არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანები ირეკლავენ იეჰოვას დიდებას

ქრისტიანები ირეკლავენ იეჰოვას დიდებას

ქრისტიანები ირეკლავენ იეჰოვას დიდებას

„ბედნიერები ხართ, რომ თვალებით ხედავთ და ყურებით გესმით“ (მათე 13:16).

1. რა კითხვა იბადება ისრაელების რეაქციასთან დაკავშირებით, როცა მათ სინას მთაზე მოსე დაინახეს?

ისრაელებს, რომლებიც სინას მთაზე შეიკრიბნენ, იეჰოვასთან დაახლოების საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ. ღმერთმა ისინი თავისი ძლიერი მკლავით გაათავისუფლა ეგვიპტის მონობიდან. ის ზრუნავდა მათ საჭიროებებზე და საჭმელსა და წყალს აძლევდა უდაბნოში. ამის შემდეგ ღმერთმა გამარჯვება მოუტანა ისრაელებს ყამალეკთან ბრძოლაში (გამოსვლა 14:26—31; 16:2—17:13). უდაბნოში, სინას მთასთან დაბანაკებულ ისრაელებს იმდენად შეეშინდათ ქუხილისა და ელვის, რომ კანკალი დაიწყეს. მოგვიანებით მათ დაინახეს სინას მთიდან ჩამომავალი მოსე, რომლის სახეც იეჰოვას დიდებას ირეკლავდა. მაგრამ, იმის მაგივრად, რომ გაოცება გამოეხატათ და იეჰოვასთვის პატივი მიეგოთ, მათ უკან დაიხიეს. „შეეშინდათ მასთან [მოსესთან] მისვლისა“ (გამოსვლა 19:10—19; 34:30). რატომ შეეშინდათ მათ იეჰოვას დიდების ანარეკლის დანახვის? იეჰოვამ ხომ ბევრი რამ გააკეთა მათთვის?!

2. რატომ შეეშინდათ ისრაელებს, დაენახათ იეჰოვას დიდება, რომელიც მოსეს სახეზე აირეკლა?

2 ალბათ, ისრაელთა უმრავლესობა ადრე მომხდარი მოვლენების გამო შეშინდა. როდესაც მათ გამიზნულად გამოავლინეს იეჰოვასადმი ურჩობა და ხბოს ქანდაკება ჩამოასხეს, ღმერთმა დასაჯა ისინი (გამოსვლა 32:4, 35). ისწავლეს მათ რამე ამ სასჯელიდან და მადლიერები იყვნენ ამისათვის? არა, უმრავლესობამ არც არაფერი ისწავლა და არც მადლიერება გამოავლინა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოსემ ოქროს ხბოს ჩამოსხმის ამბავიც მოიხსენია იმ შემთხვევებთან ერთად, რომელთა დროსაც ისრაელებმა დაუმორჩილებლობა გამოავლინეს. მან უთხრა ხალხს: „თქვენ წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის, ბრძანებას და არ ერწმუნეთ მას, და არ ისმინეთ მისი ხმა. ურჩნი იყავით თქვენ უფლისადმი იმ დღიდან, რაც გიცნობთ“ (მეორე რჯული 9:15—24).

3. რას აკეთებდა მოსე, როცა სახეზე რიდეს იფარებდა?

3 განვიხილოთ, როგორ მოიქცა მოსე, როდესაც ისრაელები შეშინდნენ. ბიბლიაში ნათქვამია: „როცა დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი, დაიდო სახეზე რიდე. როცა შედიოდა მოსე [კარავში] უფლის წინაშე მასთან სალაპარაკოდ, ჩამოიხსნიდა ხოლმე რიდეს გამოსვლამდე. და გამოვიდოდა და ამცნობდა ისრაელიანებს, რაც ნაბრძანები ჰქონდა. და ხედავდნენ ისრაელიანები, რომ ასხივებდა მოსეს სახე, და კვლავ იდებდა მოსე რიდეს თავის სახეზე, ვიდრე მივიდოდა მასთან [იეჰოვასთან] სალაპარაკოდ“ (გამოსვლა 34:33—35). რატომ იფარებდა დროდადრო მოსე სახეზე რიდეს? რის სწავლა შეგვიძლია აქედან? ამ კითხვებზე პასუხი დაგვეხმარება, იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე დავფიქრდეთ.

შესანიშნავი შესაძლებლობის დაკარგვა

4. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, რაზე მიანიშნებდა მოსეს მიერ რიდეს ტარება?

