოტა ხანში მეც დამაკავეს.

მათ პროზელიტიზმში დამადანაშაულეს, რაც იმ დროისთვის სერიოზულ ბრალდებად ითვლებოდა. ორი თვით პატიმრობა მომისაჯეს ათენში, ავეროფის ქალთა ციხეში, სადაც სხვა მოწმე დაც იმყოფებოდა. ციხეში ყოფნის მიუხედავად, ორივეს გვქონდა შესაძლებლობა, შესანიშნავი და გამამხნევებელი ქრისტიანული ურთიერთობით დავმტკბარიყავით. სასჯელის მოხდის შემდეგ სიხარულით განვაგრძე პიონერული მსახურება. ძალიან მიხარია, რომ ბევრი მათგანი, ვისთანაც ბიბლიის შესწავლებს ვატარებდი, დღემდე ერთგულად ემსახურება იეჰოვას.

1949 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-16 კლასში მიმიწვიეს (ეს სკოლა მისიონერებად ამზადებს სრული დროით მსახურებს). ამან მე და ჩემი ნათესავები ძალიან გაგვახარა. დავგეგმე, რომ 1950 წლის ზაფხულში დავსწრებოდი საერთაშორისო კონგრესს ნიუ-იორკში და შემდეგ გალაადში წავსულიყავი.

შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდეგ შესაძლებლობა მქონდა, ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში რამდენიმე თვით მემსახურა, სადაც და-ძმების ოთახებს ვალაგებდი. იქ სუფთა, სასიამოვნო და გამამხნევებელი გარემო იყო; მომღიმარი და-ძმებით ვიყავი გარშემორტყმული. ყოველთვის დიდი სიყვარულით ვიხსენებ იქ გატარებულ ექვს თვეს. ამის შემდეგ დავესწარი „გალაადის“ სკოლას, სადაც ინტენსიური სწავლების ხუთმა თვემ სწრაფად განვლო. სტუდენტებს შესაძლებლობა გვქონდა, დავფიქრებულიყავით, თუ რამდენად ფასდაუდებელია ბიბლიური შემეცნება, რომელიც უფრო მეტად გვავსებს სიხარულით და აღგვძრავს, რომ სხვებს სიცოცხლის მომცემი ჭეშმარიტება გავუზიაროთ.

ვიწყებ მისიონერულ მსახურებას

მისიონერად დანიშვნამდე გალაადის სკოლაში მომავალი თანამშრომლების არჩევის საშუალება გვქონდა. ჩემი პარტნიორი იყო შესანიშნავი და რუთ ჰემიგი (ახლა ბოშართი). მე და რუთმა ძალიან გავიხარეთ, როცა სტამბოლში (თურქეთი) დაგვნიშნეს — აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე! ვიცოდით, რომ ამ ქვეყანაში სამქადაგებლო საქმიანობა ჯერ არ იყო კანონიერად აღიარებული, მაგრამ დარწმუნებულნი ვიყავით, იეჰოვა დაგვიჭერდა მხარს.

სტამბოლი ლამაზი, კოსმოპოლიტური ქალაქია ათასგვარი საქონლით გადაჭედილი ბაზრებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მრავალგვარი საუკეთესო კერძით, საინტერესო მუზეუმებით, მიმზიდველი გარემოთი და საუცხოო სანაპირო ზოლით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქაურ გულწრფელ ადამიანებს ღვთის შესახებ უფრო მეტის გაგების სურვილი ჰქონდათ. სტამბოლში მოწმეთა პატარა ჯგუფი ძირითადად სომხებისგან, ბერძნებისა და ებრაელებისგან შედგებოდა. მიუხედავად ამისა, სტამბოლში ბევრი სხვა ეროვნების ადამიანიც იყო, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ცოტ-ცოტა ამ ენებზეც გვესაუბრა, მათ შორის თურქულზეც. ძალიან სასიამოვნო იყო სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ჭეშმარიტებას იყვნენ მოწყურებულნი. ბევრი მათგანი დღესაც ერთგულად ემსახურება იეჰოვას.

