არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაე იეჰოვას „სიტყვამ“ დაგიცვას

დაე იეჰოვას „სიტყვამ“ დაგიცვას

დაე იეჰოვას „სიტყვამ“ დაგიცვას

მარათონის ისტორიულ ბრძოლაში, რომელიც ძვ. წ. 490 წელს მოხდა, 10 000-დან 20 000-მდე ათენელი სპარსელთა მრავალრიცხოვან ჯარს ებრძოდა. ბერძნების ტაქტიკაში მთავარ როლს ასრულებდა ფალანგა — კარგად ორგანიზებული, ერთმანეთთან მჭიდრო მწკრივებად განლაგებული ქვეითი ჯარი. მათი ფარები და შუბები გაურღვეველ კედელს ქმნიდა. სწორედ ფალანგამ მოაპოვებინა ათენელებს გამარჯვება მრავალრიცხოვან სპარსელებთან ცნობილ ბრძოლაში.

ჭეშმარიტი ქრისტიანები სულიერ ბრძოლაში არიან ჩაბმულნი. ისინი ებრძვიან ძლიერ მტერს — დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერების უხილავ მმართველებს, რომლებიც ბიბლიაში მოხსენიებულნი არიან, როგორც ‘ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელები, ზეციერი ბოროტი სულები’ (ეფესოელები 6:12; 1 იოანე 5:19). ღვთის ხალხი წარმატებას აღწევს ამ ბრძოლაში, მაგრამ არა საკუთარი ძალით. ეს იეჰოვას დამსახურებაა, რომელიც ხელმძღვანელობს და იცავს მათ, როგორც ამას ფსალმუნების 17:31 ამბობს: „ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა“.

დიახ, თავისი წმინდა „სიტყვის“ — წმინდა წერილების — საშუალებით, იეჰოვა იცავს ერთგულ მსახურებს სულიერი ზიანისგან (ფსალმუნები 18:8—12; 118:93). მეფე სოლომონმა ღვთის სიტყვის სიბრძნის შესახებ დაწერა: „ნუ განაგდებ მას და ის შეგინახავს შენ, გიყვარდეს იგი და დაგიცავს შენ“ (იგავები 4:6; ეკლესიასტე 7:12). როგორ გვიცავს ზიანისგან ღვთიური სიბრძნე? განვიხილოთ ძველი ისრაელის მაგალითი.

მათ ღვთის სიბრძნე იცავდა

იეჰოვა ისრაელებს რჯულით ხელმძღვანელობდა, რაც მათ ცხოვრების ყველა სფეროში იცავდა. მაგალითად, კვებასთან, ჰიგიენასთან და კარანტინთან დაკავშირებული კანონები მათ იცავდა ბევრი დაავადებისგან, რამაც სხვა ერები გაანადგურა. მხოლოდ მე-19 საუკუნეში ბაქტერიის აღმოჩენის შემდეგ დაიწყეს მეცნიერებმა ღვთის კანონის მსგავსი ნორმების შემუშავება. ისრაელისთვის სარგებლობა მოჰქონდა მიწის საკუთრებასთან, ვალთან, გამოსყიდვასა და მევახშეობასთან დაკავშირებულ კანონებს. ეს ხელს უწყობდა ქვეყანაში ძლიერი საზოგადოებისა და ეკონომიკის არსებობას (მეორე რჯული 7:12, 15; 15:4, 5). იეჰოვას კანონის დაცვით ისრაელს მიწებიც კი ნაყოფიერი ჰქონდა (გამოსვლა 23:10, 11). ცრუ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული მცნებები ხალხს სულიერად იცავდა — დემონებისგან, ბავშვების მსხვერპლად შეწირვისა და სხვა ბოროტებისგან, აგრეთვე, უსიცოცხლო კერპებისადმი თაყვანისცემის ჩვეულებისგან, რაც ღმერთს შეურაცხყოფდა (გამოსვლა 20:3—5; ფსალმუნები 113:12—16).

