არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ირეკლავთ ღვთის დიდებას?

ირეკლავთ ღვთის დიდებას?

ირეკლავთ ღვთის დიდებას?

„ჩვენ . . . სარკესავით ვირეკლავთ იეჰოვას დიდებას“ (2 კორინთელები 3:18).

1. რა იხილა მოსემ და რა მოხდა შემდეგ?

ეს იყო ერთ-ერთი ამაღელვებელი ხილვა, რაც კი ადამიანს ოდესმე უნახავს. სინას მთაზე მოსეს არაჩვეულებრივი სათხოვარი შეუსრულდა. მან იეჰოვას დიდება იხილა, რისი ხილვის შესაძლებლობაც მანამდე არც ერთ ადამიანს არ ჰქონია. მოსეს იეჰოვა პირისპირ არ უხილავს. ადამიანს არ შეუძლია იხილოს ღმერთი და ცოცხალი დარჩეს. ამიტომ, იეჰოვამ თავისი „ხელით“, როგორც დამცავი საფარით, დაფარა მოსე, ვიდრე ჩაივლიდა. როგორც ჩანს, მან ანგელოზი გამოიყენა ამისთვის. ამის შემდეგ იეჰოვამ ნება დართო მოსეს, რომ ღვთიური დიდების ანარეკლი ენახა. იეჰოვა ანგელოზის მეშვეობითაც ელაპარაკა მოსეს. ბიბლიაში ნათქვამია, თუ რა მოხდა შემდეგ: „სინას მთიდან რომ ჩამოვიდა მოსე . . . მისი სახე სხივებს გამოსცემდა მასთან [იეჰოვასთან] ლაპარაკის გამო“ (გამოსვლა 33:18—34:7, 29, აქ).

2. რა თქვა პავლე მოციქულმა ღვთის დიდებაზე, რომელსაც ქრისტიანები ირეკლავენ?

2 წარმოიდგინე, რომ მოსესთან ერთად ხარ ამ მთაზე. მართლაც, რა ამაღელვებელი იქნებოდა ყოვლისშემძლე ღმერთის თვალისმომჭრელი დიდებულების ნახვა და მისი სიტყვების მოსმენა! რა დიდი პატივი იქნებოდა მოსესთან, რჯულის შეთანხმების შუამავალთან, ერთად სინას მთიდან ჩამოსვლა! იცოდი, რომ გარკვეული გაგებით ქრისტიანებს მოსესთან შედარებით უფრო მეტად შეუძლიათ აირეკლონ ღვთის დიდება? ეს მნიშვნელოვანი აზრი ნათლად ჩანს პავლე მოციქულის წერილში. მან თქვა, რომ ცხებული ქრისტიანები ‘სარკესავით ირეკლავენ იეჰოვას დიდებას’ (2 კორინთელები 3:7, 8, 18). გარკვეულწილად, ღვთის დიდებას ის ქრისტიანებიც ირეკლავენ, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ.

როგორ ირეკლავენ ქრისტიანები ღვთის დიდებას?

3. როგორ შეგვიძლია მოსესთან შედარებით უფრო მეტი გავიგოთ იეჰოვას შესახებ?

3 როგორ შეგვიძლია ავირეკლოთ ღვთის დიდება? მოსესგან განსხვავებით ჩვენ არ გვინახავს იეჰოვა და არც მისი ხმა მოგვისმენია. მაგრამ ჩვენ უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იეჰოვას შესახებ, ვიდრე მოსეს. იესო, როგორც მესია, მოსეს სიკვდილიდან დაახლოებით 1 500 წლის შემდეგ გამოჩნდა. ამიტომ მოსემ არ იცოდა, თუ როგორ შესრულდებოდა წინასწარმეტყველება იესოზე, რომელიც იმისთვის მოკვდა, რომ კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის საშინელი მონობისგან ეხსნა (რომაელები 5:20, 21; გალატელები 3:19). გარდა ამისა, მოსეს შეეძლო მხოლოდ ნაწილობრივ ჩაწვდომოდა იეჰოვას დიდებულ განზრახვას, რომელიც მესიანური სამეფოს მეშვეობით განხორციელდება სამოთხეში დედამიწაზე. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ იეჰოვას დიდება არა ფიზიკური თვალით, არამედ რწმენის თვალით; რწმენისა, რომელიც ბიბლიურ სწავლებებზეა დაფუძნებული. გარდა ამისა, იეჰოვას ხმას ანგელოზის მეშვეობით კი არ ვისმენთ, არამედ ბიბლიის, განსაკუთრებით კი სახარებების მეშვეობით, სადაც შესანიშნავადაა აღწერილი იესოს მსახურება და სწავლებები.

