რუსეთის უძველესი ბიბლიოთეკიდან ბიბლიის ტექსტს ნათელი ეფინება
რუსეთის უძველესი ბიბლიოთეკიდან ბიბლიის ტექსტს ნათელი ეფინება
ორი მეცნიერი ძველი ბიბლიური ხელნაწერების ძიებაშია. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ისინი მოგზაურობენ უდაბნოებში, რათა მიაკვლიონ ამ ხელნაწერებს გამოქვაბულებში, მონასტრებში ან ციცაბო კლდეებში გამოკვეთილ უძველეს ნასახლარებში. გადის წლები და მათი გზები რუსეთის უძველეს საჯარო ბიბლიოთეკაში იკვეთება. აქ ისინი ნახულობენ დღემდე აღმოჩენილთაგან უმნიშვნელოვანეს ბიბლიურ ხელნაწერებს. ვინ იყვნენ ეს მეცნიერები? როგორ აღმოჩნდა მათ მიერ ნაპოვნი „საუნჯე“ რუსეთში?
ძველი ხელნაწერები — ღვთის სიტყვის „დამცველები“
ამ ორ მეცნიერთაგან ერთ–ერთის გასაცნობად გადავინაცვლოთ მე–19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ევროპა ინტელექტუალურმა რევოლუციამ მოიცვა. ეს პერიოდი გამოირჩეოდა მეცნიერული პროგრესითა და კულტურული მიღწევებით, რამაც ხელი შეუწყო ტრადიციული შეხედულებების შერყევას. ბიბლიის კრიტიკოსები ცდილობდნენ, ძირი გამოეთხარათ ღვთის სიტყვის ავტორიტეტისთვის. მეცნიერებს ეჭვი შეჰქონდათ თვით ბიბლიის ტექსტის სანდოობაში.
ბიბლიის დაცვით დაინტერესებულ ადამიანებს სჯეროდათ, რომ ღვთის სიტყვის ავტორიტეტს ძველი ბიბლიური ხელნაწერები განამტკიცებდა. მაგრამ ასეთ ხელნაწერებს აღმოჩენა სჭირდებოდა. მაშინ არსებულთან შედარებით უფრო ძველი ხელნაწერების პოვნა იმის დამამტკიცებელი იქნებოდა, რომ ბიბლიის ტექსტი — მისი განადგურებისა და დამახინჯების უამრავი მცდელობის მიუხედავად — წმინდად იყო დაცული. გარდა ამისა, ასეთი ხელნაწერები თარგმნის დროს დაშვებულ მცირეოდენ შეცდომებსაც გამოავლენდა.
ბიბლიის ტექსტის უტყუარობის გარშემო მიმდინარე უმწვავესი დებატების ერთ–ერთ ადგილად გერმანია იქცა. აქ ერთი ახალგაზრდა პროფესორი გამოემშვიდობა მყუდრო ცხოვრებას და შორ გზას დაადგა. მას წინ ელოდა ერთ–ერთი უდიდესი აღმოჩენა ბიბლიური ხელნაწერების აღმოჩენის ისტორიაში. ეს ახალგაზრდა ბიბლეისტი კონსტანტინე ფონ ტიშენდორფი იყო. კონსტანტინე არ შეურიგდა ბიბლიის კრიტიკოსთა გააქტიურებას და მისი ძალისხმევა ბიბლიის ტექსტის ავტორიტეტის საგრძნობი განმტკიცებით დაგვირგვინდა. 1844 წელს სინის უდაბნოში მისი პირველი მოგზაურობა საოცარად წარმატებული აღმოჩნდა. მონასტერში გადასაყრელ ნივთებს შორის მან შემთხვევით იპოვა „სეპტუაგინტის“ (ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი) დღემდე აღმოჩენილთაგან ყველაზე ძველი ხელნაწერები!
აღფრთოვანებული ტიშენდორფი უკან ხელნაწერების 43 ფრაგმენტით დაბრუნდა. ის დარწმუნებული იყო, რომ იქ უფრო მეტი ხელნაწერის პოვნა შეიძლებოდა. მაგრამ 1853 წელს მეორედ ჩასვლისას მან მხოლოდ ერთი ფრაგმენტი ნახა. სად იყო დანარჩენი? საჭირო სახსრების გარეშე დარჩენილმა ტიშენდორფმა ფინანსური მხარდაჭერის მიზნით შეძლებულ სპონსორს მიმართა. სწორედ ამ დროს იყო, რომ ძველი ხელნაწერების აღმოჩენის სურვილით მან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა სამშობლოს დატოვება. მაგრამ ახალი მისიის წამოწყებამდე მას ოფიციალური თხოვნით რუსეთის იმპერატორისთვის უნდა მიემართა.
