არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იეჰოვას მახვილი და გედეონისა!“

„იეჰოვას მახვილი და გედეონისა!“

„იეჰოვას მახვილი და გედეონისა!“

მტერი კალიასავით მრავალრიცხოვანია და ნაყოფიერ მიწებს უდაბნოდ აქცევს. ისრაელში მსაჯულები მმართველობენ. ებრაელები უიმედო მდგომარეობაში არიან. როგორც კი თესლი აღმოცენებას და ნაყოფის გამოღებას იწყებს, აქლემებზე ამხედრებული მიდიანელებისგან, ამალეკელებისა და აღმოსავლეთელებისგან შემდგარი მოთარეშე რაზმები თავს ესხმიან ქვეყანას. უკვე შვიდი წელია, მსგავსი სურათი მეორდება. ეს მოთარეშეები მთელ ქვეყანაში დაძრწიან და საძოვრების ძიებაში ყველანაირ მცენარეს აჩანაგებენ. ისინი ისრაელში არ ტოვებენ არც სახედარს, არც ხარს და არც ცხვარს. მიდიანელთა ტირანული მმართველობა იმდენად მძიმეა, რომ გაღატაკებული ისრაელები იძულებულები არიან, თავი შეაფარონ მღვიმეებს, გამოქვაბულებსა და მიუვალ ადგილებს.

რატომ არის ისრაელი ასეთ სავალალო მდგომარეობაში? მათ ზურგი აქციეს იეჰოვას და ცრუ ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს. ამიტომ, იეჰოვამ მჩაგვრელების ხელში ჩააგდო ისინი. როდესაც ისრაელების ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, დახმარებისთვის იეჰოვას მიმართავენ. ისმენს ღმერთი მათ ვედრებას? რის სწავლა შეგვიძლია ისრაელი ერის ამ ისტორიიდან? (მსაჯულთა 6:1—6).

ფრთხილი მიწათმოქმედი თუ ‘მამაცი მებრძოლი’?

ჩვეულებრივ, ისრაელი მიწათმოქმედები ხორბალს კევრებში შებმული ხარებით ცეხვავენ ქარისგან დაუცველ, ყველასთვის შესამჩნევ ადგილას, სადაც ანიავებისას მარცვალი ისევ ადგილზე ეცემა, ხოლო ნამჯა გვერდზე იყრება. მაგრამ მოთარეშეები, რომლებსაც ქვეყანაში მოსავლის გაჩანაგება აქვთ განზრახული, პურეულის ანიავებას ადვილად შეამჩნევენ. ამიტომ ერთი ისრაელი, სახელად გედეონი, ხორბალს ცეხვავს მიდიანელებისთვის შეუმჩნეველ ადგილას საწნახელში, რომელიც შესაძლოა დიდი ზომისაა და კლდეშია ნაკვეთი (მსაჯულთა 6:11). როგორც ჩანს, აქ მხოლოდ მცირე რაოდენობით ხორბლის ცეხვაა შესაძლებელი. გედეონი იმით სარგებლობს, რაც ასეთ ვითარებაშია შესაძლებელი.

წარმოიდგინეთ გედეონის გაოცება, როდესაც იეჰოვას ანგელოზი ეცხადება და ეუბნება: „უფალი შენთანაა, მამაცო მებრძოლო“ (მსაჯულთა 6:12). რასაკვირველია, გედეონი, რომელიც მალულად ცეხვავს ხორბალს საწნახელში, არ ფიქრობს, რომ მამაცია. მაგრამ ანგელოზის სიტყვები იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი დარწმუნებულია გედეონში — მას შეუძლია, ისრაელის მამაცი წინამძღოლი იყოს. მაგრამ გედეონს ამაში დარწმუნება სჭირდება.

როდესაც იეჰოვა გედეონს ავალებს, ‘იხსნას ისრაელი მიდიანის ხელიდან’, ის მოკრძალებით პასუხობს: „მაპატიე, იეჰოვა. რით ვიხსნი ისრაელს? ჩემი საგვარეულო უმცირესია მენაშეში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში“. წინდახედული გედეონი ნიშანს სთხოვს იეჰოვას იმაში დასარწმუნებლად, რომ მიდიანელებთან ბრძოლაში ის მხარს დაუჭერს. იეჰოვა მზადაა, მოისმინოს გედეონის გონივრული თხოვნა. გედეონს სანოვაგის სახით ძღვენი მიაქვს იეჰოვას ანგელოზთან; ცოტა ხანში ცეცხლი შთანთქავს ძღვენს. მას შემდეგ, რაც შიშით შეპყრობილი გედეონი მშვიდდება, იმ ადგილას სამსხვერპლოს უგებს იეჰოვას (მსაჯულთა 6:12—24, აქ).

