არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘უკეთესობის მახარობლები’

‘უკეთესობის მახარობლები’

‘უკეთესობის მახარობლები’

„რა მშვენიერია მთებზე მახარობლის . . . უკეთესობის მახარობლის . . . ფეხები“ (ესაია 52:7, აქ).

1, 2. ა) რა საშინელებები ხდება ყოველდღე? ბ) როგორ რეაგირებს მრავალი გამუდმებით ცუდი ახალი ამბების მოსმენაზე?

დღეს მსოფლიოს მოსახლეობა ცუდი ახალი ამბების ნიაღვარში იხრჩობა. ისინი რადიოს რთავენ და ისმენენ შემზარავ ინფორმაციას სასიკვდილო დაავადების შესახებ, რომელიც მთელი დედამიწის მოსახლეობას ემუქრება. ტელეეკრანებზე ახალ ამბებში ხედავენ შიმშილისგან ქანცგაცლილ ბავშვებს, რომლებიც შველას ითხოვენ. გაზეთებს იღებენ და კითხულობენ საცხოვრებელ სახლებში ბომბების აფეთქებისა და, შედეგად, უდანაშაულო ადამიანთა დახოცვის შესახებ.

2 დიახ, საშინელებები ყოველდღე ხდება. ამ ქვეყნიერების სცენა რადიკალურად იცვლება და უფრო და უფრო უარესდება (1 კორინთელები 7:31). დასავლეთ ევროპის ერთ–ერთი ჟურნალი, რომელშიც ახალი ამბები შუქდება, იუწყებოდა, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთელი მსოფლიო „ეს–ეს არის ცეცხლის ალში ჩაიფერფლება“. გასაკვირი არ არის, რომ დღითი დღე სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს შექმნილი მდგომარეობა. ახალი ამბების ტელეჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოკითხვისას, ერთ–ერთმა ადამიანმა სხვა მილიონების აზრიც გამოხატა, როდესაც თქვა: „ახალი ამბების ყურების შემდეგ თავს განადგურებულად ვგრძნობ. ერთ კარგ რამესაც კი ვერ მოისმენ. ეს ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს“.

ახალი ამბავი, რომლის მოსმენაც ყველას სჭირდება

3. ა) რა სასიხარულო ამბავს გვამცნობს ბიბლია? ბ) რატომ აფასებთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას?

3 ასეთ პირქუშ წუთისოფელში შეიძლება რაიმე უკეთესი ახალი ამბის მოსმენა? რა თქმა უნდა, დიახ! მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ბიბლია სასიხარულო ახალ ამბავს გვამცნობს. ეს არის ახალი ამბავი ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც მოსპობს ავადმყოფობას, შიმშილს, ბოროტმოქმედებას, ომსა და ყველა სახის ჩაგვრას (ფსალმუნები 45:10; 71:12). განა ამ ამბის მოსმენა ყველას არ სჭირდება? იეჰოვას მოწმეების აზრით, ეს აუცილებელია. ამიტომ მათ ყველგან იცნობენ იმით, რომ დაუღალავად ამცნობენ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ყველა ხალხს (მათე 24:14).

4. ჩვენი მსახურების რომელ მხარეებს განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიებში?

4 მაშ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასე სერიოზული და მნიშვნელოვანი სასიხარულო ცნობის ქადაგება განვაგრძოთ იქაც კი, სადაც გამოხმაურება შედარებით ნაკლებია? (ლუკა 8:15). ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის სამი მნიშვნელოვანი მხარის მოკლედ განხილვა უდავოდ დაგვეხმარება ამ საკითხში. შეგვიძლია გამოვიკვლიოთ 1) ჩვენი მოტივები, ანუ რატომ ვქადაგებთ; 2) ჩვენი ცნობა, ანუ რას ვქადაგებთ და 3) ჩვენი მეთოდები, ანუ როგორ ვქადაგებთ. თუ მოტივები სუფთა გვექნება, ცნობა — ნათელი და მეთოდები — ეფექტური, მრავალ სხვადასხვაგვარ ადამიანს მივცემთ საუკეთესო სასიხარულო ცნობის — ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის — მოსმენის შესაძლებლობას *.

