არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სიკვდილი სამუდამოდ შთაინთქა“

„სიკვდილი სამუდამოდ შთაინთქა“

„სიკვდილი სამუდამოდ შთაინთქა“

წარმოიდგინეთ, რომ პატარა გოგონას მიერ თავის მოკვლის შესახებ სტატიის ნაცვლად, გაზეთში ზემოთ მოყვანილ სიტყვებს კითხულობთ. რა თქმა უნდა, არც ერთ გაზეთს არ ჰქონია ოდესმე იმის შესაძლებლობა, რომ მსგავსი განაცხადი გაეკეთებინა. მაგრამ ეს სიტყვები გვხვდება წიგნში, რომელიც ათასობით წლისაა. ეს წიგნი ბიბლია გახლავთ.

საღვთო წერილში ნათლად არის განმარტებული, თუ რა არის სიკვდილი. გარდა ამისა, ბიბლია არა მარტო გვეუბნება, თუ რატომ ვკვდებით, არამედ გვიხსნის კიდეც, რა მდგომარეობაში არიან მკვდრები და გარდაცვლილებთან დაკავშირებით იმედს გვაძლევს. მასში ლაპარაკია მნიშვნელოვან დროზე, როდესაც შესაძლებელი იქნება, ადამიანებს ემცნოს, რომ „სიკვდილი სამუდამოდ შთაინთქა“ (1 კორინთელები 15:54).

ბიბლია სიკვდილის შესახებ რთული ტერმინებით კი არ გველაპარაკება, არამედ — ყველასთვის გასაგები ენით. მაგალითად, ის ხშირად ადარებს სიკვდილს ‘დაძინებას’ და გარდაცვლილთა შესახებ ამბობს, რომ მათ ‘მიიძინეს’ (ფსალმუნები 12:4; 1 თესალონიკელები 4:13; იოანე 11:11—14). მასში სიკვდილი მოხსენიებულია, როგორც „მტერი“ (1 კორინთელები 15:26). და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბიბლია საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, რატომ არის სიკვდილი ძილის მსგავსი მდგომარეობა, რატომ კვდებიან ადამიანები და როგორ მოისპობა საბოლოოდ ეს მტერი.

რატომ ვკვდებით?

ბიბლიის პირველი წიგნი მოგვითხრობს, თუ როგორ შექმნა ღმერთმა პირველი მამაკაცი, ადამი, და სამოთხეში დაასახლა (დაბადება 2:7, 15). სიცოცხლის მიცემისთანავე ღმერთმა ადამს დავალება დააკისრა, მაგრამ ამასთანავე ერთი რამ მკაცრად აუკრძალა. ედემის ბაღში ერთი ხის შესახებ მას უთხრა: „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები“ * (დაბადება 2:17). ამგვარად, ადამმა იცოდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი არ იყო და მხოლოდ ღვთის კანონის დარღვევის შედეგად გახდებოდა მოკვდავი.

სამწუხაროდ, ადამმა და მისმა მეუღლემ, ევამ, ურჩობა გამოავლინეს. მათ შეგნებულად უგულებელყვეს თავიანთი შემოქმედის ნება და ამის შედეგებიც მოიმკეს. „მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები“, — უთხრა მათ ღმერთმა, როდესაც თავიანთი ცოდვის შედეგები მოკლედ აღუწერა (დაბადება 3:19). ადამსა და ევას სერიოზული ნაკლი გაუჩნდათ — ისინი არასრულყოფილები გახდნენ. არასრულყოფილება, ანუ ცოდვილი მდგომარეობა, იქნებოდა მათი სიკვდილის მიზეზი.

ეს ნაკლი, ცოდვა, ადამისა და ევას შთამომავლობას, მთელ კაცობრიობას, გადაეცა. ეს რაღაცით დაავადების მემკვიდრეობით გადაცემას ჰგავდა. ადამმა არა მარტო თვითონ დაკარგა სიკვდილის მარწუხებისგან თავისუფალი სიცოცხლის შესაძლებლობა, არამედ არასრულყოფილება თავის შთამომავლებსაც გადასცა. მთელი კაცობრიობა ცოდვის ტყვეობაში მოექცა. ბიბლიაში ნათქვამია: „ამიტომაც, როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად, სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12).

