არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გიწევთ საკუთარ გრძნობებთან ბრძოლა?

გიწევთ საკუთარ გრძნობებთან ბრძოლა?

გიწევთ საკუთარ გრძნობებთან ბრძოლა?

თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში ლენას უღირსობის გრძნობასთან უწევდა გამკლავება. „სექსუალურმა ძალადობამ, რომელიც მთელი ბავშვობის განმავლობაში გრძელდებოდა, ჩემში ღირსების გრძნობა ჩაკლა, — ამბობს ლენა, — ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სრულიად ზედმეტი ვიყავი“. სემონაც იხსენებს წარსულს; ის ამბობს: „შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი და ვფიქრობდი, რომ არარაობა ვიყავი“. არასრულფასოვნების გრძნობა, რასაც მსგავსი ფიქრები იწვევს, როგორც ჩანს, დღეს ფართოდ არის გავრცელებული. ერთი სატელეფონო სამსახური, რომელიც მოზარდებს რჩევებს აძლევს, ამბობს, რომ მათთან მოსაუბრეთა უმეტესობას „არასრულფასოვნების მწვავე გრძნობა“ აქვს.

ზოგი ფსიქიატრის აზრით, ადამიანებს არასრულფასოვნების გრძნობა მაშინ უჩნდებათ, როცა სხვები აგრძნობინებენ, რომ უვარგისები არიან. მსგავსი განწყობა შეიძლება განვითარდეს მაშინ, როცა ადამიანს ყოველთვის ლანძღავენ, მეტისმეტად და მკაცრად აკრიტიკებენ ან ამცირებენ. მიზეზის მიუხედავად, შედეგი შეიძლება ძალების გამომცლელი და დამანგრეველი იყოს. არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ ადამიანი, რომელსაც უარყოფითი გრძნობები აქვს, ეჭვის თვალით უყურებს როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს, და ამიტომ თავისდა უნებურად არღვევს ნათესაურ კავშირებსა და ძირს უთხრის მეგობრობას. „თავიანთ გონებაში ისინი ისეთ საშინელ სიტუაციებს ქმნიან, რისიც ძალიან ეშინიათ“, — ნათქვამია ამ გამოკვლევის ანგარიშში.

ადამიანები, რომელთაც ასეთი გრძნობები აწუხებთ, ხშირად თავიანთი „მშფოთვარე ფიქრების“ მსხვერპლნი არიან, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი (ფსალმუნები 94:19, აქ [93:19]). ისინი მუდამ უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით. როდესაც რამე კარგად არ გამოსდით, ინსტინქტურად თავს იდანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვებმა შეიძლება ისინი წარმატებებისთვის შეაქონ, გულის სიღრმეში მაინც ფიქრობენ, რომ მათ ატყუებენ, რაც ადრე თუ გვიან გამოააშკარავდება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ბედნიერებას არ იმსახურებენ, ამიტომ ბევრი საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რადგან თვლიან, რომ არაფრის გამოსწორება არ შეუძლიათ. ზემოხსენებულ ლენას პირადი ღირსების გრძნობის ნაკლებობის გამო კვების სერიოზული მოშლილობა განუვითარდა. ის აღიარებს: „ვგრძნობდი, რომ ძალა არ შემწევდა, რამე შემეცვალა“.

ნუთუ ისინი, რომლებიც მსგავს „მშფოთვარე ფიქრებს“ ებრძვიან, ვერასდროს მოიპოვებენ სულის სიმშვიდეს? რის გაკეთება შეიძლება ასეთ გრძნობებთან გასამკლავებლად? ბიბლიაში მოცემულია პრინციპები და პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ბევრს დაეხმარა ამ გრძნობების დაძლევაში. რომელია ამ პრინციპებიდან ზოგი და როგორ დაეხმარა ისინი უარყოფითი გრძნობებით დატანჯულ ადამიანებს, ცხოვრებაში სიხარული ეპოვათ? ამას შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.