4 პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ მოსეს მიერ რიდეს ტარება მიანიშნებდა ისრაელთა გონებისა და გულის მდგომარეობაზე. ის წერდა: „ისრაელის ძეები მოსეს ვეღარ უყურებდნენ სახეზე მოფენილი დიდების გამო . . . მათ გონება დაუჩლუნგდათ“ (2 კორინთელები 3:7, 14). რა სამწუხაროა! ისრაელი იეჰოვას რჩეული ერი იყო და ღმერთს სურდა, რომ ისინი დაახლოებოდნენ მას (გამოსვლა 19:4—6). მაგრამ ისრაელები ვეღარ უყურებდნენ მოსეს სახეზე მოფენილ ღვთის დიდებას. იმის მაგივრად, რომ გულითა და გონებით იეჰოვასადმი სიყვარულით აღსავსე ერთგულება გამოევლინათ, მათ ზურგი აქციეს მას.

5, 6. ა) როგორი პარალელის გავლება შეგვიძლია პირველი საუკუნის იუდეველებსა და მოსეს დღეებში მცხოვრებ ისრაელებს შორის? ბ) რით განსხვავდებოდნენ იესოს მოწაფეები სხვა იუდეველებისგან?

5 ამ მხრივ, ახ. წ. პირველ საუკუნესთან შეგვიძლია გავავლოთ პარალელი. იმ დროისთვის, როცა პავლე მიმართავდა ქრისტიანებს, კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება ახალმა შეთანხმებამ შეცვალა, რომლის შუამავალიც არის იესო ქრისტე, დიდი მოსე. სიტყვითა თუ საქმით იესომ სრულყოფილად აირეკლა იეჰოვას დიდება. პავლე მკვდრეთით აღმდგარი იესოს შესახებ წერდა: „ის არის მისი [ღმერთის] დიდების ანარეკლი და ზუსტად წარმოგვიდგენს მის არსებას“ (ებრაელები 1:3). მართლაც რა შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ იუდეველებს! მათ შეეძლოთ თავად ღვთის ძისგან მოესმინათ ცნობა მარადიული სიცოცხლის შესახებ! სამწუხაროდ, უმეტესობამ არ მოისმინა იესოს ქადაგება. მათ შესახებ იესომ ესაიას მიერ წარმოთქმული იეჰოვას წინასწარმეტყველება მოიყვანა: „გაუუხეშდა ამ ხალხს გული, ყურებით ესმით, მაგრამ ამაოდ; დახუჭეს თვალები, რომ თვალებით აღარ დაინახონ და ყურებით აღარ მოისმინონ და გულით ვერ მიხვდნენ და არ მობრუნდნენ, რომ განვკურნო“ (მათე 13:15; ესაია 6:9, 10).

6 იუდეველებსა და იესოს მოწაფეებს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. თავისი მოწაფეების შესახებ იესომ თქვა: „ბედნიერები ხართ, რომ თვალებით ხედავთ და ყურებით გესმით“ (მათე 13:16). ჭეშმარიტ ქრისტიანებს მთელი გულით სურთ უფრო მეტი გაიგონ იეჰოვას შესახებ და ემსახურონ მას. მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ ღვთის ნების შესრულება, რის შესახებაც ბიბლიაშია საუბარი. შედეგად, ცხებული ქრისტიანები იეჰოვას დიდებას ირეკლავენ მსახურებაში, რომელსაც ახალი შეთანხმების თანახმად ასრულებენ, და სხვა ცხვრებიც მსგავსად იქცევიან (2 კორინთელები 3:6, 18).

რატომ არის დაფარული სასიხარულო ცნობა?

7. რატომ არ არის გასაკვირი, რომ მრავალი უარს ამბობს სასიხარულო ცნობის მოსმენაზე?

7 როგორც დავინახეთ, იესოს დღეებში, ისევე როგორც მოსეს დროს, ისრაელთა უმრავლესობამ ხელიდან გაუშვა შესანიშნავი შესაძლებლობა. დღესაც მსგავსი სიტუაციაა. მრავალი ადამიანი უარს ამბობს სასიხარულო ცნობის მოსმენაზე, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ და ეს გასაკვირი არც არის. პავლე წერდა: „თუ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ, დაფარულია, მათთვის არის დაფარული, ვინც იღუპება, ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ სისტემის ღმერთმა დაუბრმავა გონება“ (2 კორინთელები 4:3, 4). გარდა იმისა, რომ სატანა ცდილობს, დაფაროს სასიხარულო ცნობა, მრავალი ადამიანი თვითონ იფარებს სახეზე რიდეს, რომ არ დაინახოს.

