არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთისმოსაწონი ჭეშმარიტი სწავლებები

ღვთისმოსაწონი ჭეშმარიტი სწავლებები

ღვთისმოსაწონი ჭეშმარიტი სწავლებები

დედამიწაზე მცხოვრებმა ადამიანებმა რომ გაიგონ, თუ რომელია ღვთისმოსაწონი ჭეშმარიტი სწავლებები, თავად ღმერთმა უნდა ამცნოს ყველას თავისი განზრახვები. კიდევ როგორ შეუძლიათ ადამიანებს გაიგონ, რომელია ღვთისთვის მოსაწონი სწავლებები, თაყვანისცემის ფორმები და საქციელი? გვაწვდის ღმერთი ასეთ ინფორმაციას? თუ დიახ, როგორ?

შეუძლია რომელიმე ადამიანს თავისი ცხოვრების რამდენიმე ათწლეულში დედამიწის ყველა მცხოვრებს დაუკავშირდეს და ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლობა გასწიოს? არა, მაგრამ ეს შესაძლებელია ჩანაწერების საშუალებით, რომლებიც ჟამთა სვლას უძლებს. ამიტომ, განა მართებული არ იქნებოდა, რომ ღმერთს თავისი განზრახვა წიგნის მეშვეობით გაეცხადებინა? ბიბლია უძველესი წიგნია, რომელიც ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. ამ წიგნის ერთი დამწერი ამბობს: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16). მოდი უფრო ახლოს გავეცნოთ ბიბლიას და ვნახოთ, ასწავლის თუ არა ის ჭეშმარიტებას.

რამდენად ძველია?

ბიბლია ძირითად რელიგიურ წიგნთა შორის ერთ-ერთი უძველესია. მისი პირველი ნაწილი დაახლოებით 3 500 წლის წინ დაიწერა. ბიბლიის წერა ახ. წ. 98 წელს დასრულდა. მართალია 1 600 წლის განმავლობაში ბიბლიის წერაში დაახლოებით 40 მამაკაცი მონაწილეობდა, მაგრამ ის ერთმანეთთან შეთანხმებული წიგნების კრებულია, ვინაიდან მისი ნამდვილი ავტორი ღმერთია.

ბიბლია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტად გავრცელებული და თარგმნილი წიგნია. ყოველწლიურად მთლიანი ბიბლიის ან მისი ზოგიერთი ნაწილის დაახლოებით 60 მილიონი ეგზემპლარი ვრცელდება. მთლიანი ბიბლიის ან მისი ზოგიერთი ნაწილის თარგმნა 2 300-ზე მეტ ენასა და დიალექტზე მიმდინარეობს. მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს აქვს შესაძლებლობა, რომ მთლიანი ბიბლია ან ზოგიერთი მისი ნაწილი მშობლიურ ენაზე წაიკითხოს. ბიბლიამ გადალახა ეროვნული საზღვრები, რასობრივი თუ ეთნიკური ბარიერები.

როგორ შეადგინეს?

თუ გაქვთ ბიბლია, შეგიძლიათ გადაშალოთ და ნახოთ, როგორ არის ის შედგენილი *. თავდაპირველად გაეცანით სარჩევს. ბიბლიის ბევრ თარგმანს თავში მხოლოდ ერთი სარჩევი აქვს, სადაც თითოეული წიგნის სახელი და გვერდია მოცემული. თქვენ შეამჩნევთ, რომ ბიბლია არის ცალკეული წიგნებისგან შემდგარი დიდი კრებული და თითოეულ წიგნს თავისი სახელი აქვს. ბიბლიის პირველი წიგნი დაბადებაა, ბოლო კი გამოცხადება ანუ აპოკალიფსი. ეს წიგნები ორ ნაწილად იყოფა. პირველ 39 წიგნს ებრაული წერილები ეწოდება, რადგან მისი დიდი ნაწილი ებრაულ ენაზე დაიწერა. ბოლო 27 წიგნი კი ბერძნულ ენაზე დაიწერა და ბერძნული წერილები ეწოდა. ზოგი ამ ორ ნაწილს „ძველ აღთქმასა“ და „ახალ აღთქმას“ უწოდებს.