სამწუხაროდ, რუთს იქ დარჩენის ნება აღარ დართეს და მას ქვეყნის დატოვება მოუწია. რუთმა სრული დროით მსახურება შვეიცარიაში განაგრძო. მთელი შემდგომი წლების განმავლობაში ძალიან მაკლდა მასთან ურთიერთობა, რაც სასიამოვნო და გამამხნევებელი იყო.

სხვა ნახევარსფეროში გადასვლა

1963 წელს თურქეთში დარჩენის ნება აღარ დამრთეს. ძალიან გამიჭირდა თანამორწმუნეების დატოვება, რომლებმაც, სირთულეების მიუხედავად, ჩემ თვალწინ წაიწიეს სულიერად. ჩემმა ნათესავებმა დიდი თანაგრძნობა გამოავლინეს იმით, რომ კონგრესზე დასასწრებად ნიუ-იორკამდე გზის საფასური გადამიხადეს. ჩემი ახალი დავალების შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი.

კონგრესის შემდეგ ლიმაში (პერუ) დამნიშნეს. ახალგაზრდა დასთან ერთად, რომელთანაც უნდა მეთანამშრომლა, ნიუ-იორკიდან ახალი დანიშნულების ადგილზე წავედი. ვისწავლე ესპანური ენა და ვცხოვრობდი მისიონერთა სახლში, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მდებარეობდა. ძალიან სასიამოვნო იყო იქ ქადაგება და ადგილობრივ და-ძმებთან ახლოს გაცნობა.

ახალი დავალება, ახალი ენა

ჩემს ნათესავებს, რომლებიც საბერძნეთში ცხოვრობდნენ, დროთა განმავლობაში ასაკი მოემატათ და ჯანმრთელობა შეერყათ. მათ სრული დროით მსახურების შეწყვეტა არასოდეს უთხოვიათ და არასოდეს უთქვამთ, რომ დავბრუნებოდი ეგრეთ წოდებულ ნორმალურ ცხოვრებას და მათზე მეზრუნა. მიუხედავად ამისა, ბევრი ლოცვისა და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემს ოჯახთან ახლოს მემსახურა. პასუხისმგებელი ძმები სიყვარულით დამთანხმდნენ და იტალიაში დამნიშნეს. ნათესავებმა მითხრეს, რომ ხარჯებს ისინი დაფარავდნენ. იტალიაში მქადაგებლების დიდი საჭიროება იყო.

კვლავ მომიწია ახალი ენის, იტალიურის, შესწავლა. პირველად ქალაქ ფოჯაში დამნიშნეს. მოგვიანებით კი გადავედი ნეაპოლში, სადაც უფრო დიდი საჭიროება იყო. ვმსახურობდი ნეაპოლის ყველაზე ლამაზ ნაწილში, პოსილიპოში. ეს საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, სადაც მხოლოდ სამეფოს ერთი მაუწყებელი იყო. იქ მსახურება ძალიან მომეწონა. იეჰოვას დახმარებით ბიბლიის ბევრი შესწავლა დავიწყე. დროთა განმავლობაში ამ ტერიტორიაზე დიდი კრება ჩამოყალიბდა.

ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან ბიბლიის შესწავლა პირველად დაიწყო ერთმა ქალმა ოთხ შვილთან ერთად. ის და მისი ორი ქალიშვილი დღესაც იეჰოვას მოწმეები არიან. ბიბლიის შესწავლას ასევე ვატარებდი დაქორწინებულ წყვილთან, რომელთაც პატარა გოგონა ჰყავდათ. მთელი ოჯახი სულიერად გაიზარდა. ისინი მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლნენ. მათი ქალიშვილი იეჰოვას ერთგულ მსახურზე დაქორწინდა და ისინი მთელი გულით ემსახურებიან ღმერთს. როდესაც ერთ დიდ ოჯახში ბიბლიის შესწავლას ვატარებდი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რა დიდი ძალა აქვს ღვთის სიტყვას. რამდენიმე ბიბლიური მუხლის წაკითხვის შემდეგ, სადაც ნაჩვენები იყო, რომ ღმერთი არ იწონებს თაყვანისცემისას გამოსახულებების გამოყენებას, დედამ შესწავლის დამთავრებასაც კი არ დაუცადა, დაუყოვნებლივ გავიდა და, რაც კი სახლში ხატები ჰქონდათ, ყველა გადაყარა!

