არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიკვდილი — მისი გამანადგურებელი გავლენა

სიკვდილი — მისი გამანადგურებელი გავლენა

სიკვდილი — მისი გამანადგურებელი გავლენა

„ექვსი წლის ბავშვმა თავი მოიკლა“. ეს თავზარდამცემი სტატია მკითხველებს პატარა გოგონას, ჯაკის, ტრაგიკული სიკვდილის შესახებ მოუთხრობდა. არც ისე დიდი ხნის წინ დედამისი უკურნებელი დაავადებით გარდაიცვალა. მატარებლისთვის წინ გადადგომამდე ჯაკიმ თავის და-ძმებს უთხრა, რომ სურდა „ანგელოზი გამხდარიყო და დედასთან ყოფილიყო“.

იენი 18 წლის იყო, როდესაც თავის მღვდელს ემუდარებოდა, აეხსნა, რატომ გარდაიცვალა მამამისი, რომელსაც კიბო ჰქონდა. მღვდელმა უთხრა, რომ მამამისი კარგი კაცი იყო და ღმერთს სურდა ზეცაში თავისთან ჰყოლოდა. ასეთი განმარტების მოსმენის შემდეგ, იენმა დაასკვნა, რომ მას აღარ უნდოდა რაიმე სცოდნოდა ასეთი სასტიკი ღმერთის შესახებ. მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ამიტომ მან გადაწყვიტა, მხოლოდ სიამოვნებისთვის ეცხოვრა. ის ალკოჰოლს მიეძალა, ნარკომანი გახდა და უზნეობაში ჩაეფლო. ასე რომ, იენმა თავაშვებული ცხოვრება დაიწყო.

„ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან“

ეს ორი სამწუხარო შემთხვევა ცხადყოფს, თუ რა გამანადგურებლად შეიძლება სიკვდილმა იმოქმედოს ადამიანებზე, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საყვარელი ადამიანი მოულოდნელად კვდება. ცხადია, არავისთვის არ არის უცხო ის, რასაც ბიბლია ამბობს: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან“ (ეკლესიასტე 9:5). მაგრამ მრავალი არჩევს, თვალი დახუჭოს ამ საშინელ სინამდვილეზე. რის თქმა შეიძლება თქვენზე? ცხოვრებაში იმდენი რამ გვაქვს გასაკეთებელი და მოსასწრები, რომ სიკვდილზე საფიქრალად დრო აღარ გვრჩება და გვგონია, რომ ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა.

„ადამიანთა უმეტესობას სიკვდილის ეშინია და ცდილობს, რომ საერთოდ არ იფიქროს მასზე“, — ნათქვამია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. მიუხედავად ამისა, უბედურმა შემთხვევამ ან უკურნებელმა დაავადებამ შეიძლება მოულოდნელად გვაიძულოს, თვალი გავუსწოროთ საშინელ რეალობას. მეგობრის ან ნათესავის დაკრძალვაზე ყოფნაც მწარედ შეგვახსენებს, რომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ.

თუმცა დაკრძალვებზე ხშირად გაიგონებთ ასეთ სიტყვებს: „ცხოვრება გრძელდება“. და ეს მართლაც ასეა. მაგრამ დრო ისე სწრაფად გარბის, რომ მალე ყველა დგება ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე. ასე რომ, სიკვდილი არც ისე შორეული მომავლის „პერსპექტივაა“. უფრო და უფრო ხშირად გვიწევს დაკრძალვებზე ყოფნა და ვკარგავთ ადამიანებს, რომლებთანაც მთელი ცხოვრება ვმეგობრობდით. გასვენებაზე მისული მრავალი ხანდაზმული ფიქრობს: „მალე, ალბათ, ჩემი ჯერიც დადგება“.

დიდი კითხვის ნიშანი

არავინ უარყოფს სიკვდილის რეალობას, მაგრამ დიდ კითხვის ნიშნად რჩება ის, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით მრავალი ურთიერთსაპირისპირო აზრი არსებობს, რის გამოც სკეპტიკოსებმა დაასკვნეს, რომ ამ უცნობ საკითხზე კამათი ამაოა. პრაგმატიკოსებმა შეიძლება თქვან, რომ „რადგან მხოლოდ ერთხელ გვეძლევა ცხოვრების შესაძლებლობა“, საჭიროა მაქსიმალურად ვისიამოვნოთ ამ წუთისოფელში.

სხვებს კი არ სურთ იმის დაჯერება, რომ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება. თუმცა მათ არა აქვთ ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ზოგის აზრით, სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილები მარადიულ ნეტარებაში განაგრძობენ სიცოცხლეს, ხოლო სხვები ფიქრობენ, რომ მომავალში კვლავ მოევლინებიან წუთისოფელს, ოღონდ უკვე სხვა პიროვნების სახით.

მათ, ვისაც ახლობლები გარდაეცვალათ, აწუხებთ კითხვა: „სად არიან გარდაცვლილები?“ რამდენიმე წლის წინ ფეხბურთელთა გუნდი თამაშზე მიდიოდა. გზაზე მოულოდნელად მათ მიკროავტობუსს სატვირთო მანქანა შეეჯახა და ავტობუსი გზიდან გადააგდო. გუნდის ხუთი წევრი დაიღუპა. ერთი დაღუპულის დედა კინაღამ გადაყვა შვილის სიკვდილს. ის ცდილობს, გაიგოს, სად არის მისი შვილი. ყოველთვის დადის ვაჟის სასაფლაოზე და საათობით ხმამაღლა ელაპარაკება შვილს. „არ მჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ არაფერი არსებობს, — მოთქვამს გამწარებული დედა, — მაგრამ ამაში ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ“.

ცხადია, სიკვდილისადმი დამოკიდებულებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე. სიკვდილით გამოწვეულ ტრაგედიაზე ხალხის რეაქციიდან გამომდინარე, იბადება რამდენიმე კითხვა. დაფიქრდით, თუ როგორ უპასუხებდით ამ შეკითხვებს. უბრალოდ, უნდა დავივიწყოთ სიკვდილის არსებობა და მხოლოდ სიცოცხლეზე ვიფიქროთ? უნდა ჩავიმწაროთ სიკვდილის შიშით სიცოცხლე? მთელი ცხოვრება გაურკვევლობაში უნდა იყვნენ გარდაცვლილის ახლობლები იმასთან დაკავშირებით, თუ სად იმყოფებიან მათი საყვარელი ადამიანები სიკვდილის შემდეგ? კვლავაც საიდუმლოებით უნდა იყოს მოცული ის, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ?