არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გულებში ჩაწერილი სიყვარულის კანონი

გულებში ჩაწერილი სიყვარულის კანონი

გულებში ჩაწერილი სიყვარულის კანონი

„ჩავუდებ მათ ჩემს კანონს და გულებში ჩავუწერ“ (იერემია 31:33, აქ).

1, 2. ა) რას განვიხილავთ ამ სტატიაში? ბ) როგორ გამოეცხადა იეჰოვა ისრაელებს სინას მთაზე?

წინა ორი სტატიიდან გავიგეთ, რომ მოსეს სახე იეჰოვას დიდებას ირეკლავდა, როცა ის სინას მთიდან ჩამოვიდა. ჩვენ აგრეთვე მოვიხსენიეთ რიდე, რომელსაც მოსე ატარებდა. მოდი განვიხილოთ, დღეს რა მნიშვნელობა აქვს ამას ქრისტიანებისთვის.

2 მოსემ ორი ქვის დაფა ჩამოიტანა სინას მთიდან. მთის ძირას თავმოყრილი ისრაელები ღვთის გასაოცარი გამოცხადების მოწმენი გახდნენ. „იყო გრგვინვა და ელვა და ქუფრი ღრუბელი მთაზე, და საყვირის ხმა მეტად ძლიერი. და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი . . . სინაის მთა ბოლავდა მთლიანად, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში, და მისგან ღუმლის კვამლივით ადიოდა კვამლი და ძლიერ ირყეოდა მთელი მთა“ (გამოსვლა 19:16—18).

3. როგორ გადასცა იეჰოვამ ისრაელს ათი მცნება და რა გახდა ისრაელებისთვის ცხადი?

3 შემდეგ იეჰოვა ხალხს ანგელოზის მეშვეობით ელაპარაკა და მისცა კანონები, რომლებიც ათი მცნების სახელით არის ცნობილი (გამოსვლა 20:1—17). ამიტომ არანაირი ეჭვი არ არსებობდა, რომ ეს კანონები ყოვლისშემძლე ღვთისგან იყო. მოგვიანებით იეჰოვამ თავად ამოტვიფრა ეს მცნებები ქვის დაფებზე, რომლებიც მოსემ მაშინ დაამტვრია, როდესაც დაინახა, რომ ისრაელები ოქროს ხბოს ეთაყვანებოდნენ. იეჰოვამ ხელმეორედ ამოტვიფრა დაფებზე ათი მცნება. სწორედ იმ დროს, როცა მოსე დაფებით ხელში ეშვებოდა მთიდან, მისი სახე სხივებს გამოსცემდა. მაშინ ყველასთვის ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ ამ კანონებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა (გამოსვლა 32:15—19; 34:1, 4, 29, 30).

4. რატომ ჰქონდა ათ მცნებას უდიდესი მნიშვნელობა?

4 ეს ორი ქვის დაფა, რომლებზეც ათი მცნება იყო ამოტვიფრული, კარვის, მოგვიანებით კი ტაძრის, წმიდათა წმიდაში მოთავსებულ შეთანხმების კიდობანში იდო. ქვის დაფებზე ამოტვიფრული კანონები მოსეს რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმების ნაწილი იყო და ისრაელში ღვთის მმართველობას დაედო საფუძვლად. ეს კანონები იმაზე მოწმობდა, რომ იეჰოვამ კავშირი დადო კონკრეტულ ერთან, რომელიც თავად აირჩია.

5. როგორ ირეკლავდა ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონები მის სიყვარულს?

5 ეს კანონები იეჰოვას შესახებ ბევრ რამეს ჰფენდა ნათელს, განსაკუთრებით კი იმას, თუ როგორ ავლენდა ის სიყვარულს თავისი ხალხის მიმართ. მართლაც, რა ძვირფასი საჩუქარი იყო ეს მცნებები მათი დამცველებისთვის! ერთი სწავლული წერდა: „ადამიანების მიერ შემუშავებული ვერც ერთი მორალური კოდექსი . . . ვერ გაუტოლდება ღვთის ათ სიტყვას“. მოსეს რჯულთან დაკავშირებით იეჰოვამ თქვა: „თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ამოგარჩევთ ჩემს საკუთრებად ყველა ხალხიდან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. და თქვენ იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად“ (გამოსვლა 19:5, 6).

