არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იარეთ რწმენით და არა ხილვით!

იარეთ რწმენით და არა ხილვით!

იარეთ რწმენით და არა ხილვით!

„რწმენით დავდივართ და არა ხილვით“ (2 კორინთელები 5:7).

1. რა ცხადყოფს, რომ პავლე მოციქული რწმენით დადიოდა და არა ხილვით?

ახ. წ. 55 წელია. დაახლოებით 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სავლე, ქრისტეს მიმდევრების ყოფილი მდევნელი, გაქრისტიანდა. წლების სვლას ღვთისადმი მისი რწმენა არ შეუსუსტებია და არ გაუნელებია. ის ფიზიკური თვალებით ვერ ხედავს, თუ რა ხდება ზეცაში, მაგრამ მტკიცე რწმენა აქვს. ამიტომ ზეციერი იმედის მქონე ცხებული ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე ამბობს: „რწმენით დავდივართ და არა ხილვით“ (2 კორინთელები 5:7).

2, 3. ა) როგორ ცხადვყოფთ, რომ რწმენით დავდივართ? ბ) რას ნიშნავს ხილვით სიარული?

2 რწმენით სიარულისთვის საჭიროა მტკიცედ გვჯეროდეს, რომ ღმერთს შეუძლია წარმართოს ჩვენი ცხოვრება. საჭიროა დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მან იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო (ფსალმუნები 118:66). ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი განხორციელებისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ „უხილავი სინამდვილე“ (ებრაელები 11:1). ამაში შედის დანაპირები „ახალი ცისა და ახალი დედამიწის“ შესახებ (2 პეტრე 3:13). ხილვით სიარული კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ იმის საფუძველზე ავაგოთ, რაც ხილულია. ეს საშიშია, რადგან ამან შეიძლება ღვთის ნების სრულ უგულებელყოფამდე მიგვიყვანოს (ფსალმუნები 80:13; ეკლესიასტე 11:9).

3 ზეციერი მოწოდების მქონე „მცირე სამწყსოს“ წევრები ვართ, თუ დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები, საჭიროა თითოეულმა გულთან ახლოს მივიტანოთ რჩევა — ვიაროთ რწმენით და არა ხილვით (ლუკა 12:32; იოანე 10:16). განვიხილოთ, თუ როგორ დაგვიცავს ღვთის შთაგონებით ჩაწერილი ამ რჩევის მიყოლა „დროებითი ცოდვიანი განცხრომისგან“, მატერიალიზმის მახეში გაბმისა და ამ სისტემის აღსასრულის მხედველობის არედან დაკარგვისგან. აგრეთვე ვნახოთ, თუ რა საშიშროებებია დაკავშირებული ხილვით სიარულთან (ებრაელები 11:25).

უკუვაგდოთ „დროებითი ცოდვიანი განცხრომა“

4. რა არჩევანი გააკეთა მოსემ და რატომ?

4 წარმოიდგინეთ, მოსეს, ყამრამის ძის, ცხოვრება. ძველ ეგვიპტეში ფარაონის ოჯახის წევრად აღზრდილ მოსეს ძალაუფლებაც ჰქონდა, სიმდიდრეც და გავლენაც. მოსეს შეეძლო ეფიქრა: „მე ეგვიპტის ქებულ სიბრძნეს კარგად ვარ დაუფლებული, ძლიერი ვარ სიტყვითა და საქმით. თუ ფარაონის ოჯახთან ახლო ურთიერთობას არ დავკარგავ, შევძლებ ჩემი მდგომარეობის გამოყენებას ჩაგრული ებრაელი ძმების სასარგებლოდ“ (საქმეები 7:22). ნაცვლად ამისა, მოსემ არჩია, „ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ“. რატომ? რამ აღძრა იგი, რომ ზურგი შეექცია ყველაფრისთვის, რასაც ეგვიპტე სთავაზობდა? ბიბლია ამ კითხვებზე შემდეგ პასუხს იძლევა: „რწმენით მან [მოსემ] ეგვიპტე დატოვა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეფის რისხვას შეუშინდა; ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრაელები 11:24—27). იმის რწმენა, რომ იეჰოვა ნამდვილად აჯილდოებს მართლებს, დაეხმარა მოსეს, მტკიცედ მდგარიყო და არ ეძია წარმავალი სიამოვნება.

