არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას „თქვენს თავზე თმებიც დათვლილი“ აქვს

იეჰოვას „თქვენს თავზე თმებიც დათვლილი“ აქვს

იეჰოვას „თქვენს თავზე თმებიც დათვლილი“ აქვს

„არც ერთი [ბეღურა] არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ ამის შესახებ მამათქვენმა არ იცოდეს. თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია“ (მათე 10:29, 30).

1, 2. ა) რატომ ფიქრობდა იობი, რომ ღმერთმა მიატოვა? ბ) ნიშნავდა იობის სიტყვები იმას, რომ იგი ღმერთს დაუპირისპირდა? ახსენი.

„შველას გთხოვ და პასუხს არ მაძლევ. მე ვდგავარ და შენ თვალს არ მაცილებ. სასტიკი გახდი ჩემს მიმართ, შენი ხელის ძალით მდევნი“. მამაკაცი, რომელმაც ეს სიტყვები დაწერა, უდიდეს ტკივილს განიცდიდა, და ეს არცაა გასაკვირი. მან დაკარგა შემოსავლის წყარო, ზებუნებრივმა უბედურებამ მას ხელიდან გამოაცალა შვილები და უმძიმესი დაავადება დღითი დღე ართმევდა ძალებს. ამ მამაკაცს იობი ერქვა და შემაძრწუნებელი განსაცდელი, რომელიც მან გადაიტანა, ჩაწერილია ბიბლიაში ჩვენდა სასიკეთოდ (იობი 30:20, 21).

2 იობის სიტყვებიდან შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩეს, რომ იგი ღმერთს დაუპირისპირდა. მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. ამ სიტყვებით იობმა, უბრალოდ, გამოხატა დიდი მწუხარება, რასაც განიცდიდა (იობი 6:2, 3). მან არ იცოდა, რომ განსაცდელების უკან სატანა იდგა და ამიტომ არასწორად დაასკვნა, რომ ღმერთმა მიატოვა. იობმა იეჰოვას შემდეგი სიტყვებითაც კი მიმართა: „რად მალავ სახეს? შენს მტრად რადა მთვლი?“ * (იობი 13:24).

3. რა აზრამდე შეიძლება მივიდეთ, როდესაც სირთულეებს ვხვდებით?

3 ომების, პოლიტიკური თუ სოციალური არასტაბილურობის, სტიქიური უბედურებების, ასაკში შესვლის, ავადმყოფობის, უკიდურესი სიღარიბისა და ოფიციალური აკრძალვების გამო გაჭირვება და სირთულეები დღეს იეჰოვას მრავალი მსახურის ცხოვრების ნაწილია. ალბათ, თქვენც ხვდებით ამა თუ იმ სახის განსაცდელს. დროდადრო შეიძლება ფიქრობთ, რომ ღმერთი მალავს თქვენგან თავის სახეს. თქვენ შესანიშნავად იცით, რა წერია იოანეს 3:16–ში: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა“. მიუხედავად ამისა, როდესაც თქვენს ტანჯვას ბოლო არ უჩანს, შეიძლება ამბობთ: „ნამდვილად ვუყვარვარ ღმერთს? ხედავს, რა მდგომარეობაში ვარ? ზრუნავს პირადად ჩემზე?“

4. რა მდგომარეობასთან უწევდა პავლეს გამკლავება და რა გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენზე განსაცდელს, რომელსაც არა და არ ეღება ბოლო?