ბიბლიის წიგნები ადვილი მოსაძებნი რომ იყოს, ის თავებად და მუხლებად არის დაყოფილი. ჟურნალებში ბიბლიური მუხლები შემდეგნაირად არის მოყვანილი: ბიბლიის წიგნის სახელწოდების შემდეგ მოცემული პირველი რიცხვი თავზე მიუთითებს, შემდეგი კი — მუხლზე. მაგალითად, ბიბლიური მუხლი „2 ტიმოთეს 3:16“ ნიშნავს: ტიმოთეს მეორე წერილი, თავი მე-3 და მუხლი მე-16. შეეცადეთ, ეს მუხლი ბიბლიაში მოძებნოთ.

განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ბიბლიის შესასწავლად საუკეთესო საშუალება მისი რეგულარულად კითხვაა? ზოგიერთი პირველად ბერძნული წერილებიდან, კერძოდ მათეს სახარებიდან, იწყებს კითხვას. თუ დღეში 3-5 თავს წაიკითხავთ, წელიწადში მთლიანი ბიბლიის წაკითხვას შეძლებთ. მაგრამ როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ რასაც ბიბლიაში კითხულობთ, ნამდვილად ღვთის მიერ არის ინსპირირებული?

შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიას?

განა არ უნდა შეიცავდეს ყველა ადამიანისთვის განკუთვნილი ღვთის მიერ ინსპირირებული წიგნი დროულ, პრაქტიკულ რჩევებს? ბიბლიაში კარგად არის ნაჩვენები ადამიანური ბუნება და მასში მოცემული პრინციპები დღესაც ისეთივე პრაქტიკულია, როგორც მისი დაწერისას. ამის ნათლად დანახვა შეგვიძლია ქრისტიანობის დამფუძნებლის, იესო ქრისტეს, მიერ წარმოთქმული ქადაგებიდან, რაც ჩაწერილია მათეს მე-5—7 თავებში და ცნობილია, როგორც სამთო ქადაგება. მასში მოცემული რჩევები გვეხმარება არა მხოლოდ იმის დანახვაში, თუ როგორ მივაღწიოთ ნამდვილ ბედნიერებას, არამედ, როგორ მოვაგვაროთ უთანხმოებები, როგორ ვილოცოთ, რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მატერიალურ საჭიროებებზე და ა. შ. სამთო ქადაგება და ბიბლიის სხვა მონაკვეთები ნათლად გვანახვებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა მოვერიდოთ, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ და უკეთესად ვიცხოვროთ.

ბიბლია ჩვენს ნდობას კიდევ იმიტომ იმსახურებს, რომ ეს უძველესი წიგნი მეცნიერულადაც ზუსტია. მაგალითად, მაშინ როცა ადამიანთა უმრავლესობას სწამდა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო, ბიბლია საუბრობდა „დედამიწის წრეზე“ [ანუ სფეროზე] * (ესაია 40:22). დაახლოებით 3 000 წლის წინ, სანამ ცნობილი მეცნიერი ისააკ ნიუტონი იტყოდა, რომ პლანეტები მიზიდულობის ძალის წყალობით იყვნენ განლაგებულნი ცარიელ სივრცეში, ბიბლიაში ნათქვამი იყო, რომ „[ღმერთმა] არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (იობი 26:7, სსგ). განვიხილოთ ასევე წყლის წრებრუნვა დედამიწაზე, რომელიც დაახლოებით 3 000 წლის წინ ჩაიწერა ბიბლიაში და პოეტური ენით არის აღწერილი: „ყველა მდინარე ზღვისკენ მიედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება. საიდანაც მდინარენი მოედინებიან, ისევ იქ ბრუნდებიან სადინებლად“ (ეკლესიასტე 1:7). დიახ, სამყაროს შემოქმედი ბიბლიის ავტორიცაა.