გულებში ჩაწერილი კანონი

6. ქვაზე ამოტვიფრულ კანონებთან შედარებით, რომელი კანონია უფრო ძვირფასი?

6 მართლაც, ღვთის ეს კანონები ფასდაუდებელი იყო. მაგრამ იცოდით, რომ ის, რასაც სულით ცხებული ქრისტიანები ფლობენ, გაცილებით ძვირფასია, ვიდრე ქვაზე ამოტვიფრული კანონები? იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ისრაელ ერთან რჯულის საფუძველზე დადებული შეთანხმებისგან განსხვავებულ ახალ შეთანხმებას დადებდა. „ჩავუდებ მათ ჩემს კანონს და გულებში ჩავუწერ“ (იერემია 31:31—34, აქ). იესოს, ამ ახალი შეთანხმების შუამავალს, დაწერილ კანონთა კრებული არ მიუცია თავისი მიმდევრებისთვის. მან თავისი სიტყვითა და საქმით ჩანერგა მოწაფეების გულებსა და გონებაში იეჰოვას კანონი.

7. ვის მიეცა თავდაპირველად „ქრისტეს კანონი“ და მოგვიანებით კიდევ ვინ შეუერთდა მათ?

7 ამ კანონს ეწოდება „ქრისტეს კანონი“. პირველად ის მიეცა არა ისრაელ ერს, რომლებიც იაკობის შთამომავლები იყვნენ, არამედ სულიერ ერს, „ღვთის ისრაელს“ (გალატელები 6:2, 16; რომაელები 2:28, 29). ღვთის ისრაელი სულით ცხებული ქრისტიანებისგან შედგება. დროთა განმავლობაში მათ შეუერთდა „უამრავი ხალხი“ ყველა ერიდან, რომლებსაც აგრეთვე იეჰოვას თაყვანისცემა სურთ (გამოცხადება 7:9, 10; ზაქარია 8:23). ორივე ჯგუფი, როგორც „ერთი სამწყსო“, „ერთი მწყემსის“ ზედამხედველობით ექვემდებარება „ქრისტეს კანონს“; მათ სურთ, რომ ყველაფერში, რასაც ისინი აკეთებენ, ამ კანონით იხელმძღვანელონ (იოანე 10:16).

8. რა განსხვავება არსებობს მოსეს კანონსა და ქრისტეს კანონს შორის?

8 ისრაელებისგან განსხვავებით, რომლებიც მოსეს რჯულს ანუ კანონს დაბადებიდანვე ექვემდებარებოდნენ, ქრისტიანები თავისი ნებით ემორჩილებიან ქრისტეს კანონს და მნიშვნელობა არა აქვს მათ კანის ფერსა და დაბადების ადგილს. ისინი ეცნობიან იეჰოვასა და მის გზებს და მთელი გულით სურთ მისი ნების შესრულება. სულით ცხებულები, რომელთაც ‘გულებში უწერიათ’ ღვთის კანონი, დასჯის შიშისა და მოვალეობის გამო კი არ ემორჩილებიან ღმერთს, არამედ მათ მორჩილებას უფრო მყარი საფუძველი აქვს; სხვა ცხვრებიც მსგავს მორჩილებას ავლენენ, რადგან ღვთის კანონი გულებში აქვთ ჩაწერილი.

სიყვარულზე დაფუძნებული კანონები

9. როგორ ცხადყო იესომ, რომ იეჰოვას კანონებს სიყვარული ედო საფუძვლად?

9 იეჰოვას ყველა კანონსა და მითითებას სიყვარული უდევს საფუძვლად. სიყვარული ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო წმინდა თაყვანისმცემლობაში და კვლავაც იქნება. როდესაც იესოს ჰკითხეს, თუ რომელი იყო უდიდესი მცნება კანონში ანუ რჯულში, მან უპასუხა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. მეორე მცნება კი ასეთი იყო: „მოძმე საკუთარი თავივით გიყვარდეს“. შემდეგ იესომ დასძინა: „ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები“ (მათე 22:35—40). ამგვარად იესომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არა მხოლოდ მოსეს რჯული ათი მცნებითურთ, არამედ მთელი ებრაული წერილები სიყვარულზე იყო დაფუძნებული.

10. საიდან ვიცით, რომ ქრისტეს კანონს სიყვარული უდევს საფუძვლად?

