იეჰოვა „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“
იეჰოვა „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“
„ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6).
1, 2. რატომ შეიძლება უწევდეთ უარყოფით გრძნობებთან ბრძოლა იეჰოვას მსახურებს?
„დაახლოებით 30 წელია, რაც იეჰოვას მოწმე ვარ, მაგრამ თავს არასდროს ვთვლიდი ამის ღირსად“, — გულახდილად ამბობს ბარბარა *. მსგავსი გრძნობა აქვს კითს: „პიონერადაც ვმსახურობ და სხვა საპასუხისმგებლო დავალებებიც მქონია, მაგრამ ეს ვერ მეხმარება იმაში, რომ თავი იეჰოვას მოწმედ ყოფნის ღირსად ჩავთვალო. დროდადრო უღირსად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ბედნიერი არ ვარ, მაშინ როცა იეჰოვას მსახურებს საამისოდ მრავალი მიზეზი გვაქვს. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო მირთულებს“.
2 წარსულში თუ დღეს მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურთაგან ასეთი გრძნობები მრავალს აქვს გამოცდილი. თქვენც გეუფლებათ დროდადრო მსგავსი გრძნობები? შესაძლოა ძალიან განიცდით იმის გამო, რომ თქვენს პრობლემებს ბოლო არ უჩანს, მაშინ როცა თქვენი თანამორწმუნეები, ერთი შეხედვით, კმაყოფილნი, ბედნიერნი და ყველაფრით უზრუნველყოფილნი არიან. შედეგად კი შეიძლება ფიქრობთ, რომ იეჰოვა არაა თქვენდამი კეთილგანწყობილი და არ ხართ მისი ყურადღების ღირსი. ნაჩქარევად ნუ გააკეთებთ ასეთ დასკვნას. ბიბლია გვარწმუნებს: „რადგან არ დაამცირა მან [იეჰოვამ] და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა“ (ფსალმუნები 21:25). მესიასთან
დაკავშირებული ამ წინასწარმეტყველური სიტყვებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ იეჰოვა არა მარტო უსმენს თავის მსახურებს, არამედ აჯილდოებს კიდეც.3. რატომ ვერ ავუვლით გვერდს ამ ცხოვრების სირთულეებს?
3 ამ ცხოვრების სირთულეებს ვერავინ აუვლის გვერდს. გამონაკლისი არც იეჰოვას ხალხია. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, რომელსაც იეჰოვას მთავარი მტერი, სატანა ეშმაკი, მართავს (2 კორინთელები 4:4; 1 იოანე 5:19). ნაცვლად იმისა, რომ სასწაულებრივად იყვნენ დაცულნი, იეჰოვას მსახურები სატანის მთავარი სამიზნეები არიან (იობი 1:7—12; გამოცხადება 2:10). ამიტომ ღვთის მიერ დანიშნულ დრომდე საჭიროა, ‘გავუძლოთ გასაჭირს და გამუდმებით ვილოცოთ’ იმაში დარწმუნებულებმა, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე (რომაელები 12:12). სირთულეებს არ უნდა მივცეთ საშუალება, გვაფიქრებინოს, რომ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, არ ვუყვარვართ!
მოთმინების მაგალითები ძველი დროიდან
4. მოიყვანეთ იეჰოვას იმ ერთგულ მსახურთა მაგალითები, რომლებსაც რთული მდგომარეობის ატანა უწევდათ?
4 იეჰოვას მსახურთაგან, რომლებიც წარსულში ცხოვრობდნენ, ბევრს უწევდა რთული მდგომარეობის ატანა. მაგალითად, ხანა „სულგამწარებული“ (სსგ) იყო უშვილობის გამო, რადგან ეს მისთვის ღვთისგან მიტოვების ტოლფასი იყო (1 მეფეთა 1:9—11). როდესაც დედოფალი იზებელი მოსაკლავად ეძებდა, შეშინებული ელია იეჰოვას ლოცვაში სთხოვდა: „ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამებზე უკეთესი არა ვარ“ (3 მეფეთა 19:4). მოციქული პავლე კი, როგორც ჩანს, ძალიან განიცდიდა საკუთარი არასრულყოფილების გამო. მან გულახდილად თქვა: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“, შემდეგ კი დასძინა: „საწყალი ადამიანი ვარ!“ (რომაელები 7:21—24).
5. ა) როგორ აკურთხა ღმერთმა ხანა, ელია და პავლე? ბ) რა მანუგეშებელი აზრების ნახვა შეგვიძლია ღვთის სიტყვაში, როდესაც უარყოფითი გრძნობები გვეუფლება?
