არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გონიერი აკვირდება თავის ნაბიჯს“

„გონიერი აკვირდება თავის ნაბიჯს“

„გონიერი აკვირდება თავის ნაბიჯს“

გონიერი ადამიანი საზრიანი და ჭკვიანია, საღად მსჯელობს და გამჭრიახობას ავლენს, წინდახედულია, სწორად განსჯის უნარით გამოირჩევა და ბრძნულად მოქმედებს. ის არ არის ცბიერი და არ ცდილობს თავის სასარგებლოდ სხვების გამოყენებას. „გონიერი ცოდნით მოქმედებს“, — ნათქვამია იგავების 13:16–ში. დიახ, გონიერება, ანუ საზრიანობა, სასურველი თვისებაა.

როგორ შეგვიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში გონიერების გამოვლენა? როგორ ვლინდება იგი არჩევნის გაკეთებისას, სხვებთან ურთიერთობისა და სხვადასხვა სიტუაციაზე რეაგირებისას? რა დადებით შედეგებს იმკიან საზრიანები? რა რთულ სიტუაციებს ირიდებენ ისინი? ძველი ისრაელის მეფე სოლომონი გვაძლევს ამ კითხვებზე პასუხებს და ამ პასუხების პოვნა იგავების 14:12—25–შია * შესაძლებელი.

გონიერება გამოავლინეთ არჩევნის გაკეთებისას

გონივრული არჩევნის გასაკეთებლად და ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად საჭიროა, კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა შეგვეძლოს. მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს „არის გზა, რომელიც სწორად ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზებია“ (იგავები 14:12). ამიტომ უნდა ვისწავლოთ, იმის ერთმანეთისგან გარჩევა, რაც ნამდვილად კარგია და რაც ერთი შეხედვით გვეჩვენება კარგად. სიტყვები „სიკვდილის გზები“ იმის მაჩვენებელია, რომ მრავალი მაცდური ბილიკი არსებობს. განვიხილოთ ზოგიერთი საკითხი, რომელთა შესახებაც უნდა ვიცოდეთ და რომლებსაც უნდა მოვერიდოთ.

მდიდრებსა და წუთისოფელში სახელგანთქმულ ადამიანებს, ჩვეულებრივ, პატივსაცემ პიროვნებებად მიიჩნევენ და მათით აღფრთოვანებულნი არიან. მატერიალური კეთილდღეობისა და საზოგადოებაში საპატიო ადგილის გამო, მათი ამა თუ იმ სახით მოქმედება სხვების თვალში სწორი ჩანს. მაგრამ, რის თქმა შეიძლება იმ საშუალებებზე, რომლებსაც მრავალი მათგანი სიმდიდრისა და სახელის მოსაპოვებლად იყენებს? მოქმედებენ ისინი ამ დროს სწორად და ზნეობრივად სუფთად? არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც დიდ გულმოდგინებას ავლენენ თავიანი რელიგიური მრწამსისადმი. მაგრამ ნიშნავს ამ ადამიანთა გულწრფელობა იმას, რომ მათი მრწამსი სწორია? (რომაელები 10:2, 3).

ამა თუ იმ სახით მოქმედება ადამიანის თვალში შეიძლება სწორი ჩანდეს იმიტომაც, რომ ის თავს იტყუებს. გადაწყვეტილებების იმის საფუძველზე მიღება, რასაც პირადად მივიჩნევთ სწორად, ფაქტობრივად, იგივეა, რომ მივენდოთ საკუთარ გულს, რომელიც ცბიერია (იერემია 17:9). სინდისმა, რომელიც განსწავლული და გაწაფული არ არის, შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ არასწორი სწორია. მაშ, რა დაგვეხმარება სათანადოდ მოქმედებაში?