10 უდევს ღვთისა და მოძმისადმი სიყვარული საფუძვლად ქრისტიანთა გულებში ჩაწერილ კანონს? რა თქმა უნდა. ქრისტეს კანონში ღვთის მთელი გულით სიყვარული იგულისხმება და ის ახალ მცნებასაც შეიცავს: ქრისტიანებს თავგანწირვით უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. მათ ისე უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც იესოს უყვარდა თავისი მიმდევრები და მზადყოფნით გაიღო თავისი სიცოცხლე მეგობრებისთვის. ეს განსაკუთრებული სიყვარული, რომელსაც ქრისტეს მიმდევრები ავლენენ ერთმანეთის მიმართ, ჭეშმარიტი ქრისტიანების მთავარი ამოსაცნობი ნიშანია (იოანე 13:34, 35; 15:12, 13). იესომ ასწავლა თავის მოწაფეებს, რომ ისეთი სიყვარული გამოევლინათ ღვთისა და ერთმანეთის მიმართ, როგორსაც ის ავლენდა. მან მტრების სიყვარულისკენაც მოუწოდა მოწაფეებს (მათე 5:44).

11. რით ცხადყო იესომ, რომ უყვარდა ღმერთი და ადამიანები?

11 იესომ სიყვარულის გამოვლენის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. მან, როგორც ძლიერმა სულიერმა ქმნილებამ, მზადყოფნით განაცხადა თანხმობა, რომ დედამიწაზე მამის ნება შეესრულებინა. იესომ თავისი სიცოცხლე სხვების მარადიული კეთილდღეობისთვის გასწირა. გარდა ამისა, მან მაგალითი დაუტოვა ადამიანებს, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ. ის თავმდაბალი, კეთილი და ყურადღებიანი იყო და მხარში ედგა ცხოვრების საზრუნავით დამძიმებულ და დაჩაგრულ ხალხს. ის აგრეთვე სხვებს „მარადიული სიცოცხლის სიტყვებს“ უზიარებდა და თავდაუზოგავად ეხმარებოდა მათ იეჰოვასთან დაახლოებაში (იოანე 6:68).

12. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთისა და მოძმის სიყვარული ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული?

12 ღვთისა და მოძმისადმი სიყვარული ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. იოანე მოციქულმა თქვა: „სიყვარული ღვთისგან არის . . . თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს, მატყუარაა, რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოანე 4:7, 20). იეჰოვა სიყვარულის წყაროც არის და სიყვარულის განსახიერებაც. ის ყველაფერს სიყვარულით აკეთებს. სიყვარულის გამოვლენა ჩვენც შეგვიძლია, რადგან ღვთის ხატად ვართ შექმნილნი (დაბადება 1:27). მოძმისადმი სიყვარულის გამოვლენით ღვთისადმი სიყვარულს ვავლენთ.

სიყვარული მორჩილებას გულისხმობს

13. თუ გვინდა ღმერთი გვიყვარდეს, უპირველესად, რა უნდა გავაკეთოთ?

13 როგორ შეიძლება გვიყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ვხედავთ? ამისათვის, უპირველესად, საჭიროა, გავიცნოთ ის. ჩვენ ვერ შევძლებთ უცნობი პიროვნების შეყვარებას და მასზე მინდობას. ამიტომ, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ გავიცნოთ ღმერთი მისი სიტყვის კითხვით, ლოცვითა და იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებიც უკვე იცნობენ ღმერთს და უყვართ ის (ფსალმუნები 1:1, 2; ფილიპელები 4:6; ებრაელები 10:25). ოთხი სახარება განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან ბიბლიის ამ წიგნებიდან კარგად ვეცნობით იეჰოვას პიროვნებას, რაც იესო ქრისტეს ცხოვრებასა და მსახურებაში აირეკლა. როდესაც ვეცნობით იეჰოვას და მადლიერნი ვართ მის მიერ გამოვლენილი სიყვარულისთვის, უფრო მეტად გვსურს მისადმი მორჩილება და მისი თვისებების არეკვლა. დიახ, ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენა მორჩილების გამოვლენას ნიშნავს.

14. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთის კანონები დამამძიმებელი არ არის?