რატომ ვმონაწილეობთ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში

5. ა) უმთავრესად, რა აღგვძრავს, რომ ვიქადაგოთ? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ქადაგების შესახებ ბიბლიური მცნების შესრულება ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენაა?

5 განვიხილოთ ჩვენი მსახურების პირველი მხარე — ჩვენი მოტივები. რატომ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას? იმავე მიზეზის გამო, რა მიზეზითაც იესო ქადაგებდა. მან თქვა: „მამა მიყვარს“ (იოანე 14:31; ფსალმუნები 39:9). უმთავრესად, ღვთისადმი სიყვარული აღგვძრავს, რომ ვიქადაგოთ (მათე 22:37, 38). ბიბლია ერთმანეთთან აკავშირებს ღვთისადმი სიყვარულსა და მსახურებას. მასში ნათქვამია: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3; იოანე 14:21). შედის ღვთის მცნებების დაცვაში ისიც, რომ ‘წავიდეთ და მოწაფეები მოვამზადოთ’? (მათე 28:19). დიახ. მართალია, ეს სიტყვები იესომ წარმოთქვა, მაგრამ, ფაქტობრივად, ისინი იეჰოვასგან მომდინარეობდა. როგორ? იესომ თქვა: „ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“ (იოანე 8:28; მათე 17:5). ასე რომ, ქადაგების შესახებ მცნების შესრულებით, იეჰოვას ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს ის.

6. რა სხვადასხვა სახით აღგვძრავს ღვთის სიყვარული, რომ ვიქადაგოთ?

6 გარდა ამისა, იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, ვიქადაგოთ იმიტომ, რომ გვსურს გავაქარწყლოთ ღვთის წინააღმდეგ მიმართული სატანის სიცრუე (2 კორინთელები 4:4). სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ღვთის მმართველობის სამართლიანობა (დაბადება 3:1—5). როგორც იეჰოვას მოწმეებს, მთელი გულით გვსურს, რომ მონაწილეობა მივიღოთ სატანის სიცრუის გამოაშკარავებასა და კაცობრიობის წინაშე ღვთის სახელის განწმენდაში (ესაია 43:10—12). გარდა ამისა, მსახურებაში იმიტომ ვმონაწილეობთ, რომ გავიგეთ იეჰოვას თვისებები და გავეცანით მის გზებს. ჩვენ ღმერთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს და ძალიან გვინდა, მის შესახებ სხვებსაც მოვუთხროთ. იეჰოვას სიკარგესა და სამართლიანობას ჩვენთვის იმდენად დიდი სიხარული მოაქვს, რომ არ შეგვიძლია მასზე სხვებს არ ველაპარაკოთ (ფსალმუნები 144:7—12). გვინდა, რომ ხოტბა შევასხათ ღმერთს და მისი „აღმატებულობის შესახებ“ ვისაუბროთ იმ ადამიანებთან, ვინც მოგვისმენს (1 პეტრე 2:9; ესაია 43:21).

7. ღვთის სიყვარულის გარდა, კიდევ რა მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვმონაწილეობთ სამქადაგებლო საქმიანობაში?

7 არის კიდევ სხვა მიზეზი, რის გამოც განვაგრძობთ მსახურებაში მონაწილეობას — ჩვენ გულწრფელად გვსურს, ვანუგეშოთ ხალხი, რომლებიც ცუდი ახალი ამბების ნიაღვარში იხრჩობიან და, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო იტანჯებიან. ამით ვცდილობთ, მივბაძოთ იესოს. მაგალითად, ნახეთ, თუ რა არის აღწერილი მარკოზის მე–6 თავში.

8. მარკოზის მე–6 თავის თანახმად, რას გრძნობდა იესო ხალხის მიმართ?

