არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამეფო ბიბლია სამეცნიერო მოღვაწეობის ნიშანსვეტი

სამეფო ბიბლია სამეცნიერო მოღვაწეობის ნიშანსვეტი

სამეფო ბიბლია სამეცნიერო მოღვაწეობის ნიშანსვეტი

გემმა ესპანეთი დატოვა და გეზი აპენინის ნახევარკუნძულისკენ აიღო. ეს მოხდა XVI საუკუნის დასაწყისში. ტრიუმში ჩატვირთული იყო ძვირფასი ტვირთი: 1514—1517 წლებში დაბეჭდილი ბიბლიის „კომპლუტენსიონ პოლიგლოტის“ თარგმანის ძალიან დიდი რაოდენობა. მოულოდნელად ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა. ეკიპაჟი ძალ-ღონეს არ იშურებდა გემის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ. გემი თავის ძვირფას ტვირთთან ერთად ჩაიძირა.

ამ შემთხვევის შედეგად საჭირო გახდა პოლიგლოტის ახალი გამოცემის მომზადება. ბოლოს დახელოვნებულმა მესტამბემ, კრისტოფ პლანტენმა, გადაწყვიტა ამ რთულ საქმესთან შეჭიდება. ამ მნიშვნელოვანი საქმის დასაფინანსებლად მას მდიდარი სპონსორი სჭირდებოდა; ამიტომ დახმარებისთვის ესპანეთის მეფე ფილიპ II-ს მიმართა. გადაწყვეტილების მიღებამდე მეფე ამ საკითხზე რამდენიმე ესპანელ სწავლულს დაელაპარაკა. ამ სწავლულებს შორის იყო ცნობილი ბიბლეისტი, დოქტორი ბენიტო არიას მონტანუსი. მან მეფე ფილიპს უთხრა: „[ეს გამოცემა] ხელს შეუწყობს არა მარტო ღვთისადმი მსახურებას და სასარგებლო იქნება რომის კათოლიკური ეკლესიისთვის, არამედ იგი დიდებას მოუტანს თქვენი ბრწყინვალების სახელს და დიდ წონას შემატებს თქვენს რეპუტაციას“.

კომპლუტენსიონ პოლიგლოტის განახლებული გამოცემა კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლი იქნებოდა; ამიტომ ფილიპმა გადაწყვიტა პლანტენის პროექტისთვის აქტიურად დაეჭირა მხარი. მან არიას მონტანუსს დაავალა უდიდესი დავალების შესრულება — გამოეცა ბიბლიის თარგმანი, რომელსაც შემდეგ სამეფო ბიბლია ანუ ანტვერპენის პოლიგლოტი ეწოდა *.

ფილიპი იმდენად იყო დაინტერესებული პოლიგლოტის გამოცემით, რომ ითხოვა, მისთვის გამოეგზავნათ თითოეული გვერდი გადასამოწმებლად. ბუნებრივია, პლანტენს არ სურდა, მოეცადა, სანამ დაბეჭდილი გვერდები ანტვერპენიდან ესპანეთში ჩავიდოდა და ისევ უკან დაბრუნდებოდა. ამიტომ ფილიპამდე მხოლოდ პირველი დაბეჭდილი გვერდები (ალბათ, ბიბლიის პირველი გვერდები) ჩავიდა. ამასობაში მონტანუსი განაგრძობდა ტექსტის ნამდვილ შემოწმებას. მას დიდ დახმარებას უწევდა ლუვენის სამი პროფესორი და პლანტენის მოზარდი გოგო.

ღვთის სიტყვის მოყვარული

არიას მონტანუსი ანტვერპენის სწავლულთა შორის გაშინაურდა. მას ძალიან უყვარდა ამა თუ იმ საკითხისთვის მრავალი კუთხით შეხედვა. ამ თვისებამ ის პლანტენისთვის ძვირფასი ადამიანი გახადა. ისინი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდნენ და თანამშრომლობდნენ. მონტანუსი არა მარტო გამორჩეული სწავლული იყო, არამედ ღვთის სიტყვის უსაზღვრო სიყვარულიც ჰქონდა *. მას, ახალგაზრდა მამაკაცს, სურდა, დაესრულებინა სწავლა, რათა მთელი ცხოვრება საღვთო წერილის გამოკვლევისთვის მიეძღვნა.

