არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასიხარულო ცნობა ყველა ხალხისთვის

სასიხარულო ცნობა ყველა ხალხისთვის

სასიხარულო ცნობა ყველა ხალხისთვის

„იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8).

1. როგორც ბიბლიის მასწავლებლები, რას ვაქცევთ ყურადღებას და რატომ?

დახელოვნებული მასწავლებლები ყურადღებას აქცევენ არა მარტო იმას, თუ რას ეუბნებიან მოსწავლეებს, არამედ იმასაც, თუ როგორ ეუბნებიან. როგორც ბიბლიური ჭეშმარიტების მასწავლებლები, ჩვენც ასევე ვიქცევით და ყურადღებას ვაქცევთ არა მარტო ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ, არამედ იმასაც, თუ რა მეთოდებს ვიყენებთ. სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უცვლელია, მაგრამ ზოგჯერ ქადაგების მეთოდებს ვცვლით მდგომარეობის შესაბამისად. რატომ? იმიტომ რომ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვამცნოთ ეს ცნობა.

2. ვის ვბაძავთ, როდესაც ქადაგების მეთოდებს მდგომარეობის შესაბამისად ვცვლით?

2 ქადაგების მეთოდების მდგომარეობისთვის მორგებით ღვთის ძველი დროის მსახურებს ვბაძავთ. განვიხილოთ, მაგალითად, მოციქულ პავლეს შემთხვევა. მან თქვა: „იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი . . . კანონის უქონელთათვის კანონის უქონელი გავხდი . . . სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა; ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი“ (1 კორინთელები 9:19—23). მდგომარეობის შესაბამისად ამგვარად მოქმედებამ კარგი ნაყოფი გამოიღო. ჩვენც კარგ შედეგებს მივაღწევთ, თუ გულისხმიერებას გამოვავლენთ და შეთავაზებებს ისე შევცვლით, რომ მისაღები იყოს იმ კონკრეტული ადამიანისთვის, ვისაც ვესაუბრებით.

‘დედამიწის ყველა კიდემდე’

3. ა) რა სირთულეს ვაწყდებით ქადაგებასთან დაკავშირებით? ბ) როგორ სრულდება ესაიას 45:22-ში ჩაწერილი სიტყვები დღეს?

3 ძირითადი სირთულე, რომელსაც სასიხარულო ცნობის მქადაგებლები აწყდებიან, ტერიტორიის სიდიდეა — მათ „მთელ მსოფლიოში“ უნდა იქადაგონ (მათე 24:14). გასული საუკუნის განმავლობაში იეჰოვას მრავალი მსახური დიდ ძალისხმევას ახმარდა სასიხარულო ცნობის ისეთ ტერიტორიებზე ქადაგებას, სადაც ეს ცნობა გავრცელებული არ იყო. რა ნაყოფი გამოიღო ამან? ეს ცნობა მთელ მსოფლიოს ემცნო. XX საუკუნის დასაწყისში ქადაგება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა, მაგრამ დღეს იეჰოვას მოწმეები აქტიურად მოღვაწეობენ 235 ქვეყანაში! მართლაც, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ყველგან — ‘დედამიწის ყველა კიდემდე’ — ისმის (ესაია 45:22).

4, 5. ა) ვინ ასრულებს მნიშვნელოვან როლს სასიხარულო ცნობის გავრცელებაში? ბ) რა თქვა ზოგიერთმა ფილიალმა იმ მქადაგებლების შესახებ, რომლებიც უცხოეთიდან ჩავიდნენ და მათ ტერიტორიაზე მსახურობენ?

4 რით არის განპირობებული ასე დიდი წარმატება? მრავალი რამით. ამაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მიერ მისიონერების მომზადებამ და მსახურებაში დახელოვნების სკოლის მიერ 20 000 კურსდამთავრებულის გამოშვებამ; ასევე მრავალი მოწმის მიერ საკუთარი ხარჯებით იმ ქვეყნებში გადასვლამ, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. თავგანწირვის სულისკვეთების მქონე ასეთი ქრისტიანები — კაცები თუ ქალები, ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, დაუქორწინებლები თუ დაქორწინებულები — მთელ დედამიწაზე სამეფოს შესახებ ქადაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (ფსალმუნები 109:3; რომაელები 10:18). მათ ძალიან აფასებენ. აი, რას წერს ზოგიერთი ფილიალი მათ შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ საქადაგოდ წავიდნენ იმ ქვეყნებში, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.

