არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუქორწინებელნი და იეჰოვასადმი მსახურებით კმაყოფილნი

დაუქორწინებელნი და იეჰოვასადმი მსახურებით კმაყოფილნი

„ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“

დაუქორწინებელნი და იეჰოვასადმი მსახურებით კმაყოფილნი

„ბევრი ჩვენგანი ქორწინების გარეშეც ბედნიერად გრძნობს თავს“, — თქვა ერთმა ქრისტიანმა ქალმა ესპანეთში. რა არის მათი კმაყოფილების მიზეზი? „გვიხარია, რომ არ გვაწუხებს ქორწინებასთან დაკავშირებული მრავალი საზრუნავი და შეგვიძლია უფრო სრულად ვემსახუროთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას“.

ასეთი თვალსაზრისი ეთანხმება დაუქორწინებლობასთან დაკავშირებით ღვთის სიტყვაში ჩაწერილ აზრებს. პავლე მოციქულმა ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას ღვთის შთაგონებით გვირჩია: „დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეუბნები, რომ მათთვის კარგია, ჩემსავით დარჩნენ“. პავლე არ იყო დაქორწინებული. რატომ გვირჩევდა ის დაუქორწინებლობას? მან აღნიშნა, რომ დაქორწინებული ადამიანი გაყოფილია, მაშინ როცა დაუქორწინებელ მამაკაცსა თუ ქალს „უფლისა აფიქრებს“ (1 კორინთელები 7:8, 32—34). ღვთისადმი მსახურება ის ძირითადი ფაქტორია, რის გამოც დაუქორწინებელი ადამიანი ბედნიერებასა და კმაყოფილებას გრძნობს.

კეთილშობილური მიზნით დაუქორწინებელი

პავლეს სიტყვებმა შეიძლება საგონებელში ჩააგდოს ის ადამიანები, რომელთა კულტურაშიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქორწინებასა და ოჯახის ყოლას. თუმცა იესო ქრისტემ, რომელიც დაუქორწინებლობის მიუხედავად ბედნიერი და კმაყოფილი იყო, მოიხსენია დაუქორწინებელ ქრისტიანთა კეთილშობილური მიზანი. მან თქვა: „არიან საჭურისები, რომლებმაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ზეციერი სამეფოს გულისთვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს“ (მათე 19:12).

ამ სიტყვების თანახმად, ბევრმა აღმოაჩინა, რომ დაუქორწინებლობა საშუალებას აძლევთ, დაქორწინებულთათვის ჩვეულებრივი, ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე ემსახურონ ღმერთს (1 კორინთელები 7:35). ათასობით ქრისტიანი ქორწინების თანამგზავრის გარეშეც იეჰოვას ბედნიერი თაყვანისმცემელია და სხვების აქტიური დახმარებით სიხარულს განიცდის *.

ბევრი დაუქორწინებელი ქრისტიანი მიხვდა, რომ ბედნიერება დაქორწინებულთა ხვედრი არ არის და ყველა დაუქორწინებელი როდი გრძნობს თავს უბედურად. დროდადრო ორივე კატეგორიის ადამიანები გრძნობენ თავს ცუდად. ფაქტობრივად, ბიბლია სიმართლეს ამბობს, რომ ქორწინებას თან სდევს „ხორციელი გასაჭირი“ (1 კორინთელები 7:28).

არსებული ვითარების გამო დაუქორწინებელი

ბევრი იმიტომ კი არ არის დაუქორწინებელი, რომ ასე სურს, არამედ არსებული ვითარების გამო. მათ ძალიან უნდათ ის სითბო, მეგობრული ურთიერთობა და სიყვარული, რაც დაქორწინებულ წყვილს შორის სუფევს. მაგრამ ზოგს დაქორწინებაში შეიძლება ფინანსური თუ სხვა პრობლემები უშლიდეს ხელს. ზოგი ქრისტიანი, რომელთა უმრავლესობა ძვირფასი სულიერი დაა, მხოლოდ იმიტომ რჩება დაუქორწინებელი, რომ გადაწყვიტეს, დამორჩილებოდნენ ბიბლიის რჩევას, „[მხოლოდ] უფალში“ დაქორწინებულიყვნენ (1 კორინთელები 7:39). ისინი ცხოვრების მომავალ თანამგზავრს მხოლოდ იეჰოვასადმი მიძღვნილ, მონათლულ თაყვანისმცემლებს შორის ეძებენ.