„თვითონ დაიცვას ბაალმა თავი“

ისრაელის ყველაზე დიდი პრობლემა მიდიანელთა ტირანული მმართველობით კი არ არის გამოწვეული, არამედ იმით, რომ ამ ერიდან ბევრი ბაალს სცემს თაყვანს. იეჰოვა „შურისმგებელი ღმერთია“ და ვერავინ შეძლებს მისი კეთილგანწყობილების მოპოვებას, თუ მასთან ერთად სხვა ღმერთებსაც ეთაყვანება (გამოსვლა 34:14). ამიტომ, იეჰოვა უბრძანებს გედეონს, დაანგრიოს ბაალის სამსხვერპლო, რომელიც მამამისს ეკუთვნის, და აჩეხოს აშერა. გედეონი ამ ბრძანებას მამისა და სხვების შიშით დღისით არ აკეთებს; ის ათი მსახურის დახმარებით ღამე ანგრევს სამსხვერპლოს.

გედეონის წინდახედულობა გამართლებულია, რადგან როცა ბაალის თაყვანისმცემლები გედეონის „მკრეხელობას“ ააშკარავებენ, მის მოკვლას ითხოვენ. მიუხედავად ამისა, გედეონის მამა, იოაში, უდავო არგუმენტებით იწყებს ხალხთან მსჯელობას და ამბობს, რომ, თუ ბაალი ღმერთია, თავად დაიცვას თავი. იმ დღეს დაარქვა იოაშმა თავის ვაჟს იერუბაალი, რაც ნიშნავს: „თვითონ დაიცვას ბაალმა თავი“ (მსაჯულთა 6:25—32, აქ).

ღმერთი არასდროს აკლებს კურთხევებს თავის მსახურებს, რომლებიც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად გაბედულად მოქმედებენ. როდესაც მიდიანელები და მათი მოკავშირეები კვლავ იჭრებიან ისრაელის ტერიტორიაზე, ‘გედეონს უფლის სული მოიცავს’ (მსაჯულთა 6:34). ღვთის წმინდა სულის ანუ მოქმედი ძალის დახმარებით გედეონი თავს უყრის მეომრებს მენაშეს, აშერის, ზებულონისა და ნაფთალის ტომებიდან (მსაჯულთა 6:35).

მოქმედებისთვის მზადყოფნა

თუმცა ახლა გედეონს 32 000 მებრძოლისგან შემდგარი ლაშქარი ჰყავს, ის მაინც სთხოვს ღმერთს ნიშანს. თუ კალოზე გაფენილ მატყლის საწმისს ნამი დაედება, მთელი მიწა კი მშრალი დარჩება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ღმერთი გედეონის ხელით იხსნის ისრაელს. იეჰოვა უსრულებს მას თხოვნას და ახდენს სასწაულს; გედეონი უფრო მეტად რწმუნდება, როცა მეორე ღამეს მისი კიდევ ერთი თხოვნისამებრ პირიქით ხდება — საწმისი მშრალი რჩება, ხოლო მთელი მიწა ნამით იფარება. მეტისმეტად ხომ არ ფრთხილობს გედეონი? როგორც ჩანს, არა, რადგან იეჰოვა სიამოვნებით უსრულებს მას თხოვნას, რათა თავის მხარდაჭერაში დაარწმუნოს (მსაჯულთა 6:36—40). დღეს ჩვენ არ მოველით, რომ ასეთი სასწაულები მოხდება. მაგრამ იეჰოვას ხელმძღვანელობის მიღება და მის მხარდაჭერაში დარწმუნება მისი სიტყვის საშუალებით შეგვიძლია.

