არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მენონიტები ბიბლიურ ჭეშმარიტებას ეძებენ

მენონიტები ბიბლიურ ჭეშმარიტებას ეძებენ

მენონიტები ბიბლიურ ჭეშმარიტებას ეძებენ

ბოლივიაში იეჰოვას მოწმეებმა, რომლებიც მისიონერებად მსახურობდნენ, 2000 წლის ნოემბრის ერთ დღეს თავიანთი პატარა სახლის ფანჯრიდან დაინახეს უბრალოდ ჩაცმული მამაკაცები და ქალები. ისინი ჭიშკართან იდგნენ და ბოლთას სცემდნენ. როგორც კი მისიონერებმა ჭიშკარი გაუღეს, სტუმრებმა უთხრეს: „ჩვენ ბიბლიიდან ჭეშმარიტების გაგება გვსურს“. სტუმრები მენონიტები იყვნენ. მამაკაცებს კომბინეზონები ეცვათ, ქალებს კი მუქი ფერის წინსაფრები ეკეთათ. ერთმანეთს გერმანულ დიალექტზე ესაუბრებოდნენ. შეშინებულები უკან იყურებოდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ არავინ აედევნა. ამისდა მიუხედავად, ერთმა ახალგაზრდა კაცმა ვეღარ მოითმინა და კიბეზე ასვლისას თქვა: „მსურს, გავიცნო ხალხი, რომელიც ღვთის სახელს იყენებს“.

მას შემდეგ, რაც მასპინძლებმა სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს, სტუმრებმა ცოტა სული მოითქვეს. ისინი აქ შორი მანძილიდან, ფერმერთა მოშორებული დასახლებიდან, მოვიდნენ. უკვე ექვსი წელი იყო, რაც ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ ფოსტით იღებდნენ. „ჟურნალებში წავიკითხეთ, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება. ნუთუ ეს მართალია?“ — იკითხეს მათ. პასუხად მოწმეებმა ბიბლიური მუხლები ამოუკითხეს (ესაია 11:9; ლუკა 23:43; 2 პეტრე 3:7, 13; გამოცხადება 21:3, 4). „ხედავთ, მართალი ყოფილა, — უთხრა ერთმა ფერმერმა დანარჩენებს. — დედამიწაზე სამოთხე იქნება“. სხვებმა კი თქვეს: „მგონი ვიპოვეთ ჭეშმარიტება“.

ვინ არიან მენონიტები? რა სწამთ მათ? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად მე-16 საუკუნეში გადავინაცვლოთ.

ვინ არიან მენონიტები?

მე-16 საუკუნის დასაწყისში ევროპულ ენებზე ბიბლიის სწრაფმა თარგმნამ და ბეჭდვამ ევროპელებს ბიბლიის გამოკვლევის ინტერესი განუახლა. მარტინ ლუთერი და სხვა რეფორმატორები კათოლიკური ეკლესიის ბევრ სწავლებას უარყოფდნენ. მიუხედავად ამისა, ახლად ჩამოყალიბებულმა პროტესტანტულმა ეკლესიებმა არაერთი არაბიბლიური ჩვევა შეითვისეს. მაგალითად, ბევრი იზიარებდა იმ აზრს, რომ ახალდაბადებული ბავშვი ეკლესიაში უნდა მონათლულიყო. თუმცა, ზოგი, ვინც ბიბლიას იკვლევდა, მიხვდა, რომ პიროვნება მხოლოდ ბიბლიური შემეცნების მიღების შემდეგ უნდა გამხდარიყო ქრისტიანული ეკლესიის წევრი და მონათლულიყო (მათე 28:19, 20). გულმოდგინე მქადაგებლებმა, რომლებიც ამ შეხედულებას იზიარებდნენ, ქალაქებსა და სოფლებში დაიწყეს სიარული; ისინი ხალხს ბიბლიას ასწავლიდნენ და ნათლავდნენ. ასე ეწოდათ მათ ანაბაპტისტები, რაც „მეორედ მონათვლას“ ნიშნავს.