4 დაფიქრდით პავლე მოციქულის შემთხვევაზე. „სხეულში ეკალი მომეცა, სატანის ანგელოზი, რომ სახეში მირტყას, — დაწერა მან და შემდეგ დასძინა, — სამჯერ შევევედრე უფალს, რომ მოეშორებინა იგი“. იეჰოვამ მოისმინა მისი ვედრება. მაგრამ ღმერთმა პავლეს დაანახვა, რომ მის პრობლემას სასწაულებრივი სახით არ გადაჭრიდა. ნაცვლად ამისა, „სხეულში ეკალთან“ * გასამკლავებლად პავლე ღვთის ძალას უნდა მინდობოდა (2 კორინთელები 12:7—9). პავლეს მსგავსად, შეიძლება თქვენც დგახართ განსაცდელის წინაშე, რომელსაც არა და არ უჩანს ბოლო. შესაძლოა ფიქრობთ: „ერთი შეხედვით, იეჰოვა არაფერს აკეთებს ჩემს განსაცდელთან დაკავშირებით. იქნებ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ვერ ხედავს ჩემს მდგომარეობას და არ ზრუნავს ჩემზე?“ ამ კითხვაზე პასუხად დაბეჯითებით შეიძლება ითქვას „არა“! იესომ კარგად დაგვანახვა, რომ იეჰოვას აღელვებს თავის ერთგულ მსახურთა მდგომარეობა. ის, რაც მან მოციქულებს უთხრა მათი არჩევიდან ცოტა ხნის შემდეგ, დღეს ჩვენთვის გამამხნევებელია. ვნახოთ, თუ როგორ შეუძლია მის სიტყვებს ჩვენი გამხნევება.

„ნუ გეშინიათ“ რატომ?

5, 6. ა) როგორ დაეხმარა იესო მოციქულებს, რომ არ ჰქონოდათ მომავალი მოვლენების შიში? ბ) როგორ გამოხატა პავლემ იმის რწმენა, რომ იეჰოვა ზრუნავდა მასზე?

5 მოციქულებმა იესოსგან ზებუნებრივი ძალა მიიღეს. მაგალითად, მათ ჰქონდათ „ძალაუფლება, რომ განედევნათ უწმინდური სულები და განეკურნათ ნებისმიერი ავადმყოფობა და უძლურება“. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ისინი არ შეხვდებოდნენ განსაცდელებსა და გაჭირვებას. პირიქით, იესო დაწვრილებით შეეხო ზოგ განსაცდელს, რომელთა წინაშეც აღმოჩნდებოდნენ. მაგრამ მან გაამხნევა ისინი: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“ (მათე 10:1, 16—22, 28).

6 უკეთესად რომ დაენახვებინა მოციქულებისთვის, თუ რატომ არ უნდა ჰქონოდათ შიში, იესომ ორი მაგალითი მოიყვანა. მან მოციქულებს უთხრა: „განა ორ ბეღურას ერთ მონეტად არ ყიდიან? მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ ამის შესახებ მამათქვენმა არ იცოდეს. თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია. ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29—31). ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ განსაცდელების წინაშე უშიშრად ყოფნა დააკავშირა იმის მტკიცე რწმენასთან, რომ იეჰოვა ზრუნავს პირადად ჩვენზე. როგორც ჩანს, მოციქული პავლე დარწმუნებული იყო ამაში. მან დაწერა: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ? ის, ვინც საკუთარი ძე გაიმეტა და ყველა ჩვენგანისთვის შესწირა, განა მასთან ერთად სხვა ყველაფერსაც არ გვიბოძებს?“ (რომაელები 8:31, 32). რა პრობლემების წინაშეც არ უნდა იდგეთ, პავლეს მსგავსად, დარწმუნებულნი იყავით, რომ იეჰოვა ზრუნავს პირადად თქვენზე, სანამ მისდამი ერთგულებას ინარჩუნებთ. ეს კიდევ უფრო ცხადი გახდება, როცა უფრო ყურადღებით განვიხილავთ იმას, რაც იესომ თავის მოციქულებს უთხრა.

ბეღურის ღირებულება

7, 8. ა) რა თვალსაზრისი ჰქონდა ხალხს ბეღურებზე იესოს დროს? ბ) როგორც ჩანს, რატომაა მათეს 10:29–ში გამოყენებული ისეთი ბერძნული სიტყვა, რომელშიც პატარა ბეღურა იგულისხმება?