თუ გვსურს, რომ ‘კარგისა და ცუდის გასარჩევად აღქმის უნარი გაწაფული გვქონდეს’, აუცილებელია ღვთის სიტყვაში მოცემული ჭეშმარიტების გულმოდგინედ შესწავლა და ღრმად გამოკვლევა. გარდა ამისა, ეს უნარი ბიბლიაში მოცემული პრინციპების ‘გამოყენებით’ უნდა ‘გავიწაფოთ’ (ებრაელები 5:14). ამასთანავე, საჭიროა, ფრთხილად ვიყოთ, რათა ისეთმა რამემ, რაც სწორის მხოლოდ შთაბეჭდილებას ტოვებს, არ გადაგვიყვანოს ‘ვიწრო გზიდან, რომელიც სიცოცხლემდე მიმყვანია’ (მათე 7:13, 14).

როდესაც „სიცილის დროსაც სტკივა გულს“

შეიძლება ბედნიერი ვიყოთ მაშინ, როდესაც თავს შინაგანად მშვიდად არ ვგრძნობთ? შეუძლია სიცილსა და გართობას ღრმად ფესვებგადგმული ტკივილის გაყუჩება? არის გონივრული დარდის ალკოჰოლში „ჩახრჩობა“ ან სულიერი ტანჯვის შესამსუბუქებლად ნარკოტიკების მიღება? ანდა დარდის გასაქარვებლად აღვირახსნილი ცხოვრება? რა თქმა უნდა, არა. „სიცილის დროსაც სტკივა გულს“, — ამბობს ბრძენი მეფე (იგავები 14:13ა).

სიცილმა შეიძლება ტკივილი შენიღბოს, მაგრამ მას ვერ გააქრობს. „ყოველივეს თავისი დრო . . . აქვს“, — ნათქვამია ბიბლიაში. მართლაც, არის „ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვისა“ (ეკლესიასტე 3:1, 4). როდესაც დარდი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გვშორდება, საჭიროა მის დასაძლევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და, საჭიროების შემთხვევაში, ‘გონივრული მითითების’ ძიება (იგავები 24:6, აქ) *. სიცილსა და გართობას აქვს გარკვეული ღირებულება, მაგრამ ის შედარებით მცირეა. სოლომონი გვაფრთხილებს დროის ტარების უმართებულო ფორმებისა და მეტისმეტი გართობის შესახებ. ის ამბობს: „მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე“ (იგავები 14:13ბ, სსგ).

გულმრუდი და კეთილი ადამიანები — რაში პოულობენ ისინი კმაყოფილებას?

„გულმრუდი კაცი თავისი საქციელით გაძღება, — განაგრძობს ისრაელის მეფე, — კეთილი კაცი კი თავისი საქმეებით“ (იგავები 14:14, სსგ). რა საქმეებში პოულობენ კმაყოფილებას გულმრუდი და კეთილი ადამიანები?

გულმრუდ ადამიანს არ ადარდებს, რა ვალდებულება აკისრია ღვთის წინაშე. ამიტომ მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმის კეთებას, რაც იეჰოვას თვალში სწორია (1 პეტრე 4:3—5). ასეთ ადამიანს კმაყოფილებას სიმდიდრის დაგროვება ანიჭებს (ფსალმუნები 143:11—15ა). კეთილი ადამიანისთვის კი ღვთისმოსაწონად მოქმედება მნიშვნელოვანია. ის ყოველ თავის საქმეში ღვთის სამართლიანი ნორმების შესაბამისად მოქმედებს. ასეთ ადამიანს თავის საქმეთა ნაყოფი ანიჭებს კმაყოფილებას, რადგან იეჰოვაა მისი ღმერთი და უზენაესისადმი მსახურებას მისთვის უსაზღვრო სიხარული მოაქვს (ფსალმუნები 143:15ბ).

ნუ ‘დაიჯერებთ ყველა სიტყვას’

სოლომონი გონიერთა გზებს გულუბრყვილოთა გზებს უპირისპირებს. ის ამბობს: „გულუბრყვილოს სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს“ (იგავები 14:15). გონიერი ბრმად არ იჯერებს ყველაფერს. ასეთი ადამიანი ყოველივეს, რასაც ისმენს, უცებ არ იღებს სიმართლედ ან სხვების კარნახით არ ცხოვრობს, არამედ საკუთარ ნაბიჯებს უკვირდება. ყველა ხელმისაწვდომი ფაქტის თავმოყრის შემდეგ, ის ცოდნის საფუძველზე მოქმედებს.