როდესაც ისრაელი მტერზე იერიშის მისატანად ემზადება, იეჰოვა გედეონს ეუბნება, რომ საკმაოდ ბევრი მეომარი ჰყავს. თუ ასეთი მრავალრიცხოვანი ლაშქრით დაამარცხებს ისრაელი მიდიანს, შეიძლება ტრაბახი დაიწყოს და გამარჯვება საკუთარ ძალას მიაწეროს. სინამდვილეში კი ისრაელმა გამარჯვებისთვის დიდება იეჰოვას უნდა მიაგოს. როგორ შეიძლება გამოსავლის პოვნა? გედეონი ღვთის მითითებისამებრ, მოსეს რჯულში მოცემული პრინციპის თანახმად მოქმედებს და მეომრებს ეუბნება, რომ, ვისაც ეშინია, სახლში დაბრუნდნენ. შედეგად 22 000 მეომარი სახლში ბრუნდება და მასთან მხოლოდ 10 000 მებრძოლი რჩება (მეორე რჯული 20:8; მსაჯულთა 7:2, 3).

მიუხედავად ამისა, იეჰოვას აზრით, გედეონს მაინც ბევრი მეომარი ჰყავს. იეჰოვა ეუბნება მას, წყალთან ჩაიყვანოს ისინი. როგორც იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს, ღვთის ბრძანებით გედეონმა პაპანაქება სიცხეში მარშით წაიყვანა თავისი ლაშქარი მდინარისკენ. გედეონი აკვირდება, როგორ სვამენ ისინი წყალს. მხოლოდ 300 კაცს მიაქვს პირთან წყალი ხელით და ისე ხვრიპავს, რომ ყურადღებას არ ადუნებს, რათა მოულოდნელად მტერი არ დაესხათ თავს. საბოლოოდ, მხოლოდ 300 ფრთხილი მეომარი რჩება გედეონთან (მსაჯულთა 7:4—8). წარმოიდგინეთ საკუთარ თავი მათ ადგილას. მტრის ლაშქარი 135 000 მებრძოლისგან შედგება; აქედან გამომდინარე, უეჭველად მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ გამარჯვება მხოლოდ იეჰოვას ძალით არის შესაძლებელი და არა თქვენი საკუთარი ძალით.

ღმერთი ეუბნება გედეონს, რომ მსახურთან ერთად დაზვეროს მიდიანელთა ბანაკი. იქ გედეონი ისმენს, თუ როგორ უყვება ერთი კაცი სიზმარს მეორეს, რომელიც დარწმუნებით უხსნის მას სიზმრის მნიშვნელობას — მისი სიტყვების თანახმად, ღმერთს გადაწყვეტილი აქვს, ხელში ჩაუგდოს გედეონს მიდიანი. სწორედ ამის მოსმენა სჭირდება გედეონს. ის ახლა უფრო მეტად არის დარწმუნებული, რომ იეჰოვა მას და მის 300 მეომარს მიდიანელებზე გაამარჯვებინებს (მსაჯულთა 7:9—15).

ბრძოლის სტრატეგია

გედეონმა 300 მეომარი სამ რაზმად დაყო და თითოეულს ხელში საყვირი და დიდი ცარიელი დოქი დააჭერინა, რაშიც ჩირაღდანი იდო. თავდაპირველად, გედეონმა ასეთი ბრძანება გასცა: «მიყურეთ და თქვენც იგივე გააკეთეთ. როცა რქის საყვირს ჩავბერავ, თქვენც ჩაჰბერეთ და შესძახეთ: „იეჰოვას მახვილი და გედეონისა!“» (მსაჯულთა 7:16—18, 20, აქ).

300 ისრაელი მეომარი ფეხაკრეფით უახლოვდება მტრის ბანაკს. დაახლოებით საღამოს 10 საათია — გუშაგები ახალი შეცვლილები არიან. ეს, როგორც ჩანს, ხელსაყრელი დროა თავდასხმისთვის, სანამ ახლად შეცვლილი გუშაგების თვალი სიბნელეს მიეჩვევა.

რა თავზარდამცემი იქნება ეს წუთები მიდიანელებისთვის! მოულოდნელად ღამის მყუდროებას 300 საყვირის ხმა, სამასი დოქის დამსხვრევის ხმა და 300 მეომრის შეძახილი არღვევს. ისრაელების შეძახილს — „იეჰოვას მახვილი და გედეონისა!“ — თავზარდაცემული მიდიანელების ყვირილიც ემატება, რაც აურზაურს იწვევს. ამ ქაოსში მიდიანელებისთვის შეუძლებელია მტრისა და მოყვრის ერთმანეთისგან გარჩევა. 300 მეომარი კვლავ თავის ადგილზე დგას, რადგან ღმერთი ბანაკში მტრებს ერთმანეთს აჟლეტინებს. ბანაკში მყოფი მეომრები უკანმოუხედავად გარბიან, მაგრამ ისრაელები მისდევენ გაქცეულებს და არავის უშვებენ; ზოგს კლავენ და ზოგსაც ატყვევებენ, რათა ისრაელებს მიდიანელთა ხელით საშიშროება აღარ დაემუქროთ. ასე ეღება ბოლო ხანგრძლივ და სისხლისმღვრელ თავდასხმებს ისრაელის მიწაზე (მსაჯულთა 7:19—25; 8:10—12, 28).