5. რისკენ გვიბიძგებს მოსეს მაგალითი?

5 ჩვენც ხშირად გვიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება; მაგალითად: „მივატოვო თუ არა გარკვეული საქმე ან ჩვეულება, რომელიც ბოლომდე არ ესადაგება ბიბლიურ პრინციპებს? უნდა დავიწყო თუ არა ისეთი სამუშაო, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობას მპირდება, მაგრამ ხელს შეუშლის ჩემს სულიერ წინსვლას?“ მოსეს მაგალითი გვიბიძგებს, არ გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც ამ ქვეყნიერებისთვის არის დამახასიათებელი და შორსმჭვრეტელობას მოკლებულია; პირიქით, გამოვავლინოთ ‘უხილავის’ — იეჰოვა ღმერთის — სიბრძნისადმი რწმენა. მოსეს მსგავსად, მოდი ჩვენც ვამჯობინოთ იეჰოვასთან მეგობრობა ყველაფერს, რის შემოთავაზებაც ამ ქვეყნიერებას შეუძლია.

6, 7. ა) როგორ ცხადყო ესავმა, რომ მან ხილვით სიარული არჩია? ბ) რა არის ესავის მაგალითში ჩვენთვის გამაფრთხილებელი?

6 მოსესგან სრულიად საპირისპირო სულისკვეთება გამოავლინა პატრიარქ ისაკის ძემ, ესავმა. მან არჩია, დაუყოვნებლივ დაეკმაყოფილებინა სურვილი (დაბადება 25:30—34). ესავმა ‘არ დააფასა ის, რაც წმინდაა’ და პირმშოობა „ერთ კერძზე გაცვალა“ (ებრაელები 12:16). ესავმა არ გაითვალისწინა, თუ როგორ იმოქმედებდა პირმშოობის გაყიდვა იეჰოვასთან მის ურთიერთობაზე ან რა გავლენას იქონიებდა ეს მოქმედება მის შთამომავლებზე. მას სულიერი ხედვა აკლდა. ესავმა თვალი დახუჭა ღვთის მნიშვნელოვან დაპირებებზე და ისინი ნაკლებად ღირებულად მიიჩნია. ის ხილვით დადიოდა და არა რწმენით.

7 ესავის მაგალითი დღეს ჩვენთვის კარგი გაფრთხილებაა (1 კორინთელები 10:11). დიდი თუ პატარა გადაწყვეტილებების მიღებისას შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს სატანის ქვეყნიერების პროპაგანდამ, რომლის თანახმადაც, ადამიანს ახლავე უნდა ჰქონდეს ყველაფერი, რაც სურს. კარგი იქნება, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვები: „ესავივით ხომ არ ვიქცევი გადაწყვეტილების მიღებისას? ჩემი ახლანდელი მიზნის განხორციელება მეორე ადგილზე ხომ არ გადაიტანდა სულიერს? ჩემ მიერ გაკეთებული არჩევანი საშიშროებას ხომ არ უქმნის ღმერთთან ჩემს ურთიერთობას და მომავალი კურთხევის მიღებას? რა მაგალითს ვაძლევ სხვებს?“ იეჰოვა გვაკურთხებს, თუ ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოჩნდება, რომ ვაფასებთ იმას, რაც წმინდაა (იგავები 10:22).

არ გავებათ მატერიალიზმის მახეში

8. რის შესახებ გააფრთხილა იესომ ლაოდიკეელი ქრისტიანები და რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს ჩვენ?