5 „ეს ძვირფასი მოწმეები აქტიურად ქადაგებენ დაშორებულ ტერიტორიებზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ახალი კრებების ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი ძმებისა თუ დების სულიერ ზრდაში“ (ეკვადორი). „აქ მომსახურე ასობით უცხოელი თუ დატოვებდა ქვეყანას, ეს კრებების სტაბილურობაზე იქონიებდა გავლენას. დიდი კურთხევაა, რომ ისინი ჩვენთან არიან“ (დომინიკელთა რესპუბლიკა). „ჩვენს კრებებში უმრავლესობა, ზოგჯერ 70 პროცენტი, დები არიან (ფსალმუნები 67:12). მათი უმეტესობა ჭეშმარიტებაში ახლები არიან, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დაუქორწინებელი პიონერი დები ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ მათ და გამოცდილებას უზიარებენ. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ეს დები მართლაც რომ დიდი საჩუქარია ჩვენთვის!“ (აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა). გიფიქრიათ ოდესმე სხვა ქვეყანაში მსახურებაზე? * (საქმეები 16:9, 10).

„ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან“

6. როგორ მიუთითებს ზაქარიას 8:23, რომ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა ენობრივი ბარიერით შექმნილ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული?

6 სხვა დიდ სირთულეს ქმნის ენათა სიმრავლე, რომლებზედაც დედამიწის ზურგზე ლაპარაკობენ. ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია: „იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ამ წინასწარმეტყველების თანამედროვე შესრულებაში ათი კაცი გამოცხადების 7:9-ში ნაწინასწარმეტყველებ უამრავ ხალხს წარმოადგენს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ ზაქარიას წინასწარმეტყველების თანახმად, „ათი კაცი“ იქნებოდა არა მარტო ყოველი ერიდან, არამედ „ყოველი ენის“ ხალხიდანაც. ვხედავთ აღნიშნული წინასწარმეტყველების ამ მნიშვნელოვანი მომენტის შესრულებას? რა თქმა უნდა.

7. რა სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ „ყოველი ენის“ ხალხს ემცნობა სასიხარულო ცნობა?

7 ვნახოთ ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი. 50 წლის წინათ ჩვენი ლიტერატურა 90 ენაზე გამოიცემოდა. დღეს ამ რიცხვმა 400-ს გადააჭარბა. „ერთგული და გონიერი მონა“ ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ლიტერატურა გამოიცეს ისეთ ენებზეც კი, რომლებზეც შედარებით მცირერიცხოვანი ხალხი ლაპარაკობს (მათე 24:45). მაგალითად, ბიბლიური ლიტერატურა ახლა ხელმისაწვდომია ისეთ ენებზე, როგორიცაა გრენლანდიური (ამ ენაზე ლაპარაკობს 47 000 ადამიანი), პალაუ (ამ ენაზე ლაპარაკობს 15 000 ადამიანი) და იაპისი (ამ ენაზე ლაპარაკობს 7 000-ზე ნაკლები ადამიანი).

ახალი შესაძლებლობის „დიდი კარი“

8, 9. რამ გაგვიხსნა „დიდი კარი“ და როგორ გამოეხმაურა ამას ათასობით მოწმე?

8 იმისათვის, რომ დღეს ყოველი ენის ხალხს ვამცნოთ სასიხარულო ცნობა, შეიძლება, საზღვარგარეთ წასვლა არ დაგვჭირდეს. ბოლო წლებში ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მილიონობით იმიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა, რის გამოც იქ მრავალ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებმა მოიყარეს თავი. მაგალითად, პარიზში (საფრანგეთი) დაახლოებით 100 ენაზე ლაპარაკობენ. ტორონტოში (კანადა) ეს მაჩვენებელი 125-ია, ხოლო ლონდონში (ინგლისი) 300-ზე მეტი. სხვა ქვეყნებიდან მოსულ ამ ადამიანთა არსებობა მრავალ კრებას ყველა ერის ხალხისთვის სასიხარულო ცნობის ქადაგების ახალი შესაძლებლობის „დიდ კარს“ უხსნის (1 კორინთელები 16:9).

9 ათასობით მოწმე სასიხარულო ცნობის ყველა ხალხისთვის გასაზიარებლად უცხო ენას სწავლობს. უმეტესობა მათგანისთვის ეს რთულია, მაგრამ გაწეული ძალისხმევა ამაო არ არის — დიდი სიხარული მოაქვს იმიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის ღვთის სიტყვაში მოცემული ჭეშმარიტების გადაცემას. გასულ წელს დასავლეთ ევროპის ერთ ქვეყანაში საოლქო კონგრესებზე მონათლულთა 40 პროცენტი უცხოელი იყო.