8 მოციქულები სამქადაგებლო საქმიანობიდან ბრუნდებიან და იესოს უყვებიან, რა გააკეთეს და, რას ასწავლიდნენ. იესო ხედავს, რომ მოციქულები დაღლილები არიან და ეუბნება, რომ მასთან ერთად სადმე წავიდნენ და ‘ცოტა დაისვენონ’. ისინი ადიან ნავზე და განმარტოებული ადგილისკენ მიემართებიან. ხალხი მათ მიჰყვება — სანაპიროს გასწვრივ მისდევენ — და მალე ეწევიან კიდეც. რას აკეთებს იესო? „იესომ უამრავი ხალხი დაინახა და გული დაეწვა მათ გამო, — გვამცნობს სახარება, — რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და მრავალი რამის სწავლება დაუწყო მათ“ (მარკოზი 6:31—34). იესოს გული ეწვება ანუ მას სიბრალული აღძრავს, რომ დაღლილობის მიუხედავად, სასიხარულო ცნობა გაუზიაროს ხალხს. ცხადია, იესო მთელი გულით თანაუგრძნობს ამ ადამიანებს. მას გული შესტკივა მათთვის.

9. რას ვსწავლობთ მარკოზის მე–6 თავიდან მსახურებასთან დაკავშირებით სწორი მოტივის შესახებ?

9 რას ვსწავლობთ ამ ცნობიდან? როგორც ქრისტიანები, თავს ვალდებულად ვგრძნობთ, სასიხარულო ცნობა ვიქადაგოთ და მოწაფეები მოვამზადოთ. გვესმის, რომ გვაკისრია პასუხისმგებლობა, ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა, რადგან ღვთის ნებაა, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს“ (1 ტიმოთე 2:4). მაგრამ ჩვენ არა მარტო ვალდებულების გამო ვქადაგებთ, არამედ თანაგრძნობის გამოც. თუ იესოს მსგავსად ძალიან გვებრალება ხალხი, გული აღგვძრავს, რომ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გავაკეთოთ მათთვის სასიხარულო ცნობის გასაზიარებლად (მათე 22:39). ასეთი კარგი მოტივები აღგვძრავს, ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა და ქადაგების ტემპი არ შევანელოთ.

ჩვენი ცნობა — ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ახალი ამბავი

10, 11. ა) როგორ აღწერს ესაია ცნობას, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ? ბ) როგორ იყო იესო „უკეთესობის მახარობელი“ და როგორ ბაძავენ ღვთის დღევანდელი მსახურები იესოს მაგალითს?

10 რა შეიძლება ითქვას ჩვენი მსახურების მეორე მხარეზე — ჩვენს ცნობაზე? რას ვქადაგებთ? წინასწარმეტყველმა ესაიამ ასე ლამაზად აღწერა ცნობა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ: «რა მშვენიერია მთებზე მახარობლის, მშვიდობის გამომცხადებლის, უკეთესობის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის ფეხები, მისი, ვინც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!“» (ესაია 52:7, აქ).

11 ამ მუხლიდან მნიშვნელოვანი გამოთქმა „გამეფდა შენი ღმერთი“, შეგვახსენებს, თუ რა ცნობა უნდა ვიქადაგოთ — ეს არის სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ (მარკოზი 13:10). აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ, თუ რა დადებით მომენტებზეა ამ მუხლში საუბარი. ესაია იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ხსნა“, „მახარობელი“, „მშვიდობა“ და „უკეთესობის მახარობელი“. ესაიას დროიდან საუკუნეების შემდეგ, ახ. წ. პირველ საუკუნეში, ეს წინასწარმეტყველება განსაკუთრებული სახით შესრულდა იესო ქრისტეზე. მან უკეთესობის მახარობლობის — ღვთის მომავალი სამეფოს შესახებ გულმოდგინედ ქადაგების — შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა (ლუკა 4:43). დღეს, განსაკუთრებით 1919 წლიდან, იეჰოვას მოწმეები ბაძავენ იესოს მაგალითს და ღვთის უკვე დამყარებული სამეფოსა და ამ სამეფოს მიერ მოტანილი კურთხევების შესახებ გულმოდგინედ ქადაგებენ.

12. რა გავლენას ახდენს სამეფოს შესახებ ცნობა იმ ადამიანებზე, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან მას?