იეჰოვას „სიტყვამ“ აშკარად დაამტკიცა, რომ ‘არ იყო ფუჭი’ ისრაელისთვის; პირიქით, იეჰოვას სიტყვის დაცვას სიცოცხლე და დღეგრძელობა მოჰქონდა (მეორე რჯული 32:47). იმავეს თქმა შეიძლება დღეს მათზე, რომლებიც იცავენ ღვთის ბრძნულ სიტყვას მიუხედავად იმისა, რომ აღარ ექვემდებარებიან რჯულის შეთანხმებას (გალატელები 3:24, 25; ებრაელები 8:8). ქრისტიანებს კანონთა კრებულის ნაცვლად მრავალი დამცავი ბიბლიური პრინციპი აქვთ.

მათ ღვთის პრინციპები იცავდა

შესაძლოა კანონის მოქმედების არე შეზღუდული იყოს და გარკვეული ხნის შემდეგ ძალაც კი დაკარგოს. ბიბლიური პრინციპები — ჭეშმარიტების საძირკველი — ფართოდ და მუდმივად მოქმედებს. მაგალითად, განვიხილოთ იაკობის 3:17-ში ჩაწერილი პრინციპის ერთი მხარე: „ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი“. დღეს როგორ შეუძლია პრინციპებს ფარის მსგავსად დაიცვას ღვთის ხალხი?

სიწმინდე გულისხმობს ზნეობრივ სისუფთავეს. აქედან გამომდინარე, ვინც აფასებს სიწმინდეს, ცდილობს, თავი აარიდოს არა მარტო უზნეობას, არამედ მის გამომწვევ ფაქტორებსაც. ეს შეიძლება იყოს პორნოგრაფია და გონებაში სექსუალური სცენების წარმოდგენა (მათე 5:28). შეყვარებული წყვილი, თუ იაკობის 3:17–ში ჩაწერილ პრინციპს იყენებს, თავს აარიდებს ინტიმურ ურთიერთობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესაძლოა თვითკონტროლი დაკარგონ. როდესაც შეყვარებული წყვილი პრინციპებით ხელმძღვანელობს, გადაწყვეტილებით არის აღსავსე, არ დაარღვიოს ღვთის კანონი და უმწიკვლოება შეინარჩუნოს, იეჰოვას მოწონებას იმსახურებს. მათ იციან, რომ იეჰოვა „გულს ხედავს“ და შესაბამისად პასუხობს (1 მეფეთა 16:7; 2 ნეშტთა 16:9). ვინაიდან ისინი იეჰოვას პრინციპებს გონივრულად იყენებენ, დაცულნი არიან როგორც ფიზიკურად — სქესობრივი გზით გადამდები სხვადასხვა დაავადებისგან, რაც დღეს ძალიან მოხშირდა — ასევე ემოციურად.

ღვთის სიბრძნე, აგრეთვე, არის „მშვიდობიანი“, როგორც იაკობის 3:17–შია ნათქვამი. სატანა ცდილობს, იეჰოვას ჩამოგვაშოროს; ქრისტიანისთვის შეუფერებელი ლიტერატურის, ფილმების, მუსიკის, სისასტიკისა და მკვლელობისკენ აღმძვრელი კომპიუტერული თამაშების საშუალებით, გულებში ძალადობის სულს თესავს (ფსალმუნები 10:5). სატანა წარმატებას აღწევს, რასაც ირგვლივ გაბატონებული ძალადობა ამტკიცებს. ასეთი ძალადობის შესახებ რამდენიმე წლის წინ ავსტრალიაში გამომავალ ერთ–ერთ გაზეთში მოყვანილი იყო რობერტ რესლერის სიტყვები, რომელმაც გამოიყენა ტერმინი „სერიული მკვლელი“. მან თქვა, რომ 70–იან წლებში ესაუბრა მკვლელებს, რომლებსაც დანაშაულის ჩადენისკენ პორნოგრაფიამ უბიძგა, „რომელიც დღევანდელ პორნოგრაფიულ მასალასთან შედარებით ნაკლებად გარყვნილი იყო“. აქედან გამომდინარე, რობერტ რესლერის პროგნოზი ასეთია „პირქუში მომავალი — მომდევნო საუკუნეში მკვლელები უფრო მომრავლდებიან“ (The Sydney Morning Herald).

