არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ძველ ისრაელში რას ნიშნავდა კარვისა და ტაძრის წმიდათა წმიდაში სასწაულებრივად მოვლენილი სინათლე, რომელსაც ზოგჯერ „შეხინას“ უწოდებდნენ?

იეჰოვა, თავისი ხალხის მოსიყვარულე მამამ და დამცველმა, ისრაელებს თვალნათლივ აჩვენებდა, რომ მათთან იყო. ერთ-ერთი საშუალება, რომლის დახმარებითაც იეჰოვა ამას აკეთებდა, იყო ნათელი ღრუბელი. ეს ღრუბელი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ღვთის თაყვანისმცემლობის ადგილთან.

ეს საოცარი სინათლე იქ იეჰოვას უხილავად ყოფნის მაჩვენებელი იყო. ის ჩანდა როგორც კარვის, ისე სოლომონის მიერ აშენებული ტაძრის, წმიდათა წმიდაში, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ იეჰოვა ფიზიკურად იქ იმყოფებოდა. ადამიანების მიერ აშენებული ვერც ერთი სახლი ვერ დაიტევდა ღმერთს (2 ნეშტთა 6:18; საქმეები 17:24). ღვთის საწმინდარში ამ ზებუნებრივ ნათებას შეეძლო დაერწმუნებინა მღვდელმთავარი, ხოლო მღვდელმთავრის საშუალებით კი — ყველა ისრაელი, რომ იეჰოვა თავის ხალხთან იყო და ზრუნავდა მათ მოთხოვნილებებზე.

პოსტბიბლიურ არამეულ ენაზე ამ სინათლეს ეწოდებოდა „შეხინა“, რაც „მცხოვრებს“, ან „საცხოვრებელს“ ნიშნავს. ბიბლიაში ეს ტერმინი არ გვხვდება, მაგრამ გამოყენებულია ებრაული წერილების არამეულ თარგმანებში, რომლებიც თარგუმებად არის ცნობილი.

იეჰოვამ კარვის აგებასთან დაკავშირებული მითითებების მიცემისას მოსეს უთხრა: „დააფარე თავსარქველი კიდობანს ზევიდან. და ჩადევი კიდობანში მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ. და გამოგეცხადები შენ იქ და დაგელაპარაკები თავსარქველს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუაგულიდან, რომელნიც მოწმობის კიდობანზეა“ (გამოსვლა 25:21, 22). წმიდათა წმიდაში ინახებოდა კიდობანი, რომელიც ოქროთი დაფერილი საგანი იყო. კიდობნის თავსახურავზე დამაგრებული იყო ოქროსგან გამოჭედილი ორი ქერუბიმი.

საიდან ‘დაილაპარაკებდა’ იეჰოვა? პასუხს მისი სიტყვებიდან ვიგებთ. ღმერთმა მოსეს უთხრა: „რადგან ღრუბელში გამოვჩნდები“ (ლევიანები 16:2). ეს ღრუბელი წმინდა კიდობნის ზემოთ, ორ ქერუბიმს შორის ჩერდებოდა. ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა სიმაღლის იყო ან ქერუბიმებიდან რა სიმაღლეზე მდებარეობდა ეს ღრუბელი.

ეს ნათელი ღრუბელი წმიდათა წმიდას დაჰნათოდა. ფაქტობრივად, ეს იყო იმ ადგილის განათების ერთადერთი წყარო. მღვდელმთავარი სარგებლობდა ამ სინათლით, როდესაც გამოსყიდვის დღეს შიდა ოთახში შედიოდა. იმ დროს იქ მღვდელმთავართან ერთად იეჰოვაც იყო უხილავად.

აქვს ამ სასწაულებრივ სინათლეს რაიმე მნიშვნელობა ქრისტიანებისთვის? მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა ქალაქი, სადაც „ღამე არ იქნება“. ქალაქი არის „ახალი იერუსალიმი“, რომელიც მკვდრეთით აღდგენილი იმ ცხებული ქრისტიანებისგან შედგება, რომლებიც იესოსთან ერთად იმეფებენ ზეცაში. ამ სიმბოლური ქალაქის სინათლე მზისგან ან მთვარისგან არ მოდის. იეჰოვა ღმერთის დიდება სინათლეს ჰფენს თავის ორგანიზაციას, ისე როგორც „შეხინა“ — სინათლის სვეტი — ანათებდა წმიდათა წმიდას. აგრეთვე კრავი, იესო ქრისტე, არის ქალაქის „ლამპარი“. თავის მხრივ, ეს „ქალაქი“ თავადაც გამოსცემს სულიერ სინათლეს და გზას უნათებს ყოველი ერიდან გამოსყიდულ ადამიანებს (გამოცხადება 21:22—25).

იეჰოვასგან უხვი კურთხევების მიმღებ მის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იეჰოვა მათი დამცველი მწყემსი და მოსიყვარულე მამაა.