‘ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაში’

მიკროსკოპით შეუძლებელია ამ მემკვიდრეობითი ნაკლის, ანუ ცოდვის, დანახვა. „ცოდვა“ მიუთითებს ზნეობრივ და სულიერ არასრულფასოვნებაზე, რომელიც ჩვენი პირველი წინაპრებისგან გადმოგვეცა; იგი მიუთითებს აგრეთვე მის ფიზიკურ შედეგებზეც. ბიბლია გვამცნობს, რომ ღმერთმა გამომსყიდველზეც იზრუნა. მოციქული პავლე გვიხსნის: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23). კორინთელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ დასძინა სიტყვები, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან დაწერა: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“ (1 კორინთელები 15:22).

ცხადია, იესო ქრისტე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოდვისა და სიკვდილის აღმოფხვრაში. იესომ თქვა, რომ დედამიწაზე იმისათვის მოვიდა, რათა ‘მიეცა თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28). ცოდვის მონობაში ყოფნა შეიძლება შევადაროთ ბავშვის გატაცებას, რომლის დროსაც მსხვერპლის გათავისუფლება მხოლოდ კონკრეტული გამოსასყიდის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში იესოს სრულყოფილი სიცოცხლე არის გამოსასყიდი, რომელსაც ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლება შეუძლია * (საქმეები 10:39—43).

გამოსასყიდის გასაღებად ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა მას მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე შეეწირა. „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს . . . მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). მსხვერპლად სიცოცხლის გაღებამდე ქრისტემ ‘ჭეშმარიტების შესახებ დაამოწმა’ (იოანე 18:37). საჯაროდ ქადაგებისას ის იყენებდა გარკვეულ სიტუაციებს, რათა ადამიანებისთვის სიკვდილის შესახებ ჭეშმარიტება დაენახვებინა.

‘გოგონას სძინავს’

დედამიწაზე ცხოვრებისას იესოსთვის სიკვდილი უცხო არ იყო. ის წუხდა, როდესაც ვინმეს სიკვდილს ხედავდა; მას აგრეთვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ თავადაც ნაადრევად მოკვდებოდა (მათე 17:22, 23). როგორც ჩანს, იესოს სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მისი მეგობარი ლაზარე გარდაიცვალა. ეს შემთხვევა კარგად გვანახვებს, თუ როგორი იყო სიკვდილის შესახებ იესოს თვალსაზრისი.

იესომ, როდესაც ლაზარეს სიკვდილის შესახებ გაიგო, თქვა: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. მოწაფეებმა დაასკვნეს, რომ ლაზარე, უბრალოდ, ისვენებდა, და გამოკეთდებოდა. ამიტომ იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა“ (იოანე 11:11—14). ცხადია, იესოს ესმოდა, რომ სიკვდილი ძილის მსგავსი მდგომარეობაა. ჩვენთვის რთულია, ჩავწვდეთ, თუ რა არის სიკვდილი, მაგრამ კარგად ვიცით, თუ რა არის ძილი. ღამით, როდესაც გვძინავს, ვერ ვგრძნობთ, როგორ გადის დრო და არ ვიცით, რა ხდება ირგვლივ, რადგან ამ დროს დროებით უგრძნობ მდგომარეობაში ვართ. სწორედ ასე აღწერს ბიბლია მკვდრების მდგომარეობას. ეკლესიასტეს 9:5–ში ნათქვამია: „მკვდრებმა არაფერი არ იციან“.