14 როდესაც ვინმე გვიყვარს, ვცდილობთ მას ვასიამოვნოთ. ჩვენ არ გვსურს, გული ვატკინოთ მას. „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, ხოლო მისი მცნებები დამამძიმებელი არ არის“, — დაწერა მოციქულმა იოანემ (1 იოანე 5:3). ღვთის მცნებები არც დამამძიმებელია და არც ძალიან ბევრია. ჩვენს ცხოვრებას სიყვარული წარმართავს. ჩვენ არ გვჭირდება წესების გრძელი სია, რადგან ნებისმიერ საქმეში ღვთის სიყვარულით ვხელმძღვანელობთ. თუ გვიყვარს ღმერთი, ჩვენთვის სასიამოვნო იქნება მისი ნების შესრულება. ამგვარად, ღვთის მოწონებას ვიმსახურებთ და საკუთარი თავისთვისაც მოგვაქვს სარგებლობა — მისი ხელმძღვანელობა ყოველთვის ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ესაია 48:17).

15. რა აღგვძრავს, რომ იეჰოვას მივბაძოთ? ახსენით.

15 ღვთის სიყვარული აღგვძრავს, მივბაძოთ მის თვისებებს. როდესაც ვინმე გვიყვარს, მოხიბლული ვართ მისი თვისებებით და გვსურს, მას დავემსგავსოთ. დავფიქრდეთ იეჰოვასა და იესოს ურთიერთობაზე. ისინი მილიარდობით წლების მანძილზე ერთად იყვნენ ზეცაში. მათ ერთმანეთის მიმართ ძლიერი, ნამდვილი სიყვარული განუვითარდათ. იესომ იმდენად სრულყოფილად აირეკლა თავისი ზეციერი მამის პიროვნება, რომ მოწაფეებს ასეთი რამეც კი უთხრა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9). როდესაც იეჰოვასა და მისი ძის შესახებ შემეცნებას ვიღებთ და მადლიერების გრძნობით ვივსებით, სურვილი გვიჩნდება, მათი მსგავსნი გავხდეთ. იეჰოვასადმი სიყვარული და მისი წმიდა სული გვეხმარება, ‘გავიხადოთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შევიმოსოთ ახალი პიროვნებით’ (კოლოსელები 3:9, 10; გალატელები 5:22, 23).

სიყვარულის საქმეებით გამოვლენა

16. როგორ ვლინდება სამქადაგებლო საქმიანობითა და მოწაფეების მომზადებით ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარული?

16 ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარული აღძრავს ქრისტიანებს, რომ მონაწილეობა მიიღონ სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობასა და მოწაფეების მომზადებაში. ასე მოქცევით გულს ვუხარებთ იეჰოვას, „რომლის ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:3, 4). ამგვარად, ჩვენთვის სიხარული მოაქვს სხვების დახმარებას, რომ ქრისტეს კანონი მათ გულებში ჩაიწეროს. ჩვენ ძალიან გვიხარია, როცა ისინი ცვლილებებს ახდენენ ცხოვრებაში, რათა იეჰოვას თვისებები აირეკლონ (2 კორინთელები 3:18). სინამდვილეში, ყველაზე ძვირფასი, რაც შეგვიძლია ადამიანებისთვის გავაკეთოთ, ის არის, რომ მათ იეჰოვას გაცნობაში დავეხმაროთ. მათ, ვინც იეჰოვას მეგობარი ხდება, შეუძლიათ მარადიულად გაიხარონ მასთან ურთიერთობით.

17. რატომ არის გონივრული განვივითაროთ ღვთისა და მოყვასის, და არა მატერიალური ნივთების, სიყვარული?

17 ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც მატერიალურ ნივთებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და უყვართ კიდეც. მაგრამ მატერიალური საგნები მარადიულად ვერ მოგვემსახურება. ისინი შეიძლება მოგვპარონ ან დროთა განმავლობაში დაძველდეს (მათე 6:19). ბიბლია გვაფრთხილებს: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:16, 17). დიახ, იეჰოვა მარადიული ღმერთია და ამიტომ ისინი, ვისაც ის უყვარს და ემსახურება მას, მარადიულად იცხოვრებენ. განა გონივრული არ არის, განვივითაროთ ღვთისა და ადამიანებისადმი სიყვარული, ნაცვლად იმისა, რომ კეთილმოწყობილი ცხოვრებისკენ ვისწრაფოთ, რომელიც დროებითია?

18. როგორ გამოავლინა ერთმა მისიონერმა თავგანწირული სიყვარული?

