არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის იესო ქრისტე?

ვინ არის იესო ქრისტე?

ვინ არის იესო ქრისტე?

წარმოიდგინეთ, რამდენად აღფრთოვანებული იქნებოდა ახალგაზრდა იუდეველი, სახელად ანდრია, როდესაც იესო ნაზარეთელის სიტყვები პირველად მოისმინა! ბიბლიაში ნათქვამია, რომ ანდრია გაიქცა თავის ძმასთან და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია [ანუ ქრისტე]“ (იოანე 1:41). ებრაულ და ბერძნულ ენებში „მესიად“ და „ქრისტედ“ ნათარგმნი სიტყვები ნიშნავს „ცხებულს“. იესო იყო ცხებული ანუ ღვთისგან არჩეული — აღთქმული წინამძღოლი (ესაია 55:4). წმინდა წერილებში ბევრი წინასწარმეტყველება იყო ჩაწერილი იესოს შესახებ და ებრაელები მის მოლოდინში იყვნენ (ლუკა 3:15).

საიდან ვიცით, რომ იესო ნამდვილად ღვთისგან იყო არჩეული? მოდი განვიხილოთ, რა მოხდა ახ. წ. 29 წელს, როდესაც იესო 30 წლის იყო. ის იოანე ნათლისმცემელთან მივიდა, რომ მის მიერ მდინარე იორდანეში მონათლულიყო. ბიბლია მოგვითხრობს: «როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა. და აი, გაიხსნა ცა და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა ღვთის სული. ციდან ხმაც მოისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“» (მათე 3:16, 17). ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, განა იოანეს ეჭვი შეეპარებოდა, რომ იესო ღვთისგან იყო არჩეული? იეჰოვა ღმერთმა ის წმინდა სულით სცხო, ანუ მომავალი სამეფოს მეფედ დანიშნა. ამგვარად იესო გახდა ქრისტე ანუ ცხებული. და მაინც, რატომ ეწოდა იესოს ღვთის ძე? როგორ გაჩნდა ის?

მისი წარმოშობა „ძველი დროიდანაა“

იესოს ცხოვრება შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს. პირველი პერიოდი მისი ადამიანად დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. იესოს წარმოშობა „ძველი დროიდანაა, მარადიული დღეებიდან“ (მიქა 5:2, აქ). თვითონ იესომაც თქვა: „მე — მაღლიდან“ ვარ ანუ ზეციდან (იოანე 8:23). ის ზეცაში ძლევამოსილი სულიერი ქმნილება იყო.

რადგან თავდაპირველად არცერთი ქმნილება არ არსებობდა, ღმერთი მარტო იყო. უთვალავი წლის წინათ მან შემოქმედება დაიწყო. ვინ იყო მისი პირველი ქმნილება? ბიბლიის ბოლო წიგნი იესოს „ღვთის შემოქმედების დასაწყისად“ მოიხსენიებს (გამოცხადება 3:14). იესო არის „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ იმიტომ, რომ „მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი“ (კოლოსელები 1:15, 16). დიახ, იესო ერთადერთი იყო, ვინც უშუალოდ ღვთის მიერ შეიქმნა. ამიტომ ეწოდება მას ღვთის „მხოლოდშობილი ძე“ (იოანე 3:16). აგრეთვე, პირმშო მოხსენიებულია როგორც „სიტყვა“ (იოანე 1:14). რატომ? იმიტომ, რომ ვიდრე ადამიანად დაიბადებოდა, ის ზეცაში ღვთის წარმომადგენლად მსახურობდა, ანუ მის სიტყვას გადასცემდა.

„სიტყვა“ იყო იეჰოვასთან „დასაწყისში“, როდესაც „ცა და მიწა“ შეიქმნა. ღმერთმა სწორედ „სიტყვას“ უთხრა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად“ (იოანე 1:1; დაბადება 1:1, 26). პირმშო მამის გვერდით იყო და თავდაუზოგავად შრომობდა მასთან ერთად. იგავების 8:22—31-ში მის შესახებ ნათქვამია: „მე ვიყავი მის გვერდით აღმშენებლად და მის სიხარულად დღენიადაგ, მოხარული მის წინაშე ყოველ ჟამს“.

წარმოიდგინეთ, რამდენად კარგად იცნობდნენ იეჰოვა და თავისი მხოლოდშობილი ძე ერთმანეთს, რადგან გვერდიგვერდ შრომობდნენ! უთვალავი წლის განმავლობაში იეჰოვასთან ასეთმა ახლო ურთიერთობამ დიდი გავლენა მოახდინა ღვთის ძეზე. მორჩილი ძე მამის მსგავსი გახდა. კოლოსელების 1:15 იესოზე ამბობს, რომ ის „უხილავი ღვთის მსგავსებაა“. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იესოს შესახებ ცოდნის მიღება; ამით დავიკმაყოფილებთ სულიერ მოთხოვნილებას და ღვთის გაცნობის სურვილს. იესომ დედამიწაზე ყოფნისას ზუსტად გააკეთა ყველაფერი, რასაც იეჰოვა მისგან მოელოდა. აქედან გამომდინარე, იესოს გაცნობა გულისხმობს იეჰოვას შესახებ უფრო მეტის გაგებას (იოანე 8:28; 14:8—10). და მაინც, როგორ გაჩნდა იესო დედამიწაზე?

ადამიანად ცხოვრების პერიოდი

იესოს ცხოვრების მეორე პერიოდი მაშინ იწყება, როდესაც ის ღმერთმა დედამიწაზე გამოგზავნა. იეჰოვამ ზეციდან სასწაულებრივი სახით გადაიტანა იესოს სიცოცხლე ერთგული ებრაელი ქალწულის, მარიამის, საშვილოსნოში. იესოს მემკვიდრეობით არ მიუღია არასრულყოფილება, რადგან მას არ ჰყავდა ხორციელი მამა. იეჰოვას წმინდა სული ანუ მოქმედი ძალა გადავიდა მარიამზე და უზენაესის ძლიერებამ ‘დაჩრდილა’ ის; ამან სასწაულებრივი სახით მისი დაორსულება გამოიწვია (ლუკა 1:34, 35). ამის გამო მარიამმა სრულყოფილი ბავშვი შობა. რადგან დურგალმა იოსებმა იშვილა იესო, ის უბრალო ოჯახში იზრდებოდა; იესოს დაბადების შემდეგ მარიამსა და იოსებს რამდენიმე შვილი ეყოლათ (ესაია 7:14; მათე 1:22, 23; მარკოზი 6:3).

იესოს ბავშვობის შესახებ მცირე ინფორმაცია გვაქვს, საიდანაც ერთი შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. როდესაც იესო 12 წლის იყო, მშობლებმა ის იერუსალიმში წაიყვანეს პასექის დღესასწაულზე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნებოდა. მაშინ მან ტაძარში დიდი დრო დაჰყო, „მასწავლებლებს შორის იჯდა, უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა“. უფრო მეტიც, „მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებდა“. დიახ, პატარა იესო არა მარტო დამაფიქრებელ შეკითხვებს სვამდა სულიერ საკითხებზე, არამედ თავადაც გონივრულად პასუხობდა, რაც ყველას აოცებდა (ლუკა 2:41—50). როდესაც ის ნაზარეთში იზრდებოდა, თავისი მამობილისგან, იოსებისგან, დურგლობა ისწავლა (მათე 13:55).

იესო ნაზარეთში 30 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგ ის იოანესთან მივიდა, რომ მონათლულიყო. მონათვლის შემდეგ მან აქტიური მსახურება დაიწყო. სამ წელიწად-ნახევარი ის თავის სამშობლოში ქადაგებდა სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. მან დაამოწმა, რომ ღვთის მიერ იყო გამოგზავნილი. როგორ? მრავალი სასწაულით — ძლევამოსილი საქმეებით, რაც ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა (მათე 4:17; ლუკა 19:37, 38).

იესო სხვებისადმი სითბოსა და თანაგრძნობას ავლენდა. რადგან ის კეთილი და მეგობრული იყო, ხალხს უადვილდებოდა მასთან ურთიერთობა. ბავშვებიც კი თავისუფლად გრძნობდნენ მასთან თავს (მარკოზი 10:13—16). იესო პატივისცემით ეპყრობოდა ქალებს, მაშინ როცა მათ ზოგი ზემოდან უყურებდა (იოანე 4:9, 27). ის ეხმარებოდა ღარიბებსა და ჩაგრულებს, რათა ‘გამოეცოცხლებინა მათი სულები’ (მათე 11:28—30). მისი სწავლება იყო გასაგები, უბრალო და პრაქტიკული. მის სწავლებაში ჩანდა, რომ ის გულწრფელად იყო დაინტერესებული, მსმენელებისთვის ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა გაეცნო (იოანე 17:6—8).