არიას მონტანუსის ღრმა რწმენით, ბიბლიის თარგმანი რაც შეიძლება სიტყვასიტყვითი უნდა ყოფილიყო. ის ცდილობდა, ზუსტად ეთარგმნა დედნიდან, რათა მკითხველისთვის ღვთის ჭეშმარიტ სიტყვასთან გაცნობის შესაძლებლობა მიეცა. მონტანუსი მიჰყვებოდა ერაზმ როტერდამელის დევიზს, რომელიც სწავლულებს მოუწოდებდა, „დედნის ენის შესაბამისად ექადაგათ ქრისტეს შესახებ“. საუკუნეების განმავლობაში საღვთო წერილის დედნის ენა დაფარული იყო ხალხისათვის, რადგან მათ უჭირდათ ლათინური თარგმანის გაგება.

როგორ შეიქმნა ანტვერპენის პოლიგლოტი?

ყველა ხელნაწერი, რომლებიც ალფონსო დე ზამორამ მოამზადა და შეამოწმა კომპლუტენსიონ პოლიგლოტის გამოსაცემად, არიას მონტანუსის ხელში მოხვდა; მან კი ისინი სამეფო ბიბლიისთვის გამოიყენა *.

თავიდან ფიქრობდნენ, რომ სამეფო ბიბლია კომპლუტენსიონ პოლიგლოტის მეორე გამოცემა იქნებოდა, მაგრამ იგი ბევრად უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მხოლოდ შესწორებული გამოცემა. სეპტუაგინტის ებრაული და ბერძნული ტექსტები კოპლუტენსიონ პოლიგლოტიდან აიღეს და ვრცელ დანართთან ერთად ახალი ტექსტებიც დაამატეს. საბოლოოდ, ახალი პოლიგლოტი რვატომიანი გამოვიდა. ბეჭდვას ხუთი წელი დასჭირდა (1568—1572), რაც საკმაოდ მოკლე პერიოდი იყო, თუ მხედველობაში მივიღებთ ნაშრომის სირთულეს. ბოლოს ამ ბიბლიის 1 213 ეგზემპლარი დაიბეჭდა.

1517 წელს გამოცემული კომპლუტენსიონ პოლიგლოტი „ტიპოგრაფიული ხელოვნების . . . მონუმენტი“ იყო, მაგრამ ახალმა, ანტვერპენის პოლიგლოტმა თავის წინამორბედს ტექნიკური ხარისხითაც სძლია და შინაარსითაც. ის გახდა კიდევ ერთი ნიშანსვეტი ბეჭდვითი საქმინობის ისტორიაში და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი გამოყენება შესაძლებელი იყო ბიბლიის სხვა თარგმანების მოსამზადებლად და დასახვეწად.

ღვთის სიტყვის მტრების თავდასხმა

გასაკვირი არ არის, რომ მალე გამოჩდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ბიბლიის ზუსტი თარგმანების მოწინააღმდეგენი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ანტვერპენის პოლიგლოტი პაპის ნებართვით გამოიცა და არიას მონტანუსსაც ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდა (ის პატივდებული სწავლული გახლდათ), მოწინააღმდეგეებმა მონტანუსი ინკვიზიციას გადასცეს. მოწინააღმდეგენი ამბობდნენ, რომ ამ ნაშრომში გამოყენებული იყო სანტეს პანინოს ლათინური ტექსტის გადამოწმებული გამოცემა, როგორც ებრაულისა და ბერძნულის უფრო ზუსტი თარგმანი, ვიდრე ვულგატა, რომელიც საუკუნეებით ადრე ითარგმნა. მოწინააღმდეგეებმა მონტანუსი იმაშიც დაადანაშაულეს, რომ ის ბიბლიის უფრო ზუსტი თარგმანის გაკეთების მიზნით დედნის ენას მიმართავდა, რაც მათი აზრით, მწვალებლობა იყო.

ინკვიზიცია იმასაც კი აცხადებდა, რომ „მეფის დიდებას არაფერი შემატებია იმის გამო, რომ ამ ნაშრომს სამეფო ეწოდა“. მათ სინანული გამოხატეს იმის გამო, რომ მონტანუსს არ მიეცა სათანადო უფლებები, რათა ოფიციალური ვულგატა გამოეყენებინა. მიუხედავად ამ ბრალდებებისა, მათ ვერ შეძლეს საკმარისი მტკიცებების გამონახვა, რათა დაეგმოთ მონტანუსი ან მისი პოლიგლოტი. საბოლოოდ, სამეფო ბიბლია ძალიან პოპულარული და სხვადასხვა უნივერსიტეტისთვის ყველაზე რეკომენდებული ნაშრომი გახდა.

