არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა კურთხევებს არ იშურებს მათთვის, რომლებიც მის გზას იცავენ

იეჰოვა კურთხევებს არ იშურებს მათთვის, რომლებიც მის გზას იცავენ

ბიოგრაფია

იეჰოვა კურთხევებს არ იშურებს მათთვის, რომლებიც მის გზას იცავენ

მოგვითხრო რომუალდ სტაფსკმა

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1939 წლის სექტემბერში პოლონეთის ჩრდილოეთი ნაწილი ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. იმ დროს 9 წლის ვიყავი; ცნობისმოყვარეობის გამო იმ ადგილის სანახავად წავედი, სადაც ბრძოლა მიმდინარეობდა. შემაძრწუნებელი სურათი ვიხილე — ირგვლივ გვამები ეყარა და ჰაერი საშინელი კვამლით იყო გაჟღენთილი. იმაზე ვფიქრობდი, შინ უსაფრთხოდ როგორ დავბრუნებულიყავი, თუმცა კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა: „რატომ უშვებს ღმერთი ასეთ საშინელებას?“, „ნეტავ ვის მხარეზეა ის ბრძოლის დროს?“.

ომის მიწურულს ახალგაზრდა მამაკაცებს აიძულებდნენ, გერმანიის სასარგებლოდ ემუშავათ. მას, ვინც უარს იტყოდა, ხეზე ან ხიდზე კიდებდნენ წარწერით „მოღალატე“ ან „დივერსანტი“. ქალაქი გდინია, სადაც ვცხოვრობდით, გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ჯარებს შორის მდებარეობდა. როდესაც ქალაქიდან წყლის მოსატანად გავდიოდით, ბომბები ფეთქდებოდა და თავს ზემოთ ტყვიებს ზუზუნი გაჰქონდათ. სამწუხაროდ, ამან ჩემი უმცროსი ძმა ჰენრიკე იმსხვერპლა. უსაფრთხოების მიზნით დედამ ბავშვები (ოთხი და-ძმა) სარდაფში ჩაგვიყვანა. ჩემს ორი წლის ძმას ოიგენიუშს დიფთერია შეეყარა და დაიღუპა.

კვლავ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: „სად არის ღმერთი?“, „რატომ უშვებს ის ასეთ ტანჯვას?“. თუმცა ერთგული კათოლიკე ვიყავი და ეკლესიაში რეგულარულად დავდიოდი, ამ კითხვებზე პასუხი ვერ ვიპოვე.

ჭეშმარიტება გავიგე

მოულოდნელად ჩემს კითხვებს პასუხი გაეცა. 1945 წელს ომი დამთავრდა. 1947 წლის დასაწყისში სახლში იეჰოვას მოწმე გვეწვია. ის დედას ესაუბრებოდა, მე კი ვუსმენდი. იეჰოვას მოწმე ლოგიკურად მსჯელობდა; ასე რომ, დავთანხმდით, ქრისტიანულ შეხვედრას დავსწრებოდით. ერთი თვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცოდი, ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებთან ერთად ვქადაგებდი უკეთესი ქვეყნიერების შესახებ, სადაც აღარ იარსებებს ომი და სისასტიკე. ქადაგება უდიდეს სიხარულს მანიჭებდა.

მოვინათლე 1947 წლის სექტემბერში ქალაქ სოპოტში სარაიონო კონგრესზე. შემდეგი წლის მაისიდან პიონერად დავიწყე მსახურება — დროის უმეტეს ნაწილს ბიბლიური ცნობის ქადაგებას ვუთმობდი. ადგილობრივი სამღვდელოება სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს საქმიანობას და სხვებს ძალადობისკენ აქეზებდა. გახელებული ბრბო რამდენჯერმე დაგვესხა თავს; ერთხელ ქვები დაგვიშინეს და არაადამიანურად გვცემეს. მეორედ პოლიციის განყოფილებას შევაფარეთ თავი. ბრბო გარს შემოერტყა შენობას და ცემით გვემუქრებოდა. საბოლოოდ, პოლიციის მაშველი რაზმი მოვიდა და იქიდან ძლიერი დაცვით გაგვიყვანეს.