10. როგორ იყენებთ ბროშურას „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“? (იხილეთ ჩარჩო «ბროშურის „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“ სასარგებლო მხარეები», გვერდი 26).

10 მართალია, უმეტესობა ჩვენგანს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უცხო ენა ისწავლოს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ახალი ბროშურის „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“ * გამოყენებით დავეხმაროთ იმიგრანტებს. ამ ბროშურაში მრავალ ენაზეა მოცემული მიმზიდველი ბიბლიური ცნობა (იოანე 4:37). იყენებთ მას მსახურებისას?

როდესაც ხალხის გამოხმაურება არასახარბიელოა

11. კიდევ რა სირთულეს ვაწყდებით ზოგ ტერიტორიაზე?

11 დედამიწაზე სატანის გავლენის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით კიდევ ერთ სირთულეს — ზოგ ტერიტორიაზე ხალხი ნაკლებად ეხმაურება სასიხარულო ცნობას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რადგან იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ასეთი მდგომარეობა იქნებოდა. ჩვენი დღეების შესახებ საუბრისას, მან აღნიშნა: „მრავალს სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:12). მართლაც, მრავალს გაუნელდა ღვთისადმი რწმენა და ბიბლიისადმი პატივისცემა (2 პეტრე 3:3, 4). შედეგად, მსოფლიოს ზოგ ნაწილში ხალხი შედარებით ნაკლებად ხდება ქრისტეს მოწაფე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაოა ჩვენი ძვირფასი ქრისტიანი ძმებისა და დების შრომა, რომლებიც ერთგულად ქადაგებენ ასეთ ტერიტორიებზე (ებრაელები 6:10). რატომ ვამბობთ ასე? განვიხილოთ შემდეგი რამ.

12. რა ორ მიზანს ემსახურება ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა?

12 მათეს სახარებაში ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის ორ ძირითად მიზანზე მახვილდება ყურადღება. ერთი ის არის, რომ ‘მოწაფეებად მოვამზადოთ ხალხი ყველა ერიდან’ (მათე 28:19). მეორე კი სამეფოს შესახებ ცნობის ყველას წინაშე ‘დამოწმებაა’ (მათე 24:14). ორივე მიზანი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი საყურადღებოა მეორე. რატომ?

13, 14. ა) რა არის იმის განსაკუთრებული ნიშანი, რომ ქრისტე მოსულია? ბ) რა უნდა გვახსოვდეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისეთ ტერიტორიაზე ვქადაგებთ, სადაც გამოხმაურება ნაკლებია?

13 მათემ, ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, მოიყვანა კითხვა, რომელიც მოციქულებმა იესოს დაუსვეს: „რა იქნება იმის ნიშანი, რომ მოსული ხარ“? (მათე 24:3). პასუხში იესომ აღნიშნა, რომ ამ ნიშნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მსოფლიო მასშტაბით ქადაგება იქნებოდა. ლაპარაკობდა ის აქ მოწაფეების მომზადებაზე? არა. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათე 24:14). ამგვარად იესომ ცხადყო, რომ სამეფოს შესახებ ქადაგება იქნებოდა ამ ნიშნის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

14 ამიტომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას, გვახსოვს, რომ მაშინაც კი, როდესაც ყოველთვის ვერ ვამზადებთ მოწაფეებს, ‘დამოწმების’ საქმეს ვასრულებთ. მიუხედავად იმისა, თუ როგორია ხალხის გამოხმაურება, მათ იციან, რას ვაკეთებთ ჩვენ; ამგვარად კი იესოს წინასწარმეტყველების შესრულებაში ვიღებთ მონაწილეობას (ესაია 52:7; გამოცხადება 14:6, 7). ჯორდიმ, დასავლეთ ევროპელმა ახალგაზრდა მოწმემ, აღნიშნა: „ბედნიერი ვარ იმით, რომ იეჰოვა მიყენებს და მონაწილეობას ვიღებ მათეს 24:14-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულებაში“ (2 კორინთელები 2:15—17). დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენც იზიარებთ ამ გრძნობას.