8. რა გაგებით აქვს მრავალ ადამიანს თვალები დაბრმავებული და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მსგავსი რამ არ დაგვემართოს?

8 გადატანითი მნიშვნელობით მრავალ ადამიანს უცოდინრობის გამო დაბრმავებული აქვს თვალები. ბიბლიაში საუბარია ერებზე, რომლებიც ‘გონებადაბნელებულნი და ღვთისგან მომდინარე სიცოცხლისგან გაუცხოებულნი არიან თავიანთი უმეცრების გამო’ (ეფესოელები 4:18). პავლე, რომელიც რჯულის კარგი მცოდნე იყო, სანამ ქრისტიანი გახდებოდა, უმეცრების გამო იმდენად დაბრმავებული იყო, რომ ღვთის კრებას დევნიდა (1 კორინთელები 15:9). მაგრამ იეჰოვამ გაუცხადა მას ჭეშმარიტება. მან თქვა: „შეწყალებული კი იმიტომ ვიქენი, რომ ჩემი განსაკუთრებული შემთხვევით ქრისტე იესოს მთელი თავისი სულგრძელობა ნიმუშად ეჩვენებინა მათთვის, ვინც მას ირწმუნებს მარადიული სიცოცხლისთვის“ (1 ტიმოთე 1:16). პავლეს მსგავსად, მრავალი, ვინც ერთ დროს ღვთის ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებოდა, დღეს ღმერთს ემსახურება. ეს კი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მოწინააღმდეგეებსაც კი ვუქადაგოთ. ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლა და მისი მნიშვნელობის გაგება დაგვიცავს, უცოდინრობით ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რაც იეჰოვას არ მოეწონება.

9, 10. ა) როგორ აჩვენეს პირველ საუკუნეში მცხოვრებმა იუდეველებმა, რომ არ სურდათ ღვთის სიტყვების მოსმენა და ჯიუტად იცავდნენ თავიანთ შეხედულებებს? ბ) დღესაც მსგავსი მდგომარეობაა ქრისტიანულ სამყაროში? ახსენით.

9 მრავალი სულიერ საკითხებს იმიტომ ვერ წვდება, რომ არ სურთ ღვთის სიტყვის შესწავლა და ჯიუტად იცავენ თავიანთ შეხედულებას. მრავალმა იუდეველმა უარყო იესო და მისი სწავლებები, რადგან დაჟინებით იცავდნენ მოსეს კანონს. რა თქმა უნდა, არსებობდა გამონაკლისიც. მაგალითად, იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ „რწმენას უამრავი მღვდელიც ღებულობდა“ (საქმეები 6:7). მიუხედავად ამისა, მრავალი იუდეველის შესახებ პავლე წერდა: „დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდე აქვთ ჩამოფარებული გულზე“ (2 კორინთელები 3:15). პავლემ ალბათ იცოდა, თუ რა უთხრა იესომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს: „წმინდა წერილებს იკვლევთ, რადგან ფიქრობთ, რომ მათი მეშვეობით გექნებათ მარადიული სიცოცხლე. სწორედ ისინი მოწმობენ ჩემ შესახებ“ (იოანე 5:39). საღვთო წერილს, რომელსაც ასე გულმოდგინედ იკვლევდნენ, უნდა დაენახვებინა მათთვის, რომ იესო მესია იყო. მაგრამ იუდევლებს საკუთარი შეხედულებები ჰქონდათ და ღვთის ძემაც კი, რომელიც სასწაულებს ახდენდა, ვერ შეძლო მათი დარწმუნება.

10 დღეს ქრისტიანულ სამყაროშიც მსგავსი მდგომარეობაა. პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდევლების მსგავსად, მათ „ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“ (რომაელები 10:2). მართალია, ზოგიერთი სწავლობს ბიბლიას, მაგრამ არ სწამთ მისი. ისინი უარყოფენ, რომ იეჰოვა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ჯგუფის, ერთგული და გონიერი მონის, მეშვეობით ასწავლის თავის ხალხს (მათე 24:45). ჩვენ კი ვიცით, რომ იეჰოვა მოძღვრავს თავის ხალხს და ღვთის ჭეშმარიტება უფრო და უფრო ნათელი ხდება (იგავები 4:18). ჩვენ გვსურს, რომ იეჰოვასგან ვისწავლოთ და ამიტომ მისი ნებისა და განზრახვების ცოდნას კურთხევები მოაქვს ჩვენთვის.