5 ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ხანა, ელია და პავლე მოთმინებით ემსახურებოდნენ იეჰოვას და მან უხვად აკურთხა ისინი (1 მეფეთა 1:20; 2:21; 3 მეფეთა 19:5—18; 2 ტიმოთე 4:8). და მაინც, მათთვის უცხო არ იყო ადამიანური გრძნობები, მათ შორის მწუხარება, გულგატეხილობა და შიში. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ უარყოფითი გრძნობები დროდადრო ჩვენც გვეუფლება. მაგრამ რისი გაკეთება შეგიძლიათ, როცა ამ ცხოვრების ტვირთით დამძიმებულებს გიჭირთ იმის დაჯერება, რომ ნამდვილად უყვარხართ იეჰოვას? ასეთ დროს ღვთის სიტყვა დაგეხმარებათ. მაგალითად, წინა სტატიაში განვიხილეთ, რომ, როგორც იესომ თქვა, იეჰოვას ‘ჩვენს თავზე თმებიც დათვლილი აქვს’ (მათე 10:30). ამ გამამხნევებელი სიტყვებიდან ვხედავთ, რომ იეჰოვა დაინტერესებულია თავისი თითოეული მსახურით. ასევე გაიხსენეთ იესოს მაგალითი ბეღურებთან დაკავშირებით. თუ ასეთი პატარა ჩიტების მიწაზე დაცემა არ რჩება იეჰოვას ყურადღების მიღმა, განა ჩვენს მდგომარეობაზე დახუჭავს ის თვალს?
6. როგორ შეიძლება ანუგეშოს ბიბლიამ ღვთის მსახურები, რომლებსაც უარყოფით გრძნობებთან უწევთ ბრძოლა?
6 განა რეალურად შესაძლებელია, რომ ჩვენ, არასრულყოფილი ადამიანები, ასე ძვირფასნი ვიყოთ ყოვლადძლიერი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის თვალში? დიახ! ამაში მრავალი ბიბლიური მუხლი გვარწმუნებს. ასეთ მუხლებზე ფიქრი დაგვეხმარება, ვიგრძნოთ ის, რასაც ფსალმუნმომღერალი გრძნობდა: „როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმუნები 93:19). განვიხილოთ რამდენიმე ადგილი ღვთის სიტყვიდან, რომლებიც უკეთესად დაგვანახვებს, რომ ღვთისთვის ძვირფასნი ვართ და ის დაგვაჯილდოებს, თუ განვაგრძობთ მისი ნების შესრულებას.
იეჰოვას „ძვირფასი საკუთრება“
7. რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ მალაქიას მეშვეობით ზნეობრივად დაცემული ისრაელი ერის შესახებ?
7 ძვ. წ. V საუკუნეში ებრაელებს შორის სავალალო მდგომარეობა იყო. მღვდლები უვარგის მსხვერპლს იღებდნენ და იეჰოვას სამსხვერპლოზე სწირავდნენ. მოსამართლეები მიკერძოებას ავლენდნენ. ჯადოქრობა, სიცრუე, თაღლითობა და მრუშობა ჩვეულებრივი რამ იყო (მალაქია 1:8; 2:9; 3:5). ზნეობრივად ამდენად დაცემული ერის შესახებ მალაქიამ განსაცვიფრებელი წინასწარმეტყველება წარმოთქვა — გარკვეული პერიოდის შემდეგ იეჰოვა კვლავ კეთილგანწყობილი იქნებოდა თავისი ხალხის მიმართ. ჩვენ ვკითხულობთ: «ჩემი იქნებიან ისინი, — ამბობს უფალი, — იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ [„ძვირფას საკუთრებად ვაქცევ“, აქ] მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს» (მალაქია 3:17).
8. რატომ შეიძლება მალაქიას 3:17-ში ჩაწერილი სიტყვები მივუსადაგოთ უამრავ ხალხს?
8 მალაქიას წინასწარმეტყველების თანამედროვე შესრულება დაკავშირებულია სულით ცხებულ ქრისტიანებთან, რომლებიც 144 000 პიროვნებისგან შემდგარი სულიერი ერის ნაწილი არიან. ეს ერი მართლაც იეჰოვას „ძვირფასი“ ანუ „გამორჩეული საკუთრებაა“ (1 პეტრე 2:9). მალაქიას წინასწარმეტყველება ასევე გამამხნევებელია „უამრავი ხალხისთვის“, რომლებიც ‘დგანან ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი’ (გამოცხადება 7:4, 9). ცხებულებთან ერთად ისინი შეადგენენ „ერთ სამწყსოს“, რომელსაც ერთი მწყემსი, იესო ქრისტე, ხელმძღვანელობს (იოანე 10:16).
