მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
მიუთითებს სოფონიას 2:3-ში ჩაწერილი სიტყვა „ვინძლო“ იმაზე, რომ ღვთის მსახურებს არ შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, გადარჩებიან თუ არა?
ბიბლიაში ვკითხულობთ: „ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“ (სოფონია 2:3). რატომ არის ამ მუხლში სიტყვა „ვინძლო“ გამოყენებული?
იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ მოექცევა იეჰოვა არმაგედონში თავის ერთგულ მსახურებს, გავიხსენოთ, თუ რას გააკეთებს ღმერთი მათთვის, რომლებიც სასამართლოს დღემდე მოკვდებიან. უკვდავი სიცოცხლის მისაღებად ზოგი ზეცაში იქნება აღდგენილი სულიერ ქმნილებად; ზოგი კი დედამიწაზე სამოთხეში აღდგება მარადიული სიცოცხლის პერსპექტივით (იოანე 5:28, 29; 1 კორინთელები 15:53, 54). თუ იეჰოვა იმახსოვრებს და აჯილდოებს ერთგულ მსახურებს, რომლებიც არმაგედონამდე კვდებიან, განა მსგავსად არ მოექცევა თავის თაყვანისმცემლებს რისხვის დღეს?!
ჩვენთვის ასევე გამამხნევებელია პეტრე მოციქულის სიტყვები, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით დაწერა: „[ღმერთმა] სიმართლის მქადაგებელი ნოე კი სხვა შვიდთან ერთად გადაარჩინა, როცა უღმერთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს, თუკი მსჯავრი დასდო სოდომსა და გომორას . . . მართალი ლოტი კი დაიხსნა . . . იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები, უმართლოები კი შემოინახოს სასამართლოს დღისთვის, რათა მოიკვეთონ“ (2 პეტრე 2:5—9). მართალია იეჰოვამ წარსულში ბოროტი ადამიანები გაანადგურა, მაგრამ ნოე და ლოტი გადაარჩინა, რადგან მას ერთგულად ემსახურებოდნენ. ასევე დაინდობს იეჰოვა თავის ერთგულ ხალხს, როდესაც ამ ბოროტ ქვეყნიერებას გაანადგურებს. მართალი „უამრავი ხალხი“ გადარჩება (გამოცხადება 7:9, 14).
აქედან გამომდინარე, სოფონიას 2:3-ში სიტყვა „ვინძლო“ იმიტომ არ გამოიყენება, რომ თითქოს იეჰოვას არ შეუძლია გადაარჩინოს ისინი, რომლებსაც იწონებს. იეჰოვას რისხვის დღეს ადამიანი რომ დაიმალოს, საკმარისი არ არის სიმართლისა და თვინიერების ძიების მხოლოდ დაწყება. გადარჩენისთვის საჭიროა სიმართლისა და თვინიერების ძიების გაგრძელება (სოფონია 2:3).
[სურათი 31 გვერდზე]
„იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები“.