არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მესამე მეფეთა“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მესამე მეფეთა“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მესამე მეფეთა“

„მართალთა განდიდებისას ხარობს ხალხი, ხოლო უკეთურთა ბატონობისას კვნესის ხალხი“ (იგავები 29:2). ბიბლიის წიგნი „მესამე მეფეთა“ თვალნათლივ გვიჩვენებს ამ იგავის ჭეშმარიტებას. მასში აღწერილია სოლომონის ცხოვრება, რომლის მეფობის პერიოდშიც ისრაელი უსაფრთხოებითა და დიდი კეთილდღეობით ხარობს. წიგნ „მესამე მეფეთაში“ ასევე მოთხრობილია, რომ სოლომონის სიკვდილის შემდეგ სამეფო ორად იყოფა და 14 მეფიდან ზოგი ისრაელში მმართველობს, ზოგი კი იუდაში. ამ მეფეთაგან მხოლოდ ორი ემსახურებოდა იეჰოვას ერთგულად. ამასთანავე, წიგნში მოხსენიებულია ექვსი წინასწარმეტყველი, მათ შორის ელია.

ეს წიგნი წინასწარმეტყველმა იერემიამ იერუსალიმსა და იუდაში დაწერა და დაახლოებით 129-წლიან — ძვ. წ. 1040—911 წლამდე — პერიოდს მოიცავს. წიგნის შედგენისას იერემია, როგორც ჩანს, ისეთი ძველი ჩანაწერებით სარგებლობდა, როგორიცაა „სოლომონის საქმეთა წიგნი“. ამ ჩანაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია (3 მეფეთა 11:41; 14:19; 15:7).

ბრძენი მეფის წყალობით ისრაელში მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევს

(3 მეფეთა 1:1—11:43)

წიგნი „მესამე მეფეთა“ იწყება საინტერესო ამბით იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს დავითის ძე, ადონია, მამამისის სამეფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ნათან წინასწარმეტყველის გაბედული მოქმედებით მისი გეგმა იფუშება და დავითის ძე, სოლომონი, ადის ტახტზე. იეჰოვა იწონებს ახლად გამეფებული სოლომონის თხოვნას და მას ‘ბრძენ და გონიერ გულს’ და ასევე ‘სიმდიდრესა და დიდებას’ აძლევს (3 მეფეთა 3:12, 13). მეფეს სიბრძნესა და სიმდიდრეში ბადალი არა ჰყავს. ისრაელში მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევს.

სოლომონი ამთავრებს იეჰოვას ტაძრისა და სხვადასხვა სამეფო შენობის მშენებლობას. იეჰოვა ეუბნება სოლომონს: „განვამტკიცებ შენს ტახტს ისრაელში საუკუნოდ“, და ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ის ერთგულებას შეინარჩუნებდა (3 მეფეთა 9:4, 5). ჭეშმარიტი ღმერთი ასევე აფრთხილებს მას, თუ რა შედეგები მოჰყვება დაუმორჩილებლობას. მიუხედავად ამისა, სოლომონს ცოლად მოჰყავს მრავალი უცხოელი ქალი. ის მათ გავლენაში ექცევა და სიბერეში ცრუ თაყვანისმცემლობას იწყებს. იეჰოვა წინასწარმეტყველებს, რომ მისი სამეფო გაიყოფა. ძვ. წ. 997 წელს სოლომონი კვდება და მისი 40–წლიანი მეფობა მთავრდება. ტახტზე სოლომონის ძე, რობოამი (რეხაბყამი) ადის.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:5რატომ ცდილობდა ადონია ტახტის ხელში ჩაგდებას, როცა დავითი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო? ბიბლია არაფერს ამბობს ამის შესახებ. მიუხედავად ამისა, გონივრულია დავასკვნათ, რომ, რამდენადაც ადონიას უფროსი ძმები ყამნონი და აბესალომი, ალბათ, დავითის ძე, ქილეაბიც, უკვე მკვდრები იყვნენ, ადონია ფიქრობდა, რომ მას გამეფების უფლება ჰქონდა, რადგან დავითის დარჩენილ ძეებს შორის ის უფროსი იყო (2 მეფეთა 3:2—4; 13:28, 29; 18:14—17). მან მოიპოვა გავლენიანი მხედართმთავრის იოაბისა და მღვდელმთავარ აბიათარის მხარდაჭერა; ამიტომ ის დარწმუნებული იყო, რომ წარმატებას მიაღწევდა. ბიბლიაში ნათქვამი არ არის, იცოდა თუ არა ადონიამ დავითის განზრახვა სოლომონის გამეფების შესახებ. მაგრამ სოლომონი და დავითის ერთგული ხალხი ადონიას მსხვერპლშეწირვაზე არ მიუწვევია (3 მეფეთა 1:9, 10). ეს კი იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ ადონია სოლომონს მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა.