9. რატომაა იეჰოვასთვის მისი ხალხი „ძვირფასი საკუთრება“?
9 როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მათდამი, ვინც მას ემსახურება? მალაქიას 3:17-ის თანახმად, იგი მათ ისევე უყურებს, როგორც მოსიყვარულე მამა თავის შვილს. და ყურადღება მიაქციეთ, როგორი თბილი სიტყვებით იხსენიებს იეჰოვა თავის ხალხს — ის მათ „ძვირფას საკუთრებას“ უწოდებს. სხვა თარგმანებში გამოყენებულია ფრაზები: „ჩემი პირადი საკუთრება“, „ჩემი უძვირფასესი საკუთრება“ და „ჩემი საუნჯე“. რატომ არიან იეჰოვასთვის მისი მსახურები ასე ძვირფასნი? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იეჰოვა მადლიერი ღმერთია (ებრაელები 6:10). ღმერთი უახლოვდება და განსაკუთრებულად თვლის მათ, ვინც მას გულით ემსახურება.
10. როგორ იცავს იეჰოვა თავის ხალხს?
10 ალბათ, გაქვთ ისეთი ნივთი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია. განა არ გააკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ის არ დაზიანდეს? იეჰოვა სწორედ ასე ეპყრობა თავის „ძვირფას საკუთრებას“. მართალია, ის არ იცავს თავის ხალხს ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულისა თუ ტრაგედიისგან (ეკლესიასტე 9:11). მაგრამ იეჰოვას შეუძლია თავისი ხალხის დაცვა და იცავს კიდეც მათ სულიერად. ის მათ აძლევს ძალას ნებისმიერი განსაცდელის ასატანად (1 კორინთელები 10:13). ძველ დროში ღვთის ხალხს, ისრაელს, მოსემ უთხრა: „გამაგრდით და განმტკიცდით . . . უფალი, შენი ღმერთი, მოდის შენთან ერთად. ის არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს“ (მეორე რჯული 31:6). იეჰოვა ყოველთვის ზრუნავს თავის მსახურებზე. ის მათ „ძვირფას საკუთრებად“ თვლის.
იეჰოვა აჯილდოებს თავის მსახურებს
11, 12. როგორ დაგვეხმარება უარყოფითი აზრების დაძლევაში იმის გაცნობიერება, რომ იეჰოვა ყოველთვის აჯილდოებს თავის მსახურებს?
11 იეჰოვა თავის მსახურებს რომ აფასებს, იქიდანაც ჩანს, რომ ის აჯილდოებს მათ. მან ისრაელებს უთხრა: „გამომცადეთ ამით, — ამბობს ცაბაოთ უფალი, — თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აურწყველად“ (მალაქია 3:10). საბოლოოდ, იეჰოვა თავის მსახურებს მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს (იოანე 5:24; გამოცხადება 21:4). ეს ფასდაუდებელი ჯილდო იეჰოვას უსაზღვრო სიყვარულისა და გულუხვობის მაჩვენებელია და იმაზე მეტყველებს, რომ ნამდვილად აფასებს მათ, ვინც მის მსახურებას ირჩევს. იმის გაცნობიერება, რომ იეჰოვა გულუხვად აჯილდოებს თავის მსახურებს, დაგვაძლევინებს ნებისმიერ უარყოფით აზრს ჩვენდამი ღვთის დამოკიდებულების შესახებ. იეჰოვა მოგვიწოდებს კიდეც, რომ მას ასეთი რწმენით ვუყურებდეთ! პავლემ დაწერა: „ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6).
12 რა თქმა უნდა, იეჰოვას მსახურებისკენ ჩვენ სიყვარული აღგვძრავს და არა, უბრალოდ, ჯილდოს მიღების სურვილი. მიუხედავად ამისა, არაფერია არასწორი და ეგოისტური იმაში, რომ დაჯილდოების იმედი გვქონდეს (კოლოსელები 3:23, 24). იეჰოვა ინიციატივას ავლენს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელებს, რადგან უყვარს ისინი და ძალიან აფასებს მათ.
13. რატომაა იესო ქრისტეს მსხვერპლი იმის ყველაზე დიდი მტკიცება, რომ იეჰოვას ვუყვარვართ?
13 განსაკუთრებით იესო ქრისტეს მსხვერპლი მეტყველებს იმაზე, რომ იეჰოვა აფასებს ადამიანებს. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენი გამოსყიდვა ყოველმხრივ გამორიცხავს იმ აზრს, რომ იეჰოვას არ ვუყვარვართ და მის თვალში არაფერს წარმოვადგენთ. როდესაც ვფიქრობთ, რომ იეჰოვამ მხოლოდშობილი ძე შემოგვწირა და ჩვენი გულისთვის ასე დიდ ფასზეც არ დაიხია უკან, მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ — მას ნამდვილად ძალიან ვუყვარვართ.