როდესაც ჩვენს ცნობას ეწინააღმდეგებიან

15. ა) რის შესახებ გააფრთხილა იესომ თავისი მიმდევრები? ბ) რა გვაძლევს ძალას, რომ, წინააღმდეგობის მიუხედავად, ვიქადაგოთ?

15 სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებისას კიდევ ერთ სირთულეს ვაწყდებით — სხვების მხრიდან ცუდ დამოკიდებულებას. იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, დღეს იესოს მიმდევრები სიძულვილს, წინააღმდეგობასა და დევნას აწყდებიან (საქმეები 5:17, 18, 40; 2 ტიმოთე 3:12; გამოცხადება 12:12, 17). ზოგ ქვეყანაში მათი მოღვაწეობა მთავრობის მიერ აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ღვთისადმი მორჩილების გამოვლენის სურვილით აღძრული ჭეშმარიტი ქრისტიანები განაგრძობენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას (ამოსი 3:8; საქმეები 5:29; 1 პეტრე 2:21). რის დახმარებით აკეთებენ ისინი, და მთელ მსოფლიოში სხვა მოწმეები, ამას? იეჰოვა აძლევს მათ ძალას თავისი წმინდა სულის საშუალებით (ზაქარია 4:6; ეფესოელები 3:16; 2 ტიმოთე 4:17).

16. როგორ ცხადყო იესომ სამქადაგებლო საქმიანობასა და ღვთის სულს შორის კავშირის არსებობა?

16 იესომ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს ღვთის წმინდა სულსა და სამქადაგებლო საქმიანობას შორის. მან თქვა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8; გამოცხადება 22:17). ამ მუხლში მნიშვნელოვანია ის, თუ რა თანმიმდევრობით არის მოვლენები ჩამოთვლილი. მოწაფეებმა ჯერ წმინდა სული მიიღეს და შემდეგ დაიწყეს გლობალური მასშტაბით ქადაგება. მხოლოდ ღვთის წმინდა სულის დახმარებით ექნებოდათ მათ იმის ძალა, რომ მოთმინებით განეგრძოთ ‘ყველა ხალხისთვის ქადაგება’ (მათე 24:13, 14; ესაია 61:1, 2). ამიტომ იესომ მართებულად მოიხსენია წმინდა სული ‘დამხმარედ’ (იოანე 15:26). მან თქვა, რომ ღვთის სული ასწავლიდა და უხელმძღვანელებდა მოწაფეებს (იოანე 14:16, 26; 16:13).

17. როგორ გვეხმარება წმინდა სული, როდესაც სასტიკად გვდევნიან?

17 როგორ გვეხმარება დღეს ღვთის წმინდა სული, როდესაც სასიხარულო ცნობის ქადაგებისას დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით? ღვთის სული გვაძლიერებს ჩვენ და წინააღმდეგობას უწევს მათ, ვინც გვდევნის. ამის თვალსაჩინოდ დასანახავად, განვიხილოთ მეფე საულის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენა.

ღვთის წმინდა სულის წინააღმდეგობა

18. ა) როგორ შეიცვალა რადიკალურად დადებითიდან უარყოფითისკენ საული? ბ) რა მეთოდებს მიმართავდა საული დავითის დევნის დროს?

18 საულმა ისრაელზე მეფობა კარგად დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით იეჰოვას ურჩი გახდა (1 მეფეთა 10:1, 24; 11:14, 15; 15:17—23). შედეგად, ღმერთი თავისი სულით აღარ ეხმარებოდა მას. საული დავითის მიმართ საშინელმა რისხვამ შეიპყრო, დავითისა, რომელიც მის შემდგომ მეფედ იყო ცხებული და ღვთის სულის მხარდაჭერა ჰქონდა (1 მეფეთა 16:1, 13, 14). ერთი შეხედვით, დავითის ხელში ჩაგდება საკმაოდ ადვილი საქმე იყო. დავითს ხელში მხოლოდ არფა ეჭირა, საულს კი — შუბი. ასე რომ, ერთ დღეს, როდესაც დავითი არფაზე უკრავდა, „ისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს, მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი“ (1 მეფეთა 18:10, 11). ამის შემდეგ მან მოუსმინა თავის შვილს, იონათანს, რომელიც დავითის მეგობარი იყო, და დაიფიცა: „უფალს ვფიცავ, არ მოკვდება [დავითი]“. შემდეგ კი საულს კვლავ უნდოდა „კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს მოხვდა შუბი“. დავითი გაიქცა, საული კი გამოუდგა. იმ მნიშვნელოვან მომენტში, ღვთის სული საულის წინააღმდეგ იყო. როგორ? (1 მეფეთა 19:6, 10).