იმ ტერიტორიაზე, სადაც ვქადაგებდით, კრება არ იყო. ზოგჯერ ტყეში, ღია ცის ქვეშ ვათევდით ღამეს. ჩვენ ბედნიერები ვიყავით, რომ ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ქადაგებას მაინც ვახერხებდით. დღეს იქ სულიერად ძლიერი კრებებია.

ბეთელში მსახურება და დაპატიმრება

1949 წელს ბეთელში მიმიწვიეს ქალაქ ლოძში. მართლაც დიდი პატივი იყო ასეთ ადგილას მსახურება! სამწუხაროდ, იქ მცირე ხანს მომიწია ყოფნა. 1950 წლის ივნისში, ერთი თვით ადრე, ვიდრე ჩვენი საქმიანობა ოფიციალურად აიკრძალებოდა, ბეთელში მომსახურე სხვა ძმებთან ერთად დამაპატიმრეს და მკაცრად დამკითხეს.

მამაჩემი გემზე მუშაობდა, რომელიც რეგულარულად პოლონეთიდან ნიუ-იორკში დაცურავდა. გამომძიებლებმა გამოიყენეს ეს სიტუაცია და შეეცადნენ, მეღიარებინა, თითქოს მამაჩემი ამერიკის ჯაშუში იყო. ულმობელი დაკითხვისთვის უნდა გამეძლო. გარდა ამისა, ერთდროულად ოთხი გამომძიებელი ცდილობდა, რომ ჩვენება მიმეცა ძმა ვილჰელმ შაიდერის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროს პოლონეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას ხელმძღვანელობდა. ხელკეტებს ქუსლებში მირტყამდნენ. დასისხლიანებული იატაკზე ვეგდე და ვგრძნობდი, მეტის ატანა აღარ შემეძლო; ხმამაღლა ვთქვი: „იეჰოვა, დამეხმარე!“ ისინი, ვინც მირტყამდნენ, შეცბუნდნენ და ცემა შეწყვიტეს. მცირე ხნის შემდეგ მათ დაიძინეს. შვება ვიგრძენი; ძალა მომეცა. დავრწმუნდი, რომ იეჰოვა სიყვარულით პასუხობს თავის მსახურებს, რომლებიც მას შეჰღაღადებენ. ამან უფრო გამიძლიერა რწმენა და იეჰოვაზე სრულად მინდობა მასწავლა.

დაკითხვის შემდეგ ცრუ ჩვენება დაწერეს. რადგან უკმაყოფილება გამოვთქვი, გამომძიებელმა მითხრა: „თავი სასამართლოში დაიცავი!“ საკანში ერთმა მამაკაცმა, რომელიც კეთილად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, მირჩია, ამაზე არ მედარდა; საბოლოო ჩვენება პროკურორის მიერ უნდა გადამოწმებულიყო, რაც შესაძლებლობას მომცემდა, ცრუ ჩვენება გამებათილებინა. და ეს ასეც მოხდა.

სარაიონო მსახურება და კვლავ პატიმრობა

ციხიდან 1951 წლის იანვარში გამათავისუფლეს. ერთი თვის შემდეგ მიმომსვლელ ზედამხედველად დავიწყე მსახურება. ჩვენი საქმიანობის აკრძალვის მიუხედავად, ძმებთან ერთად კრებებს ვაძლიერებდი. თანაქრისტიანებს, რომლებიც უშიშროების სამსახურის მოქმედების გამო დაფანტულები იყვნენ, ვამხნევებდი, კვლავაც განეგრძოთ მსახურება. მოგვიანებით ეს ძმები გაბედულად ედგნენ მხარში მიმომსვლელ ზედამხედველებს და მონაწილეობას ღებულობდნენ ბიბლიური ლიტერატურის ფარულად დაბეჭდვასა და განაწილებაში.

1951 წლის აპრილის ერთ დღეს, კრების დამთავრების შემდეგ, ქუჩაში დამაპატიმრეს უშიშროების თანამშრომლებმა, რომლებიც მითვალთვალებდნენ. რადგან კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი ვთქვი, ქალაქ ბიდგოშჩის ციხეში წამიყვანეს და იმ ღამესვე დამკითხეს. მიბრძანეს, ექვსი დღე-ღამე კედელთან ვმდგარიყავი. არც საკვებს მაძლევდნენ და არც წყალს; ირგვლივ თამბაქოს ბოლი იდგა. ხელკეტით მცემდნენ და სხეულს სიგარეტით მიწვავდნენ. როდესაც გონება დავკარგე, წყალი შემასხეს და კვლავ განაგრძეს დაკითხვა. იეჰოვას ვეხვეწებოდი, რომ ძალები მოეცა; მე ვიგრძენი მისი მხარდაჭერა.