14. საიდან ვხედავთ პავლეს დამოკიდებულებას გამოსასყიდის მიმართ?
14 ამიტომ, როდესაც უარყოფითი გრძნობები გეუფლებათ, იფიქრეთ იესო ქრისტეს მსხვერპლზე. გამოსასყიდი იეჰოვასგან მიღებულ პირად საჩუქრად ჩათვალეთ. სწორედ ასე იქცეოდა მოციქული პავლე. გაიხსენეთ მისი სიტყვები: „საწყალი ადამიანი ვარ!“ მაგრამ შემდეგ მან დასძინა: „ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით“, „რომელმაც შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის“ (რომაელები 7:24, 25; გალატელები 2:20). პავლეს ეს სიტყვები იმის გამო არ უთქვამს, რომ დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე. ის, უბრალოდ, დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა აფასებდა პირადად მას. ეცადეთ, მიბაძოთ პავლეს და გამოსასყიდი ღვთისგან მიღებულ პირად საჩუქრად აღიქვათ. იეჰოვა მხოლოდ ძლევამოსილი მხსნელი არაა. ის სიყვარულით აჯილდოებს თავის მსახურებს.
უფრთხილდით სატანის ხრიკებს
15—17. ა) როგორ იყენებს ეშმაკი თავისი ინტერესებისთვის ჩვენს უარყოფით გრძნობებს? ბ) რატომაა ჩვენთვის გამამხნევებელი იობის შემთხვევა?
15 ყველაფრის მიუხედავად, თქვენთვის შეიძლება მაინც რთული იყოს, ღვთის სიტყვაში მოცემული მანუგეშებელი აზრები საკუთარ თავს დაუკავშიროთ. შეიძლება ფიქრობთ, რომ სხვები ნამდვილად შეძლებენ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლის ჯილდოს მიღებას, მაგრამ თქვენ, უბრალოდ, არ ხართ ამის ღირსი. რისი გაკეთება შეგიძლიათ ასეთ შემთხვევაში?
16 უეჭველია, თქვენთვის ნაცნობია პავლეს რჩევა, რომელიც მან ეფესოელებს მისწერა: „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის ხრიკებს“ (ეფესოელები 6:11). ეშმაკის ხრიკების წაკითხვისას პირველი რაც გვახსენდება, მატერიალიზმი და უზნეობაა, — და ეს მართლაც ასეა. ეს ცდუნებები ღვთის არაერთ მსახურს ექცა ხაფანგად როგორც ძველ დროში, ისე დღეს. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს სატანის კიდევ ერთი ხრიკი — ის ყოველმხრივ ცდილობს დაგვაჯეროს, რომ იეჰოვა ღმერთს არ ვუყვარვართ.
17 ეშმაკი დახელოვნებულია იმაში, რომ ასეთი გრძნობები თავისი ინტერესებისთვის — ღვთისგან ადამიანთა ჩამოსაშორებლად — გამოიყენოს. გაიხსენეთ, რა უთხრა ბილდადმა იობს: „რა გაამართლებს კაცს ღმერთთან? და რა განწმედს დედაკაცის ნაშობს? მთვარე არ ნათობს და ვარსკვლავნი არ არიან სუფთანი მის თვალში. მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!“ (იობი 25:4—6; იოანე 8:44). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა გამანადგურებლად იმოქმედებდა ეს სიტყვები იობზე? ნუ მისცემთ სატანას საშუალებას, რომ გული გაგიტეხოთ. პირიქით, უფრთხილდით მის ზრახვებს, რათა შეინარჩუნოთ სიმამაცე და სიმტკიცე, და უფრო ენერგიულად განაგრძოთ იმის კეთება, რაც სწორია (2 კორინთელები 2:11). მართალია, იობს თვალსაზრისის შესწორებაც სჭირდებოდა, მაგრამ იეჰოვამ აკურთხა მისი მოთმინება და ყველაფერი, რაც დაკარგა, ორმაგად აუნაზღაურა (იობი 42:10).
იეჰოვა „ჩვენს გულებზე დიდია“
18, 19. რა გაგებითაა ღმერთი „ჩვენს გულებზე დიდი“ და რას ნიშნავს, რომ „მან ყველაფერი იცის“?