19. როგორ დაიცვა ღმერთმა თავისი წმინდა სულით დავითი?

19 დავითი წინასწარმეტყველ სამუელთან გაიქცა, საულმა კი თავისი კაცები გაგზავნა მის შესაპყრობად. მაგრამ, როდესაც ისინი იმ ადგილას მივიდნენ, სადაც დავითი იმალებოდა, „ღვთის სულით აივსნენ ისინი და გაწინასწარმეტყველდნენ“. ისინი იმდენად მოიცვა ღვთის წმინდა სულმა, რომ სრულიად დაავიწყდათ მათთვის დაკისრებული დავალება. საულმა კიდევ ორჯერ გაგზავნა კაცები დავითის დასაბრუნებლად, მაგრამ ორივეჯერ იგივე მოხდა. ბოლოს მეფე საული თვითონ წავიდა დავითთან, მაგრამ ვერც მან შეძლო ღვთის წმინდა სულისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამ სულის გავლენით ის „ეგდო მიწაზე მთელი დღე და მთელი ღამე“, რამაც დავითს გაქცევისთვის საკმარისი დრო მისცა (1 მეფეთა 19:20—24).

20. რას გვანახვებს საულის მიერ დავითის დევნის შესახებ ცნობა?

20 საულისა და დავითის შესახებ ეს ცნობა განგვამტკიცებს, რადგან აქედან ჩანს, რომ ღვთის მსახურთა მდევნელები ღვთის წმინდა სულის წინააღმდეგობას ვერ სძლევენ (ფსალმუნები 45:12; 124:2). იეჰოვას განზრახული ჰქონდა, რომ დავითი გაემეფებინა ისრაელზე. არავის შეეძლო ამის შეცვლა. დღეისთვის იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს, რომ ‘სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში იქადაგონ’. არც ამ საქმიანობის შეჩერება შეუძლია არავის (საქმეები 5:40, 42).

21. ა) როგორ მოქმედებს დღეს ზოგიერთი მოწინააღმდეგე? ბ) რაში ვართ მტკიცედ დარწმუნებულნი?

21 ზოგიერთი რელიგიური და პოლიტიკური წინამძღოლი ტყუილსა და ძალადობასაც კი მიმართავს იმისათვის, რომ ხელი შეგვიშალოს. მაგრამ როგორც დავითი დაიცვა იეჰოვამ სულიერად, ისე დაგვიცავს ჩვენც დღეს (მალაქია 3:6). ამიტომ დავითის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია გულდაჯერებით ვთქვათ: „ღმერთს მივენდე — არ მეშინია; რას მიზამს კაცი?“ (ფსალმუნები 55:12; 120:1—8; რომაელები 8:31). იეჰოვას დახმარებით დაე განვაგრძოთ ნებისმიერ სირთულესთან გამკლავება და ღვთის მიერ დაკისრებული მისიის შესრულება — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ყველა ხალხისთვის ქადაგება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 იხილეთ ჩარჩო „ღრმა კმაყოფილების გრძნობა“, გვერდი 22.

^ აბზ. 10 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• რატომ ვცვლით მდგომარეობის შესაბამისად ქადაგების მეთოდებს?

• რა ახალი შესაძლებლობების „დიდი კარია“ ღია?

• რა სრულდება ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობით მაშინაც კი, როდესაც გამოხმაურება ნაკლებია?

• რატომ არ შეუძლია არც ერთ მოწინააღმდეგეს, შეაჩეროს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 22 გვერდზე]

„კმაყოფილების ღრმა გრძნობა“

„ბედნიერნი და იეჰოვას მსახურებაში გაერთიანებულნი“, — ასე შეიძლება აღიწეროს ოჯახი, რომელიც ესპანეთიდან ბოლივიაში გადავიდა. ამ ოჯახის ვაჟი იქ დაშორებულ ტერიტორიაზე არსებული ჯგუფის მხარდასაჭერად ჩავიდა. მისმა აშკარად გამოხატულმა სიხარულმა ისე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მის მშობლებზე, რომ მალე მთელი ოჯახი — 14–დან 25 წლამდე ოთხი ბიჭით — იქ გადავიდა საცხოვრებლად. შვილებიდან სამი ახლა პიონერია, ხოლო მან, რომელიც პირველი წავიდა ამ ტერიტორიაზე, არც ისე დიდი ხნის წინ მსახურებაში დახელოვნების სკოლა გაიარა.