4. ა) როგორ ირეკლავენ ცხებული ქრისტიანები ღვთის დიდებას? ბ) როგორ შეუძლიათ ღვთის დიდების არეკვლა მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს?

4 ქრისტიანებზე ღვთის დიდება ისე არ აირეკლება, რომ მათი სახეები სხივებს გამოსცემდეს. მაგრამ მათ სახე უბრწყინავთ იმით, რომ სხვებს იეჰოვას დიდებული პიროვნებისა და განზრახვების შესახებ ესაუბრებიან. ესაია წინასწარმეტყველმა ჩვენს დღეებთან დაკავშირებით თქვა, რომ ღვთის ხალხი ‘აუწყებდა მის [იეჰოვას] დიდებას ხალხებში’ (ესაია 66:19). გარდა ამისა, 2 კორინთელების 4:1, 2-ში ნათქვამია: „რადგან . . . მივიღეთ ეს მსახურება . . . უარვყავით ფარული სამარცხვინო საქმეები და ცბიერებით კი არ დავდივართ და ღვთის სიტყვას კი არ ვაყალბებთ, არამედ ჭეშმარიტების გამოცხადებით ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს ყოველი ადამიანის სინდისთან ღვთის წინაშე“. პავლე ძირითადად ლაპარაკობდა ცხებულ ქრისტიანებზე, რომლებიც „ახალი შეთანხმების მსახურნი“ არიან (2 კორინთელები 3:6). მათი საქმიანობა გავლენას ახდენს უამრავ ადამიანზე, რომელთაც მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ დედამიწაზე. ამ ორივე ჯგუფის მსახურებაში იეჰოვას დიდება აირეკლება არა მხოლოდ იმით, რასაც ასწავლიან, არამედ იმითაც, თუ როგორ ცხოვრობენ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და პატივი, რომ ავირეკლოთ უზენაესი ღმერთის დიდება.

5. რას ცხადყოფს ჩვენი სულიერი კეთილდღეობა?

5 იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, დღეს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იქადაგება ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად (მათე 24:14). ადამიანები ყველა ერიდან, ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან დიდი ენთუზიაზმით ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას და ღვთის ნებასთან შეთანხმებულად ცხოვრობენ (რომაელები 12:2; გამოცხადება 7:9). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, მათ არ შეუძლიათ შეწყვიტონ იმაზე ლაპარაკი, რაც იხილეს და მოისმინეს (საქმეები 4:20). დღეს, ისე როგორც არასდროს კაცობრიობის ისტორიაში, ღვთის დიდებას 6 მილიონზე მეტი ადამიანი ირეკლავს. ხარ შენც მათ შორის? ღვთის ხალხის სულიერი კეთილდღეობა ნათლად აჩვენებს, რომ იეჰოვა აკურთხებს და იცავს თავის ხალხს. და რადგან ბევრი ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს, ეს უფრო მეტად ცხადყოფს, რომ იეჰოვას სული ჩვენთანაა. განვიხილოთ, თუ რატომ არის ეს ასე.

ღვთის ხალხი არ გაჩუმდება

6. რატომ გვჭირდება რწმენა და გაბედულება, რომ იეჰოვას მხარე დავიკავოთ?

6 წარმოიდგინეთ, რომ დაუნდობელი ბოროტმოქმედის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება უნდა მისცეთ. თქვენთვის ცნობილია, რომ ბოროტმოქმედს ძლიერი მხარდაჭერა აქვს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელი შეგიშალონ მის მხილებაში. ასეთი დამნაშავის წინააღმდეგ რომ მოწმედ გამოხვიდე, საჭიროა გაბედულება და იმაში დარწმუნება, რომ მთავრობა უსაფრთხოების გარანტიას მოგცემს. ჩვენ მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებით. ვამოწმებთ იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ და ამით სატანა ეშმაკის წინააღმდეგ გამოვდივართ, რადგან ვამხელთ, რომ ის არის კაცისმკვლელი და ცრუ, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო (იოანე 8:44; გამოცხადება 12:9). რწმენა და გაბედულება გვჭირდება, რომ იეჰოვას მხარე დავიკავოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანას.

7. როგორ ძალაუფლებას ფლობს სატანა და რის გაკეთებას ცდილობს?

