ისინი მზად არიან იმსახურონ იქ, სადაც საჭიროა
ისინი მზად არიან იმსახურონ იქ, სადაც საჭიროა
„შენი ხალხი მოხალისედ წამოვა“ (ფსალმუნები 109:3). ამ სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 118-ე კლასის 46 სტუდენტისთვის. როგორ მოხვდნენ ისინი ამ სკოლაში, რომელიც მისიონერებს უცხო ქვეყნებში მცხოვრებთა სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ამზადებს? მაიკი და სტასი, 118-ე კლასის სტუდენტები, გვიზიარებენ: „გადავწყვიტეთ, ცხოვრება გაგვემარტივებინა. შედეგად ხელის შემშლელი მიზეზები შეგვიმცირდა და სულიერის პირველ ადგილზე დაყენების შესაძლებლობა მოგვეცა. მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, ბიზნესი არ გამხდარიყო ჩვენთვის მთავარი და არ დაეჩრდილა სულიერი მიზნები“. ამ კლასის სხვა სტუდენტებმა მაიკისა და სტასის მსგავსი სულისკვეთება გამოავლინეს; ისინი მზად არიან, სამეფოს მაუწყებლებად იმსახურონ ოთხ სხვადასხვა კონტინენტზე.
გამოსაშვები პროგრამა 2005 წლის 12 მარტს, შაბათს, მოისმინა 6 843 ადამიანმა. პროგრამას თეოდორ იარაჩი, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, თავმჯდომარეობდა. მას შემდეგ, რაც გულთბილად მიესალმა 28 ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად ფასდაუდებელია ბიბლიური განათლება. ძმა იარაჩმა ამერიკელი სწავლულის, უილიამ ლაიონ ფელფსის, სიტყვები მოიყვანა: „მას, ვისაც ღრმად ესმის ბიბლია, ნამდვილად შეიძლება ეწოდოს განათლებული“. თუმცა ქვეყნიური განათლება შესაძლოა სასარგებლო იყოს, ბიბლიურ განათლებას არაფერი შეედრება. ის ეხმარება ადამიანებს ღვთის შესახებ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების მიღებაში (იოანე 17:3). ძმა იარაჩმა შეაქო კურსდამთავრებულები, რომლებიც მზად არიან, უფრო მეტი წვლილი შეიტანონ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში, რომელიც იეჰოვას მოწმეთა 98 000-ზე მეტ კრებაში ხორციელდება.
სტუდენტთა დროული გამხნევება
პროგრამის თავმჯდომარის შესავალი სიტყვების შემდეგ აუდიტორიის წინაშე წარსდგა უილიამ სამუელსონი, რომელმაც წაიკითხა მოხსენება „როგორ შეგიძლიათ დაემსგავსოთ ღვთის სახლში დარგულ ამწვანებულ ზეთისხილის ხეს?“, რომელიც დაფუძნებული იყო ფსალმუნების 51:10–ზე. მან აღნიშნა, რომ ბიბლიაში ზეთისხილის ხე ნაყოფიერების, სილამაზისა და დიდებულების სიმბოლოდ გამოიყენება (იერემია 11:16). მომხსენებელმა სტუდენტები ზეთისხილის ხეებს შეადარა და აღნიშნა: „იეჰოვას თვალში ლამაზები და მოსაწონები იქნებით, თუ სამეფოს შესახებ დამოწმებით ერთგულად შეასრულებთ მისიონერულ მსახურებას“. როგორც ზეთისხილის ხეს ესაჭიროება ძლიერი ფესვები, რათა გვალვას გადაურჩეს, ასევე სტუდენტებს ესაჭიროებათ „სულიერი ფესვების“ გამაგრება, რათა გაუძლონ გულგრილობას, წინააღმდეგობას ან სხვა გამოცდებს, რომლებსაც შესაძლოა უცხო ქვეყანაში მსახურებისას წააწყდნენ (მათე 13:21; კოლოსელები 2:6, 7).
ამის შემდეგ ჯონ ბარი, პროგრამაში მონაწილე ხელმძღვანელი საბჭოს სამი წევრიდან ერთ–ერთი, გამოვიდა მოხსენებით „თქვენ ხართ მიწის მარილი“ (მათე 5:13). მან აღნიშნა, რომ როგორც მარილი იცავს საჭმელს გაფუჭებისგან, ისე მისიონერებს შეუძლიათ გადაარჩინონ და დაიცვან მორალური და სულიერი დაცემისგან ისინი, რომლებიც ისმენენ სასიხარულო ცნობას. შემდეგ ძმა ბარმა გულთბილად მოუწოდა კურსდამთავრებულებს, რომ ყველასთან „მშვიდობიანად“ ყოფილიყვნენ (მარკოზი 9:50). „განივითარეთ სულის ნაყოფები და შეეცადეთ, რომ თქვენს საქციელსა და საუბარში ყოველთვის ჩანდეს თავაზიანობა და ყურადღებიანობა“, — ურჩია მომხსენებელმა სტუდენტებს.