„აქ ბევრ სირთულეს ვაწყდები, — ამბობს 30 წლის კანადელი ანჟელიკა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მსახურობს, — მაგრამ დიდ კმაყოფილებას მანიჭებს ქადაგებით ხალხისთვის დახმარების გაწევა. აგრეთვე ჩემზე ძალიან მოქმედებს იმის დანახვა, თუ როგორ მემადლიერება მრავალი ადგილობრივი მოწმე, მათ დასახმარებლად რომ ჩამოვედი“.

„აქ ძალიან ბევრი ჩვეულება აქვთ, რომლებსაც უნდა შევგუებოდით, — ამბობს ორი ამერიკელი ღვიძლი და, რომლებიც 30 წლამდე არიან და დომინიკელთა რესპუბლიკაში მსახურობენ, — მაგრამ ჩვენ არ დავტოვეთ ჩვენი დანიშნულების ადგილი და ახლა 7 ადამიანი, რომლებსაც ბიბლიას ვასწავლიდით, კრებებს ესწრება“. ამ ორი დის დახმარებით ჩამოყალიბდა სამეფოს მქადაგებელთა ჯგუფი ქალაქში, სადაც კრება არ არის.

ლაურა, 30 წლამდე ასაკის და, ოთხ წელზე მეტია, რაც საზღვარგარეთ მსახურობს. ის ამბობს: „შეგნებულად ვცდილობ, უბრალოდ ვიცხოვრო. ეს მაუწყებლებს ეხმარება, დაინახონ, რომ ადამიანმა შეიძლება საკუთარი სურვილისამებრ იცხოვროს უბრალოდ, და ამით გონიერება გამოავლინოს, და არა იმიტომ, რომ ღარიბია. დიდ სიხარულს მანიჭებს ის, რომ სხვებისადმი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისადმი, დახმარების შესაძლებლობა მაქვს. ამისათვის ნამდვილად ღირს უცხო ქვეყანაში მსახურებასთან დაკავშირებული სირთულეების ატანა. არაფრით არ გავცვლიდი ჩემს მსახურებას სხვა რამეზე და აქ იმდენ ხანს დავრჩები, რამდენ ხანსაც ამის საშუალებას იეჰოვა მომცემს“.

[ჩარჩო⁄სურათი 26 გვერდზე]

ბროშურის „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“ სასარგებლო მხარეები

ბროშურაში „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“ 90 ენაზე ერთგვერდიანი ცნობაა მოცემული. ეს ცნობა დაწერილია პირველ პირში. ამიტომ, როდესაც მობინადრე მას კითხულობს, მისთვის ეს ისე ჟღერს, თითქოს თქვენ ესაუბრებით.

ბროშურას გადაშლით თუ არა, დაინახავთ მსოფლიოს რუკას. გამოიყენეთ ის მობინადრესთან ურთიერთობის დასამყარებლად. შეგეძლოთ რუკაზე გეჩვენებინათ თქვენი ქვეყანა და მობინადრისთვის გენიშნებინათ, რომ მას თავისი ქვეყანა ენახვებინა. ამგვარად სიტუაციას განმუხტავდით და მეგობრულ, თბილ ატმოსფეროს შექმნიდით.

ბროშურის წინასიტყვაობაში ჩამოთვლილია რამდენიმე ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას მქადაგებლის მიერ იმისათვის, რომ დახმარება გაუწიოს უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ ნაბიჯებს და თანმიმდევრულად გამოიყენოთ ისინი.

სარჩევში ჩამოთვლილია არა მარტო ენები, არამედ ამ ენის შესაბამისი სიმბოლოებიც. ეს დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რა ენაზეა გამოცემული ესა თუ ის ტრაქტატი თუ სხვა პუბლიკაციები.

[სურათი]

იყენებთ ამ ბროშურას მსახურებაში?

[სურათები 23 გვერდზე]

ბიბლიაზე დაფუძნებული ჩვენი ლიტერატურა ახლა 400-ზე მეტ ენაზე გამოიცემა.

განა

ლაპლანდია (შვედეთი)

ფილიპინები

[სურათები 24 გვერდზე]

შეგიძლიათ იმსახუროთ იქ, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე მოთხოვნილება დიდია?

ეკვადორი

დომინიკელთა რესპუბლიკა