იმპერატორი ინტერესდება
ტიშენდორფს, როგორც პროტესტანტ სწავლულს, ალბათ, ძალიან აინტერესებდა, როგორ მიიღებდნენ მას რუსეთში, უდიდეს მართლმადიდებლურ ქვეყანაში. საბედნიეროდ, რუსეთში დაწყებული იყო ცვლილებებისა და რეფორმების პერიოდი. ჯერ კიდევ იმპერატორმა ეკატერინე II–მ დიდი ყურადღება გადაიტანა განათლების სფეროზე და მისი ინიციატივით 1795 წელს სანკტ–პეტერბურგის საიმპერატორო ბიბლიოთეკა გაიხსნა. რუსეთის ამ პირველმა საჯარო ბიბლიოთეკამ მილიონობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა აურაცხელი ნაბეჭდი მასალა.
საიმპერატორო ბიბლიოთეკა ევროპაში ერთ–ერთ საუკეთესო ბიბლიოთეკად ითვლებოდა, მაგრამ მას ერთი ნაკლი ჰქონდა. დაარსებიდან ორმოცდაათი წლის გასვლის შემდეგ ბიბლიოთეკაში მხოლოდ ექვსი ებრაული ხელნაწერი აღმოჩნდა. ეს კი აშკარად არ იყო საკმარისი, რადგან რუსეთში სულ უფრო იზრდებოდა ინტერესი ბიბლიური ენების შესწავლისა და ბიბლიის თარგმანების მიმართ. ეკატერინე II–მ ევროპის უნივერსიტეტებში სწავლულები გაგზავნა ებრაული ენის შესასწავლად. მათი დაბრუნების შემდეგ რუსეთის წამყვანი მართლმადიდებლური სემინარიების სწავლების პროგრამაში ჩართეს ებრაული ენის კურსები. რუს სწავლულებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, მუშაობა დაეწყოთ ბიბლიის ზუსტ თარგმანებზე და რუსულად ტექსტი ძველებრაულიდან ეთარგმნათ. თუმცა სახსრების ნაკლებობამ და ეკლესიის კონსერვატიული ლიდერების მხრიდან წინააღმდეგობამ ისინი ახალი სირთულეების წინაშე დააყენა. ნამდვილი „განმანათლებლობის ეტაპი“ ჯერ არ იყო დამდგარი მათთვის, ვინც ბიბლიური ცოდნისკენ ისწრაფვოდა.
იმპერატორმა ალექსანდრე II–მ დაინახა, რომ ტიშენდორფის მისია სასარგებლო იქნებოდა და მას ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა. ზოგის მხრიდან „შურით აღსავსე და ფანატიკური წინააღმდეგობის“ მიუხედავად, ტიშენდორფი სინის ნახევარკუნძულიდან „სეპტუაგინტის“ ხელნაწერების დანარჩენი ფრაგმენტებით დაბრუნდა *. ისინი — რომელთაც მოგვიანებით „სინური კოდექსი“ ეწოდა — დღეს არსებულ ერთ–ერთ უძველეს ბიბლიურ ხელნაწერებად ითვლება. სანკტ–პეტერბურგში დაბრუნებისას ტიშენდორფი იმპერატორის რეზიდენციისკენ, ცარსკოე-სელოში * მდებარე ზამთრის სასახლისკენ ჩქარობდა. მან იმპერატორს შესთავაზა, დაეფინანსებინა „ანალიტიკური და ბიბლიური კვლევის ერთ–ერთი უდიდესი წამოწყება“ — ახლად აღმოჩენილი ხელნაწერების ბეჭდვითი ვარიანტის გამოცემა, რომელმაც მოგვიანებით ბინა საიმპერატორო ბიბლიოთეკაში დაიდო. იმპერატორმა სიამოვნებით მიიღო ეს წინადადება და აღფრთოვანებული ტიშენდორფი მოგვიანებით წერდა: «ჩვენს თაობას განგებამ გადმოხედა . . . „სინურმა ბიბლიამ“ სრული და ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნა ღვთის სიტყვის ნამდვილ ტექსტთან დაკავშირებით. სარწმუნო ფორმულირების საშუალებით ის გვეხმარება ჭეშმარიტების დაცვაში».