1:4953; 2:1325რატომ მოკლა სოლომონმა ადონია მას შემდეგ, რაც ჩადენილი დანაშაული აპატია? მართალია ბათშებაყი ვერ მიხვდა, რას ითხოვდა ადონია, მაგრამ სოლომონმა ამოიცნო მისი მოტივები ანუ ის, თუ რა იმალებოდა მისი სათხოვრის უკან, როცა შეუთვალა მეფეს, რომ ცოლად მისთვის აბიშაგი მიეცა. ლამაზი აბიშაგი დავითის ხარჭად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დავითს არანაირი კავშირი არ დაუმყარებია მასთან. მაშინდელი წესის თანახმად, ის მხოლოდ დავითის კანონიერი მემკვიდრის საკუთრება უნდა გამხდარიყო. ადონია შესაძლოა ფიქრობდა, რომ თუ აბიშაგს ცოლად შეირთავდა, მას კიდევ მიეცემოდა შესაძლებლობა, რომ ტახტი ჩაეგდო ხელში. სოლომონი მიხვდა, თუ რას ითხოვდა ადონია და რა გზით სურდა მეფობის მიღწევა, ამიტომ მან აღარ შეიწყალა ის.

6:378:2როდის მოხდა ტაძრის მიძღვნა? ტაძრის აგება ძვ. წ. 1027 წლის მერვე თვეს, სოლომონის მმართველობის მეთერთმეტე წელს, დასრულდა. მოწყობილობების მოზიდვასა და სხვა სამზადისს დაახლოებით 11 თვე დასჭირდა. ტაძრის მიძღვნა, როგორც ჩანს, ძვ. წ. 1026 წლის მეშვიდე თვეს მოხდა. ამ ცნობაში ტაძრის დასრულების შემდეგ სხვა სამშენებლო პროექტების შესახებაც არის საუბარი და ტაძრის მიძღვნის მოხსენიებამდე დაწვრილებითაა აღწერილი, თუ როგორ მიმდინარეობდა მშენებლობა (2 ნეშტთა 5:1—3).

9:1013ეთანხმებოდა თუ არა მოსეს რჯულს ის, რომ სოლომონმა ტვიროსის მეფეს, ხირამს, ოცი ქალაქი მისცა გალილეის მხარეში? ლევიანების 25:23, 24–ში ჩაწერილი კანონი ეხებოდა მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც ისრაელს ეკუთვნოდა. შესაძლოა იმ ქალაქებში, რომლებიც სოლომონმა ხირამს მისცა, არაისრაელები იყვნენ დასახლებულნი, თუმცა ეს ქალაქები აღთქმული მიწის ფარგლებში მდებარეობდა (გამოსვლა 23:31). სოლომონის ეს გადაწყვეტილება შეიძლება იმის მაჩვენებელიც იყო, რომ ის ბოლომდე რჯულის თანახმად აღარ მოქმედებდა მას შემდეგ, რაც ‘გაიმრავლა ცხენები’ და მოიყვანა მრავალი ცოლი (მეორე რჯული 17:16, 17). როგორც უნდა ყოფილიყო, ხირამი უკმაყოფილო იყო საჩუქრით. შესაძლოა ამ ქალაქებში მცხოვრები უცხოტომოლები კარგად არ ზრუნავდნენ ქალაქზე და ის მოუვლელი იყო ან სახარბიელო მდებარეობით არ გამოირჩეოდა.

11:4სოლომონი იმიტომ ხომ არ გახდა ორგული, რომ ღრმად მოხუცებულს აღარ ესმოდა, რას აკეთებდა? როგორც ჩანს, არა. სოლომონი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა მმართველობა დაიწყო. ის 40 წელი მეფობდა და ღრმა სიბერემდე არც მიუღწევია. გარდა ამისა, იეჰოვას თაყვანისმცემლობა მას ბოლომდე არ მიუტოვებია, მაგრამ სხვა ღმერთების თაყვანისმცემლობაშიც იღებდა მონაწილეობას.

რას ვსწავლობთ:

2:26, 27, 35. იეჰოვას წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება. ელის შთამომავლის, აბიათარის, მღვდლობიდან მოკვეთით შესრულდა „იეჰოვას სიტყვა, რომელიც მან ელის (ყელის) სახლზე თქვა“. ამით რიცხვნის 25:10—13–ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებაც შესრულდა, რომ აბიათარის ნაცვლად, ფინხასის შთამომავალი, ცადოკი, იმსახურებდა მღვდლად (გამოსვლა 6:25; 1 მეფეთა 2:31; 3:12; 1 ნეშტთა 24:3).