8 პირველი საუკუნის მიწურულისთვის მოციქულ იოანეს ხილვაში განდიდებულმა იესო ქრისტემ ცნობა გადასცა ლაოდიკეის (მცირე აზიის) კრებას. ამ ცნობაში იესო მატერიალიზმის შესახებ აფრთხილებდა იქაურ ქრისტიანებს. ლაოდიკეელი ქრისტიანები მატერიალურად მდიდრები იყვნენ, მაგრამ სულიერად ღარიბები. რწმენით სიარულის ნაცვლად, მათ მატერიალურ სიმდიდრეს სულიერი ხედვის წართმევის საშუალება მისცეს (გამოცხადება 3:14—18). მატერიალურ სიმდიდრეს გამოდევნება დღესაც მსგავს გავლენას ახდენს ქრისტიანებზე. ის რწმენას გვისუსტებს და ‘წინ მდებარე მანძილის მოთმინებით გარბენას’ გვაწყვეტინებს (ებრაელები 12:1). თუ ფრთხილად არ ვართ, „ცხოვრების საზრუნავმა“ შეიძლება ძალიან შეუშალოს ხელი ჩვენს სულიერ საქმიანობას და ‘სრულიად მოაშთოს’ იგი (ლუკა 8:14).

9. როგორ გვიცავს სულიერი საზრდოსთვის მადლიერება და ამ საზრდოსგან კმაყოფილების მიღება?

9 სულიერად დაცულნი რომ ვიყოთ, ამისათვის უმთავრესია, ვიყოთ კმაყოფილნი, ნაცვლად იმისა, რომ სრულად ვისარგებლოთ ამ ქვეყნიერებით და მატერიალური სიმდიდრის დაგროვებისკენ ვისწრაფოთ (1 კორინთელები 7:31; 1 ტიმოთე 6:6—8). როდესაც რწმენით დავდივართ და არა ხილვით, სიხარულს ვპოულობთ თანამედროვე სულიერ სამოთხეში. ნოყიერი სულიერი საზრდოს მიღება განა არ აღგვძრავს, რომ ‘ვიმღეროთ გულის სიამით’? (ესაია 65:13, 14). გარდა ამისა, ვხარობთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებიც ღვთის სულის ნაყოფს ავლენენ (გალატელები 5:22, 23). მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, კმაყოფილების მომგვრელი და გამომაცოცხლებელი იყოს ყოველივე, რასაც იეჰოვა სულიერი კეთილდღეობისთვის გვაძლევს!

10. საკუთარი თავისთვის რომელი კითხვების დასმა იქნებოდა კარგი?

10 კარგი იქნებოდა, საკუთარი თავისთვის დაგვესვა კითხვები: „რა ადგილი უჭირავს მატერიალურს ჩემს ცხოვრებაში? მატერიალურ ქონებას სიამოვნების ძიებისთვის ვიყენებ თუ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად? რა მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას? ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანულ შეხვედრებზე და-ძმებთან ყოფნა თუ დასვენების დღეები და ქრისტიანული პასუხისმგებლობებისგან შორს ყოფნა? გამოსასვლელი დღეებიდან მრავალს გასართობად ხომ არ ვიყენებ ნაცვლად იმისა, რომ ეს დრო სამქადაგებლო საქმიანობასა და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ სხვა საქმეებს მოვახმარო?“ რწმენით სიარული ნიშნავს, რომ დაკავებული ვიყოთ სამეფოსთან დაკავშირებული საქმეებით და ბოლომდე გვჯეროდეს, რომ იეჰოვას დაპირებები შესრულდება (1 კორინთელები 15:58).

ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ახლოსაა აღსასრული

11. როგორ გვეხმარება რწმენით სიარული, გვახსოვდეს, რომ აღსასრული ახლოსაა?