საუნჯე ყირიმიდან
სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ კიდევ ერთი სწავლული, რომელიც ბიბლიურ ხელნაწერებს ეძებდა. ვის ვგულისხმობდით? რამდენიმე წლით ადრე, სანამ ტიშენდორფი რუსეთში დაბრუნდებოდა, საიმპერატორო ბიბლიოთეკამ იმდენად წარმოუდგენელი წინადადება მიიღო, რომ მაშინვე მიიპყრო იმპერატორის ყურადღება და მთელი ევროპიდან მრავალი სწავლული მიიზიდა. ისინი თვალებს არ უჯერებდნენ. მათ წინ იყო ძველი ხელნაწერების საოცრად დიდი კოლექცია — ცხრაჯერ მეტი, ვიდრე ევროპის ყველა ბიბლიოთეკაში ერთად აღებული! ამ კოლექციაში შედიოდა 2 412 ნივთი, მათ შორის 975 ხელნაწერი და გრაგნილი. 45 ბიბლიური ხელნაწერი მე–10 საუკუნემდე იყო შესრულებული. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა ჩანდეს, ყველა ეს ხელნაწერი თითქმის მარტოდმარტო შეაგროვა აბრაამ ფირკოვიჩმა, ყარაიმმა სწავლულმა, რომელიც მაშინ 70 წელს იყო გადაცილებული! მაგრამ ვინ იყვნენ ყარაიმები? *
ამ კითხვაზე პასუხი იმპერატორსაც ძალიან აინტერესებდა. რუსეთის საზღვრებში ამ დროისთვის ის ახლომდებარე ტერიტორიებიც შედიოდა, რომლებიც ადრე სხვა ქვეყნებს ეკუთვნოდა. შედეგად, რუსეთის იმპერიაში ახალი ეთნიკური ჯგუფები გამოჩნდნენ. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყირიმის თვალწარმტაც ტერიტორიაზე ცხოვრობდა ხალხი, რომლებიც ებრაელების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მაგრამ მათ თურქული წეს–ჩვეულებები ჰქონდათ, ხოლო მათი ენა თათრულთან იყო ახლოს. ყარაიმები თავიანთ თავს იმ ებრაელთა შთამომავლებად თვლიდნენ, რომლებიც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ ბაბილონში გადასახლდნენ. მაგრამ მათგან განსხვავებით, რომლებიც რაბინულ ტრადიციებს მისდევდნენ, ისინი არ აღიარებდნენ თალმუდს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ წმინდა წერილების კითხვას. ყირიმელ ყარაიმებს სურდათ, დამოუკიდებელი სტატუსის მოსაპოვებლად იმპერატორისთვის დაენახვებინათ, თუ რა განსხვავდება იყო მათსა და რაბინული ტრადიციების მიმდევარ ებრაელებს შორის. ყარაიმების აზრით, მათ ხელთ არსებული ძველი ხელნაწერები იმპერატორისთვის იმის დამადასტურებელი საბუთი იქნებოდა, რომ ბაბილონში გადასახლებული ებრაელების შთამომავლები იყვნენ და ყირიმში მოგვიანებით გადავიდნენ.
ძველი ჩანაწერებისა და ხელნაწერების ძებნა ფირკოვიჩმა დაიწყო ყირიმში, ჩუფუტ–კალის კლდეში გამოკვეთილ ადგილებში. ყარაიმთა წინა თაობებისთვის ეს ქვის სახლები თაყვანისცემისთვის განკუთვნილი და საცხოვრებელი ადგილები იყო. ყარაიმები არასოდეს ანადგურებდნენ წმინდა წერილების გაცრეცილ ხელნაწერებს, რომლებშიც ღვთის სახელი, იეჰოვა, ეწერა, რადგან ასეთ მოქმედებას მკრეხელობად მიიჩნევდნენ. ხელნაწერებს საგულდაგულოდ ინახავდნენ პატარა საწყობებში, რომლებსაც „გენიზა“ ეწოდებოდა (რაც ებრაულად „შესანახ ადგილს“ ნიშნავს). იმის გამო, რომ ყარაიმები დიდი მოკრძალებით ეკიდებოდნენ ღვთის სახელს, ასეთ ხელნაწერებს იშვიათად ეხებოდნენ.