ხანდახან დაუქორწინებლებიდან ზოგი თავს მარტოდ გრძნობს. ერთმა გაუთხოვარმა ქრისტიანმა დამ, რომელიც მარტოდ გრძნობდა თავს, თქვა: „ჩვენ ვიცით იეჰოვას კანონი და არ გვსურს ვაწყენინოთ. შეიძლება ძალიან გვინდა მეუღლე გვყავდეს, მაგრამ ქვეყნიურ ადამიანზე დაქორწინებას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხშირია მათი მხრიდან ასეთი მცდელობა, დაუქორწინებლობას ვარჩევთ. არ გვინდა, რომ ურწმუნო ცხოვრების თანამგზავრი გვყავდეს“. ასეთი ქრისტიანები შექებას იმსახურებენ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ემოციურად ძალიან უჭირთ, ცდილობენ ბიბლიური რჩევისა და მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვით ასიამოვნონ იეჰოვას.

იეჰოვა უდიდესი დახმარების წყაროა

იეჰოვა ერთგულია მათ მიმართ, ვინც ერთგულებას ავლენს მისდამი იმით, რომ უარს ამბობს ისეთ ადამიანთან ქორწინებაზე, რომელიც იეჰოვას მსახური არ არის. თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მეფე დავითმა თქვა: „ერთგულს, [იეჰოვა], ერთგულებით უპასუხებ“ (ფსალმუნები 18:25, აქ [17:26]). თავის ერთგულებს ღმერთი ჰპირდება: „არასოდეს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5). იეჰოვას მსგავსად, შეგვიძლია გულუხვად შევაქოთ ნებისმიერი ასაკის დაუქორწინებელი ქრისტიანები, რომლებიც ერთგულად იცავენ იეჰოვას სიტყვას. შეგვიძლია აგრეთვე ვილოცოთ, რომ იეჰოვამ გააძლიეროს ისინი არსებული სირთულეების დასაძლევად (მსაჯულთა 11:30—40).

ბევრმა დაუქორწინებელმა ქრისტიანმა აღმოაჩინა, რომ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში სრული მონაწილეობა მათ ცხოვრებას აზრით აღსავსეს ხდის. მაგალითად, პატრიცია, რომელიც ოცდაათ წელს მიღწეული გაუთხოვარი ქალია და პიონერად ანუ სრული დროით მსახურობს, ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ დაუქორწინებლობას ბევრი პრობლემა სდევს თან, ეს საშუალებას მაძლევს, სრული დროით ვიმსახურო. ვინაიდან დაქორწინებული არა ვარ, უფრო მოქნილი გრაფიკი მაქვს, რაც პირადი შესწავლისთვის მეტი დროის გამოყოფის შესაძლებლობას მაძლევს. აგრეთვე ვისწავლე, უფრო მეტად მივენდო იეჰოვას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან მიჭირს“.

ასეთი შეხედულება დაფუძნებულია ბიბლიის სანდო დანაპირებზე: „მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს“ (ფსალმუნები 36:5). ნამდვილად, იეჰოვას ყველა ერთგულ თაყვანისმცემელს, დაქორწინებულსა თუ დაუქორწინებელს, შეუძლია ინუგეშოს და გაძლიერდეს ღვთივშთაგონებული სიტყვებით: „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (ფსალმუნები 121:2, აქ [120:2]).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 2005 წლის კალენდარი“, ივლისი/აგვისტო.

[ჩანართი 9 გვერდზე]

„უცოლოს უფლისა აფიქრებს — როგორ ასიამოვნოს უფალს“ (1 კორინთელები 7:32).

[ჩარჩო 8 გვერდზე]

დაუქორწინებლობა კურთხევების მომტანია

იესომ, რომელიც არ ყოფილა დაქორწინებული, თქვა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ შევასრულო ჩემი გამომგზავნელის ნება-სურვილი და დავასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34).

ფილიპეს ოთხი გასათხოვარი ქალიშვილი „წინასწარმეტყველებდა“ (საქმეები 21:8, 9).

გასათხოვარი ქრისტიანი დები, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობას აუწყებენ, „მახარობელთა დიდი გუნდის“ ნაწილს შეადგენენ (ფსალმუნები 67:12).