ღვთის წმინდა სულის გამოყენებით იესო სასწაულებს ახდენდა — თანაგრძნობით კურნავდა ავადმყოფებსა და ეხმარებოდა გასაჭირში მყოფთ (მათე 15:30, 31). მაგალითად, ერთხელ მასთან კეთროვანი მივიდა და უთხრა: „უფალო, თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. როგორ მოიქცა იესო? მან ხელი გაიწოდა, შეეხო კაცს და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“ და ავადმყოფი განიკურნა (მათე 8:2—4).

განვიხილოთ კიდევ ერთი შემთხვევა. ერთხელ, როდესაც იესოსთან დიდძალი ხალხი მივიდა, მასთან სამი დღე დარჩა; მათ საჭმელი არაფერი ჰქონდათ. იესოს შეებრალა ისინი და სასწაულებრივად გამოკვება „ოთხი ათასი კაცი . . . თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს“ (მათე 15:32—38). სხვა შემთხვევაში იესომ დააცხრო ქარიშხალი, რომელიც მის მეგობრებს საფრთხეს უქმნიდა (მარკოზი 4:37—39). მან ზოგიერთები მკვდრეთით აღადგინა, ანუ კვლავ სიცოცხლე დაუბრუნა * (ლუკა 7:22; იოანე 11:43, 44). იესომ სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლეც კი მზადყოფნით გაიღო მსხვერპლად, რომ არასრულყოფილ კაცობრიობას მომავლის იმედი ჰქონოდა. რა ძლიერ უყვარდა იესოს ადამიანები!

სად იმყოფება იესო დღეს?

იესო 33 წლინახევრის იყო, როცა წამების ძელზე მოკვდა *. მაგრამ სიკვდილი არ ყოფილა მისი ცხოვრების დასასრული. იესოს ცხოვრების მესამე პერიოდი დაიწყო სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ, როდესაც იეჰოვამ ის სულიერ პიროვნებად აღადგინა. აღდგომის შემდეგ იესო პირველ საუკუნეში მცხოვრებ ასობით ადამიანს ეჩვენა (1  კორინთელები 15:3—8). მას შემდეგ ის „ღვთის მარჯვნივ დაჯდა“ და სამეფო ძალაუფლების გადაცემას დაელოდა (ებრაელები 10:12, 13). როდესაც ეს დრო დადგა, იესომ მეფობა დაიწყო. მაშ, როგორ წარმოგვიდგენია იესო დღეს? ის სასიკვდილოდ განწირული ადამიანია, თუ ის, ვისაც თაყვანი უნდა ვცეთ? დღეს იესო არც ადამიანია და არც ყოვლისშემძლე ღმერთი. ის მეფეა, ძლევამოსილი სულიერი ქმნილება. ძალიან მალე იესო მმართველობას დაიწყებს უბედურებებით სავსე დედამიწაზე.

გამოცხადების 19:11—16-ში სიმბოლურად იესო აღწერილია როგორც თეთრ ცხენზე მჯდომი მეფე, რომელიც მოდის, რომ გაასამართლოს და სიმართლით იბრძოლოს. მას აქვს „დიდი ბასრი მახვილი . . . რათა დასცეს ის ხალხებს“. დიახ, იესო თავის უდიდეს ძალას ბოროტების გასანადგურებლად გამოიყენებს. რა დაემართებათ მათ, რომლებიც ცდილობენ, ფეხდაფეხ მიჰყვნენ იესოს მიერ დატოვებულ მაგალითს? (1 პეტრე 2:21). ის და მამამისი დაიცავენ ასეთ ადამიანებს მოახლოებულ „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“, რომელსაც ხშირად არმაგედონს უწოდებენ; ასე რომ, გადარჩენილები მარადიულად იქნებიან ღვთის ზეციერი სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები (გამოცხადება 7:9, 14; 16:14, 16; 21:3, 4).