ჭეშმარიტების ძიებით აღძრული ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ანაბაპტისტებს შეუერთდა, იყო კათოლიკე მღვდელი მენო სიმონსი. ის ჩრდილოეთ ნიდერლანდებში მდებარე სოფელ ვიტმარსუმში ცხოვრობდა. 1536 წელს მან ეკლესიასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და დევნილი გახდა. 1542 წელს საღვთო რომის იმპერატორი ჩარლზ V მას, ვინც მენოს დაიჭერდა, 100 გულდენს ჰპირდებოდა. დევნის მიუხედავად, მენომ მოახერხა ზოგი ანაბაპტისტის გაერთიანება და კრების ჩამოყალიბება. მალე მის მიმდევრებს მენონიტები ეწოდათ.

მენონიტები დღეს

დევნების გამო ათასობით მენონიტი დროთა განმავლობაში დასავლეთ ევროპიდან საცხოვრებლად ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა. იქ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ჭეშმარიტება ეძიათ და თავიანთი მრწამსი სხვებისთვის გაეზიარებინათ. მაგრამ ბიბლიის შესწავლისა და ქადაგების ის გაცხოველებული ინტერესი, რაც მათ წინამორბედებს ჰქონდათ, მათ თანდათანობით გაუნელდათ. უმეტესობამ ისეთი არაბიბლიური სწავლებები შეისისხლხორცა, როგორიცაა სამება, სულის უკვდავება და ჯოჯოხეთის ცეცხლი (ეკლესიასტე 9:5; ეზეკიელი 18:4; მარკოზი 12:29). დღეს მენონიტი მისიონერები უფრო მეტად ხალხის სამედიცინო და სოციალური მომსახურებით არიან დაინტერესებულნი, ვიდრე სახარების ქადაგებით.

ვარაუდობენ, რომ დღეს დაახლოებით 1 300 000 მენონიტია მსოფლიოს 65 ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, დღევანდელი მენონიტები წუხან, რომ მათ შორის აღარ არის ერთიანობა. ამაზე საუკუნეებით ადრე მენო სიმონსიც წუხდა. პირველი მსოფლიო ომის დროს პოლიტიკურ კონფლიქტებთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას მნიშვნელოვანი დაყოფები მოჰყვა. ჩრდილოეთ ამერიკაში ბევრი მენონიტი ბიბლიის საფუძველზე უარს ამბობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურზე. თუმცა წიგნში „მენონიტების ისტორიის გაცნობა“ ნათქვამია, რომ „დრო, როდესაც დასავლეთ ევროპაში მენონიტურ ეკლესიებში სამხედრო სამსახურზე უარს ამბობდნენ, 1914 წლისთვის ისტორიას ჩაჰბარდა“. დღეს ზოგი მენონიტური დაჯგუფება თანამედროვე ცხოვრების კურსს მეტ-ნაკლებად მიჰყვება. სხვები კი ტანსაცმელს ღილების ნაცვლად კვლავაც დუგმებით იკრავენ, მამაკაცები კი წვერს ატარებენ.

ზოგმა მენონიტურმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ქვეყნიერებას გამოჰყოფოდა და საცხოვრებლად იქ გადასულიყო, სადაც მთავრობა არ შეავიწროებდა. მაგალითად, ბოლივიაში დაახლოებით 38 000 მენონიტი ცხოვრობს რამდენიმე მოშორებულ დასახლებაში. თითოეული დასახლება სხვადასხვა ქცევის წესებს იცავს. ზოგან აკრძალულია ავტომანქანებით სიარული. მათთვის ერთადერთი გადასაადგილებელი საშუალება ცხენშებმული ოთხთვალაა. სხვები ტელევიზორის ყურებას და რადიოსა და მუსიკის მოსმენას კრძალავენ. ზოგიერთ დასახლებაში მცხოვრებნი უარს ამბობენ იმ ქვეყნის სახელმწიფო ენის შესწავლაზე, სადაც ცხოვრობენ: „ადვილად რომ დაგვიმორჩილონ, წინამძღოლები გვიკრძალავენ ესპანური ენის შესწავლას“, — თქვა ერთი დასახლების მცხოვრებმა. ბევრი თავს შევიწროებულად გრძნობს და იმის შიში აქვს, რომ დასახლებიდან გააძევებენ. ამაზე ფიქრიც კი საშინელებაა მისთვის, ვისაც ამ დასახლების გარდა არსად უცხოვრია.

როგორ ჩაითესა ჭეშმარიტების მარცვალი

დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო, როდესაც ერთმა მენონიტმა ფერმერმა იოჰანმა მეზობლის სახლში ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ მოჰკრა თვალი. იოჰანის ოჯახი კანადიდან ჯერ მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი — ბოლივიაში. იოჰანს ყოველთვის ჰქონდა იმის სურვილი, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში ვინმე დახმარებოდა. მან მეზობელს ჟურნალი სთხოვა.

მოგვიანებით, როდესაც იოჰანი ქალაქში პროდუქტებს ყიდდა, მასთან იეჰოვას მოწმე მივიდა და „საგუშაგო კოშკი“ შესთავაზა. მოწმემ მას გერმანულ ენაზე მოლაპარაკე მისიონერი გაუგზავნა. მალე იოჰანი ფოსტით იღებდა ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ გერმანულ ენაზე. დასახლებაში ჟურნალის ყველა ნომერი ხელიდან ხელში გადადიოდა, ვიდრე არ გაიცრიცებოდა. ზოგჯერ ოჯახები იკრიბებოდნენ და „საგუშაგო კოშკს“ შუაღამემდე სწავლობდნენ; თან ყველა ბიბლიურ მუხლს ამოწმებდნენ. იოჰანი დარწმუნდა, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ ისინი, რომლებიც გაერთიანებულად ასრულებდნენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში. სიკვდილის წინ მან მეუღლესა და შვილებს უთხრა: «არასოდეს შეწყვიტოთ „საგუშაგო კოშკის“ კითხვა. ის ბიბლიის გაგებაში დაგეხმარებათ».

იოჰანის ოჯახის ზოგი წევრი მეზობლებს უზიარებდა იმას, რასაც ბიბლიიდან იგებდა. „დედამიწა არ განადგურდება. პირიქით, ღმერთი მას სამოთხედ გადააქცევს, — ამბობდნენ ისინი. — ღმერთი არ ტანჯავს ადამიანებს ჯოჯოხეთში“. ამ საუბრებმა მალე მენონიტების ეკლესიაშიც შეაღწია. ეკლესიის წინამძღოლები იოჰანის ოჯახს სოფლიდან გასახლებით დაემუქრნენ, თუ არ შეწყვეტდნენ ქადაგებას. მოგვიანებით, როდესაც ოჯახში იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ ავიწროებდნენ მენონიტი წინამძღოლები, ერთმა ბიჭმა თქვა: „არ მესმის, რატომ გვიკვირს მათი ასეთი რეაქცია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომელია ჭეშმარიტი რელიგია და დღემდე გადაწყვეტილება ვერ მიგვიღია“. ახალგაზრდის სიტყვებმა მამამისზე ძლიერ იმოქმედა. მალე ამ ოჯახის ათი წევრი მალულად გაემართა იეჰოვას მოწმეების მოსაძებნად და, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მისიონერების კარს მიადგნენ.

მეორე დღეს მისიონერები თავად წავიდნენ ახალი მეგობრების მოსანახულებლად. დასახლებაში მიმავალ გზაზე მისიონერების მანქანა ერთადერთი მოტორიანი ტრანსპორტი იყო. როდესაც მისიონერებმა ცხენშებმულ ოთხთვალებს ნელა ჩაუარეს, ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს. გაოცებას ვერც იქაური ხალხი მალავდა. მალე ორი ოჯახისგან შემდგარ ათ მენონიტთან ერთად ისინი მაგიდას მიუსხდნენ და ბიბლიაზე დაიწყეს მსჯელობა.