18 უნდა ვაღიაროთ, რომ ღრმად ფესვებგადგმულ უარყოფით გრძნობებთან გამკლავება შეიძლება საკმაოდ რთული იყოს. მაგრამ იეჰოვას სულის დახმარებით, თანდათანობით შეგიძლიათ ‘დაამხოთ ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართული სიმაგრეები’ (2 კორინთელები 10:4, 5). როდესაც უარყოფითი აზრები სიმშვიდეს გაკარგვინებთ, იფიქრეთ მოციქულ იოანეს სიტყვებზე: „ამგვარად გვეცოდინება, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და გულდაჯერებულები ვიქნებით მის წინაშე ყველაფერში, რაშიც ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, რადგან ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოანე 3:19, 20).
19 რას ნიშნავს ფრაზა: „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია“? ხანდახან, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საკუთარ არასრულყოფილებასა და შეცდომებს მთელი სიმძაფრით ვხედავთ, გული შეიძლება მსჯავრს გვდებდეს. შესაძლოა, წარსული ცხოვრების გამო ძალიან უარყოფითი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გაკეთებული არაფერი სიამოვნებს იეჰოვას. იოანე მოციქულის სიტყვები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ასე არ გვიყურებს! ის ჩვენი შეცდომებით არ საზღვრავს ყველაფერს და ხედავს ჩვენს პოტენციალს. იეჰოვამ აგრეთვე იცის, თუ რა მოტივები და მიზნები გვაქვს. დავითმა დაწერა: „უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნები 102:14). დიახ, იეჰოვა უფრო კარგად გვიცნობს, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს!
„მშვენების გვირგვინი“ და „სამეფო დიადემა“
20. რას გვეუბნება ესაიას წინასწარმეტყველება იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს იეჰოვა თავის მსახურებს?
20 ძველ დროში ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ თავის ხალხს განახლებისა და აღორძინების იმედი მისცა. ისინი ბაბილონში იყვნენ გადასახლებულნი და მათ უიმედო მდგომარეობაში ეს მართლაც დროული ნუგეში და გამხნევება იყო! იმ დროის შესახებ, როცა მისი ხალხი სამშობლოში დაბრუნდებოდა, იეჰოვამ თქვა: „იქნები შენ მშვენების გვირგვინად უფლის ხელში და სამეფო დიადემად შენი ღმერთის ხელში“ (ესაია 62:3). როგორც ამ სიტყვებიდან ვხედავთ, იეჰოვამ თავისი ხალხი ღირსებითა და სიდიადით შეამკო. იეჰოვა მსგავსი სახით მოქმედებს დღესაც სულიერ ისრაელთან დაკავშირებით. მან, თითქოს, აღამაღლა ისინი, რომ ყველა მოხიბლული ყოფილიყო მათით.
21. როგორ შეგიძლიათ განიმტკიცოთ იმის რწმენა, რომ იეჰოვა დააჯილდოებს თქვენს ერთგულებასა და მოთმინებას?
21 მართალია, ეს წინასწარმეტყველება უმთავრესად ცხებულებზე სრულდება, მაგრამ მისი საშუალებით ვხედავთ, თუ როგორი ღირსებით აჯილდოებს იეჰოვა ყველას, ვინც მას ემსახურება. ასე რომ, როდესაც უარყოფითი გრძნობები და აზრები შემოგაწვებათ, გაიხსენეთ, რომ არასრულყოფილების მიუხედავად, იეჰოვასთვის ისევე ძვირფასნი ხართ, როგორც „მშვენების გვირგვინი“ და „სამეფო დიადემა“. მაშ კვლავაც ეცადეთ, შეასრულოთ იეჰოვას ნება და, ამგვარად, გული გაუხაროთ მას (იგავები 27:11). თუ ასე იმოქმედებთ, დარწმუნებულნი იყავით, რომ იეჰოვა დააჯილდოებს თქვენს ერთგულებასა და მოთმინებას!
[სქოლიოები]
^ აბზ. 1 ზოგი სახელი შეცვლილია.
გახსოვთ თუ არა?
• რა გაგებით ვართ იეჰოვასთვის „ძვირფასი საკუთრება“?
• რატომაა მნიშვნელოვანი გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის აჯილდოებს თავის მსახურებს?
• სატანის რომელი ხრიკისგან უნდა დავიცვათ თავი?
• რა გაგებითაა ღმერთი „ჩვენს გულებზე დიდი“?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 26 გვერდზე]
პავლე
[სურათი 26 გვერდზე]
ელია
[სურათი 26 გვერდზე]
ხანა
[სურათი 28 გვერდზე]
ღვთის სიტყვაში უამრავი მანუგეშებელი აზრია.