ბიბლია ისტორიულადაც ზუსტია, რაც ცხადყოფს, რომ ის ღვთის ინსპირირებული სიტყვაა. ბიბლიაში აღწერილი მოვლენები მითი არ არის. მასში მოხსენიებულია კონკრეტული თარიღები, პიროვნებები და ადგილები. მაგალითად, ლუკას 3:1–ში ვკითხულობთ: „კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იყო იუდეის გამგებელი, ჰეროდე — გალილეის მხარის გამგებელი“.

ძველ დროში მცხოვრები ისტორიკოსები თითქმის ყოველთვის მმართველთა მხოლოდ გამარჯვებებსა და ღირსებებს მოიხსენიებდნენ, ბიბლიის მწერლები კი პატიოსნები იყვნენ და საკუთარ შეცდომებსაც აღიარებდნენ. მაგალითად, ისრაელის მეფე დავითმა თქვა: „დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. . . უგუნურად მოვიქეცი“. დავითის ეს გულწრფელი სიტყვები ბიბლიაშია ჩაწერილი (2 მეფეთა 24:10). ბიბლიის მწერალმა, მოსემაც, მოიხსენია ის შემთხვევა, როცა ჭეშმარიტ ღმერთს არ ერწმუნა (რიცხვნი 20:12).

არსებობს სხვა მტკიცებაც, რომ ბიბლია ღვთის ინსპირირებული სიტყვაა. ამას ნათლად ადასტურებს ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები ისტორიული მოვლენები. ზოგიერთი წინასწარმეტყველება იესო ქრისტეს ეხება. მაგალითად, იესოს დაბადებამდე 700 წელზე მეტი ხნით ადრე ებრაულ წერილებში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ აღთქმული მესია „იუდეის ბეთლემში“ დაიბადებოდა (მათე 2:1—6; მიქა 5:2).

განვიხილოთ მეორე მაგალითი. ბიბლიაში, 2 ტიმოთეს 3:1—5–ში, ნათქვამია: „ბოლო დღეებში ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა, რომლებიც გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“. განა ამ მუხლებიდან არა ჩანს, რა განწყობა აქვთ დღეს ადამიანებს? ეს სიტყვები ახ. წ. 65 წელს, დაახლოებით 1 900 წლის წინ დაიწერა!

რას გვასწავლის ბიბლია?

ბიბლიის კითხვისას თქვენთვის ნათელი ხდება, რომ ეს წიგნი უდიდესი სიბრძნის წყაროა. მასში მოცემულია ამომწურავი პასუხები კითხვებზე: ვინ არის ღმერთი? ნამდვილად არსებობს ეშმაკი? ვინ არის იესო ქრისტე? რატომ ვიტანჯებით? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხები, რომელთა მოსმენა სხვებისგანაც შეგიძლიათ, სხვადასხვა სარწმუნოებისა და ადათ–წესების მსგავსად ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგრამ ბიბლია ამ და სხვა საკითხებზე ჭეშმარიტებას გვამცნობს. გარდა ამისა, მასში მოცემულია საუკეთესო რჩევები, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს უმაღლესი მმართველებისა და სხვებისადმი *.

რას გვეუბნება ბიბლია დედამიწასა და ადამიანებთან დაკავშირებით ღვთის განზრახვაზე? ბიბლია გვპირდება: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი. . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:10, 11). „თვითონ ღმერთი მათთან [ადამიანებთან] იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4). „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნები 36:29).

ბიბლიაში ასევე ნაწინასწარმეტყველებია, რომ ომი, დამნაშავეობა, ძალადობა და ბოროტება წარსულს ჩაჰბარდება. ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილიც აღარ იქნება. მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე რეალობად იქცევა. მართლაც, რა შესანიშნავი იმედია! ეს კი ცხადყოფს, რომ ღმერთს უყვარს ადამიანები!

შენ რას გააკეთებ?