მართლაც, ამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ერთმა შეიარაღებულმა პიროვნებამ შოტლანდიის ქალაქ დანბლეინის ერთ–ერთ საბავშვო ბაღში მოკლა 16 ბავშვი და მასწავლებელი; შემდეგ კი თავი მოიკლა. მომდევნო თვეს ტასმანიის (ავსტრალია) ქალაქ პორტ–არტურში სხვა ფსიქიკურად შეშლილმა პიროვნებამ იარაღით 32 ადამიანი მოკლა. ბოლო წლებში სკოლებში მომხდარი მკვლელობების რიცხვით აღშფოთებული ამერიკელები კითხვას სვამენ — „რატომ?“ 2001 წლის ივნისში მთელი მსოფლიოს მასმედია იაპონიაში მომხდარი ამბის შესახებ იუწყებოდა — ერთი ფსიქიკურად დაავადებული კაცი სკოლაში შევარდა და დანით მოკლა პირველი და მეორე კლასელი 8 ბავშვი, 15 კი დაჭრა. რასაკვირველია, რთულია იმის თქმა, თუ რა განაპირობებს ასეთი ბოროტების ჩადენას, მაგრამ აშკარაა, რომ მასმედიაში ნაჩვენები ძალადობა, რაც უფრო და უფრო ფართო ხასიათს იძენს, ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას. „თუ 60 წამიან რეკლამას შეუძლია ძალიან გაზარდოს ვაჭრობა, — წერს ავსტრალიელი ჟურნალისტი ფილიპ ადამსი, — ნუთუ მილიონობით ორსაათიანი ფილმი ვერ მოახდენს გავლენას ადამიანის გონებაზე?!“ აღსანიშნავია, რომ ქალაქ პორტ–არტურში ზემოთ ნახსენები მკვლელის ბინიდან პოლიციამ ამოიღო ძალადობისა და პორნოგრაფიის ამსახველი 2 000 ვიდეოფირი.

ის, ვინც ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობს, გონებასა და გულს ყველა იმ სახის გართობისგან იცავს, რამაც შესაძლოა მას ძალადობისკენ უბიძგოს. მაშასადამე, ისინი ნებას არ რთავენ „ქვეყნიერების სულს“, რომ გავლენა მოახდინოს მათ ფიქრებსა და სურვილებზე. ნაცვლად ამისა, ისინი არიან „[ღვთის]სულით ნასწავლნი“ და ცდილობენ, სიყვარული განივითარონ სულის ნაყოფებისადმი, რაშიც მშვიდობაც შედის (1 კორინთელები 2:12, 13; გალატელები 5:22, 23). ამას აკეთებენ ბიბლიის რეგულარული შესწავლით, ლოცვითა და დადებითზე ფიქრით. აგრეთვე, ერიდებიან მასთან ურთიერთობას, ვინც ძალადობისკენ არის მიდრეკილი; ნაცვლად ამისა, მეგობრობენ მათთან, რომლებიც მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერების მოლოდინში არიან (ფსალმუნები 1:1—3; იგავები 16:29). მართლაც, რა დიდებული შესაძლებლობა გვაქვს, ღვთიური სიბრძნით ვიყოთ დაცულნი!