გედეონი ასეთი გამარჯვების შემდეგაც კი თავმდაბალი რჩება. როგორც ჩანს, ეფრემელები რისხდებიან გედეონზე იმის გამო, რომ მან არ მოუხმო მათ მიდიანთან საომრად; ეფრემელებმა ლამის ჩხუბი აუტეხონ გედეონს, მაგრამ ის რბილად ექცევა მათ. მისი რბილად ნათქვამი პასუხი აცხრობს ეფრემელების რისხვას და ამშვიდებს მათ (მსაჯულთა 8:1—3; იგავები 15:1).

ქვეყანაში მშვიდობა ისადგურებს; ისრაელები სთხოვენ გედეონს, რომ მათი მეფე გახდეს. მართლაც რამხელა ცდუნებაა! მაგრამ გედეონი არ თანხმდება. მას მხედველობიდან არ რჩება, თუ ვისი წყალობით გაიმარჯვა მიდიანზე. ის აცხადებს: „მე არ ვიხელმწიფებ თქვენზე . . . უფალი იხელმწიფებს თქვენზე“ (მსაჯულთა 8:23).

მაგრამ არასრულყოფილების გამო გედეონი ყოველთვის როდი ინარჩუნებს საღ აზროვნებას. ჩვენთვის უცნობი მიზეზით ბრძოლაში მოპოვებული ნადავლით გედეონი აკეთებს ეფოდს და თავის ქალაქში დებს. ბიბლიური ცნობის თანახმად, მთელი ისრაელი ‘მეძაობს’ იქ და თაყვანს სცემს ეფოდს, რომელიც მახედ ექცა თავად გედეონსა და მის ოჯახს. მიუხედავად ამისა, გედეონი არ ხდება კერპთაყვანისმცემელი, რადგან საღვთო წერილი მას იეჰოვასადმი რწმენით გამსჭვალულ მამაკაცად მოიხსენიებს (მსაჯულთა 8:27; ებრაელები 11:32—34).

გაკვეთილი ჩვენთვის

გედეონის ისტორია როგორც გამაფრთხილებელი, ისე გამამხნევებელია ჩვენთვის. გამაფრთხილებელია იმ მხრივ, რომ, თუ თავნება საქციელის გამო იეჰოვას სული და მისი კურთხევები არ გვექნება, ისეთივე სულიერ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორშიც კალიებით გაჩანაგებული და გაღატაკებული ქვეყნის მცხოვრებლები იყვნენ. ჩვენ კრიტიკულ დროში ვცხოვრობთ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვას კურთხევა „ამდიდრებს და დარდი არ ემატება მას“ (იგავები 10:22). ღმერთი კურთხევებს არ გვაკლებს, რადგან ‘მთელი გულითა და ხალისიანი სულით ვემსახურებით’. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიგვატოვებს (1 ნეშტთა 28:9).

გედეონის ისტორია გამამხნევებელია, რადგან გვარწმუნებს, რომ იეჰოვას შეუძლია ნებისმიერი მუქარისგან დაიცვას თავისი ხალხი და ამისათვის ისეთი ადამიანებიც კი გამოიყენოს, რომლებიც, ერთი შეხედვით, სუსტები ან უსუსურები ჩანან. გედეონმა და მისმა 300 მეომარმა 135 000 მიდიანელისგან შემდგარი ლაშქრის დამარცხება შეძლეს, რაც იმას ამტკიცებს, რომ ღმერთს უსაზღვრო ძალა აქვს. შესაძლოა ზოგჯერ სასოწარკვეთილებაში ვვარდებით და ვფიქრობთ, რომ მტრის რიცხობრივი სიმრავლის გამო უიმედო მდგომარეობაში ვართ. მაგრამ ბიბლიური მონათხრობი გედეონის შესახებ აღგვძრავს, მივენდოთ იეჰოვას, რომელიც აკურთხებს და დაიცავს ყველას, ვინც მისდამი რწმენას გამოავლენს.