12 რა გავლენას ახდენს სამეფოს შესახებ ცნობა იმ ადამიანებზე, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან მას? დღეს, ისევე როგორც იესოს დღეებში, სასიხარულო ცნობა იმედის მომცემი და მანუგეშებელია (რომაელები 12:12; 15:4). ის სუფთა გულის მქონე ადამიანებს იმედს უნერგავს, რადგან ისინი იგებენ, რომ არსებობს მტკიცე საფუძველი, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ წინ უკეთესი მომავლი ელით (მათე 6:9, 10; 2 პეტრე 3:13). ასეთი იმედი ღვთისმოშიშ ადამიანებს ძალიან ეხმარება, მომავალს ოპტიმისტურად უყურონ. ფსალმუნმომღერალი ამბობს, რომ მათ ‘ცუდი ამბისაც კი არ შეეშინდებათ’ (ფსალმუნები 111:1, 7).

ცნობა „გულშემუსვრილთა განსაკურნებლად“

13. როგორ აღწერს წინასწარმეტყველი ესაია იმ კურთხევებს, რომლებიც სასიხარულო ცნობის მიღებას მოჰყვება მაშინვე?

13 გარდა ამისა, სასიხარულო ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ, მაშინვე მოაქვს შვება და კურთხევები მათთვის, ვინც ყურად იღებს მას. როგორ? ზოგ კურთხევაზე მიუთითებდა წინასწარმეტყველი ესაია. ის წერდა: „სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად. გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა“ (ესაია 61:1, 2, სსგ; ლუკა 4:16—21).

14. ა) სამეფოს ცნობასთან დაკავშირებით რაზე მიანიშნებს გამოთქმა „გულშემუსვრილთ განკურნავს“? ბ) როგორ ვბაძავთ იეჰოვას გულშემუსვრილთა მიმართ მზრუნველობის გამოვლენაში?

14 ამ წინასწარმეტყველების თანახმად, სასიხარულო ცნობის ქადაგებით იესო ‘გულშემუსვრილთ კურნავდა’. მართლაც რა გამომხატველობითი ენა გამოიყენა ესაიამ! ბიბლიის ერთ–ერთი ლექსიკონის თანახმად, «„განკურნებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ხშირად ნახვევის დადების და ამგვარად ჭრილობის მკურნალობისა და განკურნების გამოსახატავად გამოიყენებოდა». მზრუნველი მედდა პაციენტს სხეულის დაზიანებულ ნაწილზე ნახვევს (დამწოლი ნახვევი) ადებს, რათა დაეხმაროს მას. მსგავსი სახით, სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისას, მზრუნველი მქადაგებელი ეხმარება ყველას, ვინც დადებითად ეხმაურება ამ ცნობას და ამ წუთისოფელში ამა თუ იმ სახით იტანჯება. ამ ადამიანთათვის დახმარების აღმოჩენით ისინი იეჰოვას ბაძავენ მზრუნველობაში (ეზეკიელი 34:15, 16). ფსალმუნმომღერალი ღვთის შესახებ ამბობს: „განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ“ (ფსალმუნები 146:3).

რაში ეხმარება ადამიანებს სამეფოს შესახებ ცნობა

15, 16. რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ სამეფოს შესახებ ცნობა ეხმარება და განამტკიცებს რთულ მდგომარეობაში მყოფთ?

15 მრავალი შემთხვევა ცხადყოფს, რომ სამეფოს შესახებ ცნობა ნამდვილად ეხმარება და განამტკიცებს გულშემუსვრილთ ანუ გულდამძიმებულთ. განვიხილოთ ორიანას, ერთი სამხრეთ ამერიკელი ხანდაზმული ქალის, შემთხვევა, რომელსაც სიცოცხლე მობეზრებული ჰქონდა. მასთან სიარული დაიწყო იეჰოვას მოწმემ, რომელიც ორიანას უკითხავდა ბიბლიას და წიგნს „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ *. თავიდან დეპრესიაში მყოფი ეს ქალი კითხვას საწოლში მწოლიარე, თვალებდახუჭული უსმენდა და მხოლოდ დროდადრო ახელდა თვალებს. მაგრამ მალე ქალი ცდილობდა, წამომჯდარიყო და ისე ესმინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის ბიბლიის მასწავლებელს სასტუმრო ოთახში სკამზე მჯდარი ელოდებოდა. ამ ქალმა მალე სამეფო დარბაზში ქრისტიანული კრების შეხვედრებზეც დაიწყო დასწრება. ამ შეხვედრებზე ნასწავლით გამხნევებული ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდა ყველას, ვინც მის სახლთან ჩაივლიდა. ორიანა 93 წლის ასაკში მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. სამეფოს შესახებ ცნობამ მას კვლავ გაუღვიძა სიცოცხლის სურვილი (იგავები 15:30; 16:24).