ციხეში ყოფნას დადებითი მხარეც ჰქონდა. იქ მათთან ვქადაგებდი, რომლებთანაც ჭეშმარიტება სხვანაირად ვერ მიაღწევდა. მართლაც, ციხეში არაერთხელ მომეცა ქადაგების შესაძლებლობა. უიმედო მდგომარეობაში მყოფი პატიმრები სასიხარულო ცნობას ადვილად იღებდნენ.

ორი მნიშვნელოვანი ცვლილება

1952 წელს ციხიდან გამათავისუფლეს. მცირე ხნის შემდეგ გავიცანი გულმოდგინე მქადაგებელი და ნელე. ის პოლონეთის სამხრეთ ნაწილში მსახურობდა პიონერად. მოგვიანებით ნელემ „საფუნთუშეში“ დაიწყო მუშაობა, სადაც ფარულად ლიტერატურა იბეჭდებოდა. ეს რთული დავალება იყო, რაც სიფხიზლესა და თავგანწირვას მოითხოვდა. ჩვენ 1954 წელს დავქორწინდით და ქალიშვილის, ლიდიას, დაბადებამდე სრული დროით ვმსახურობდით. იმისათვის, რომ მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურება გამეგრძელებინა, გადავწყვიტეთ, ბავშვზე ნელეს ეზრუნა.

იმავე წელს სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოვჩნდით. მთხოვეს, საოლქო ზედამხედველად მემსახურა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც პოლონეთის მესამედი ეკავა. მე და ჩემმა მეუღლემ ლოცვით ავწონ-დავწონეთ ეს საკითხი. ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო აკრძალვის დროს და-ძმების გაძლიერება. ბევრი ძმა დაპატიმრებული იყო; ასე რომ, და-ძმებს მართლაც სჭირდებოდათ გამხნევება. ნელეს მხარდაჭერით ძმებს ახალი დავალების შესრულებაზე დავთანხმდი. იეჰოვას წყალობით საოლქო ზედამხედველად 38 წელი ვიმსახურე.

„საფუნთუშეზე“ ზრუნვა

იმ პერიოდში „საფუნთუშეზეც“ უნდა მეზრუნა, რომელიც განცალკევებით მდებარეობდა. პოლიცია გამუდმებით გვითვალთვალებდა; ცდილობდა, „საფუნთუშესთვის“ მიეგნო და ლიტერატურის ბეჭდვა შეეჩერებინა. ზოგჯერ ახერხებდნენ კიდეც, მაგრამ აუცილებელი სულიერი საკვების ნაკლებობას არასდროს განვიცდიდით. ნათლად ჩანდა, რომ ჩვენზე იეჰოვა ზრუნავდა.

ლიტერატურის ბეჭდვა რთული და სახიფათო იყო. ამ საქმის შესასრულებლად ისეთი ძმები იყვნენ საჭირონი, რომლებიც ერთგულებას, სიფხიზლეს, თავგანწირვის სულსა და მორჩილებას გამოავლენდნენ. ასეთი და-ძმების წყალობით „საფუნთუშე“ უსაფრთხოდ მუშაობდა. არალეგალურად ლიტერატურის ბეჭდვისთვის სათანადო ადგილის პოვნა რთული იყო. ზოგი ადგილი მოსახერხებელი იყო, მაგრამ იქაური ძმები ნაკლებად იჩენდნენ წინდახედულებას. იქ კი, სადაც ძმები წინდახედულები იყვნენ, ადგილი არ იყო შესაფერისი. ძმები მზად იყვნენ, დიდი მსხვერპლიც კი გაეღოთ. ძალიან ვაფასებ იმ და-ძმებს, რომლებთან თანამშრომლობაც ჩემთვის დიდი პატივი იყო.

