არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გალილეის ზღვაზე

გალილეის ზღვაზე

გალილეის ზღვაზე

მარკოზის 4:35—41 მუხლები გვამცნობს, რომ იესო და მისი მოწაფეები ნავზე ავიდნენ, რათა გალილეის ზღვა გადაეცურათ. აქ ვკითხულობთ: „უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა. ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა. ის [იესო] კი კიჩოზე იყო, თავი სასთუმალზე ედო და ეძინა“.

ეს ერთადერთი ადგილია ბიბლიაში, სადაც გხვდება ბერძნული სიტყვა, რომელიც თარგმნილია როგორც „სასთუმალი“. მეცნიერებმა არ იციან ამ ბერძნული სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა. ბიბლიის თარგმანების უმეტესობა სიტყვა „სასთუმალს“ იყენებს. რა სახის სასთუმალი იყო ეს? ბერძნულ ორიგინალში მარკოზმა გამოიყენა განსაზღვრული არტიკლი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ნავის აღჭურვილობაში შედიოდა. 1986 წელს გალილეის ზღვასთან ახლოს აღმოაჩინეს ნავი, რამაც უფრო მეტი ნათელი მოჰფინა მარკოზის მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვის მნიშვნელობას.

კვლევა-ძიების შედეგად დადგინდა, რომ 8-მეტრიანი სიგრძის ეს ნავი აფრისა და ნიჩბების საშუალებით გადაადგილდებოდა. ნავს სათევზაოდ იყენებდნენ. მას ჰქონდა კიჩო, სადაც თავსდებოდა დიდი და მძიმე სათევზაო ბადე. ნავის ნაწილები ძვ. წ. 100 — ახ. წ. 70 წლებით თარიღდება. შესაძლოა, იესო და მისი მოწაფეები ასეთ ნავებს იყენებდნენ. შელი უაქსმენმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ გათხრებში, გამოსცა წიგნი „გალილეის ზღვის ნავი — საოცარი აღმოჩენა, რომელიც 2 000 წელს ითვლის“. მისი აზრით „სასთუმალი“, რომელზეც იესოს თავი ედო, სილით გავსებული ტომარა იყო. ასეთ ტომრებს ნავისთვის წონასწორობის მისაცემად იყენებდნენ. იაფაში მცხოვრები მეთევზე, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ბადით თევზაობაში, ამბობს: „როცა ახალგაზრდა ვიყავი, იმ ნავებს, რომლებითაც ხმელთაშუა ზღვაში ვთევზაობდით, ყოველთვის ჰქონდათ სილით გავსებული ტომრები . . . რათა ნავს წონასწორობა შეენარჩუნებინა. როცა არ ვიყენებდით მათ, კიჩოზე ვინახავდით. როდესაც ვინმე დაიღლებოდა, კიჩოზე გადებული ფიცრების ქვეშ შეძვრებოდა დასაძინებლად და სილით სავსე ტომარას როგორც სასთუმალს, ისე იყენებდა“.

მრავალი მეცნიერის აზრით, მარკოზის ნათქვამი ნიშნავს იმას, რომ იესოს კიჩოზე დადებულ სილით სავსე ტომარაზე ჰქონდა თავი მიდებული. ნავის ეს ნაწილი ქარიშხლის დროს ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა. როგორი ფორმაც უნდა ჰქონოდა „სასთუმალს“, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რაც შემდგომ მოხდა. ღვთის დახმარებით და ძალით იესომ ქარიშხალი ჩააცხრო. ეს მოწაფეებსაც გაუკვირდათ და ამბობდნენ: „ეს ვინ არის, რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება?“