მაგალითად, განვიხილოთ საკითხი: „არსებობს თუ არა ღმერთი?“ გულუბრყვილო ანუ გამოუცდელი ადამიანი, ჩვეულებრივ, იმ აზრს იზიარებს, რაც საყოველთაოდ არის მიღებული ან, რასაც ცნობილი ადამიანები უჭერენ მხარს. გონიერი კი აუჩქარებლად იკვლევს ფაქტებს. ის ფიქრობს ისეთ ბიბლიურ მუხლებზე, როგორიცაა რომაელების 1:20 და ებრაელების 3:4. როდესაც საქმე ბიბლიურ საკითხებს ეხება, გონიერი ადამიანი ბრმად არ იღებს რელიგიურ წინამძღოლთა სიტყვებს. ის ‘ამოწმებს შთაგონებულ სიტყვას, რათა დაინახოს, ღვთისგან არის თუ არა იგი’ (1 იოანე 4:1).

მართლაც რომ გონივრულია, ყურად ვიღოთ რჩევა, არ ‘ვირწმუნოთ ყველა სიტყვა’! ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ქრისტიანულ კრებაში სხვებისთვის რჩევის მიცემის პასუხისმგებლობა აკისრია. რჩევის მიმცემს მდგომარეობის შესახებ სრული სურათი უნდა ჰქონდეს. მან ყურადღებით უნდა მოისმინოს ყველაფერი და ფაქტები შეაგროვოს, რათა რჩევა საფუძვლიანი იყოს და არა ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე მიცემული (იგავები 18:13; 29:20).

„საზრიანი კაცი . . . მოძულებულია“

ისრაელის მეფე მიუთითებს გონიერსა და უგუნურს შორის არსებულ კიდევ ერთ სხვაობაზე. ის ამბობს: „ბრძენს შიში აქვს და ზურგს აქცევს ცუდ საქმეებს, უგუნური კი რისხდება და თავდაჯერებულია. ვინც სწრაფად რისხდება, უგუნურებას ჩაიდენს; საზრიანი კაცი კი მოძულებულია“ (იგავები 14:16, 17, აქ).

გონიერ ადამიანს ეშინია არასწორი მოქმედების შედეგების. ამიტომ ის სიფრთხილეს ავლენს და აფასებს ნებისმიერ რჩევას, რომელიც ცუდის არიდებაში ეხმარება. უგუნურს კი მსგავსი შიში არა აქვს. ის თავდაჯერებულია და ქედმაღლურად უგულებელყოფს სხვების რჩევებს. ასეთი ადამიანი ადვილად ღიზიანდება და, შედეგად, უგუნურად მოქმედებს. მაგრამ როგორ შეიძლება საზრიანი ადამიანი მოძულებული იყოს?

დედანში გამოყენებულ სიტყვას, რომელიც „საზრიანად“ არის ნათარგმნი, ორი მნიშვნელობა აქვს. დადებითი გაგებით ის მიუთითებს გამჭრიახობაზე (იგავები 1:4, აქ; 2:11, აქ; 3:21, აქ); უარყოფითი გაგებით კი — მზაკვრობაზე ან ბოროტ განზრახვაზე (ფსალმუნები 36:7; იგავები 12:2; 24:8).

თუ გამოთქმა „საზრიანი კაცი“ მიუთითებს მზაკვარ ადამიანზე, მაშინ რთული არ არის დავინახოთ, რატომ არის ის მოძულებული. მაგრამ განა გამჭრიახი ადამიანიც არ სძულთ მათ, ვინც გონიერი არ არის? მაგალითად, წუთისოფელს სძულს ისინი, რომლებიც საზრიანობას ავლენენ და ‘ქვეყნიერების ნაწილი არ არიან’ (იოანე 15:19). ქრისტიან ახალგაზრდებს, რომლებიც საზრიანობას ავლენენ და თანატოლების არაჯანსაღი გავლენის ქვეშ არ ექცევიან, ჩვეულებრივ, დასცინიან. ფაქტია, რომ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები სძულთ წუთისოფელში, რომელიც სატანა ეშმაკის ძალაუფლებაშია (1 იოანე 5:19).