სასიხარულო ცნობის დაცვა

იმ რთული წლების განმავლობაში ჩვენ მუდმივად გვადანაშაულებდნენ არალეგალურ, ხელისუფლებისთვის საშიშ საქმიანობაში და სასამართლოში დავყავდით. ეს პრობლემებს გვიქმნიდა, რადგან არ გვყავდა ადვოკატები, რომლებიც დაგვიცავდნენ. ზოგი მათგანი დადებითად იყო განწყობილი იეჰოვას მოწმეების მიმართ; თუმცა უმეტესობა არ რისკავდა ჩვენს სახალხოდ დაცვას, რადგან არ უნდოდათ, უფლებამოსილი პირების უკმაყოფილება გამოეწვიათ. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ იცოდა, რაც გვჭირდებოდა და მოვლენებიც შესაბამისად წარმართა.

ელოაიზ პრესტეკს, რომელიც ქალაქ კრაკოვში მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა, ისე სასტიკად მოეპყრნენ დაკითხვის დროს, რომ ციხის საავადმყოფოში მოხვდა. პატიმრები გაოცებულები იყვნენ იმით, რომ საშინელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, ძმა პროსტაკი სიმტკიცეს ინარჩუნებდა. პატიმრები მას დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო იურისტი ვეტელდ ლეს-ელშევსკი, რომელზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძმა პრესტეკის სიმტკიცემ. მას იურისტი რამდენჯერმე ესაუბრა და დაჰპირდა: „როგორც კი გამათავისუფლებენ და ნებას დამრთავენ, კვლავ განვაგრძო ჩემი საქმე, დიდი სიამოვნებით დავიცავ იეჰოვას მოწმეებს“. მან შეასრულა დანაპირები.

იურისტ ლეს-ელშევსკის ადვოკატთა პირადი ჯგუფი ჰყავდა. მათ მიერ გაწეულმა დახმარებამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმ ხნის განმავლობაში, როცა უფრო მეტ წინააღმდეგობებს ვაწყდებოდით, იურისტები ჩვენს ძმებს იცავდნენ; თვეში დაახლოებით 30 მარტო ჩვენი საქმე ჰქონდათ. რადგან ლეს-ელშევსკი მოწმეებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში კარგად უნდა ყოფილიყო გარკვეული, მისი დახმარება მე დამევალა. ერთად შვიდი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით 60—70-იან წლებში.

იმ პერიოდში კარგად გავერკვიე იურიდიულ საკითხებში. ხშირად ვესწრებოდი სასამართლო პროცესებს, ვუსმენდი იურისტების ურთიერთსაპირისპირო აზრებს, კანონიერად დაცვის მეთოდებსა და თანამორწმუნეების წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ძმებისთვის — განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც სასამართლოზე მოწმეებად იყვნენ გამოძახებულნი — რადგან მათ გაიგეს, სასამართლოზე რა უნდა ეთქვათ და რა — არა.

როცა სასამართლო უნდა ჩატარებულიყო, ლეს-ელშევსკი ხშირად იეჰოვას მოწმეებთან ათევდა ღამეს. ამის მიზეზი ის არ იყო, რომ სასტუმროს ფული არ ჰქონდა. როგორც მან თქვა: „მინდა, პროცესის წინ ისეთივე განწყობა დამეუფლოს, როგორიც თქვენ გაქვთ“. მისი დახმარების წყალობით ბევრი საქმე წარმატებით დამთავრდა. პირადად მე რამდენჯერმე დამიცვა და ფული არასოდეს აუღია. მას არც 30 საქმეზე აუღია თანხა. რატომ? მან თქვა: „მსურს, მცირეოდენი წვლილი შევიტანო თქვენს საქმიანობაში“. თანხა, რომელიც ჩვენს საქმეზე უნდა აეღო, არ იყო მცირე. ლეს-ელშევკსის ადვოკატთა ჯგუფის საქმიანობა ხელისუფლებას შეუმჩნეველი არ დარჩენია. თუმცა ამის გამო იურისტს ჩვენს დახმარებაზე უარი არ უთქვამს.

რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რა შესანიშნავად დაამოწმეს ძმებმა სასამართლო პროცესებზე. ბევრი იქ იმიტომ მიდიოდა, რომ ბრალდებული ძმები გაემხნევებინა. სასამართლო პროცესებს წელიწადში 30 000-ზე მეტი მხარდამჭერი ესწრებოდა. ეს, მართლაცდა, მოწმეების დიდი ჯგუფი იყო.

ახალი პასუხისმგებლობა

პოლონეთში აკრძალვა 1989 წელს მოიხსნა. სამი წლის შემდეგ ახალი ფილიალი აშენდა და მისი მიძღვნა მოხდა. იქ საავადმყოფოებთან დაკავშირებულ საინფორმაციო სამსახურში მიმიწვიეს, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. სამი კაცისგან შემდგარ ჯგუფში ვმუშაობდი; ძმები სისხლთან დაკავშირებით პრობლემებს როცა აწყდებოდნენ, ვეხმარებოდით, რომ ბიბლიით განსწავლულ სინდისზე დაფუძნებული თვალსაზრისი დაეცვათ (საქმეები 15:29).

მე და ჩემი მეუღლე ძალიან მადლობლები ვართ, რომ იეჰოვა ღმერთის მსახურების პატივი გვხვდა წილად. მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის, რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერდა და მამხნევებდა. როდესაც დაკავებული ვიყავი თეოკრატიული საქმეებით ან როდესაც მაპატიმრებდნენ, ის არასოდეს წუწუნებდა სახლში ჩემი არყოფნის გამო. რთულ პერიოდებში ყოველთვის სხვებს ამხნევებდა და სულიერად არ ეცემოდა.

მაგალითად, 1974 წელს სხვა მიმომსვლელ ზედამხედველებთან ერთად დამაპატიმრეს. ძმებმა გადაწყვიტეს, ამის შესახებ რბილად ეთქვათ ჩემი ცოლისთვის. როცა მასთან მივიდნენ, ჰკითხეს: „დაო ნელე, მზად ხარ იმისათვის, რომ ახალი ამბავი მოისმინო?“ მან შიშისგან ხმა ვეღარ ამოიღო, რადგან ეგონა, რომ მოვკვდი. როდესაც გაიგო, თუ სინამდვილეში რა მოხდა, შვებით ამოისუნთქა და თქვა: „ის ცოცხალია! ის ხომ პირველად არ ზის ციხეში“. ძმებმა მოგვიანებით მითხრეს, რომ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემი მეუღლის დადებითმა განწყობამ.

ცხოვრებაში მტკივნეული წუთებიც გვქონია, თუმცა იეჰოვა ყოველთვის უხვად გვაძლევდა კურთხევებს, რადგან მის გზას ვიცავდით. როგორი ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ქალიშვილი ლიდია და მისი მეუღლე ალფრედ დერიუშე სამაგალითო ქრისტიანი წყვილია. მათი ვაჟები ქრისტოფერი და იონათანი იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები არიან, რაც ჩვენს ბედნიერებას აორმაგებს. აგრეთვე, მრავალი წელია, რაც ჩემი ძმა რიშარდი და და ურსულე იეჰოვას ერთგულად ემსახურებიან.

იეჰოვას არასოდეს მივუტოვებივართ და გვსურს, კვლავაც მთელი გულით ვემსახუროთ მას. ჩვენ პირადად განვიცადეთ ფსალმუნების 36:34-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „მიენდე უფალს და დარჩი მის გზაზე, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა“. მოუთმენლად ველით იმ დროს.

[სურათი 17 გვერდზე]

კონგრესი ერთ-ერთი ძმის ბაღში ქალაქ კრაკოვში, 1964 წელი.

[სურათი 18 გვერდზე]

ჩემს ცოლ ნელესთან და ქალიშვილ ლიდიასთან ერთად, 1968 წელი.

[სურათი 20 გვერდზე]

პატარა ბიჭთან ერთად სისხლის გადასხმის გარეშე გულის ოპერაციის გაკეთების წინ.

[სურათი 20 გვერდზე]

მთავარ ქირურგთან უაიტსთან ერთად, რომელიც კატოვიცეს საავადმყოფოში ბავშვებს სისხლის გადასხმის გარეშე გულის ოპერაციებს უკეთებს.

[სურათი 20 გვერდზე]

ნელესთან ერთად, 2002 წელი.