ფირკოვიჩი არ შეუშინდა საუკუნეების მანძილზე დაგროვილ მტვერს და გულმოდგინედ დაიწყო „გენიზების“ დათვალიერება. ერთ–ერთ „გენიზაში“ მან იპოვა ცნობილი მანუსკრიპტი, რომელიც ახ. წ. 916 წლით თარიღდება. დღეს იგი „გვიანდელ წინასწარმეტყველთა პეტერბურგის კოდექსის“ სახელწოდებით არის ცნობილი და ებრაული წერილების ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერია.
ფირკოვიჩმა უამრავი ხელნაწერი შეაგროვა და 1859 წელს გადაწყვიტა, ეს უდიდესი კოლექცია საიმპერატორო ბიბლიოთეკისათვის შეეთავაზებინა. 1862 წელს ალექსანდრე II–ის დახმარებით ბიბლიოთეკამ მის შესაძენად უზარმაზარი თანხა — 125 000 რუბლი — გადაიხადა. და ეს იმ დროს, როცა
ბიბლიოთეკის წლიური ბიუჯეტი 10 000 რუბლს არ აღემატებოდა! ახალ შენაძენში შედიოდა ცნობილი „პეტერბურგის კოდექსი“ (B 19A). ის თარიღდება 1008 წლით და უძველესია ებრაული წერილების სრულ ხელნაწერთა შორის. ერთმა მეცნიერმა აღნიშნა, რომ «„პეტერბურგის კოდექსი“, ალბათ, ბიბლიის უმნიშვნელოვანესი ხელნაწერია, რადგან სწორედ ის უდევს საფუძვლად ებრაული ბიბლიის მეცნიერულად შემოწმებული თანამედროვე გამოცემების უმეტესობას» (იხილეთ ჩარჩო მე–13 გვერდზე). ამავე 1862 წელს გამოიცა ტიშენდორფის „სინური კოდექსი“, რასაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში.თანამედროვე დროის სულიერი განმანათლებლობა
ბიბლიოთეკა, რომელიც ამჟამად რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის სახელითაა ცნობილი, ძველ ხელნაწერთა ერთ–ერთი უდიდესი კოლექციის ადგილსამყოფელია *. რუსეთის ისტორია უკვალოდ არც ამ ბიბლიოთეკას ტოვებდა და ორი საუკუნის მანძილზე მისი სახელწოდება შვიდჯერ შეიცვალა. ერთ–ერთი საყოველთაოდ ცნობილი ყოფილი სახელწოდებაა „სალტიკოვ–შჩედრინის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა“. ქარცეცხლიანმა მე–20 საუკუნემ მასაც მიაყენა ზიანი, მაგრამ ბიბლიის ხელნაწერები უვნებლად გადაურჩა ორივე მსოფლიო ომსა და ლენინგრადის ბლოკადას. რა ღირებულება გააჩნია ამ ხელნაწერებს ჩვენთვის?
ბიბლიის ბევრი თანამედროვე თარგმანი ძველი და საიმედო ხელნაწერების საფუძველზეა შესრულებული. ამ ხელნაწერების წყალობით მათ, ვინც გულწრფელად ეძებს ჭეშმარიტებას, აქვთ წმინდა წერილების უფრო ზუსტი თარგმანი. „სინურმა კოდექსმა“ და „პეტერბურგის კოდექსმა“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მომზადებაში, რომლის სრული ვარიანტიც 1961 წელს გამოსცეს იეჰოვას მოწმეებმა. მაგალითად, „ბიბლია ჰებრაიკა შტუტგარტენსია“ და კიტელის „ბიბლია ჰებრაიკა“, რომლებსაც იყენებდა ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტი, დაფუძნებულია „პეტერბურგის კოდექსზე“. მათში ტეტრაგრამატონი, ანუ ღვთის სახელი, 6 828–ჯერ არის გამოყენებული.