11. როგორ არის ჭეშმარიტება დაფარული მათთვის, ვისაც მხოლოდ ის სწამს, რაც თავად მიაჩნია სწორად?

11 სხვები დაბრმავებულები არიან იმიტომ, რომ მხოლოდ ის სწამთ, რაც თავად მიაჩნიათ სწორად. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ზოგიერთი დასცინებდა ღვთის ხალხს და იმ ცნობას, რასაც ისინი იქადაგებდნენ იესოს მოსვლასთან დაკავშირებით. პეტრე მოციქული წერდა: „მათ, თავიანთი ნებისამებრ, მხედველობიდან რჩებათ“, რომ ნოეს დროს ღმერთმა წარღვნა მოავლინა ქვეყნიერებაზე (2 პეტრე 3:3—6). მსგავსად ამისა, ისინი, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, აღიარებენ, რომ იეჰოვა გულმოწყალე, კეთილი და მიმტევებელი ღმერთია, მაგრამ, ამავე დროს, უარყოფენ, რომ იეჰოვა დაუსჯელს არავის დატოვებს (გამოსვლა 34:6, 7). ჭეშმარიტი ქრისტიანები დიდ ძალისხმევას ახმარენ, რომ გაიგონ, თუ სინამდვილეში რას ასწავლის ბიბლია.

12. როგორ აბრმავებს ხალხს ტრადიციები?

12 ეკლესიის მრევლიდან ბევრს ტრადიციები უბრმავებს გონებას. იესომ დედამიწაზე ყოფნისას რელიგიურ წინამძღოლებზე თქვა: „თქვენ თქვენივე ადათ–წესების გამო ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას“ (მათე 15:6). იუდეველებმა გულმოდგინება გამოავლინეს და ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინეს, მაგრამ მღვდლები ქედმაღლები და თავდაჯერებულები გახდნენ; რელიგიური დღესასწაულები ფორმალობად აქციეს და ღმერთს სათანადო პატივს აღარ მიაგებდნენ (მალაქია 1:6—8). იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს მოსეს კანონთა კრებულისთვის უამრავი წეს–ჩვეულება ჰქონდათ დამატებული. იესომ გამოააშკარავა მათი თვალთმაქცობა, რადგან ისინი ვეღარ ხედავდნენ იმ სამართლიან პრინციპებს, რომლებზეც რჯული იყო დაფუძნებული (მათე 23:23, 24). ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა სიფრთხილე უნდა გამოავლინონ, რომ ადამიანთა მიერ დამკვიდრებულმა რელიგიურმა ტრადიციებმა ისინი წმინდა თაყვანისმცემლობას არ ჩამოაშოროს.

„ხედავდა მას, ვინც უხილავია“

13. რომელი ორი სახით იხილა მოსემ ღვთის დიდება?

13 მოსეს სურდა, რომ მთაზე ღვთის დიდება ეხილა და მან დაინახა კიდეც იეჰოვას დიდების ანარეკლი. როდესაც ის კარავში შედიოდა, მას რიდე არ ჰქონდა სახეზე ჩამოფარებული. მოსე ძლიერი რწმენის მქონე კაცი იყო, რომელსაც ღვთის ნების შეესრულების დიდი სურვილი ჰქონდა. მართალია მას შესაძლებლობა მიეცა, ნაწილობრივ ეხილა იეჰოვას დიდება, მაგრამ ის რწმენის თვალით უკვე ხედავდა ღმერთს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მოსე „მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრაელები 11:27; გამოსვლა 34:5—7). მან ღვთის დიდება არა მხოლოდ იმით აირეკლა, რომ გარკვეული დროის მანძილზე მისი სახე სხივებს გამოსცემდა, არამედ ძალისხმევასაც ახმარდა, რათა დახმარებოდა ისრაელებს, გაცნობოდნენ იეჰოვას და ემსახურათ მისთვის.

14. როგორ ხედავდა იესო ღვთის დიდებას და რა ანიჭებდა მას დიდ სიამოვნებას?