საფრთხეში ზღვაზე

იტალიიდან საბერძნეთში, ან პირიქით, ყოველთვის გემით ვმგზავრობდი. ზღვით მგზავრობა ჩვეულებრივ ძალიან სასიამოვნო იყო. მაგრამ 1971 წლის ზაფხულში არასასიამოვნო რამ შეგვემთხვა. იტალიაში ვბრუნდებოდი გემით „ელეანა“. 28 აგვისტოს, დილით ადრე, გემის სამზარეულოში ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად მოედო ყველაფერს და მგზავრები პანიკაში ჩაცვივდნენ. ქალებს გული მისდიოდათ, ბავშვები ტიროდნენ, კაცები კი პროტესტის ნიშნად იმუქრებოდნენ. ხალხი გემბანის ყოველ მხარეს მაშველი ნავებისკენ გარბოდა. მაგრამ იქ არ იყო საკმარისი მაშველი ჟილეტი და მაშველი ნავების ზღვაში ჩასაშვები მოწყობილობა მწყობრიდან იყო გამოსული. არც მე მქონდა მაშველი ჟილეტი, მაგრამ ალი ისე სწრაფად მოედო ყველაფერს, რომ ერთადერთი, რის გაკეთებაც შემეძლო, ზღვაში გადახტომა იყო.

როგორც კი ზღვაში აღმოვჩნდი, დავინახე ერთი ქალი, რომელიც წყალზე ტივტივებდა. მას მაშველი ჟილეტი ჰქონდა. როგორც ჩანდა, მან ცურვა არ იცოდა. ხელი ჩავავლე მას მკლავში და შორს გავიყვანე გემიდან, რომელიც იძირებოდა. ზღვის ღელვა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ამიტომ იმის მცდელობამ, რომ არ ჩავძირულიყავი, ძალები გამომაცალა. მდგომარეობა უიმედო ჩანდა, მაგრამ იეჰოვას ვთხოვდი გაბედულებას, რამაც ძალები შემმატა. გამახსენდა პავლე მოციქული, რომელმაც გემის დაღუპვა გადაიტანა (საქმეები, თავი 27).

ხელი ჩემი თანამგზავრისთვის მქონდა ჩაჭიდებული და ოთხი საათის განმავლობაში ვებრძოდი ტალღებს; ძალები რომ მომეცემოდა, ვცურავდი, თან დახმარებისთვის იეჰოვას მივმართავდი. ბოლოს პატარა ნავი მოგვიახლოვდა. მე გადავრჩი, მაგრამ ჩემი თანამგზავრი უკვე მკვდარი იყო. ქალაქ ბარს (იტალია) რომ მივუახლოვდით, საავადმყოფოში წამიყვანეს, სადაც პირველი დახმარება აღმომიჩინეს. საავადმყოფოში რამდენიმე დღე დავრჩი. მრავალი მოწმე მოდიოდა ჩემს მოსანახულებლად, რომელთაც მთელი გულით მოჰქონდათ ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. მათ მიერ გამოვლენილმა ქრისტიანულმა სიყვარულმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, ვინც ჩემს პალატაში იწვა *.

გამოჯანმრთელების შემდეგ რომში დამნიშნეს. მთხოვეს, რომ ქალაქის ცენტრში საქმიან უბანზე მექადაგა, რასაც იეჰოვას დახმარებით ხუთი წლის განმავლობაში ვაკეთებდი. იტალიაში ოცი წელი ვიმსახურე და იქაური ხალხი ძალიან შემიყვარდა.