ბიბლიის თარგმანებისთვის ძალიან გამოსადეგი

ანტვერპენის პოლიგლოტი არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი ნაშრომი, მაგრამ მალე მისი გამოყენება ბიბლიის თარგმანების გასაკეთებლად დაიწყეს. მისი წინამორბედის, კომპლუტენსიონ პოლიგლოტის, მსგავსად მან დიდი წვლილი შეიტანა არსებული საღვთო წერილის ტექსტების დახვეწაში. ის მთარგმნელებს დედნის ენის უკეთესად გაგებაშიც დაეხმარა. ეს ნაშრომი ევროპის რამდენიმე ძირითად ენაზე თარგმანების გაკეთებისთვის კარგი დამხმარე საშუალება იყო. მაგალითად, ერთერთი ნაშრომი (The Cambridge History of the Bible) აღნიშნავს, რომ ისეთი ცნობილი თარგმანების გასაკეთებლად, როგორიცაა: „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ ან 1611 წელს გამოცემული „ოფიციალური ვარიანტი“, გამოიყენეს ანტვერპენის ბიბლია, როგორც ფასდაუდებელი დამხმარე საშუალება, რომელიც მთარგმნელებს ძველი ენებიდან თარგმნაში დაეხმარა. სამეფო ბიბლიამ აგრეთვე დიდი გავლენა იქონია ორ მნიშვნელოვან პოლიგლოტზე, რომლებიც XVII საუკუნეში გამოიცა (იხილეთ ჩარჩო „პოლიგლოტური ბიბლიები“).

ანტვერპენის ბიბლიის მრავალ ღირსებათაგან ერთ–ერთი ისიც იყო, რომ მისი საშუალებით ევროპელ სწავლულთათვის პირველად გახდა ხელმისაწვდომი ბერძნული წერილების სირიული თარგმანი. სირიული თარგმანი მოთავსებული იყო სიტყვასიტყვითი ლათინური თარგმანის გვერდით. სამეფო ბიბლია ძალიან გამოსადეგი თარგმანი იყო, რადგან სირიული თარგმანი ქრისტიანული ბერძნული წერილების ერთ–ერთი უძველესი თარგმანი გახლდათ. ახ. წ. V საუკუნით დათარიღებული სირიული თარგმანი დაფუძნებული იყო ხელნაწერებზე, რომლებიც ახ. წ. II საუკუნეში დაიწერა. „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიის ენციკლოპედიის“ თანახმად, „საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ [სირიულ] ფეშიტას ტექსტუალური ანალიზისთვის დიდი ღირებულება აქვს. ის არის ძველი ტრადიციების შესახებ ინფორმაციის უძველესი და უმნიშვნელოვანესი წყარო“.

ვერც აბობოქრებულმა ზღვამ და ვერც ესპანური ინკვიზიციის შეტევამ ვერ შეუშალა ხელი კომპლუტენსიონ პოლიგლოტის გაუმჯობესებული და გავრცობილი ვარიანტის გამოჩენას. ანტვერპენის პოლიგლოტური ბიბლიის ისტორია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა გულწრფელ ძალისხმევას ახმარდნენ ადამიანები ღვთის სიტყვის დაცვას.

იცოდნენ ამის შესახებ თუ არა, ამ მამაკაცების თავდადებული შრომა ადასტურებს ესაიას წინასწარმეტყველებაში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას. თითქმის სამი ათასი წლის წინათ წინასწარმეტყველმა დაწერა: „ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას“ (ესაია 40:8).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ამ გამოცემას სამეფო ბიბლია იმიტომ ეწოდა, რომ მეფე ფილიპის სპონსორობით გამოიცა. ანტვერპენის პოლიგლოტი კი იმიტომ ეწოდა, რომ იგი ანტვერპენში (რომელიც იმ დროს ესპანეთის იმპერიაში შედიოდა) დაიბეჭდა.

^ აბზ. 7 მან კარგად იცოდა არაბული, ბერძნული, ებრაული, ლათინური და სირიული, ანუ ის ხუთი ძირითადი ენა, რომლებიც პოლიგლოტში იყო გამოყენებული. მას აგრეთვე საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა არქეოლოგიაში, მედიცინაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და თეოლოგიაში, რაც პოლიგლოტის დანართის გაკეთებაში გამოადგა.

^ აბზ. 10 კომლუტენსიონ პოლიგლოტის მნიშვნელობის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ 2004 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“.

[ჩანართი 13 გვერდზე]

„ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას“.