მაშინ როცა მშვიდობა იბატონებს, წარმოიდგინეთ რა სასწაულებს მოახდენს იესო ყველა ადამიანისთვის! (ესაია 9:6, 7; 11:1—10). ავადმყოფობას განკურნავს და ბოლოს მოუღებს სიკვდილს. ღმერთი იესოს მეშვეობით მილიარდობით ადამიანს აღადგენს და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს (იოანე 5:28, 29). ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, თუ რამდენად მშვენიერი იქნება ცხოვრება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს! ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლავაც მივიღოთ ბიბლიური ცოდნა და უკეთ გავეცნოთ იესო ქრისტეს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 15 ის, რომ იესო სასწაულებს ახდენდა, ყველასთვის ცნობილი იყო. იესოს მტრებიც კი აღიარებდნენ, რომ მან ‘ბევრი ნიშანი მოახდინა’ (იოანე 11:47, 48).

^ აბზ. 17 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, იესო ძელზე მოკვდა თუ ჯვარზე, იხილეთ წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, გვ. 89, 90 [ინგლ.]; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო 7 გვერდზე]

არის იესო ყოვლისშემძლე ღმერთი?

ბევრი რელიგიის მიმდევარი იესოს ღმერთად აღიარებს. ზოგის აზრით, ღმერთი სამებაა. ამ სწავლების თანახმად, „მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი და სულიწმიდა არის ღმერთი. მიუხედავად ამისა, სამი ღმერთი კი არ არის, არამედ — ერთი“. მათ სწამთ, რომ სამივენი „მარად არსებულნი და თანასწორნი არიან“ (The Catholic Encyclopedia). სწორია ასეთი თვალსაზრისი?

სამყაროს შემოქმედი იეჰოვა ღმერთია (გამოცხადება 4:11). მას არა აქვს დასაწყისი და დასასრული, და ის ყოვლისშემძლეა (ფსალმუნები 89:2). იესოს კი ჰქონდა დასაწყისი (კოლოსელები 1:15, 16). როდესაც იესომ ღმერთი თავის მამად მოიხსენია, თქვა: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28). აგრეთვე, იესომ განმარტა, რომ იყო ისეთი საკითხები, რომელთა შესახებაც არც თავად იცოდა და არც ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ (მარკოზი 13:32).

უფრო მეტიც, იესო ლოცვაში მამას მიმართავდა „იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკა 22:42). ვის მიმართავდა იესო, თუ არა მასზე მაღლა მდგომ პიროვნებას? გარდა ამისა, იესომ კი არ აღადგინა საკუთარი თავი მკვდრეთით, არამედ ღმერთმა აღადგინა ის (საქმეები 2:32). აშკარაა, რომ მამა და ძე არ ყოფილან ერთმანეთის თანასწორნი იესოს დედამიწაზე მოსვლამდე და არც დედამიწაზე ცხოვრების დროს. რა შეიძლება ითქვას იესოს მკვდრეთით აღდგენისა და ზეცაში ამაღლების შესახებ? 1 კორინთელების 11:3-ში წერია: „ქრისტეს თავი კი ღმერთია“. ფაქტობრივად, ძე ყოველთვის მამის მორჩილი იქნება (1 კორინთელები 15:28). დიახ, ბიბლია გვიჩვენებს, რომ იესო არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. ის ღვთის ძეა.

სამების ეგრეთწოდებული მესამე პიროვნება — სულიწმიდა — არ არის პიროვნება. ფსალმუნმომღერალი ლოცვაში ღმერთს ეუბნებოდა: „გაუშვებ შენს სულს — წარმოიქმნებიან“ (ფსალმუნები 103:30). ეს „სული“ არ არის ღმერთი; ის მოქმედი ძალაა, რომელსაც ღმერთი უშვებს, ანუ თავისი ნების შესასრულებლად იყენებს. მისი საშუალებით ღმერთმა შექმნა ზეცა, დედამიწა და ყოველი ცოცხალი ქმნილება (დაბადება 1:2; ფსალმუნები 32:6). ღმერთმა წმინდა სული გამოიყენა იმისათვის, რომ ბიბლიის დამწერთათვის თავისი სიტყვები შთაეგონებინა (2 პეტრე 1:20, 21). როგორც ვხედავთ, სამება არ არის ბიბლიური სწავლება *. „უფალი[იეჰოვა], ჩვენი ღმერთი, ერთი უფალია“ (მეორე რჯული 6:4).

[სქოლიოები]

^ აბზ. 28 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „უნდა გვწამდეს სამება?“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 5 გვერდზე]

მონათვლისას იესო ღვთის ცხებული გახდა.

[სურათი 7 გვერდზე]

იესომ მთელი ენერგია ღვთის დავალების შესასრულებლად გამოიყენა.

[სურათი 7 გვერდზე]

დღეს იესო ძლევამოსილი მეფეა.