არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ვინაიდან ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა სიბერეში ღვთისადმი ორგულობა გამოავლინა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ აღდგება? (3 მეფეთა 11:3—9).

თუმცა ბიბლიაში სახელებით მოიხსენიება ღვთის ზოგი ერთგული მამაკაცი და ქალი, რომლებიც უეჭველად აღდგებიან, მასში კონკრეტულად არ არის ნათქვამი, აღდგომის როგორი იმედი აქვს წარსულში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს (ებრაელები 11:1—40). მაგრამ სოლომონის შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ განაჩენს გამოუტანს იეჰოვა მას, თუ სიკვდილის წინ სოლომონისა და ზოგი ერთგული მსახურის ქმედებას შევადარებთ ერთმანეთს.

საღვთო წერილში მიცვალებულთა მხოლოდ ორ მდგომარეობაზე მახვილდება ყურადღება — დროებით არარსებობასა და მარადიულ სიკვდილზე. ვინც არ იმსახურებს აღდგომას, „გეენაშია“ ანუ „ცეცხლის ტბაში“, რაც მარადიულ განადგურებას ნიშნავს (მათე 5:22; მარკოზი 9:47, 48; გამოცხადება 20:14). მათ შორის არიან პირველი ადამიანები, ადამი და ევა, მოღალატე იუდა ისკარიოტელი და ისინი, ვისაც ღმერთმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგალითად ნოეს დღეებში მცხოვრები ხალხი და სოდომისა და გომორას მოსახლეობა *. ისინი, რომლებიც აღდგებიან, ახლა კაცობრიობის საერთო სამარეში — შეოლში ანუ ჰადესში არიან. ბიბლიაში ნათქვამია, რა მომავალი აქვთ ასეთ ადამიანებს: „ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და ჰადესმაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა“ (გამოცხადება 20:13).

ებრაელების მე–11 თავში მოხსენიებული ღვთის ერთგული მსახურები ამჟამად შეოლში ანუ ჰადესში იმყოფებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ აღდგომის იმედი აქვთ. მათ შორის არიან ღვთის ერთგული მსახურებიც: აბრაამი, მოსე და დავითი. ახლა ყურადღება მივაქციოთ, რა არის ბიბლიაში ნათქვამი მათი, როგორც მიცვალებულთა, მდგომარეობის შესახებ. იეჰოვამ აბრაამს უთხრა: „შენ მიხვალ შენს მამებთან მშვიდობით და კეთილ სიბერეში დაიმარხები“ (დაბადება 15:15). მოსეს კი ასეთი სიტყვებით მიმართა: „აჰა, მიიძინებ შენს მამა–პაპასთან“ (მეორე რჯული 31:16, სსგ). სოლომონის მამის, დავითის, შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში“ (3 მეფეთა 2:10). გამოთქმა ‘განისვენა თავის მამებთან’ იგივეა, რაც შეოლში მოხვედრა.

რა დაემართა სოლომონს სიკვდილის შემდეგ? ბიბლია გვპასუხობს: „ხანი სოლომონის მეფობისა მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი. და განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის, მამამისის, ქალაქში“ (3 მეფეთა 11:42, 43). ამიტომ გონივრულია ვიფიქროთ, რომ სოლომონი შეოლში ანუ ჰადესში იმყოფება, საიდანაც აღდგება.

ზემოხსენებული დასკვნა იმაზე მიუთითებს, რომ აღდგომის შესაძლებლობა მათაც აქვთ, რომელთა შესახებაც საღვთო წერილი კონკრეტულად ამბობს: ‘თავიანთ მამებთან განისვენეს’. სინამდვილეში ბევრ მეფეზე, რომლებიც სოლომონის შემდგომ მეფობდნენ და ორგულები გახდნენ, მსგავსი სიტყვებია ნათქვამი. ეს გასაკვირი არც არის, რადგან „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). რასაკვირველია, მხოლოდ მას შემდეგ გვეცოდინება დანამდვილებით, ვინ იმსახურებდა აღდგომას, რაც აღდგება „ყველა, ვინც სამარხებში“ არიან (იოანე 5:28, 29). ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ დოგმატურები ვიყოთ წარსულში მცხოვრები თითოეული ადამიანის აღდგომასთან დაკავშირებით, დაიმედებულნი ვართ იეჰოვას სრულყოფილ, სამართლიან გადაწყვეტილებაზე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 იხილეთ 1988 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 22, 23 (რუს.).