არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რის საფუძველზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფრაზებ„მხოლოდ ის არის უკვდავი“ და „კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს“ იესოს ეხება და არა იეჰოვა ღმერთს?

მოციქულმა პავლემ დაწერა: „რასაც საამისოდ დანიშნულ დროს აშკარას გახდის ბედნიერი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი. მხოლოდ ის არის უკვდავი, მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში, კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს“ (1 ტიმოთე 6:15, 16).

ამ მუხლთან დაკავშირებით ბიბლეისტები ასე მსჯელობენ: «განა შეიძლება, რომ ყოვლისშემძლე ღმერთის გარდა სხვა ვინმეს მიეწერებოდეს ისეთი ფრაზები, როგორიცაა „მხოლოდ ის არის უკვდავი“, „ერთადერთი ხელმწიფე“ და „კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს“?» რა თქმა უნდა, ეს ფრაზები შეგვიძლია გამოვიყენოთ იეჰოვასთან მიმართებაში. მაგრამ 1 ტიმოთეს 6:15, 16-ის კონტექსტიდან ჩანს, რომ პავლე უშუალოდ იესოს გულისხმობდა.

მე-14 მუხლის ბოლო ნაწილში პავლე მოიხსენიებს „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას“ (1 ტიმოთე 6:14). აქედან გამომდინარე, პავლე იესოს — და არა იეჰოვა ღმერთის — გამოცხადებას გულისხმობს, როცა მე-15 მუხლში ამბობს: „რასაც საამისოდ დანიშნულ დროს აშკარას გახდის ბედნიერი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“. მაშ, ვინ არის „ერთადერთი ხელმწიფე“? ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ამ ხელმწიფეში პავლე იესოს გულისხმობს. რატომ? კონტექსტიდან ნათლად ვხედავთ, რომ პავლე იესოს მიწიერ მმართველებს ადარებს. როგორც პავლე აღნიშნავს, იესო ნამდვილად არის „[მიწიერ] მეფეთა მეფე და [მიწიერ] უფალთა უფალი“ *. დიახ, მათთან შედარებით იესო „ერთადერთი ხელმწიფეა“. იესოს მიეცა „ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხები, ტომნი და ენანი მას ემსახურონ“ (დანიელი 7:14). ამას ვერ ერთ მიწიერ ხელმწიფეზე ვერ ვიტყვით!

რის თქმა შეიძლება ფრაზაზე „მხოლოდ ის არის უკვდავი“? ამ შემთხვევაშიც, შედარება ხდება იესოსა და მიწიერ მეფეებს შორის. ვერც ერთი მიწიერი მმართველი ვერ განაცხადებს პრეტენზიას უკვდავებაზე, იესომ კი მიიღო უკვდავება. პავლემ დაწერა: „ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება, სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე“ (რომაელები 6:9). როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, პირველად იესომ მიიღო უკვდავება. იმ დროს, როცა პავლემ ეს სიტყვები დაწერა, მხოლოდ იესოს ჰქონდა მიღებული უკვდავება.

აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არასწორი იქნებოდა, თუ პავლე იეჰოვა ღმერთის შესახებ იტყოდა, მხოლოდ ის არისო უკვდავი, რადგან ამ სიტყვების დაწერისას იესოც უკვდავი იყო. მაგრამ პავლეს შეეძლო ეთქვა, რომ მხოლოდ იესო იყო უკვდავი, მიწიერი მმართველებისგან განსხვავებით.

გარდა ამისა, იესოს შესახებ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ ის „კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს“. მართალია, იესოს ცხებული მოწაფეები ნახავდნენ მას სიკვდილისა და სულიერ ქმნილებებად ზეცაში აღდგენის შემდეგ (იოანე 17:24). მაგრამ დედამიწაზე მცხოვრებ არც ერთ ადამიანს არ შეეძლო განდიდებული იესოს ნახვა. დიახ, საფუძვლიანად შეიძლება იმის თქმა, რომ იესო „კაციშვილს არ უნახავს“ აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ.

ერთი შეხედვით, 1 ტიმოთეს 6:15, 16-ში ჩაწერილი სიტყვები ღმერთს ეხება. მაგრამ პავლეს სიტყვების კონტექსტი და ბიბლიის სხვა მონაკვეთები ცხადყოფს, რომ ამ მუხლებში პავლე იესოს გულისხმობდა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 იესოსთან დაკავშირებით მსგავსი ფრაზები გვხვდება შემდეგ მუხლებში: 1 კორინთელები 8:5, 6; გამოცხადება 17:12, 14; 19:16.