იესომ სიკვდილი ძილს იმიტომაც შეადარა, რომ ღვთის ძალით შესაძლებელია სიკვდილის ძილიდან ადამიანთა გამოღვიძება. ერთხელ იესო მივიდა ოჯახში, რომელიც პატარა გოგონას დაკარგვის გამო საშინლად წუხდა. „გოგონა არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“, — თქვა იესომ. შემდეგ ის მივიდა გარდაცვლილ გოგონასთან, ხელზე ხელი მოჰკიდა და ისიც „წამოდგა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გოგონა მკვდრეთით აღდგა (მათე 9:24, 25).

იესომ მსგავსად აღადგინა მკვდრეთით თავისი მეგობარი ლაზარე. მაგრამ ამის გაკეთებამდე მან ანუგეშა ლაზარეს და, მართა. იესომ დამწუხრებულ ქალს უთხრა: „აღდგება შენი ძმა“. მართამ კი დარწმუნებულმა უპასუხა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:23, 24). ის, როგორც ჩანს, მოელოდა, რომ მომავალში ღვთის ყველა მსახური აღდგებოდა.

ზუსტად რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? „მკვდრეთით აღდგომად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა („ანასტასის“) სიტყვასიტყვით „ადგომას“ ნიშნავს. ის სიკვდილიდან გამოსვლას ნიშნავს. იესოს სიტყვები შეიძლება ზოგისთვის დაუჯერებელი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც აღნიშნა, რომ მკვდრები მის ხმას მოისმენდნენ, იესომ მსმენელებს უთხრა: „ნუ გაიკვირვებთ ამას“ (იოანე 5:28). დედამიწაზე იესოს მიერ მოხდენილი მკვდრეთით აღდგენის შემთხვევები გვარწმუნებს ბიბლიის იმ დანაპირების უტყუარობაში, რომ ღვთის მეხსიერებაში მყოფი გარდაცვლილები გამოიღვიძებენ ხანგრძლივი ‘ძილისგან’. გამოცხადების 20:13–ში ნაწინასწარმეტყველებია: „ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და ჰადესმაც [კაცობრიობის საერთო სამარე] მისცეს მათში მყოფი მკვდრები“.

იმისთვის აღდგებიან ეს გარდაცვლილები, რათა დაბერდნენ და კვლავ მოკვდნენ, როგორც ეს ლაზარეს შემთხვევაში იყო? არა, ღვთის განზრახვა ასეთი არ არის. ბიბლია გვარწმუნებს, რომ დადგება დრო, როდესაც „აღარ იქნება სიკვდილი“; ასე რომ, არავინ დაბერდება და მოკვდება (გამოცხადება 21:4).

სიკვდილი არის მტერი. ადამიანებს მრავალი სხვა მტერიც ჰყავს; მაგალითად, ავადმყოფობა და სიბერე, რომლებიც ასევე დიდ ტკივილს აყენებს მათ. ღმერთი გვპირდება, რომ მოსპობს ყოველივე ამას და საბოლოოდ ბოლოს მოუღებს კაცობრიობის უდიდეს მტერს. „უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 კორინთელები 15:26).

ამ დანაპირების შესრულების შემდეგ ადამიანებს სრულყოფილი ცხოვრება ექნებათ და მათ არ შეაწუხებთ ცოდვა და სიკვდილი. მანამდე კი, შეგვიძლია ვინუგეშოთ იმის ცოდნით, რომ ჩვენთვის ძვირფასი გარდაცვლილი ადამიანები ისვენებენ და, თუ ღვთის მეხსიერებაში არიან, თავის დროზე აღდგებიან.

ცხოვრებას აზრი ეძლევა, როდესაც ვიცით, რა არის სიკვდილი

სიკვდილის შესახებ ნათელმა წარმოდგენამ და მკვდრეთით აღდგომის იმედმა შეიძლება ცხოვრებაზე შეხედულება შეგვიცვალოს. იენი, წინა სტატიაში მოხსენიებული ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით 20 წლის იყო, როდესაც სიკვდილის შესახებ ბიბლიური ახსნა მოისმინა. „მე ყოველთვის მქონდა რაღაც იმედი, რომ მამა სადღაც იყო, — ამბობს ის. — ამიტომ თავიდან არ დავიჯერე, რომ მას მხოლოდ სიკვდილის ძილით სძინავს“. მიუხედავად ამისა, როდესაც იენმა მკვდრეთით აღდგომის შესახებ ღვთის დანაპირები წაიკითხა და გაიგო, რომ მამის კვლავ ნახვის შესაძლებლობა ექნებოდა, ძალიან გაიხარა. „ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი სიმშვიდე“, — იხსენებს ის. სიკვდილის შესახებ სათანადო წარმოდგენამ მას სულის სიმშვიდე მოუტანა.