14 იესო ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე, დიდი ხნის განმავლობაში, საკუთარი თვალით ხედავდა ღვთის დიდებას ზეცაში (იგავები 8:22, 30). ამ პერიოდში იეჰოვასა და იესოს სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ. იეჰოვა ღმერთი სათუთ გრძნობებსა და სიყვარულს ავლენდა თავისი პირმშოსადმი. იესოსაც ძალიან უყვარდა ღმერთი, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა მას (იოანე 14:31; 17:24). მამასა და ძეს შორის სრულყოფილი სიყვარული სუფევდა. იესოს, მოსეს მსგავსად, დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, სხვების სწავლებისას იეჰოვას დიდება აერეკლა.

15. რა გაგებით ხედავენ ქრისტიანები ღვთის დიდებას?

15 მოსესა და იესოს მსგავსად, დედამიწაზე მცხოვრებ ღვთის დღევანდელ მსახურებს იეჰოვას დიდების დანახვის ძლიერი სურვილი აქვთ. ისინი არ უგულებელყოფენ შესანიშნავ სასიხარულო ცნობას. პავლე მოციქულმა დაწერა: „როცა იეჰოვას უბრუნდებიან [მისი ნების შესასრულებლად], რიდე ეხდებათ“ (2 კორინთელები 3:16). ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას, რადგან გვსურს, რომ ღვთის ნება შევასრულოთ. მოხიბლულნი ვართ დიდებით, რომელიც იეჰოვას ძის, ცხებული მეფის, იესო ქრისტეს, სახეზე ირეკლება და მივყვებით მის მაგალითს. მოსესა და იესოს მსგავსად, მსახურების შესაძლებლობა გვაქვს, რომ ვასწავლოთ სხვებს დიდებული ღვთის შესახებ, რომელსაც თაყვანს ვცემთ.

16. როგორ გვეხმარება ჭეშმარიტების ცოდნა?

16 იესო ლოცულობდა: „მამა . . . გაქებ ყველას წინაშე, რადგან დაუფარე ეს ყველაფერი ბრძენებს და ჭკვიანებს და ჩვილებს გაუმჟღავნე“ (მათე 11:25). იეჰოვა უმხელს თავის განზრახვებს და აცნობს თავის პიროვნებას გულწრფელ და თავმდაბალ ადამიანებს (1 კორინთელები 1:26—28). ის გვმფარველობს და გვასწავლის, რაც გვეხმარება, საუკეთესოდ გამოვიყენოთ სიცოცხლის წლები. მოდი ყოველმხრივ ვეცადოთ, რომ დავუახლოვდეთ იეჰოვას და მადლიერნი ვიყოთ ყველაფრისთვის, რასაც ის ჩვენთვის აკეთებს, რათა უფრო კარგად გავიცნოთ ის.

17. როგორ ვიგებთ უფრო მეტს იეჰოვას თვისებების შესახებ?

17 პავლემ მისწერა ცხებულ ქრისტიანებს: „რიდეახდილნი, სარკესავით ვირეკლავთ იეჰოვას დიდებას და იმავე სახედ გარდავიქმნებით დიდებიდან დიდებაში“ (2 კორინთელები 3:18). ზეციერი იმედი გვაქვს თუ მიწიერი, რაც უფრო ახლოს ვეცნობით იეჰოვას — ბიბლიის მეშვეობით ვიგებთ მისი თვისებებისა და პიროვნების შესახებ — მით უფრო მეტად ვხდებით მისი მსგავსნი. თუ მადლიერებით ვიფიქრებთ იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, მსახურებასა და სწავლებებზე, უფრო სრულად ავირეკლავთ იეჰოვას თვისებებს. მართლაც, რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ შეგვიძლია დიდება მივაგოთ ღმერთს, რომლის დიდების არეკვლასაც ვცდილობთ!

გახსოვთ თუ არა?

• რატომ შეეშინდათ ისრაელებს, დაენახათ იეჰოვას დიდება, რომელიც მოსეს სახეზე აირეკლა?

• რა გაგებით იყო „დაფარული“ სასიხარულო ცნობა პირველ საუკუნეში და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს დღეებში?

• როგორ ვირეკლავთ ღვთის დიდებას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 19 გვერდზე]

ისრაელები ვეღარ უყურებდნენ მოსეს სახეზე მოფენილ ღვთის დიდებას.

[სურათები 21 გვერდზე]

პავლეს მსგავსად, ჭეშმარიტების მრავალი მოწინააღმდეგე ახლა იეჰოვას ემსახურება.

[სურათები 23 გვერდზე]

იეჰოვას მსახურებს სიამოვნებას ანიჭებთ ღვთის დიდების არეკვლა.