7 იესოს მიერ მოყვანილი მაგალითებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ იეჰოვა თავის თითოეულ მსახურზე ზრუნავს. უპირველესად შევეხოთ ბეღურებთან დაკავშირებულ მაგალითს. იესოს დროს ბეღურებს საკვებად იყენებდნენ. მაგრამ ისინი ზიანს აყენებდნენ მარცვლეულ კულტურებს, რის გამოც ძირითადად მავნებლებად მიიჩნევდნენ. ბეღურები იმდენად ბევრი და იაფი იყო, რომ ორი ბეღურა — თანამედროვე ფულის ერთეულით თუ ვიტყვით — ათ თეთრზე ნაკლები ღირდა. ორჯერ მეტი თანხით ოთხის ნაცვლად ხუთი ბეღურის ყიდვა შეიძლებოდა — მეხუთეს დამატებით იძლეოდნენ, თითქოს არავითარი ღირებულება არ ჰქონდა! (ლუკა 12:6).

8 ასევე დაფიქრდით ამ უბრალო ჩიტის ზომაზეც. ბევრ სხვა ჩიტთან შედარებით, ზრდასრული ბეღურაც კი საკმაოდ მცირე ზომისაა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ „ბეღურად“ ნათარგმნ ბერძნულ სიტყვაში, რომელიც მათეს 10:29–შია გამოყენებული, იგულისხმება პატარა ბეღურა. როგორც ჩანს, იესოს სურდა, მოციქულებს წარმოედგინათ ყველაზე პატარა და უბრალო ჩიტი. ერთ ცნობარში ნათქვამია, რომ „იესომ ისეთი სიტყვა გამოიყენა, რომელიც ძალიან პატარა ჩიტს ნიშნავს და ისიც კნინობით ფორმაში“.

9. რა აზრია ჩადებული იესოს მაგალითში, რომელიც ბეღურებთანაა დაკავშირებული?

9 იესოს მიერ მოყვანილ მაგალითში ღრმა აზრია ჩადებული: იმას, რაც ხალხის თვალში ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულია, იეჰოვა ღმერთისთვის დიდი ფასი აქვს. ამ აზრის კიდევ უფრო ხაზგასასმელად იესო შემდეგ ამბობს, რომ მცირე ზომის ბეღურა ისე „არ დაეცემა მიწაზე“, რომ იეჰოვამ ყურადღება არ მიაქციოს *. მაშასადამე, თუ იეჰოვა ღმერთს ყველაზე მცირე ზომის უბრალო ჩიტი არ რჩება მხედველობიდან, რამდენად მეტად იქნება ის დაინტერესებული იმ ადამიანის მდგომარეობით, რომელიც მას ემსახურება!

10. რაზე მეტყველებს გამონათქვამი: „თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია“?

10 ბეღურებთან დაკავშირებული მაგალითის მოხსენიების შემდეგ იესომ დასძინა: „თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია“ (მათე 10:30). ამ მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი გამონათქვამით იესო განავრცობს ბეღურების შესახებ მოყვანილ მაგალითში ჩადებულ აზრს. დაფიქრდით: ადამიანს, ჩვეულებრივ, დაახლოებით 100 000 თმის ღერი აქვს. ძირითადად, ყველა ღერი ერთმანეთს ჰგავს და განსაკუთრებულ ყურადღებას ცალკეულად თმის არც ერთი ღერი არ იპყრობს. მიუხედავად ამისა, იეჰოვა ღმერთი ხედავს თითოეულს და მას „დათვლილი“ აქვს ისინი. თუ ამ აზრს გავითვალისწინებთ, განა რა უნდა იყოს ისეთი ჩვენს ცხოვრებაში, იეჰოვამ რომ არ იცოდეს? დიახ, იეჰოვამ ყველაფერი იცის თითოეული თავისი მსახურის შესახებ. ის ყველას „გულს ხედავს“ (1 მეფეთა 16:7).

11. როგორ გამოხატა დავითმა იმის რწმენა, რომ იეჰოვა ზრუნავდა პირადად მასზე?

11 დავითს, რომელსაც არაერთი განსაცდელის გადატანა მოუწია, მტკიცედ სწამდა, რომ იეჰოვას მხედველობის არეში იყო. ის წერდა: „უფალო, გამომცადე და მიცნობ მე. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან“ (ფსალმუნები 138:1, 2). თქვენც შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა პირადად გიცნობთ (იერემია 17:10). ნურასოდეს იფიქრებთ, რომ არ ხართ იეჰოვას ყურადღების ღირსი და მისი თვალისთვის, რომელიც ყველგან და ყველაფერს ხედავს, შეუმჩნეველი რჩებით!

„შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები“

12. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ბოლომდე ესმის, რა სირთულეების ატანა უწევთ მის მსახურებს?

12 იეჰოვა არა მარტო იცნობს თავის მსახურებს პირადად, არამედ ბოლომდე ესმის, თუ რა სირთულეების ატანა უწევს თითოეულ მათგანს. მაგალითად, როცა ისრაელებს ჩაგრავდნენ და მონებად ამუშავებდნენ, იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ხილვით ვიხილე ტანჯვა ჩემი ხალხისა, რომელიც ეგვიპტეშია, და ვისმინე მისი კვნესა აღმსრულებელთაგან, რადგან მე ვიცი მისი სატკივარი“ (გამოსვლა 3:7). გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ, როცა განსაცდელის წინაშე ვართ, იეჰოვა ხედავს ყველაფერს და ისმენს ჩვენს „კვნესას“! მისთვის ნამდვილად არ არის სულერთი ჩვენი მდგომარეობა.

13. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა გრძნობს, თუ რას განიცდიან მისი მსახურები?

13 იეჰოვა რომ ზრუნავს მათზე, ვისაც მასთან ურთიერთობა აქვს, სხვა შემთხვევაშიც კარგად გამოჩნდა ისრაელებისადმი მისი დამოკიდებულებიდან. ისრაელების ტანჯვა ხშირად მათივე სიჯიუტის შედეგი იყო, მაგრამ ესაიამ იეჰოვას შესახებ დაწერა: „მის [ისრაელი ერის] ყველა სატანჯველში თვითონაც იტანჯებოდა“ (ესაია 63:9). იეჰოვას ერთგულო მსახურებო, დარწმუნებულნი იყავით, რომ თქვენი ტკივილი იეჰოვას ტკივილია. განა არ გიბიძგებთ ეს, რომ უშიშრად შეხვდეთ სირთულეებს და მისდამი მსახურებაში კვლავაც აკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებშია? (1 პეტრე 5:6, 7).

14. რა ვითარებაში დაიწერა 55–ე ფსალმუნი?

14 როგორც 55–ე ფსალმუნიდან ვხედავთ, მეფე დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ზრუნავდა მასზე და გრძნობდა მის ტკივილს. ეს ფსალმუნი დავითმა მაშინ შექმნა, როცა გაურბოდა მეფე საულს, რომელსაც მისი მოკვლა სურდა. დავითმა გათს შეაფარა თავი, მაგრამ ფილისტიმელებმა იცნეს ის და შეეშინდა, არ დაეტყვევებინათ. მან დაწერა: „ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება“. ვითარება საკმაოდ სახიფათო იყო და დავითი იეჰოვას მიმართავდა. მან თქვა: «ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს [„ზიანს აყენებენ ჩემს საქმეებს“, აქ]. ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მომართ» (ფსალმუნები 55:3, 6).

15. ა) რას გულისხმობდა დავითი, როდესაც იეჰოვას სთხოვდა, მისი ცრემლები ტიკში მოეთავსებინა ან წიგნში ჩაეწერა? ბ) რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, როცა მძიმე მდგომარეობის ატანა გვიწევს?

15 შემდეგ, როგორც ფსალმუნების 55:9–ში ვკითხულობთ, დავითი საინტერესო სიტყვებს ამბობს: «ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში [„ტიკში“, აქ] მოათავსე ჩემი ცრემლები! განა შენს წიგნში არ არიან ისინი?» მართლაც გულისამაჩუყებლად არის აღწერილი იეჰოვას მზრუნველობა! როდესაც მძიმე მდგომარეობაში ვართ, შეიძლება ცრემლებით ვევედრებით იეჰოვას. ეს სრულყოფილმა მამაკაცმა, იესო ქრისტემაც კი გამოსცადა (ებრაელები 5:7). დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ყურადღებით ადევნებდა თვალს და იმახსოვრებდა მის მტანჯველ მდგომარეობას, — ასე ვთქვათ, მის ცრემლებს ტიკში ათავსებდა ან წიგნში იწერდა *. შეიძლება ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ თქვენი ცრემლები ამ ტიკს ბოლომდე აავსებს ან ასეთი წიგნის უამრავ ფურცელს დაწერს. თუ ასეა, თქვენ გაქვთ დამშვიდების მიზეზი. ბიბლია გვარწმუნებს: „ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის“ (ფსალმუნები 33:19).