იმ დღეს წიგნ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“ * პირველი თავის შესწავლას ოთხი საათი მოანდომეს. ყოველი აბზაცის განხილვისას ისინი დამატებით იმ ბიბლიურ მუხლებსაც ამოწმებდნენ, რომლებიც ადრე ჰქონდათ წაკითხული, რათა დარწმუნებულიყვნენ, თავად თუ იყენებდნენ სწორად. აბზაცის ბოლოს დასმული ყოველი შეკითხვის შემდეგ ფერმერები რამდენიმე წუთი ჩერდებოდნენ, ერთმანეთში თათბირობდნენ და ბოლოს ჯგუფის სახელით ერთ–ერთი მათგანი ესპანურ ენაზე პასუხობდა. ეს დაუვიწყარი დღე იყო. მაგრამ ამას დევნების ტალღა მოჰყვა. მათ მალე განსაცდელების გადატანა მოუწევდათ, ისე როგორც ეს მენო სიმონსის შემთხვევაში მოხდა, როდესაც ხუთი საუკუნის წინათ ბიბლიური ჭეშმარიტების ძიება დაიწყო.

ჭეშმარიტების გამო განსაცდელების პირისპირ

რამდენიმე დღის შემდეგ მენონიტური ეკლესიის წინამძღოლებმა იოჰანის ოჯახს მიაკითხეს და ულტიმატუმი წაუყენეს. „გავიგეთ, რომ თქვენთან იეჰოვას მოწმეები ყოფილან. უთხარით, რომ აქ აღარ მოვიდნენ. და მათ მიერ დატოვებულ ლიტერატურას თუ არ დაწვავთ, აქედან გაგაძევებთ“. ეს ყველაფერი იეჰოვას მოწმეებთან მხოლოდ ერთხელ შეხვედრის შემდეგ მოხდა. იოჰანის ოჯახისთვის ეს საშინელი გამოცდა იყო.

„ამას ვერ ვიზამთ, — უპასუხა ერთი ოჯახის თავკაცმა. — ისინი იმიტომ მოვიდნენ, რომ ბიბლია გვასწავლონ“. როგორი რეაქცია ჰქონდათ მენონიტური ეკლესიის წინამძღოლებს? მათ ისინი დასახლებიდან მოკვეთეს! ეს მათთვის სასტიკი დარტყმა იყო. როდესაც ყველის საწარმოს კუთვნილი ოთხთვალა მოსახლეობას რძისთვის ჩამოუვლიდა, ამ ოჯახთან არ ჩერდებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩებოდა. ერთი ოჯახის უფროსი სამუშაოდან დაითხოვეს; მეორეს მაღაზიაში პროდუქტების ყიდვის უფლება არ მისცეს, მისი ათი წლის გოგონა კი სკოლიდან გარიცხეს. მეზობლები გარს შემოერტყნენ ერთ ოჯახს, რათა ახალგაზრდა კაცისთვის ცოლი წაერთმიათ, რადგან მათი აზრით, დასახლებიდან მოკვეთილ ქმართან ცხოვრება არ შეიძლებოდა. ამ ოჯახებმა მაინც არ შეწყვიტეს ჭეშმარიტების ძიება.