16 სამეფოს ცნობა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს მათაც, ვინც იცის, რომ ავადმყოფობის გამო მალე მოკვდება. ავიღოთ, მაგალითად, დასავლეთ ევროპელი მარიას შემთხვევა. ის განუკურნებელი სენით იყო დაავადებული და ყოველგვარი იმედი ჰქონდა გადაწურული. მარია ღრმა დეპრესიაში იყო, როცა იეჰოვას მოწმეებს შეხვდა. მაგრამ, როდესაც ღვთის განზრახვების შესახებ შეიტყო, მის სიცოცხლეს კვლავ მიეცა აზრი. ის მოინათლა და აქტიურად დაიწყო ქადაგება. სიცოცხლის ბოლო ორი წლის განმავლობაში ის იმედითა და სიხარულით თვალებგაბრწყინებული დადიოდა. სიკვდილამდე მარიას მკვდრეთით აღდგომის მტკიცე იმედი ჰქონდა (რომაელები 8:38, 39).

17. ა) რა სასიკეთო ცვლილებები შეაქვს სამეფოს შესახებ ცნობას იმ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან მას? ბ) პირადად თქვენ, რა მხრივ გამოსცადეთ, რომ იეჰოვა არის „გამმართავი ყველა წელში მოხრილისა“?

17 ასეთი შემთხვევები იმის დამადასტურებელია, რომ სამეფოს შესახებ ცნობა სასიკეთოდ მოქმედებს იმ ადამიანთა ცხოვრებაზე, რომლებიც ბიბლიურ ჭეშმარიტებას არიან მოწყურებულნი. ისინი, ვისაც საყვარელი ადამიანი ჰყავს გარდაცვლილი, ძალების მოზღვავებას გრძნობენ, როდესაც მკვდრეთით აღდგომის შესახებ იგებენ (1 თესალონიკელები 4:13). ადამიანებს, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და ოჯახის სარჩენად წელებზე ფეხს იდგამენ, საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობა და სიმხნევე უბრუნდებათ, როდესაც იგებენ, რომ, სანამ იეჰოვასადმი ერთგულები არიან, ის არასოდეს მიატოვებს მათ (ფსალმუნები 36:28). მრავალი, ვინც დეპრესიაშია, იეჰოვას დახმარებით თანდათანობით ამ დაავადებასთან გასამკლავებელ ძალას იკრებს და ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სრულიად იკურნება (ფსალმუნები 39:2, 3). მართლაც, თავისი სიტყვის მეშვეობით გადმოცემული ძალის დახმარებით, იეჰოვა დღესვე არის „გამმართავი ყველა წელში მოხრილისა“ (ფსალმუნები 144:14). როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ანუგეშებს სამეფოს შესახებ ცნობა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ გულდამძიმებულ ადამიანებსა და ქრისტიანული კრების წევრებს, ამით ისევ და ისევ გვეძლევა შეხსენება, რომ ჩვენ დღეს საუკეთესო ცნობას ვამცნობთ ხალხს! (ფსალმუნები 51:17, აქ [50:19]).

„ვევედრები ღმერთს მათთვის“

18. როგორ მოქმედებდა პავლეზე ის ფაქტი, რომ იუდეველები არ იღებდნენ სასიხარულო ცნობას და რატომ?