ბიბლიის მკითხველთაგან ცოტამ თუ იცის, რომ სანკტ–პეტერბურგის ბიბლიოთეკამ და მისმა ხელნაწერებმა (რომლებსაც ბევრი ქალაქის ყოფილ სახელს, ლენინგრადს, უკავშირებს) დიდი წვლილი შეიტანა ბიბლიის ტექსტისთვის სინათლის მოფენაში. და მაინც, ყველაზე მეტად უნდა ვემადლიერებოდეთ ბიბლიის ავტორს, იეჰოვა ღმერთს, რომელიც სულიერ სინათლეს გვაძლევს. ფსალმუნმომღერალი მას სთხოვდა: „გამოგზავნე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი, რომ წამიძღვენ მე“ (ფსალმუნები 42:3).
[სქოლიოები]
^ აბზ. 11 მან ასევე თან წამოიღო ქრისტიანულ–ბერძნული წერილების სრული ხელნაწერი, რომელიც ახ. წ. მეოთხე საუკუნით თარიღდება.
^ აბზ. 11 ახლანდელი ქალაქი პუშკინი.
^ აბზ. 13 ყარაიმების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 1995 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ყარაიმები ჭეშმარიტების ძიებაში“ (რუს.).
^ აბზ. 19 „სინური კოდექსის“ დიდი ნაწილი ბრიტანეთის მუზეუმმა იყიდა. რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია დარჩენილი.
[ჩარჩო 13 გვერდზე]
ღვთის სახელი ცნობილია და მას იყენებენ კიდეც
იეჰოვა ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ მისი სიტყვა, ბიბლია, დღემდე ყოფილიყო შემონახული. საუკუნეების მანძილზე ხელნაწერთა გადამწერები გულმოდგინედ შრომობდნენ, რომ ჟამთა სვლას მისთვის ზიანი არ მიეყენებინა. მათ შორის განსაკუთრებული სიზუსტით გამოირჩეოდნენ მასორეტები, პროფესიონალი ებრაელი გადამწერები, რომლებიც ახ. წ. მე–6—10 საუკუნეებში მოღვაწეობდნენ. ძველი ებრაული ხმოვნების გარეშე იწერებოდა. ამიტომ, რაც დრო გადიოდა და ებრაულის ენის ადგილს არამეული ენა იკავებდა, თანდათან იზრდებოდა იმის საშიშროება, რომ სიტყვების სწორად წარმოთქმა დავიწყებას მიეცემოდა. მასორეტებმა შეიმუშავეს ხმოვანი ნიშნების სისტემა და ამ ხმოვან ნიშნებს სვამდნენ ბიბლიის ტექსტში იმის მისათითებლად, თუ როგორ წარმოითქმებოდა ესა თუ ის სიტყვა.
აღსანიშნავია, რომ პეტერბურგის კოდექსში არსებული მასორული ხმოვანი ნიშნების მიხედვით, ტეტრაგრამატონი (ოთხი ებრაული თანხმოვანი, რომლებითაც ღვთის სახელი გადმოიცემა) წარმოითქმება როგორც „იეჰვა“, „იეჰვი“ და „იეჰოვა“. ეს აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ღვთის სახელი არ არის საიდუმლოებით მოცული სიმბოლოების კომბინაცია, რომლის მოხსენიებაც არ შეიძლება. პირიქით, ღვთის სახელი ცნობილი იყო ბიბლიის დამწერებისთვის და ერთგული გადამწერებისთვის, და მას იყენებდნენ კიდეც. ღვთის სახელი დღესაც ცნობილია და მას იყენებს მილიონობით ადამიანი, რომლებიც აღიარებენ, რომ ‘მხოლოდ იეჰოვაა უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე’ (ფსალმუნები 83:18, აქ [82:19]).
[სურათი 10 გვერდზე]
ხელნაწერთა დარბაზი რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
[სურათი 11 გვერდზე]
იმპერატორი ეკატერინე II
[სურათები 11 გვერდზე]
კონსტანტინე ფონ ტიშენდორფი (ცენტრში) და რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II
[სურათი 12 გვერდზე]
აბრაამ ფირკოვიჩი
[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]
Both images: National Library of Russia, St. Petersburg
[სურათის საავტორო უფლებები 11 გვერდზე]
Catherine II: National Library of Russia, St. Petersburg; Alexander II: From the book Spamers Illustrierte Weltgeschichte, Leipzig, 1898