„იკვლიეთ ღვთის სიღრმეები, როგორც ხომალდი მიიკვლევს გზას ღრმა წყლებში“, — ამ მოხსენებით წარსდგა მსმენელთა წინაშე უოლეს ლივერანსი, გალაადის სკოლის ერთ–ერთი მასწავლებელი. როგორც ღრმა წყალში მიდის ხომალდი სწორი მიმართულებით, ისე „ღვთის სიღრმეების“ — ღვთის განზრახვასა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული ჭეშმარიტების — გაგება ეხმარება ადამიანს სულიერ წინსვლაში (1 კორინთელები 2:10). თუ გამუდმებით წყალმარჩხ ადგილებში ვცურავთ, ანუ მხოლოდ „ღვთის წმინდა სიტყვების საფუძვლებით“ ვკმაყოფილდებით, ამან შეიძლება სულიერად მოგვასუსტოს და იქამდეც კი მიგვიყვანოს, რომ ‘რწმენა ხომალდივით დაგვემსხვრეს’ (ებრაელები 5:12, 13; 1 ტიმოთე 1:19). «დაე „ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე“ დაგეხმაროთ, რომ არ მიატოვოთ მისიონერული მსახურება», — ასე დაასრულა მოხსენება ძმა ლივერანსმა (რომაელები 11:33).
შემდეგ მარკ ნიუმარი, გალაადის სკოლის სხვა მასწავლებელი, გამოვიდა მოხსენებით „აფასებთ თქვენს მემკვიდრეობას?“ 60 წელზე მეტი ხნის მანძილზე „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა გალაადი ავტორიტეტითა და შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობს, რადგან ამ სკოლის კურსდამთავრებულები უამრავ კარგს მოწმობენ (დაბადება 31:48). ეს ძვირფასი მემკვიდრეობა გალაადმა 118–ე კლასის სტუდენტებსაც გადასცა. ძმა ნიუმარმა მოუწოდა მათ, ნეემიას დღეებში მცხოვრები თეკოაყელებისთვის მიებაძათ და თავმდაბლურად ეთანამშრომლათ ადგილობრივ კრებასთან თუ სხვა მისიონერებთან. კურსდამთავრებულებს დარიგება მიეცათ, რომ მორიდებოდნენ ნეემიას მიერ მოხსენიებული ამაყი „დიდებულების“ მსგავსი თვალსაზრისის გამოვლენას და მზად ყოფილიყვნენ, ზედმეტი ყურადღების მიპყრობის გარეშე, მოკრძალებით შეესრულებინათ თავიანთი საქმე (ნეემია 3:5).
სასარგებლო შემთხვევები და ინტერვიუები
პროგრამის მომდევნო ნაწილის სახელწოდება იყო „ღვთის სიტყვა ვრცელდებოდა“ (საქმეები 6:7). გალაადის სკოლის მასწავლებლის, ლორენს ბოუენის, ორგანიზებით სტუდენტებმა სამქადაგებლო მსახურების იმ შემთხვევების ინსცენირებები მოაწყვეს, რომლებიც სკოლაში სწავლის პერიოდში ჰქონდათ. ამ შემთხვევებმა ცხადყო, რომ სტუდენტები ღვთის სიტყვას გულმოდგინედ ქადაგებდნენ და იეჰოვამ უხვად აკურთხა მათი მცდელობა.
რიჩარდ ეშმა ინტერვიუ აიღო ბეთელის ოჯახის წევრებისგან, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სკოლის სტუდენტებთან. მათი კომენტარებიდან გამოიკვეთა, თუ როგორ ეხმარება ბეთელის ოჯახი გალაადის სტუდენტებს, რომ სკოლიდან მაქსიმალური სარგებლობა მიიღონ. ჯეფრი ჯეკსონმა კი ინტერვიუ აიღო მათგან, ვინც წლების წინ დაამთავრა გალაადის სკოლა. მათ აღნიშნეს, რომ მისიონერად მსახურება ღვთის მსახურს იეჰოვას განდიდების უამრავ შესაძლებლობას აძლევს. ერთმა მათგანმა თქვა: „როგორც მისიონერებს, ხალხი ყველაფერში გაკვირდებათ. ისინი გისმენენ, თვალყურს გადევნებენ და ყველაფერს იმახსოვრებენ“. ამიტომ სტუდენტებს მოუწოდეს, ყოველთვის ხსომებოდათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, კარგი მაგალითი მიეცათ სხვებისთვის. უდავოა, რომ ამ გონივრული რჩევის გათვალისწინება თავის დროზე სასარგებლო აღმოჩნდება სტუდენტებისთვის.