7 იეჰოვა, რა თქმა უნდა, უზენაესი ღმერთია. ის გაცილებით ძლიერია სატანაზე. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვას ჩვენი დაცვის მხოლოდ ძალა კი არა, არამედ დიდი სურვილიც აქვს, რადგან მას ერთგულად ვემსახურებით (2 ნეშტთა 16:9). მიუხედავად ამისა, სატანა ღვთისგან გაუცხოებული ქვეყნიერებისა და დემონების მმართველია (მათე 12:24, 26; იოანე 14:30). სატანა, რომელიც დედამიწაზე გადმოგდებული და „დიდად განრისხებული“ არის, სასტიკად ეწინააღმდეგება იეჰოვას მსახურებს და ამისათვის თავის ძალაუფლებაში მყოფ ქვეყნიერებას იყენებს. მას სურს, რომ გააჩუმოს ყველა, ვინც სასიხარულო ცნობას აუწყებს (გამოცხადება 12:7—9, 12, 17). როგორ აკეთებს ის ამას? სულ მცირე, ის სამ მეთოდს იყენებს.

8, 9. როგორ იყენებს სატანა სიყვარულის არასწორ გამოვლინებას და რატომ უნდა დავუკვირდეთ, ვის ვირჩევთ მეგობრებად?

8 პირველი მეთოდი, რითაც სატანა ცდილობს ღმერთს ჩამოგვაშოროს, ცხოვრებისეული საზრუნავია. ბოლო დღეებში ადამიანები ფულის, საკუთარი თავისა და სიამოვნებათა მოყვარულები არიან. მათ არ უყვართ ღმერთი (2 ტიმოთე 3:1—4). ადამიანთა უმრავლესობა ყოველდღიური საქმეებით არის დაკავებული და ყურად არ იღებს სასიხარულო ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ. მათ არ აინტერესებთ ბიბლია (მათე 24:37—39). ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენზე და თანდათანობით სულიერად უმოქმედოები გაგვხადოს. თუ საკუთარ თავს ნებას დავრთავთ, რომ სიმდიდრისა და სიამოვნების სიყვარულმა გაგვიტაცოს, ღვთისადმი სიყვარული გაგვინელდება (მათე 24:12).

9 ამის თავიდან ასარიდებლად, ქრისტიანები ყურადღებით ირჩევენ მეგობრებს. „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, — თქვა მეფე სოლომონმა, — რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“ (იგავები 13:20). მოდი ‘ვიაროთ’ მათთან, ვინც ღვთის დიდებას ირეკლავს. მართლაც, რა კარგია ასე მოქცევა! კრების შეხვედრებზე თუ სხვა დროს სულიერ და-ძმებთან შეკრებისას მათ მიერ გამოვლენილი სიყვარულით, რწმენით, სიხარულითა და სიბრძნით ვმხნევდებით. ასეთი ჯანსაღი ურთიერთობები მტკიცეს ხდის ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ სირთულეების მიუხედავად განვაგრძოთ მსახურება.

10. როგორ იყენებს სატანა დაცინვას მათ წინააღმდეგ, ვინც ღვთის დიდებას ირეკლავს?

10 მეორე საშუალება, რითაც სატანა ცდილობს, ხელი შეუშალოს ქრისტიანებს ღვთის დიდების არეკვლაში, დაცინვაა. ამან არ უნდა გაგვაკვირვოს. დედამიწაზე მსახურების დროს იესო ქრისტეს დასცინოდნენ, მასხრად იგდებდნენ, შეურაცხყოფდნენ და აფურთხებდნენ კიდეც (მარკოზი 5:40; ლუკა 16:14; 18:32). პირველი საუკუნის ქრისტიანებსაც დასცინოდნენ (საქმეები 2:13; 17:32). დღეს იეჰოვას მსახურებსაც მსგავსად ექცევიან. პეტრე მოციქულის სიტყვების თანახმად, ისინი შეიძლება „ცრუ წინასწარმეტყველებადაც“ კი მიიჩნიონ. «ბოლო დღეებში, — წინასწარმეტყველებდა პეტრე, — მოვლენ დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან და იტყვიან: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? . . ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“» (2 პეტრე 3:3, 4). ღვთის ხალხზე დაცინვით ამბობენ, რომ ისინი რეალობას მოწყვეტილნი არიან. მრავალი ფიქრობს, რომ ბიბლიის ზნეობრივი ნორმები მოძველებულია. ბევრი უგუნურებად მიიჩნევს იმ ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ (1 კორინთელები 1:18, 19). ქრისტიანებს დასცინიან სკოლაში, სამსახურში და დროდადრო ოჯახშიც კი. მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძობთ ღვთის დიდების არეკვლას ქადაგებით, რადგან იესოს მსგავსად ვიცით, რომ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებაა (იოანე 17:17).