„ბოროტნი კეთილთა წინაშე დაიჩოქებენ“

გონიერი გამოუცდელისგან სხვამხრივაც განსხვავდება. „გულუბრყვილონი სისულელეს იწილადებენ, გონიერნი კი ცოდნით გვირგვინდებიან“ (იგავები 14:18). გულუბრყვილოებს, ანუ გამოუცდელებს, გამჭრიახობა არა აქვთ და ამის გამო ირჩევენ იმას, რაც სისულელეა. ამგვარად მოქმედება მათი ცხოვრების წესი ხდება. გონიერს კი ცოდნა ისევე ამკობს, როგორც გვირგვინი — მეფეს.

„ბოროტები კეთილთა წინაშე დაიჩოქებენ, უკეთურნი კი მართლის კარიბჭეებთან“, — ამბობს ბრძენი მეფე (იგავები 14:19). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. დღეს ღვთის ხალხის რაოდენობა იზრდება; ეს ხალხი უკეთეს ცხოვრებას ეწევა. იეჰოვას მსახურთა ამ კურთხევების დანახვა ზოგ მოწინააღმდეგეს იძულებულს გახდის, ‘დაიჩოქოს’ სიმბოლური ზეციერი ქალის წინაშე, რომლის წარმომადგენელიც დედამიწაზე სულით ცხებულთა დარჩენილი ნაწილია. თუ მოწინააღმდეგენი ამას არმაგედონამდე არ აღიარებენ, არმაგედონში მაინც მოუწევთ აღიარონ, რომ ღვთის მიწიერი ორგანიზაცია ნამდვილად წარმოადგენს ზეციერის ნაწილს (ესაია 60:1, 14; გალატელები 6:16; გამოცხადება 16:14, 16).

„ღარიბთა მოწყალე“

ადამიანთა ბუნებაზე დაკვირვების შედეგად სოლომონი ამბობს: „ღარიბი თავისი მოყვასისთვისაც საძულველია, მდიდრის მოყვარული კი მრავალია“ (იგავები 14:20). ეს მართლაც რომ ასეა არასრულყოფილი ადამიანების შემთხვევაში! ისინი მიდრეკილნი არიან, მდიდრის მიმართ მეტი ყურადღება გამოავლინონ, ვიდრე ღარიბის მიმართ. მდიდარს ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ასეთი ადამიანების მეგობრობა ისევე წარმავალია, როგორც სიმდიდრე. ამიტომ განა არ უნდა მოვერიდოთ სიმდიდრის ან მლიქვნელობის საშუალებით მეგობრების შეძენას?

როგორ შეიძლება მოვიქცეთ, თუ საკუთარი თავის პატიოსნად გამოკვლევის შედეგად დავინახავთ, რომ მდიდრებს ვეპირფერებით ან ღარიბებს ზემოდან დავყურებთ? უნდა გვესმოდეს, რომ ბიბლია განსჯის ამგვარად მოქმედებას. მასში ნათქვამია: „თავისი მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მოწყალე კი ნეტარია“ (იგავები 14:21).

საჭიროა ყურადღება გამოვავლინოთ გასაჭირში მყოფთა მიმართ (იაკობი 1:27). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? „საარსებო საშუალების“ — ფულის, საკვების, თავშესაფრის, ტანსაცმლის — მიცემითა და პირადი ინტერესის გამოვლენით (1 იოანე 3:17). ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ასე იქცევა, რადგან „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

რას იმკიან ისინი?