უკან დაბრუნება

დროთა განმავლობაში არიადნასა და მისი მეუღლის ჯანმრთელობა გაუარესდა. ვფიქრობდი, ახლოს რომ მეცხოვრა, რაღაცით მაინც შევძლებდი ჩემდამი მათ მიერ სიყვარულით გამოვლენილი სიკეთისთვის სამაგიეროს გადახდას. გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან გამიჭირდა იტალიის დატოვება. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებელი ძმების ნებართვით 1985 წლის ზაფხულიდან ათენში ვმსახურობ პიონერად, სადაც 1947 წელს პირველად დავიწყე სრული დროით მსახურება.

ქადაგებას ჩემი კრების ტერიტორიაზე შევუდექი და ასევე ფილიალში მომსახურე ძმებს ვკითხე, თუ შეიძლებოდა, რომ საქმიან უბანზეც მექადაგა ქალაქის ცენტრში. ასე ვმსახურობდი ერთ პიონერ დასთან ერთად სამი წლის განმავლობაში. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, საფუძვლიანად დაგვემოწმებინა იმ ადამიანებთან, რომლებიც სახლში იშვიათად გვხვდებოდნენ.

რაც დრო გადიოდა, მსახურების სურვილი სულ უფრო მიძლიერდებოდა, მაგრამ ფიზიკური ძალები მელეოდა. დღესდღეობით ჩემი სიძე ცოცხალი აღარ არის, არიადნამ, რომელიც დედასავით მედგა მხარში, მხედველობა დაკარგა, მე კი ჯანმრთელობა ხელს მხოლოდ მაშინ მიწყობდა, როცა სრული დროით ვმსახურობდი. ახლახან მარმარილოს კიბეზე დავეცი და მარჯვენა ხელი და მენჯი მოვიტეხე. მომიწია ოპერაციის გაკეთება და დიდი ხნის განმავლობაში წოლითი რეჟიმი მქონდა. ახლა თავისუფლად სიარული აღარ შემიძლია, რის გამოც ხელჯოხს ვატარებ და გარეთ სხვისი დახმარების გარეშე ვერ გავდივარ. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია და იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელობა გამიუმჯობესდება. ასეთ შეზღუდულ მდგომარეობაშიც კი ბიბლიის საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობა ბედნიერებასა და კმაყოფილებას მანიჭებს.

სრული დროით მსახურებაში გატარებული შესანიშნავი წლების გახსენებისას გული იეჰოვასადმი მადლიერებით მევსება. ღმერთი და მისი მიწიერი ორგანიზაცია საიმედო ხელმძღვანელობასა და დიდ დახმარებას გვიწევს, რამაც იმის საშუალება მომცა, რომ სრულად გამომეყენებინა ჩემი ძალები და მთელი ცხოვრება მისადმი მსახურებაში გამეტარებინა. ძალიან მინდა, იეჰოვამ ძალა მომცეს, რომ მისადმი მსახურება კვლავაც განვაგრძო. ბედნიერი ვარ, რომ მცირე წვლილი შევიტანე გლობალურ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში, რომელსაც ღმერთი ხელმძღვანელობს (მალაქია 3:10).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 იხილეთ 1995 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“, გვერდები 73—89 (ინგლ.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 34 უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1972 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 12—16 (ინგლ.).

[სურათი 9 გვერდზე]

არიადნასა და მის მეუღლესთან, მიქალისთან, ერთად გალაადში სწავლის დაწყებამდე.

[სურათი 10 გვერდზე]

მე და რუთ ჰემიგი სტამბოლში (თურქეთი) ვმსახურობდით.

[სურათი 11 გვერდზე]

იტალია, 70-იანი წლების დასაწყისი.

[სურათი 12 გვერდზე]

ჩემს დასთან, არიადნასთან, ერთად დღეს.