მანძილის მიუხედავად, მისიონერები ყოველკვირა ატარებდნენ ბიბლიის შესწავლას. ყოფილი მენონიტებისთვის ეს შესწავლები, მართლაც, გამამხნევებელი იყო! ზოგს ოთხთვალათი ორი საათი უნდა ევლო, რომ შესწავლას დასწრებოდა. ნამდვილად ამაღელვებელი იყო, როცა მათ ერთ–ერთ მისიონერს სთხოვეს, ელოცა. მენონიტურ დასახლებებში არ ლოცულობენ ხმამაღლა, ამიტომ კონკრეტულად მათთვის არასოდეს არავის ულოცია. მამაკაცებს თვალებზე ცრემლები მოადგათ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მათი გაკვირვება, როდესაც მისიონერებმა მაგნიტოფონი მიუტანეს?! ამ დასახლებებში მუსიკის მოსმენა აკრძალული იყო. ისინი იმდენად აღფრთოვანებულები იყვნენ სამეფოს ლამაზი მელოდიებით, რომ გადაწყვიტეს, ყოველი შესწავლის შემდეგ ემღერათ. და მაინც, საინტერესოა, როგორ გაუძლეს მათ წინააღმდეგობებს.

მოსიყვარულე საძმოს პოვნა

დასახლებიდან მოკვეთის შემდეგ, მათ თავად დაიწყეს ყველის ამოყვანა, მისიონერები კი გაყიდვაში ეხმარებოდნენ. მათი გასაჭირის შესახებ გაიგო ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებმა ერთმა იეჰოვას მოწმემ, რომელიც სამხრეთ ამერიკის მენონიტურ დასახლებაში გაიზარდა. მას დიდი სურვილი ჰქონდა, მოძმეებს დახმარებოდა. ერთ კვირაში ის ბოლივიაში ჩაფრინდა და ბიბლიის შემსწავლელებს ესტუმრა. სულიერი გამხნევების გარდა, მათ ფურგონი უყიდა, რათა კრებებზე სიარული შეძლებოდათ და რძის პროდუქტები ბაზარზე გაეყიდათ.

„როდესაც დასახლებიდან მოგვკვეთეს, ძალიან გაგვიჭირდა. კრებებზე დამწუხრებულები მივდიოდით, მაგრამ იქიდან ყოველთვის მხიარულ განწყობაზე ვბრუნდებოდით“, — იხსენებს ერთი ქალი. მართლაც, ადგილობრივმა მოწმეებმა ყველაფერი გააკეთეს მათ დასახმარებლად. ზოგმა გერმანული ენა შეისწავლა; ევროპიდან გერმანულ ენაზე მოლაპარაკე რამდენიმე მოწმე ჩავიდა ბოლივიაში, რათა კრების შეხვედრები გერმანულ ენაზე ჩაეტარებინათ. მალე 14–მა ყოფილმა მენონიტმა სასიხარულო ცნობის ქადაგება დაიწყო.

2001 წლის 12 ოქტომბერს, მისიონერებთან პირველი შეხვედრიდან ერთ წელიც არ იყო გასული, რომ 11 ყოფილი ანაბაპტისტი ხელახლა მოინათლა, ამჯერად იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად. მას შემდეგ კიდევ ბევრი ინათლება. ერთმა მამაკაცმა თქვა: „ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლის შემდეგ ვიგრძენით, რომ მონობისგან გავთავისუფლდით“. მეორემ აღნიშნა: „ბევრი მენონიტი წუხილს გამოთქვამს, რომ მათ შორის არ არის სიყვარული. იეჰოვას მოწმეები კი ერთმანეთით არიან დაინტერესებულნი. მათთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ“. თუ ეძებთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, შესაძლოა თქვენც შეხვდეთ სირთულეებს. მაგრამ, თუ იეჰოვას მიმართავთ დახმარებისთვის და ამ ოჯახების მსგავსად, რწმენასა და მამაცობას გამოავლენთ, თქვენც იპოვით ჭეშმარიტებას და ბედნიერებას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 17 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 25 გვერდზე]

მენონიტები სიხარულით იღებენ ბიბლიურ ლიტერატურას გერმანულ ენაზე.

[სურათი 26 გვერდზე]

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის მოსმენა მენონიტებში ყოველთვის იკრძალებოდა, დღეს ისინი ბიბლიის ყოველი შესწავლის შემდეგ „სამეფოს მელოდიებს“ მღერიან.