პრინციპი „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“, ეხება როგორც გონიერებს, ისე უგუნურებს (გალატელები 6:7). გონიერი სიკეთეს იქმს, ხოლო უგუნური ავისმზრახველია. „ხომ არეული აქვთ გზა–კვალი ავისმზრახველთ?“ — სვამს კითხვას ბრძენი მეფე. ამ კითხვაზე პასუხი დადებითია — ისინი გზააბნეულნი დადიან. „კეთილისმზრახველთ კი მადლი და ჭეშმარიტება ახლავთ“ (იგავები 14:22, სსგ). კეთილისმზრახველნი ღვთისა და სხვების მადლით, ანუ სიკეთით, სარგებლობენ.

სოლომონი ერთმანეთთან აკავშირებს გარჯასა და წარმატებას და ამაოდ ლაპარაკსა და წარუმატებლობას. ის ამბობს: „ყოველ გარჯაშია მატება, ბაგეთა ამაო სიტყვისაგან მხოლოდ დანაკლისი“ (იგავები 14:23). ეს პრინციპი ნამდვილად მიესადაგება ჩვენს სულიერ საქმიანობას. როდესაც ქრისტიანულ მსახურებაში ძალ–ღონეს არ ვიშურებთ, ვიმკით კურთხევებს, რომლებიც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარებას მოაქვს. ნებისმიერი თეოკრატიული დანიშნულების ერთგულად შესრულება სიხარულსა და კმაყოფილებას გვანიჭებს.

„ბრძენთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა, ბრიყვთა სისულელე კი სისულელეა“, — ნათქვამია იგავების 14:24–ში. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ გონიერი ადამიანისთვის სიმდიდრეა სიბრძნე, რომლისკენაც ის ისწრაფვის; სიბრძნე კი გვირგვინივით ამკობს მას. ბრძენისგან განსხვავებით, ბრიყვი მხოლოდ სისულელეს იმკის. ერთი ნაშრომის თანახმად, ეს იგავი შეიძლება აგრეთვე ნიშნავდეს, რომ „სიმდიდრე ამკობს მათ, ვინც გონივრულად იყენებს მას . . . [მაშინ როდესაც] ბრიყვს მხოლოდ თავისი სისულელე აქვს“. რა მნიშვნელობაც უნდა ჰქონდეს ამ იგავს, ერთი რამ ცხადია — გონიერი უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ბრიყვი.

„ჭეშმარიტი მოწმე სულთა მხსნელია, — ამბობს ისრაელის მეფე, — ცრუ კაცი კი ტყუილებს აფრქვევს“ (იგავები 14:25). ეს პრინციპი ნამდვილად ჭეშმარიტია, როდესაც საქმე იურიდიულ საკითხებს ეხება, მაგრამ ვნახოთ, თუ როგორ ეხება ის ჩვენს მსახურებასაც. ჩვენ დავალებული გვაქვს, ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ ცნობა და მოვამზადოთ მოწაფეები, რაშიც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების შესახებ სხვებთან საუბარი შედის. ამ საუბრების შედეგად სათანადო გულის მქონე ადამიანებს ცრუ რელიგიიდან გათავისუფლებისა და გადარჩენის საშუალება ეძლევათ. თუ ყოველთვის დავუკვირდებით როგორც საკუთარ თავს, ისე იმას, რას და როგორ ვასწავლით, ჩვენს თავსაც ვიხსნით და მსმენელებსაც (1 ტიმოთე 4:16). მოდი განვაგრძოთ ამის კეთება და ყოველთვის ყურადღებით ვიყოთ, რათა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გამოვავლინოთ გონიერება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იგავების 14:1—11 განხილულია 2004 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 26—29.

^ აბზ. 11 იხილეთ 1989 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 11—16 (რუს.).

[სურათი 18 გვერდზე]

სწორისა და არასწორის გარჩევა რომ შევძლოთ, საჭიროა საფუძვლიანად შევისწავლოთ ჭეშმარიტება.

[სურათი 18 გვერდზე]

ნამდვილად მოაქვს სიმდიდრეს კმაყოფილება?