18 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცნობა საუკეთესო ახალი ამბების შემცველია, მრავალი არ იღებს მას. როგორ შეიძლება ამან ჩვენზე იმოქმედოს? ისევე, როგორც მოციქულ პავლეზე. ის ხშირად ქადაგებდა იუდეველებთან, მაგრამ უმრავლესობა მათგანი არ იღებდა ხსნის შესახებ ცნობას. ეს ძალიან მოქმედებდა პავლეზე. მან გულახდილად თქვა: „დიდი მწუხარება და გაუყუჩებელი ტკივილი მაქვს გულში“ (რომაელები 9:2). პავლეს ებრალებოდა იუდეველები. მას ამწუხრებდა ის ფაქტი, რომ ისინი სასიხარულო ცნობას არ იღებდნენ.

19. ა) რატომ არის გასაგები, რომ ზოგჯერ გულისტკივილს ვგრძნობთ? ბ) რა დაეხმარა პავლეს, განეგრძო ქადაგება?

19 ჩვენც ხალხისადმი სიბრალულის გამო ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას. ამიტომ გასაგებია, თუ რატომ ვგრძნობთ გულისტკივილს, როდესაც მრავალი არ იღებს სამეფოს შესახებ ამ ცნობას. ამგვარი რეაქცია იმის მაჩვენებელია, რომ ნამდვილად ვართ იმ ადამიანების სულიერი კეთილდღეობით დაინტერესებულნი, რომლებსაც ვუქადაგებთ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს მოციქულ პავლეს მაგალითი. რა დაეხმარა მას სამქადაგებლო საქმიანობის გაგრძელებაში? იუდეველთა უმეტესობამ არ მიიღო სასიხარულო ცნობა და ეს ამწუხრებდა და ტკივილს აყენებდა მოციქულს, მაგრამ მას ხელი არ ჩაუქნევია ყველა იუდეველზე და არ უფიქრია, რომ მათ აღარაფერი ეშველებოდათ. ის იმედოვნებდა, რომ იუდეველებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მიიღებდნენ ქრისტეს. ამიტომ ცალკეული იუდეველის მიმართ თავისი გრძნობა პავლემ ასე გამოხატა: „ძმებო, გულით მსურს და ვევედრები ღმერთს მათთვის, რომ გადარჩნენ“ (რომაელები 10:1).

20, 21. ა) როგორ შეიძლება მსახურებისას პავლეს მაგალითს მივბაძოთ? ბ) ჩვენი მსახურების რომელ მხარეს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

20 ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლე ორ მნიშვნელოვან რამეს მოიხსენიებს — თავის გულისწადილს, რომ ცალკეული პიროვნებები გადარჩნენ, და ამისათვის ღმერთს მიმართავს თხოვნით. დღეს ჩვენ ვბაძავთ პავლეს მაგალითს. ჩვენ ვინარჩუნებთ გულითად სურვილს, ვიპოვოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც სასიხარულო ცნობისადმი სწორად არიან განწყობილნი. აგრეთვე ლოცვით მივმართავთ იეჰოვას და ვთხოვთ, გვაპოვნინოს ასეთი ადამიანები, რათა დავეხმაროთ მათ, ხსნამდე მიმყვან გზას დაადგნენ (იგავები 11:30; ეზეკიელი 33:11; იოანე 6:44).

21 მაგრამ იმისათვის, რომ სამეფოს შესახებ ცნობა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ვამცნოთ, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ არა მარტო იმას, თუ რატომ და რას ვქადაგებთ, არამედ იმასაც, თუ როგორ ვქადაგებთ. ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ამ სტატიაში განვიხილავთ ჩვენი მსახურების პირველ ორ მხარეს, მომდევნოში კი — მესამეს.

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

რა ისწავლეთ?

• რა მიზეზების გამო ვმონაწილეობთ მსახურებაში?

• რა მნიშვნელოვან ცნობას ვამცნობთ ადამიანებს?

• რა კურთხევებს იღებენ ისინი, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობას დადებითად ეხმაურებიან?

• რა დაგვეხმარება, რომ განვაგრძოთ მსახურება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 18 გვერდზე]

სამეფოს შესახებ ცნობა ძალებს მატებს გულდამძიმებულთ.

[სურათები 20 გვერდზე]

ლოცვა გვეხმარება, რომ განვაგრძოთ მსახურება.