ბიბლია შემოქმედისგან ბოძებული დიდებული საჩუქარია. რას იტყოდი ამ წიგნზე? ერთი ინდუსი მამაკაცის აზრით, ღვთის სიტყვა თუ მთელი კაცობრიობისთვის არის, ის ცივილიზაციის დასაწყისიდანვე უნდა არსებულიყო. მან გაიგო, რომ ბიბლია ინდუსთა წმინდა წიგნზე, „ვედებზე“, უძველესია. ამიტომ გადაწყვიტა, წაეკითხა ბიბლია და გაცნობოდა მის სარჩევს *. ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი უნივერსიტეტის პროფესორმა დაინახა იმის აუცილებლობა, რომ ბიბლიაზე გარკვეული წარმოდგენის შექმნამდე ყველამ უნდა წაიკითხოს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ეს წიგნი.

ბიბლიის კითხვა და წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენება მრავალ კურთხევას მოგიტანს. ბიბლიაში ნათქვამია: «ნეტარია კაცი . . . [რომლის] მისწრაფება უფლის [„იეჰოვას“, აქ] * რჯულშია და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია» (ფსალმუნები 1:1—3). ბიბლიის შესწავლა და ნასწავლზე დაფიქრება ბედნიერებას მოგიტანს, რადგან ასეთი სახით შეძლებ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას (მათე 5:3). ბიბლიის შესწავლა დაგეხმარება იმის დანახვაში, თუ როგორ შეგიძლია ცხოვრება აზრით აღსავსე გახადო და წარმატებით გაუმკლავდე პრობლემებს. დიახ, „დიდია საზღაური მათი [ბიბლიაში მოცემული კანონების] დაცვისათვის“ (ფსალმუნები 18:12). გარდა ამისა, ღვთის დაპირებებისადმი რწმენის გამოვლენა დღესვე მრავალ კურთხევას მოგიტანს და დაგეხმარება, რომ მომავლის ნათელი იმედი გქონდეს.

ბიბლია გვაფრთხილებს: „როგორც ახალშობილებმა, განივითარეთ წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძისადმი სწრაფვა“ (1 პეტრე 2:2). ახალშობილის სიცოცხლე კვებაზეა დამოკიდებული და ის დაჟინებით ითხოვს საჭმელს. მსგავსად ამისა, ჩვენც ღვთის შემეცნებაზე ვართ დამოკიდებულნი. ასე რომ, ღვთის სიტყვისადმი „სწრაფვა“ ანუ მისი კითხვის ძლიერი სურვილი უნდა განვივითაროთ. ბიბლიაში მოცემულია ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტი სწავლებები. მიზნად დაისახე, რომ რეგულარულად შეისწავლო ბიბლია. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან, რომ შესწავლამ უფრო მეტი სარგებლობა მოგიტანოთ. შენ შეგიძლია დაუკავშირდე მათ ან მისწერო ამ ჟურნალის გამომცემლებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 თუ არა გაქვთ ბიბლიის პირადი ეგზემპლარი, შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეებისგან მიიღოთ.

^ აბზ. 13 ორიგინალში მოცემული სიტყვა, რომელიც ესაიას 40:22–ში ნათარგმნია როგორც „წრე“, ასევე შეიძლება ნიშნავდეს „სფეროს“. ბიბლიის სხვა თარგმანებში ის ითარგმნება როგორც „მიწის კამარა“ (სსგ) და „სიმრგულე ქუეყანისანი“ („მცხეთური ხელნაწერი“).

^ აბზ. 19 ეს საკითხები განხილულია წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 23 ვარაუდობენ, რომ „ჰიმნების ვედა“ დაახლოებით 3 000 წლის წინ შეიქმნა და ზეპირსიტყვიერების მეშვეობით მოაღწია ჩვენამდე. თავის წიგნში სარატ–კუმარი ამბობს, რომ «„ვედას“ წერა მხოლოდ ახ. წ. XIV საუკუნეში დასრულდა» (A History of India).

^ აბზ. 24 ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღმერთის სახელია. ბიბლიის ბევრ თარგმანში ის მოცემულია ფსალმუნების 82:19–ში (გ. პავსკის ფსალმუნების რუსული თარგმანი).

[სურათი 7 გვერდზე]

განივითარეთ ღვთის სიტყვისადმი „სწრაფვა“. რეგულარულად შეისწავლეთ ბიბლია.

[საავტორო უფლებები დაცულია 5 გვერდზე]

NASA photo