11. როგორ იყენებს სატანა დევნას, რომ ქრისტიანები გააჩუმოს?

11 მესამე მეთოდი, რომელსაც სატანა ჩვენს გასაჩუმებლად იყენებს, წინააღმდეგობა და დევნაა. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9). მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები მართლაც რომ საშინლად იდევნებოდნენ. ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვამ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა ის სიძულვილი ანუ მტრობა, რაც სატანა ეშმაკის მსახურებს ექნებოდათ ღვთის მსახურების მიმართ (დაბადება 3:15). ასევე ვიცით, რომ განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებით იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების სამართლიანობას ვუჭერთ მხარს. ამის ცოდნა უკიდურეს ვითარებებშიც კი გაგვაძლიერებს. ვერავითარი დევნა ვერ გაგვაჩუმებს, თუ გადაწყვეტილი გვექნება, რომ ღვთის დიდება ავირეკლოთ.

12. რატომ უნდა გვიხაროდეს, თუ სატანის მიერ შექმნილი წინააღმდეგობების დროს ერთგულებას ვინარჩუნებთ?

12 ახმართ ძალისხმევას იმას, რომ ქვეყნიერებამ არ მიგიზიდოთ და ინარჩუნებთ ერთგულებას დაცინვისა და დევნის მიუხედავად? თუ დიახ, სიხარულის მიზეზი ნამდვილად გაქვთ. იესომ უთხრა თავის მიმდევრებს: „ბედნიერნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით ხტოდეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათე 5:11, 12). თქვენ მიერ გამოვლენილი მოთმინება ცხადყოფს, რომ იეჰოვას ძლიერი წმინდა სული თქვენზეა, რაც ძალებს გმატებთ მისი დიდების ასარეკლად (2 კორინთელები 12:9).

იეჰოვა გვეხმარება, რომ მოვითმინოთ

13. რა ძირითადი მიზეზის გამო ვითმენთ ქრისტიანულ მსახურებაში?

13 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვითმენთ მსახურებაში, ის არის, რომ გვიყვარს იეჰოვა და გვსურს მისი დიდების არეკვლა. ადამიანები მიდრეკილნი არიან, მიბაძონ მათ, ვინც უყვართ და ვისაც დიდ პატივს სცემენ; ამას კი იეჰოვაზე მეტად არავინ იმსახურებს. ვინაიდან ღმერთს ძალიან ვუყვარვართ, დედამიწაზე თავისი ძე გამოგზავნა ჭეშმარიტების დასამოწმებლად და მორჩილი ადამიანების გამოსასყიდად (იოანე 3:16; 18:37). ღვთის მსგავსად, ჩვენც გვსურს, რომ ყველამ მოინანიოს და გადარჩეს; ამიტომაც ვქადაგებთ მათთან (2 პეტრე 3:9). ეს სურვილი და ჩვენი გადაწყვეტილება, მივბაძოთ ღმერთს, აღგვძრავს, რომ მისი დიდების არეკვლა განვაგრძოთ მსახურებაში.

14. როგორ გვაძლევს იეჰოვა ძალებს, რომ ქრისტიანულ მსახურებაში მოთმინება გამოვავლინოთ?

14 იეჰოვა გვაძლევს ძალებს, რომ ქრისტიანულ მსახურებაში მოთმინება გამოვავლინოთ. ის გვიცავს და გვაძლიერებს თავისი სულის, ორგანიზაციისა და სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით. იეჰოვა ‘მოთმინებას აძლევს’ მათ, რომლებსაც მისი დიდების არეკვლა სურთ. ის პასუხობს ჩვენს ლოცვებს და სიბრძნეს გვაძლევს განსაცდელების დროს (რომაელები 15:5; იაკობი 1:5). გარდა ამისა, იეჰოვა არ დაუშვებს ისეთ განსაცდელებს, რომელთა ატანაც ჩვენს შესაძლებლობას აღემატება. თუ მივენდობით მას, გამოსავალსაც მოგვცემს, რათა კვლავაც ავირეკლოთ მისი დიდება (1 კორინთელები 10:13).

15. რა გვეხმარება მოთმინებაში?