2:37, 4146. მართლაც რა საშიშია იმაზე ფიქრი, რომ ღვთის კანონის დამრღვევი დაუსჯელი დარჩება! ვინც შეგნებულად უგულებელყოფს ‘ვიწრო გზას, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს’, არაგონივრული გადაწყვეტილების გამო ცუდ შედეგებს მოიმკის (მათე 7:14).

3:9, 1214. იეჰოვა პასუხობს თავისი მსახურების გულწრფელ ლოცვებს, როცა ისინი ღმერთს სიბრძნეს, გონიერებასა და ხელმძღვანელობას სთხოვენ მისთვის მსახურების შესასრულებლად (იაკობი 1:5).

8:2253. მართლაც რა გულწრფელად გამოხატა სოლომონმა მადლიერება იეჰოვასადმი, როცა თქვა, რომ ის მოსიყვარულე, დანაპირების შემსრულებელი და ლოცვების მომსმენი ღმერთია! ტაძრის მიძღვნის დროს წარმოთქმულ სოლომონის სიტყვებზე დაფიქრება დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი მადლიერება გამოვავლინოთ ღვთის ამ და სხვა მრავალი თვისებისთვის.

11:914, 23, 26. სოლომონმა სიცოცხლის ბოლო წლებში ურჩობა გამოავლინა, ამიტომ იეჰოვამ მოწინააღმდეგეები გაუჩინა მას. „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლების მიმართ კი წყალობას ავლენს“, — ამბობს პეტრე მოციქული (1 პეტრე 5:5).

11:3040. ახიას მიერ იერობოამის შესახებ წარმოთქმული წინასწარმეტყველების გამო მეფე სოლომონი იერობოამის მოკვლას ცდილობდა. როგორ განსხვავდებოდა მეფის გადაწყვეტილება იმისგან, რაც მან დაახლოებით 40 წლის წინ გამოიტანა, როცა ადონიასა და შეთქმულების სხვა მონაწილეებზე შური არ იძია! (3 მეფეთა 1:50—53). მისი დამოკიდებულება იმიტომ შეიცვალა, რომ მან იეჰოვა მიატოვა.

გაერთიანებული სამეფო იყოფა

(3 მეფეთა 12:1—22:53)

იერობოამი და ხალხი მეფე რობოამს თხოვნით მიმართავენ, რათა შეუმსუბუქოს მათ უღელი, რაც მამამისმა, სოლომონმა, დაუმძიმა. რობოამი მათ სათხოვარს არ ისმენს და უღელს უფრო უმძიმებს ხალხს. ათი ტომი ჯანყდება და ისინი ისრაელზე იერობოამს ამეფებენ. სამეფო იყოფა. რობოამი სამხრეთ სამეფოზე, იუდასა და ბენიამინის ტომზე მმართველობს, იერობოამი კი — ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ათ ტომზე.

ხალხი თაყვანსაცემად იერუსალიმში რომ არ წავიდეს, იერობოამი ორ ოქროს ხბოს აკეთებს — ერთს დანში დგამს, მეორეს კი — ბეთელში. იერობოამის შემდეგ ისრაელში მეფობენ ნადაბი, ბაყაშა, ელა, ზიმრი, თიბნი, ყომრი, ახაბი და ახაზია. ხოლო რობოამის შემდეგ იუდაში მმართველობენ აბიამი, ასა, იოშაფატი და იორამი. ამ მეფეთა დღეებში მსახურობდნენ წინასწარმეტყველები: ახია, შემაყია და უცნობი ღვთისკაცი, ასევე იეჰუ, ელია და მიქაიეჰუ.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

18:21რატომ დუმდა ხალხი, როდესაც ელიამ უთხრა მათ, ან იეჰოვას გაჰყოლოდნენ, ან ბაალს? მათ შეიძლება ესმოდათ, რომ იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას არ ავლენდნენ და ამიტომ თავს დამნაშნავედ გრძნობდნენ. ან შესაძლოა მათი სინდისი იმდენად გაუხეშდა, რომ ცუდს არაფერს ხედავდნენ ბაალის თაყვანისცემაში და, ამავე დროს, იეჰოვას თაყვანისმცემლებადაც აცხადებდნენ თავს. როცა იეჰოვამ თავისი ძალა გამოავლინა, მათ მხოლოდ მაშინ თქვეს: „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“ (3 მეფეთა 18:39, აქ).