18 ვინც სიყვარულს ავლენს, განადიდებს იეჰოვას. განვიხილოთ სონიას შემთხვევა, რომელიც მისიონერად მსახურობს სენეგალში. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო ქალთან, ჰეიდთან, რომელიც ურწმუნო მეუღლის გამო იმუნოდეფიციტური ვირუსით დაავადდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ, ჰეიდი მოინათლა, მაგრამ მალე ჯანმრთელობა შეერყა და შიდს-ის დიაგნოზით საავადმყოფოში წაიყვანეს. სონია იხსენებს: «საავადმყოფოს მედპერსონალი ყველაფერს აკეთებდა მის დასახმარებლად, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი იყვნენ. კრების წევრებს სთხოვეს, რომ ეზრუნათ მასზე საავადმყოფოში. მეორე ღამე მის საწოლთან დაფენილ ნოხზე გავატარე. მის გვერდით ვიყავი და ვზრუნავდი მასზე, სანამ დაიღუპებოდა. ექიმმა მითხრა: „ყველაზე ცუდი ის არის, რომ ნათესავებიც კი უყურადღებოდ ტოვებენ ოჯახის წევრებს, როცა იგებენ, რომ ისინი შიდს-ით არიან დაავადებულნი. რატომ ჩაიგდეთ თავი საფრთხეში, როცა ჰეიდის არც ნათესავი ხართ, არც აქაური ხართ და არც მის რასას მიეკუთვნებით“. ვუთხარი, რომ ჰეიდი ჩემთვის დედმამიშვილივით იყო. მასზე სიამოვნებით ვზრუნავდი, რადგან დასავით მიყვარდა». სონიას ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ უმოქმედია იმას, რომ ის სიყვარულით ზრუნავდა ჰეიდზე.

19. რის გაკეთება გვმართებს, რომ ღვთის კანონი ჩვენს გულებში იყოს ჩაწერილი?

19 იეჰოვას მსახურებს შორის თავგანწირული სიყვარულის მრავალი მაგალითი არსებობს. დღეს არ არსებობს დაწერილი კანონები, რომლებიც განსაზღვრავდა ღვთის ხალხის ვინაობას. ჩვენ ვხედავთ იმ წინასწარმეტყველების შესრულებას, რომელიც ჩაწერილია ებრაელების 8:10-ში: „ეს არის შეთანხმება, რომელსაც დავუდებ ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა. — გონებაში ჩავუდებ და გულში ჩავუწერ მათ ჩემს კანონებს. გავხდები მათი ღმერთი და ისინი გახდებიან ჩემი ხალხი“. დაე ყოველთვის დავაფასოთ იეჰოვას მიერ ჩვენს გულებში ჩაწერილი სიყვარულის კანონი და ყოველთვის სიყვარულით ვიმოქმედოთ.

20. რატომ არის ქრისტეს კანონი ფასდაუდებელი ძღვენი?

20 მართლაც, რა სასიხარულოა, ღმერთს მთელ მსოფლიოში მცხოვრებ და-ძმებთან ერთად ვემსახუროთ, რომლებიც ასეთ სიყვარულს ავლენენ! ვისაც ქრისტეს კანონი გულში უწერია, ფასდაუდებელ განძს ფლობს ამ უსიყვარულო წუთისოფელში. ისინი არა მხოლოდ იეჰოვასგან გრძნობენ სიყვარულს, არამედ ქრისტიანული საძმოსგანაც. „აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“ მართალია იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა ერსა და კულტურას მიეკუთვნებიან და სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, მაგრამ მათ შორის შეუდარებელი ერთიანობა სუფევს. იეჰოვა იწონებს ამ ერთიანობას. ფსალმუნმომღერალი წერდა: „იქ [სიყვარულით გაერთიანებულ ხალხს შორის] დაადგინა უფალმა კურთხევა — სიცოცხლე უკუნისამდე“ (ფსალმუნები 132:1—3).

შეგიძლიათ უპასუხოთ?

• რამდენად მნიშვნელოვანი იყო ათი მცნება?

• რა არის გულებში ჩაწერილი კანონი?

• რა როლს ასრულებს სიყვარული „ქრისტეს კანონში?“

• როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარული?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 25 გვერდზე]

კანონები, რომლებიც ღმერთმა ისრაელებს მისცა, ქვის დაფებზე იყო ამოტვიფრული.

[სურათები 26 გვერდზე]

ქრისტიანებს ღვთის კანონი გულებში უწერიათ.

[სურათი 28 გვერდზე]

სონია 2004 წლის საოლქო კონგრესზე სენეგალელ გოგონასთან ერთად.