15 მსახურებაში გამოვლენილი მოთმინება ცხადყოფს, რომ ღვთის სულია ჩვენზე. წარმოიდგინეთ, ვიღაცამ გთხოვათ, რომ უფასოდ დაგერიგებინათ პური კარდაკარ. გითხრეს, რომ ამისათვის საკუთარი თანხებისა და თქვენი საუკეთესო დროის გამოყოფაა საჭირო. შემდეგ იგებთ, რომ ძალიან ცოტას უნდა პურის აღება; ზოგმა შეიძლება ხელიც კი შეგიშალოთ. შეძლებდით ასეთი დავალების დიდხანს შესრულებას? ალბათ, არა. მაგრამ შეიძლება უკვე წლების ან ათწლეულების განმავლობაში სასიხარულო ცნობის ქადაგებას საკუთარ ხარჯებსა და თქვენს საუკეთესო დროს ახმართ. რატომ იქცევით ასე? იმიტომ ხომ არა, რომ გიყვართ იეჰოვა და თავისი სულის მეშვეობით ის აკურთხებს თქვენს ძალისხმევას და გეხმარებათ, რომ მოითმინოთ? რა თქმა უნდა!

საქმიანობა, რომელიც უნდა გვახსოვდეს

16. რას ნიშნავს მსახურებაში გამოვლენილი მოთმინება ჩვენთვის და ჩვენი მსმენელებისთვის?

16 საქმიანობა, რომელსაც ახალი შეთანხმების მსახურნი ასრულებენ, შეუდარებელი ძღვენია (2 კორინთელები 4:7). მსგავსად ამისა, ქრისტიანული მსახურება, რომელსაც სხვა ცხვრები ეწევიან მთელ დედამიწაზე, ძღვენს წარმოადგენს. მსახურებაში გამოვლენილი მოთმინებით, როგორც პავლემ მისწერა ტიმოთეს, ‘თქვენს თავსაც იხსნით და მსმენელებსაც’ (1 ტიმოთე 4:16). დაფიქრდით, თუ რას ნიშნავს ეს. სასიხარულო ცნობა, რომელსაც ქადაგებთ, შესაძლებლობას აძლევს სხვებს, რომ მარადიულად იცხოვრონ. თქვენ შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ მათ, ვისაც სულიერ ზრდაში ეხმარებით. წარმოიდგინეთ, რა სასიხარულო იქნება სამოთხეში მარადიულად ცხოვრება მათთან, ვისაც ღვთის შესახებ შემეცნების მიღებაში დაეხმარეთ! ცხადია, ისინი არასოდეს დაივიწყებენ ამას. ნამდვილად გაქვთ მიზეზი, რომ კმაყოფილები იყოთ!

17. რატომ არის ჩვენი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე განსაკუთრებული?

17 ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე განსაკუთრებულია. ღმერთისგან გაუცხოებულ მსოფლიოს აღარასოდეს ექადაგება სასიხარულო ცნობა. ნოე ცხოვრობდა ასეთ ქვეყნიერებაში და საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ განადგურდა ის. მართლაც რა გახარებული უნდა ყოფილიყო ნოე, რომ ერთგულად შეასრულა ღვთის დავალება, ააგო კიდობანი და ამის წყალობით გადარჩა ის და მისი ოჯახი! (ებრაელები 11:7). თქვენც შეგიძლიათ მსგავსად გაიხაროთ. წარმოიდგინეთ, რა გრძნობები დაგეუფლებათ ახალ ქვეყნიერებაში, როცა გაიხსენებთ, რომ ბოლო დღეებში სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეთ.

18. რაში არწმუნებს და როგორ ამხნევებს იეჰოვა თავის მსახურებს?

18 დაე ყოველთვის ავირეკლოთ ღვთის დიდება. თუ ასე მოვიქცევით, ეს არასდროს იქნება დავიწყებული. იეჰოვა არ ივიწყებს ჩვენს შრომას. ბიბლიაში ნათქვამია: „ვინაიდან ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ, რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს. მაგრამ გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ამავე მონდომებას იჩენდეს, რათა აღსასრულამდე სრულად იყოს დარწმუნებული იმედში, რომ არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს“ (ებრაელები 6:10—12).

შეგიძლიათ ახსნათ?

• როგორ ირეკლავენ ქრისტიანები ღვთის დიდებას?

• როგორი მეთოდებით ცდილობს სატანა ღვთის ხალხის გაჩუმებას?

• რა ცხადყოფს, რომ ღვთის სული ჩვენზეა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

მოსეს სახეზე ღვთის დიდება აირეკლა.

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

ჩვენ ღვთის დიდებას მსახურებაში ვირეკლავთ.