ბოლო მოხსენება წაიკითხა სტივენ ლეტმა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა. მისი მოხსენების სათაური იყო «უწილადეთ სხვებს „სიცოცხლის წყალი“» (იოანე 7:38). მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გასული ხუთი თვის მანძილზე სტუდენტებმა დიდი სარგებლობა მიიღეს, რადგან ღვთის სიტყვის სიღრმეებს დაეწაფნენ. როგორ უნდა გამოიყენონ ახალდანიშნულმა მისიონერებმა მიღებული ცოდნა? ძმა ლეტმა მოუწოდა კურსდამთავრებულებს, უანგაროდ უწილადონ ეს სულიერი წყლები სხვებს, რათა ‘მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცეს მათში’ (იოანე 4:14). შემდეგ მომხსენებელმა დასძინა: «არასოდეს დაგავიწყდეთ იეჰოვასთვის, „ცოცხალი წყლის წყაროსთვის“, ისეთი პატივისა და დიდების მიგება, როგორსაც ის იმსახურებს. მოთმინებით ასწავლეთ მათ, ვინც გამოდის განადგურების პირას მყოფი დიდი ბაბილონიდან» (იერემია 2:13). ძმა ლეტმა დასკვნით სიტყვებში მოუწოდა კურსდამთავრებულებს, სულისა და პატარძლის მსგავსად, კვლავაც მთელი გულით მოიწვიონ ადამიანები: «„მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:16, 17).
პროგრამის ბოლოს ძმა იარაჩმა აუდიტორიას მოკითხვები გადასცა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყო გამოგზავნილი. ამის შემდეგ კი ერთმა სტუდენტმა მთელი კლასის სახელით მადლიერების გამომხატველი წერილი წაიკითხა.
თქვენც ხართ მზად, იმსახუროთ იქ, სადაც უფრო მეტი საჭიროებაა? თუ ასეა, ამ კურსდამთავრებულების მსგავსად, სულიერი მიზნები დაისახეთ. თქვენც განიცადეთ ის სიხარული და კმაყოფილება, რაც ღვთისთვის მზადყოფნით მსახურებას მოაქვს — იქნება ეს მისიონერად თუ საკუთარ ქვეყანაში სამეფოს მაუწყებლად მსახურება.
[ჩარჩო 13 გვერდზე]
კლასის სტატისტიკური მონაცემები
წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 8
ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 19
სტუდენტების რაოდენობა: 46
საშუალო ასაკი: 33, 0
ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 16, 5
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 12, 9
[სურათი 15 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 118-ე კლასი
რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.
1) ა. ბრაკმაირი, ს. მელოუნი, ნ. საიმონდსი, ი. ლოპესი, კ. ჰოუარდი; 2) ტ. ჯაჟდრებსკი, დ. ბრაუნი, ჰ. ჰერნანდესი, ა. მალაგონი, ა. ჯოუნზი, ლ. კანელი; 3) ჯ. ჰოუარდი, ე. ლარუ, ბ. შამსი, ს. ჰეისი, ო. ბრაუნი; 4) ჯ. ბერელი, მ. ჰამერი, ა. მაიერი, კ. კიმი, რ. სტენლი, რ. რაინი; 5) პ. ჯაჟდრებსკი, კ. ზილევეცი, შ. ფერესი, ბ. ტორესი, ფ. ტორესი; 6) ჯ. კანელი, რ. ჰერნანდესი, მ. მელოუნი, ჯ. მალაგონი, რ. შამსი, ჯ. ჰეისი; 7) ა. ფერისი, ჯ. ჰამერი, გ. სტენლი, ჩ. კიმი, ს. საიმონდსი, დ. ლოპესი, დ. ბერელი; 8) დ. ბრაკმაირი, ჯ. მაიერი, შ. რაინი, ს. ზილევეცი, რ. ჯოუნზი, ჯ. ლარუ.