დაე იეჰოვას „სიტყვამ“ დაგიცვას

სატანამ როდესაც უდაბნოში გამოცდის წინაშე დააყენა იესო, მან ღვთის სიტყვის ზუსტი ციტირებით შეძლო სატანის დამარცხება (ლუკა 4:1—13). იესო იმიტომ არ აჰყვა ეშმაკს საუბარში, რომ ეჩვენებინა, მათ შორის ვის უფრო მეტი ცოდნა ჰქონდა. თავის დაცვის მიზნით წმინდა წერილების გამოყენებით, იესომ დამაჯერებლად ილაპარაკა; ამიტომაც სატანის სტრატეგიამ, რომელიც მან წარმატებით გამოიყენა ედემის ბაღში, იესოს შემთხვევაში მარცხი განიცადა. სატანის ხრიკები ვერც ჩვენს შემთხვევაში მიაღწევს წარმატებას, თუ გულს იეჰოვას სიტყვებით ავივსებთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რისი გაკეთებაც კი შეგვიძლია, რადგან „მისგან [გულისგან] არის სიცოცხლის წყაროები“ (იგავები 4:23).

უფრო მეტიც, ყოველთვის უნდა დავიცვათ გული. სატანას, რომელმაც მარცხი განიცადა უდაბნოში, არ შეუწყვეტია იესოს გამოცდა (ლუკა 4:13). ის ჩვენ მიმართაც დაჟინებით ეცდება, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ღვთისადმი უმწიკვლოება შეგვალახინოს (გამოცხადება 12:17). ამიტომ, მოდი მივბაძოთ იესოს — ღვთის სიტყვისადმი ღრმა სიყვარული განვივითაროთ და გამუდმებით ვილოცოთ, რომ იეჰოვამ წმინდა სული და სიბრძნე მოგვცეს (1 თესალონიკელები 5:17; ებრაელები 5:7). შედეგად იეჰოვა მათ, რომლებიც მასთან ეძებენ თავშესაფარს, სულიერი ზიანისგან დაცვას ჰპირდება (ფსალმუნები 90:1—10; იგავები 1:33).

ღვთის სიტყვა იცავს კრებას

სატანა ვერ შეძლებს ხელი შეუშალოს დიდ გასაჭირში „უამრავი ხალხის“ გადარჩენის შესახებ წინასწარმეტყველების შესრულებას (გამოცხადება 7:9, 14). ამის მიუხედავად, ის დღესაც ყველანაირად ცდილობს, ქრისტიანები ზნეობრივად გარყვნას, რათა ზოგმა მაინც დაკარგოს იეჰოვას კეთილგანწყობა. ასეთი სტრატეგია გამოიყენა მან ძველ ისრაელში, რის შედეგადაც 24 000 დაიღუპა აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ (რიცხვნი 25:1—9). რასაკვირველია, ქრისტიანები, რომლებიც სცოდავენ, მაგრამ გულწრფელად ინანიებენ, სიყვარულიდან გამომდინარე დახმარებას იღებენ, რომ სულიერად კვლავაც წამოდგნენ. მოუნანიებელი შემცოდველები კი, ბიბლიურ დროში მცხოვრები ზიმრის მსგავსად, სხვების სულიერობას საფრთხეს უქმნიან (რიცხვნი 25:14). ფალანგად დაწყობილი მეომრების მსგავსად, ვინც ფარით არ დაიცავს თავს, არა მარტო საკუთარ თავს მოუტანს ზიანს, არამედ თანამებრძოლებსაც.

ბიბლია გვაფრთხილებს: „აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მეძავი, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველია. ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ . . . მოიშორეთ ბოროტი ადამიანები“ (1 კორინთელები 5:11, 13). არ ეთანხმები იმ აზრს, რომ ბრძნული „სიტყვა“ ქრისტიანულ კრებას ზნეობრივად და სულიერად იცავს?

