არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტი სწავლებები სად შეგიძლიათ მათი პოვნა?

ჭეშმარიტი სწავლებები სად შეგიძლიათ მათი პოვნა?

ჭეშმარიტი სწავლებები სად შეგიძლიათ მათი პოვნა?

ტიბეტელი მამაკაცი ბორბალს ატრიალებს. მას სწამს, რომ მისი ლოცვები ბორბლის ყოველი გადატრიალებისას მეორდება. ინდოეთში დიდ სახლში ერთ პატარა ოთახში აწყობენ რელიგიურ რიტუალს — პუჯას, რომლის დროსაც უამრავი ღმერთისა და ქალღმერთის გამოსახულებას საკმეველს უკმევენ, ყვავილებით ამკობენ და ბევრ სხვა ცერემონიას ასრულებენ. ათასობით კილომეტრის დაშორებით, იტალიაში მდიდრულ ეკლესიაში ერთი მანდილოსანი დაჩოქილია მარიამის, იესოს დედის, გამოსახულების წინაშე და ლოცვისას კრიალოსანს მარცვლავს.

ალბათ ხედავთ, თუ რა გავლენას ახდენს რელიგია ადამიანთა ცხოვრებაზე. ერთ წიგნში ნათქვამია: „რელიგია. . . ასრულებდა და კვლავაც ასრულებს მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს საზოგადოებაში“ (The World’s Religions—Understanding the Living Faiths). ჯონ ბოუკერი თავის წიგნში ამბობს: „არასოდეს უარსებია ისეთ საზოგადოებას, რომელშიც ღმერთს თავისი ადგილი არ ჰქონოდა, როგორც ყოვლისმპყრობელსა და შემოქმედს. ეს ასეა იმ საზოგადოებებშიც კი, რომლებმაც გამიზნულად აირჩიეს, სეკულარიზაციის გზას დასდგომოდნენ“ (God—A Brief History).

რელიგია მართლაც დიდ გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე. განა ეს იმის მაჩვენებელი არ არის, რომ ადამიანს სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების დიდი სურვილი აქვს? ცნობილი ფსიქოლოგი კარლ იუნგი თავის წიგნში განიხილავს ადამიანში ზებუნებრივი ძალისადმი თაყვანისცემის მოთხოვნილებას და ამბობს, რომ „ეს კაცობრიობის ისტორიიდან ჩანს“.

მიუხედავად ამისა, მრავალ ადამიანს არ სწამს ღმერთი ან საერთოდ არ არის დაინტერესებული რელიგიით. ზოგი უარყოფს ღვთის არსებობას, რადგან რელიგიამ, რომელსაც მიეკუთვნებიან, ვერ დააკმაყოფილა მათი სულიერი მოთხოვნილებები. რელიგია განიმარტება, როგორც „ზოგიერთი პრინციპის ზედმიწევნით ანუ ერთგულად დაცვა, კეთილსინდისიერების, ღვთისმოშიშების ანუ ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენა“. ამ განმარტების თანახმად, თითქმის ყველა ავლენს ცხოვრებაში გარკვეული რელიგიური პრინციპების მიმართ ერთგულებას და მათ რიცხვს ათეისტებიც მიეკუთვნებიან.

ათასობით წლის განმავლობაში ადამიანმა სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მრავალ გზას მიმართა, რის შედეგადაც მთელ მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა რელიგიური შეხედულება განვითარდა. მართალია, თითქმის ყველა რელიგია აღიარებს ზებუნებრივი ძალის არსებობას, მაგრამ სხვადასხვა შეხედულება აქვთ, თუ ვინ ან რა არის ის. მრავალი სარწმუნოება ასევე ყურადღებას ამახვილებს ხსნაზე ანუ გათავისუფლებაზე, მაგრამ მათი სწავლებები ძალიან განსხვავდება იმისგან, თუ სინამდვილეში, რა არის ხსნა და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთმა გვიხსნას. მრავალი სარწმუნოების არსებობის მიუხედავად, როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ ღვთისმოსაწონი ჭეშმარიტი სწავლებები?