[ჩარჩო/სურათები 12 გვერდზე]

პოლიგლოტური ბიბლიები

„პოლიგლოტი არის ისეთი ბიბლია, რომელშიც ტექსტები რამდენიმე ენაზეა მოცემული, — განმარტავს ესპანელი მეცნიერი ფედერიკო პერეს კასტრო. — მაგრამ, ტრადიციულად, ასე ეწოდება ბიბლიებს, რომლებშიც ტექსტები, დედნის ენებზეა მოცემული. ამ ვიწრო გაგებით, სულ რამდენიმე პოლიგლოტი არსებობს“.

1. კომპლუტენსიონ პოლიგლოტი (15141517). ეს ბიბლია კარდინალ სისნეროსის სპონსორობით ალკალა–დე–ენარესში (ესპანეთი) გამოიცა. მის ექვს ტომში ბიბლიური ტექსტები ოთხ ენაზე იყო მოცემული — ებრაულზე, ბერძნულზე, არამეულსა და ლათინურზე. XVI საუკუნის მთარგმნელები იქიდან თარგმნიდნენ ებრაულ–არამეულ ტექსტებს.

2. ანტვერპენის პოლიგლოტი (15681572). გამოცემულია ბენიტო არიას მონტანუსის მიერ. მან კომპლუტენსიონში მოცემულ ტექსტებს დაამატა ქრისტიანულ–ბერძნული წერილების სირიული თარგმანი — ფეშიტა და იონათანის არამეული თარგუმი. ებრაული ტექსტი, რომლებშიც ხმოვნები წერტილებით იყო აღნიშნული და მახვილები იყო დასმული, გადამოწმდა იაკობ ბენ ჰაიმის ებრაული ტექსტის მიხედვით. ამგვარად, ის გახდა ტექსტი, რომლიდანაც ბიბლიის მთარგმნელები ებრაულ წერილებს თარგმნიდნენ.

3. პარიზის პოლიგლოტი (16291645). გამოიცა ფრანგი იურისტის გი მეშინლ ლე ჟეის სპონსორობით. ის დაფუძნებული იყო ანტვერპენის პოლიგლოტზე და, გარდა ამისა, გარკვეულ სამარიულ და არაბულ ტექსტებს შეიცავდა.

4. ლონდონის პოლიგლოტი (16551657). გამოსცა ბრაიან ვალტონმა; ისიც დაფუძნებული იყო ანტვერპენის პოლიგლოტზე. ამ პოლიგლოტში შესული იყო ბიბლიის თარგმანები ძველ ეთიოპურ და სპარსულ ენებზე, თუმცა ამ თარგმანებს ბიბლიური ტექსტებისთვის მნიშვნელოვანი შუქი არ მოუფენია.

[საავტორო უფლებები]

Banner and Antwerp Polyglots (two underneath): Biblioteca Histórica. Universidad Complutense de Madrid; Antwerp Polyglot (on top): By courtesy of Museum Plantin-Moretus/Stedelijk Prentenkabinet Antwerpen; London Polyglot: From the book The Walton Polyglot Bible, Vol. III, 1655-1657

[სურათი 9 გვერდზე]

ესპანეთის მეფე ფილიპ II.

[საავტორო უფლებები]

Philip II: Biblioteca Nacional, Madrid

[სურათი 10 გვერდზე]

არიას მონტანუსი.

[საავტორო უფლება]

Montano: Biblioteca Histórica. Universidad Complutense de Madrid.

[სურათი 10 გვერდზე]

ძველი საბეჭდი დაზგები ანტვერპენში (ბელგია).

[საავტორო უფლება]

Press: By courtesy of Museum Plantin-Moretus/Stedelijk Prentenkabinet Antwerpen.

[სურათები 11 გვერდზე]

მარცხნივ: კრისტოფ პლანტენი და ანტვერპენის პოლიგლოტის ყდა.

[საავტორო უფლება]

Title page and Plantin: By courtesy of Museum Plantin-Moretus/Stedelijk Prentenkabinet Antwerpen

[სურათი 11 გვერდზე]

ზემოთ: გამოსვლის მე-15 თავი, რომელიც ოთხ სვეტად არის დაბეჭდილი.

[სურათის საავტორო უფლება 9 გვერდზე]

Title page and Plantin: By courtesy of Museum Plantin-Moretus/Stedelijk Prentenkabinet Antwerpen

[საავტორო უფლებები დაცულია 13 გვერდზე]

Biblioteca Histórica. Universidad Complutense de Madrid