ამისგან სრულიად საპირისპიროდ, ქრისტიანული სამყაროს ბევრი ეკლესია, აგრეთვე, განდგომილები, ზნეობრივ სიწმინდესთან დაკავშირებულ ბიბლიურ მონაკვეთებს მოძველებულად თვლიან. აქედან გამომდინარე, ისინი ამართლებენ მძიმე ცოდვებს, სამღვდელოების მიერ ჩადენილსაც კი (2 ტიმოთე 4:3, 4). ყურადღება მიაქციე, რომ იეჰოვას „სიტყვა“ იგავების 30:5–შიც ფართან არის შედარებული. მე–6 მუხლი კი გვაფრთხილებს: „ნურაფერს მიუმატებ მის [ღვთის] სიტყვებს, რათა არ დაგსაჯოს და არ გამოდგე მატყუარა“. დიახ, ის, ვისაც ცვლილებები შეაქვს ბიბლიურ სწავლებებში, სწორედ რომ მატყუარაა — მატყუარა, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს დასჯას! (მათე 15:6—9). მოდი მადლიერები ვიყოთ იმისათვის, რომ იმ ორგანიზაციის წევრები ვართ, რომელიც ძალიან აფასებს ღვთის სიტყვას.

„ტკბილი სურნელებით“ დაცულნი

ვინაიდან ღვთის ხალხი ბიბლიის ერთგულია და სხვებს უზიარებენ მასში ჩაწერილ ნუგეშის მომცემ ცნობას, ისინი საკმევლის მსგავს სიცოცხლის „ტკბილ სურნელებას“ აფრქვევენ, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს იეჰოვას. თუმცა უსამართლოებისთვის, სასიხარულო ცნობის გამავრცელებლები, „სიკვდილის სურნელება ვართ სასიკვდილოდ“. დიახ, ფიგურალურად ბოროტებს სატანის სისტემის მიერ ყნოსვის შეგრძნება ისე აქვთ დაქვეითებული, რომ ვერ აღიქვავენ „ქრისტეს ტკბილ სურნელებას“ და უფრო მეტიც, მტრულადაც კი არიან მის მიმართ განწყობილნი. მეორე მხრივ, სასიხარულო ცნობის გულმოდგინე მქადაგებლები იქცნენ ‘ქრისტეს ტკბილ სურნელებად მათ შორის, ვინც გადარჩენის გზაზეა’ (2 კორინთელები 2:14—16). ასეთი გულწრფელი ადამიანები ხშირად ზიზღს გამოხატავენ პირმოთნეობისა და სიცრუის მიმართ, რითაც ცრუ რელიგია ხასიათდება. ამგვარად, როდესაც ღვთის სიტყვიდან ასეთ ადამიანებს სამეფოს შესახებ ცნობას ვუზიარებთ, ეს უფრო ახლოს იზიდავს მათ იესოსკენ და სურთ, უფრო მეტი გაიგონ მის შესახებ (იოანე 6:44).

ასე რომ, ხალისი არ დავკარგოთ, როცა ვინმე დადებითად არ ეხმაურება სამეფოს შესახებ ცნობას. არამედ, „ქრისტეს ტკბილი სურნელება“ სულიერ დაცვად მივიჩნიოთ, რაც ღვთის ხალხისთვის განკუთვნილ სულიერ მემკვიდრეობას იცავს ზიანის მომტანი მრავალი ადამიანისგან, და ამავე დროს იზიდავს კარგი გულის ადამიანებს (ესაია 35:8, 9).

მარათონის ბრძოლაში ბერძნებმა გამარჯვება კარგად ორგანიზებული, ერთმანეთთან მჭიდრო მწკრივებად განლაგებული ჯარისა და იმის წყალობით მოიპოვეს, რომ მეომრებს ფარები მთელი ძალით ეჭირათ. მსგავსად, იეჰოვას ერთგული მსახურები დარწმუნებულები არიან, რომ სულიერ ბრძოლაში გაიმარჯვებენ, რადგან ეს მათი „ხვედრია“ (ესაია 54:17). მოდი თითოეული ჩვენგანი „მაგრად ჩავეჭიდოთ სიცოცხლის სიტყვას“ და კვლავაც იეჰოვასთან გვქონდეს თავშესაფარი (ფილიპელები 2:16).

[სურათები 31 გვერდზე]

‘ზემოდან მომავალი სიბრძნე წმინდაა, მერე მშვიდობიანი’.