ღმერთთან ახლო ურთიერთობა

16, 17. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვასთვის არაა სულერთი, თუ რა პრობლემებს ხვდებიან მისი მსახურები? ბ) რას აკეთებს იეჰოვა იმისათვის, რომ ადამიანებს მასთან ახლო ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდეთ?

16 ის, რომ იეჰოვას ‘ჩვენს თავზე თმებიც დათვლილი აქვს’, ბევრს გვეუბნება ჩვენი მზრუნველი და ყურადღებიანი ღმერთის შესახებ, რომლის თაყვანისცემის პატივიც გვხვდა წილად. მართალია ყოველგვარი ტკივილისა და მწუხარების გასაქარწყლებლად ახალ ქვეყნიერებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ იეჰოვა თავის ხალხს დღესვე აძლევს ერთ განუმეორებელ შესაძლებლობას. დავითმა დაწერა: „იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ, მათთვის არის მისი შეთანხმებაც, რომელსაც ასწავლის მათ“ (ფსალმუნები 25:14, აქ [24:14]).

17 „იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა“. ერთი შეხედვით, ამაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი უნდა იყოს არასრულყოფილი ადამიანებისთვის! მიუხედავად ამისა, იეჰოვა სტუმრად იწვევს თავის კარავში მათ, ვისაც მისი შიში აქვს (ფსალმუნები 14:1—5). რას სთავაზობს იეჰოვა თავის სტუმრებს? დავითის სიტყვების თანახმად, ის მათ თავის შეთანხმებას აცნობს. იეჰოვა „საიდუმლოს“ უმჟღავნებს წინასწარმეტყველებს, რათა იცოდნენ, თუ რის გაკეთებას აპირებს და მათგან რა მოითხოვება (ამოსი 3:7).

18. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას სურს, მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს?

18 სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ჩვენ — არასრულყოფილ ადამიანებს — შეგვიძლია ახლო ურთიერთობა გვქონდეს უზენაესთან, იეჰოვა ღმერთთან. იეჰოვა არა მხოლოდ შესაძლებლობას გვაძლევს, არამედ მოგვიწოდებს კიდეც ამისკენ. „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“, — ამბობს ბიბლია (იაკობი 4:8). იეჰოვას სურს, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს. მან თავის მხრივ უკვე გააკეთა ყველაფერი, რათა ასეთი ურთიერთობა შესაძლებელი გამხდარიყო. იესო ქრისტეს მსხვერპლმა გზა გაგვიხსნა ყოვლისშემძლე ღმერთთან მეგობრობისკენ. ბიბლიაში ნათქვამია: „ჩვენ კი გვიყვარს, რადგან მან პირველმა შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:19).

19. როგორ განამტკიცებს მოთმინება იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას?

19 ეს ახლო ურთიერთობა კიდევ უფრო მტკიცდება, როდესაც არასასურველი ვითარებების ატანა გვიწევს. მოწაფე იაკობმა დაწერა: „მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გაკლდეთ“ (იაკობი 1:4). რა „საქმის“ დასრულება ხდება სირთულეების მოთმინებით ატანისას? გაიხსენეთ პავლეს მაგალითი — „სხეულში ეკალი“. რა საქმე დაასრულა მოთმინებამ მის შემთხვევაში? თავის განსაცდელებზე საუბრისას პავლემ თქვა: „უდიდესი სიამოვნებით ვიამაყებ ჩემი სისუსტეებით, რათა კარავივით გადამეფაროს ქრისტეს ძალა. სიამოვნებას მანიჭებს სისუსტეები, შეურაცხყოფა, ხელმოკლეობა, დევნა და სიძნელეები ქრისტეს გულისთვის, რადგან, როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელები 12:9, 10). იეჰოვა პავლეს აძლევდა ძალას — საჭიროების შემთხვევაში, „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ — რათა შეძლებოდა მოთმინების გამოვლენა. ეს კი, თავის მხრივ, უფრო აახლოებდა მას ქრისტესთან და იეჰოვა ღმერთთან (2 კორინთელები 4:7; ფილიპელები 4:11—13).

20. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა მხარს დაგვიჭერს და გვანუგეშებს განსაცდელების დროს?

20 შეიძლება იეჰოვა უშვებს, რომ თქვენი განსაცდელები გრძელდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რას ჰპირდება იგი თავის მოშიშ მსახურებს: „არასოდეს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5). თქვენ იგრძნობთ მის ასეთ მხარდაჭერასა და ნუგეშს. იეჰოვას „თქვენს თავზე თმებიც დათვლილი“ აქვს. ის ხედავს, თუ რის ატანა გიწევთ. ის გრძნობს თქვენს ტკივილს და გულწრფელად ზრუნავს თქვენზე. იეჰოვა არასოდეს დაივიწყებს „თქვენს შრომასა და სიყვარულს, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრაელები 6:10).

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 მსგავსი სიტყვებით მიმართავდნენ ღმერთს ისეთი ერთგული მსახურები, როგორიც დავითი და კორახის ძეები იყვნენ (ფსალმუნები 9:22; 43:25).

^ აბზ. 4 ბიბლიაში ზუსტად არ არის ნათქვამი, თუ რა იყო „სხეულში ეკალი“. პავლე შეიძლება ებრძოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას, მაგალითად სუსტ მხედველობას. ფრაზა „სხეულში ეკალი“ შეიძლება მიუთითებდეს ცრუმოციქულებზე, რომლებიც კრიტიკულად ეკიდებოდნენ პავლეს მოციქულობას და მსახურებას (2 კორინთელები 11:6, 13—15; გალატელები 4:15; 6:11).

^ აბზ. 9 ზოგი ენათმეცნიერი ამბობს, რომ მიწაზე ბეღურების დაცემაში მხოლოდ სიკვდილი არ უნდა იყოს ნაგულისხმები. მათი აზრით, ბერძნულ ორიგინალში ამ ფრაზაში შეიძლება იგულისხმებოდეს საკვებისთვის მიწაზე დაფრენა. თუ ნამდვილად ასეა, გამოდის რომ ღმერთი არა მხოლოდ ჩიტის სიკვდილს ამჩნევს, არამედ მის ყოველ მოქმედებას ხედავს (მათე 6:26).

^ აბზ. 15 ძველ დროს ტყავის ჭურჭლებს (ტიკებს და გუდებს) ცხვრის, თხისა და ხბოს ტყავისგან ამზადებდნენ. მათ იყენებდნენ რძის, კარაქის, ყველის ან წყლის შესანახად. ხარისხიანად დამზადებულ ტიკებში, რომლებიც უფრო კარგად იყო მზეზე გამომშრალი, ზეთს ან ღვინოს ინახავდნენ.

გახსოვთ თუ არა?

• რის გამო შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ ღმერთმა მიატოვა?

• რას ვსწავლობთ ბეღურებთან დაკავშირებული მაგალითიდან და იესოს სიტყვებიდან იმის შესახებ, რომ ჩვენს თავზე თმებიც დათვლილია?

• რას ნიშნავს, რომ იეჰოვა ადამიანის ცრემლებს თავის „ტიკში“ ათავსებს ან „წიგნში“ წერს?

• როგორ შეგვიძლია ახლო ურთიერთობა გვქონდეს იეჰოვასთან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 22 გვერდზე]

რატომ არ მოაშორა იეჰოვამ პავლეს „სხეულში ეკალი“?

[სურათი 23 გვერდზე]

რას ვსწავლობთ იესოს მაგალითიდან, რომელიც ბეღურებთანაა დაკავშირებული?

[საავტორო უფლება]

© J. Heidecker/VIREO

[სურათი 25 გვერდზე]

ბიბლიის რეგულარული კითხვა განგვიმტკიცებს იმის რწმენას, რომ იეჰოვა ზრუნავს პირადად ჩვენზე.