კლივმა და ბრენდამ 21 წლის ვაჟი, სტივენი, წინა სტატიაში მოხსენიებული უბედური შემთხვევის დროს დაკარგეს. მათ იცოდნენ, თუ რას ამბობს ბიბლია მკვდრების მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ამ მოულოდნელმა დანაკლისმა ისინი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. სიკვდილი ხომ მაინც მტერია და მას ტკივილი მოაქვს. მკვდრების შესახებ ბიბლიურმა ცოდნამ მათ თანდათანობით დარდი შეუმსუბუქა. ბრენდა ამბობს: „სიკვდილის შესახებ ცოდნამ შეგვაძლებინა, სიცოცხლის გასაგრძელებლად ძალები მოგვეკრიბა. ცხადია, დღე ისე არ გავა, რომ არ ვიფიქროთ იმ დროზე, როდესაც სტივენს სიკვდილის ძილიდან გამოღვიძებულს ვნახავთ“.

„სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?“

რასაკვირველია, მკვდრების მდგომარეობის შესახებ ცოდნა გვეხმარება, გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს სიცოცხლეზე. ის, თუ რა არის სიკვდილი, სულაც არ არის იდუმალებით მოცული. ჩვენ შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ, რომ არ გვეშინოდეს ამ მტრის, რომელიც გვემუქრება. იმის გაცნობიერება, რომ სიკვდილით სამუდამოდ არ მთავრდება სიცოცხლე, გვიქრობს სურვილს, ვიცხოვროთ მხოლოდ სიამოვნებისთვის, იმიტომ რომ „ცხოვრება ასე ხანმოკლეა“. მანუგეშებელია და სიცოცხლის გაგრძელების სურვილს გვინერგავს იმის ცოდნა, რომ ჩვენთვის საყვარელ გარდაცვლილებს ღვთის მეხსიერებაში სიკვდილის ძილით სძინავთ და მკვდრეთით აღდგომა ელით.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია გულდაჯერებით მოველოდეთ მომავალს, როდესაც იეჰოვა ღმერთი, სიცოცხლის მომცემი, სამუდამოდ მოსპობს სიკვდილს. რა დიდი კურთხევა იქნება, როდესაც გვექნება შემდეგი კითხვების დასმის საფუძველი: „სიკვდილო, სად არის შენი გამარჯვება? სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?“ (1 კორინთელები 15:55).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 ბიბლიაში პირველად აქ არის სიკვდილი მოხსენიებული.

^ აბზ. 11 გამოსასყიდი სრულყოფილი ადამიანის სიცოცხლე უნდა ყოფილიყო, რადგან სწორედ სრულყოფილება დაკარგა ადამმა. ვერც ერთი არასრულყოფილი ადამიანი ვერ გაიღებდა ამ გამოსასყიდს, რადგან ცოდვა ყველა ადამიანს გადაეცა. ამიტომ ღმერთმა ზეციდან თავისი ძე გამოგზავნა (ფსალმუნები 48:8—10). ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, მე-7 თავი; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 5 გვერდზე]

ადამისა და ევას ურჩობას შედეგად სიკვდილი მოჰყვა.

[სურათი 6 გვერდზე]

იესომ ხელი მოჰკიდა გარდაცვლილ გოგონას და გოგონა წამოდგა.

[სურათი 7 გვერდზე]

მრავალი ელოდება დროს, როდესაც მათთვის საყვარელი ადამიანებიც ისევე გაცოცხლდებიან, როგორც ლაზარე.