20:34რატომ დაინდო ახაბმა სირიელთა მეფე ბენ–ჰადადი, როცა იეჰოვამ ხელში ჩაუგდო სირიელები? ბენ–ჰადადის მოკვლის ნაცვლად, ახაბმა შეთანხმება დაუდო მას, რომლის თანახმადაც სირიის დედაქალაქის, დამასკოს, ქუჩები ახაბის მფლობელობაში უნდა გადასულიყო; როგორც ჩანს, მას უნდოდა, რომ ეს ადგილები ბაზრებად ექცია. ადრე სამარიის ქუჩები მსგავსადვე მიისაკუთრა ბენ–ჰადადის მამამ, რათა ის კომერციული მიზნებისთვის გამოეყენებინა. ამგვარად, მან ბენ–ჰადადი იმიტომ გაათავისუფლა, რომ შეძლებოდა დამასკოში თავისი კომერციული ინტერესების განხორციელება.

რას ვსწავლობთ:

12:13, 14. როდესაც ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რჩევისთვის ბრძენ და მოწიფულ პიროვნებებს უნდა მივმართოთ, რომლებმაც კარგად იციან წერილები და ღვთის პრინციპებს ძალიან აფასებენ.

13:1124. რჩევა ან შემოთავაზებული წინადადება, რომელიც საეჭვო ჩანს, კეთილმოსურნე თანამორწმუნისგანაც რომ იყოს მოცემული, კარგად უნდა ავწონ–დავწონოთ, რამდენად შეესაბამება ღვთის სიტყვაში მოცემულ გონივრულ რჩევებს (1 იოანე 4:1).

14:13. იეჰოვა საფუძვლიანად გვიკვლევს, რათა ჩვენში კარგი თვისებები დაინახოს. რაც უნდა უმნიშვნელო იყოს ჩვენში ეს თვისებები, იეჰოვა დაგვეხმარება, რომ განვავითაროთ ისინი, თუ მისდამი მსახურებას მაქსიმალურ ძალისხმევას მოვახმართ.

15:1013. ჩვენ მტკიცედ უნდა გადავწყვიტოთ, რომ წინ აღვუდგეთ განდგომილებას და მხარი დავუჭიროთ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას.

17:1016. სარეფთელი ქვრივი მიხვდა, რომ ელია წინასწარმეტყველი იყო და ამიტომ სათანადოდ მიიღო იგი, რის გამოც ღმერთმა აკურთხა რწმენის ამგვარად გამოვლენისთვის. იეჰოვა დღესაც ხედავს ჩვენს რწმენას და აკურთხებს მათ, რომლებიც სხვადასხვა სახით უჭერენ მხარს სამქადაგებლო საქმიანობას (მათე 6:33; 10:41, 42; ებრაელები 6:10).

19:18. დიდი წინააღმდეგობების დროს შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა მხარს დაგვიჭერს (2 კორინთელები 4:7—9).

19:10, 14, 18. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მარტონი არასოდეს არიან. იეჰოვა და მსოფლიო საძმო მათ გვერდითაა.

19:1113. იეჰოვა არ არის გაპიროვნებული ბუნების ძალა.

20:11. როდესაც ბენ–ჰადადი ტრაბახობდა, რომ გაანადგურებდა სამარიას, ისრაელის მეფემ უთხრა: „ნუ იტრაბახებს სარტყლის შემომრტყმელი [ბრძოლის დასაწყისში] სარტყლის შემხსნელივით“, რომელიც ბრძოლიდან გამარჯვებული ბრუნდება და იხსნის სარტყელს (3 მეფეთა 20:11). ახალი დავალების მიღებისას უნდა მოვერიდოთ ზედმეტ თავდაჯერებულობას, რაც ტრაბახა ადამიანისთვის არის დამახასიათებელი (იგავები 27:1; იაკობი 4:13—16).

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი

სინას მთაზე რჯულის მიცემისას, მოსემ ისრაელის ძეებს უთხრა: „უყურეთ, მე დღეს გთავაზობთ კურთხევასა და წყევლას: კურთხევას — თუ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, რომლებსაც მე გიბრძანებთ დღეს; და წყევლას — თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს“ (მეორე რჯული 11:26—28).

მართლაც, რა ნათლად არის ამ სიტყვების ჭეშმარიტება დანახვებული წიგნში „მესამე მეფეთა“! როგორც დავინახეთ, ეს წიგნი აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც გვასწავლის. მასში მოცემული სიტყვები მართლაც რომ ცოცხალი და მოქმედია (ებრაელები 4:12).

[სურათი 29 გვერდზე]

ტაძარი და სხვა შენობები, რომლებიც სოლომონმა ააგო.

[სურათი 30, 31 გვერდებზე]

მას შემდეგ, რაც იეჰოვამ თავისი ძალა გამოავლინა, ხალხმა წამოიძახა: „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“