11 რწმენით სიარული გვეხმარება, არ გვქონდეს ხორციელი თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, რომ აღსასრული შორსაა ან საერთოდ არ დადგება. სკეპტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც დასცინიან ბიბლიურ წინასწარმეტყველებას, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ სრულდება დღევანდელი მსოფლიო მოვლენებით ჩვენი დროის შესახებ ღვთის სიტყვაში მოცემული წინასწარმეტყველება (2 პეტრე 3:3, 4). მაგალითად, განა ხალხის აზროვნება და საქციელი არ ცხადყოფს, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ? (2 ტიმოთე 3:1—5). რწმენის თვალებით ვხედავთ, რომ თანამედროვე მსოფლიო მოვლენები მხოლოდ ისტორიის გამეორება არ არის. პირიქით, მათი ერთობლიობით იქმნება ‘ამ სისტემის აღსასრულისა და იმის ნიშანი, რომ ქრისტე მოსულია’ (მათე 24:1—14).

12. როგორ შესრულდა პირველ საუკუნეში იესოს სიტყვები, რომლებიც ლუკას 21:20, 21-შია ჩაწერილი?

12 განვიხილოთ პირველ საუკუნეში განვითარებული მოვლენები, რომლებიც ძალიან ჰგავს ჩვენს დღეებს. დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტემ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მოახლოებულია მისი გაპარტახება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფნი გარეთ გავიდნენ“ (ლუკა 21:20, 21). ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როდესაც ახ. წ. 66 წელს რომაელთა ჯარმა ცესტიუს გალუსის მეთაურობით იერუსალიმს ალყა შემოარტყა. მაგრამ ამ ჯარმა მოულოდნელად ალყა მოხსნა, რამაც ქრისტიანებს ‘მთებში გაქცევის’ სიგნალი და შესაძლებლობა მისცა. ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარი დაბრუნდა, იერუსალიმს შეუტია და მისი ტაძარი გაანადგურა. იოსებ ფლავიუსის ცნობის თანახმად, მაშინ ერთ მილიონზე მეტი იუდეველი დაიღუპა, ხოლო 97 000 ტყვედ იქნა წაყვანილი. ამით მაშინდელ იუდეველთა სისტემაზე ღვთის განაჩენი შესრულდა. ისინი კი, ვინც რწმენით დადიოდა და ყურად იღო იესოს გაფრთხილება, ამ უბედურებას გადაურჩნენ.

13, 14. ა) რა მოვლენების განვითარებას უნდა მოველოდეთ? ბ) რატომ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე, რათა მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება?

13 მალე ჩვენს დღეებშიც მსგავსი რამ მოხდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარკვეული ელემენტები მონაწილეობას მიიღებენ ღვთის განაჩენის შესრულებაში. როგორც პირველ საუკუნეში რომაელთა ჯარს ჰქონდა „რომაული ზავის“ (Pax Romana) შენარჩუნების მისია, ისე დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ითვლება მშვიდობის შემნარჩუნებელ ინსტრუმენტად. რომაელთა ჯარი ცდილობდა, მაშინ ცნობილი მსოფლიოს უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგარიყო, მაგრამ მათ იერუსალიმი გააპარტახეს. დღესაც მსგავსი რამ მოხდება; ბიბლიური წინასწარმეტყველება მიუთითებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შემავალი ელემენტები რელიგიას არეულობის მიზეზად მიიჩნევენ და ამოქმედდებიან თანამედროვე იერუსალიმისა (ქრისტიანული სამყარო) და „დიდი ბაბილონის“ დანარჩენი ნაწილის გასანადგურებლად (გამოცხადება 17:12—17). დიახ, ცრუ რელიგიის მთელი მსოფლიო სისტემა განადგურებას უახლოვდება.

14 ცრუ რელიგიის გაპარტახებით დაიწყება დიდი გასაჭირი. დიდი გასაჭირის ბოლოს ამ ბოროტი სისტემის დარჩენილი სხვა ელემენტებიც განადგურდება (მათე 24:29, 30; გამოცხადება 16:14, 16). რწმენით სიარული სიფხიზლეს გვინარჩუნებს, რათა მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება. ჩვენ შეცდომაში არ ვართ შეყვანილნი და არ ვფიქრობთ, რომ ღმერთი ადამიანების მიერ შექმნილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსგავს რომელიმე სტრუქტურას გამოიყენებს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამიტომ, განა ჩვენი ცხოვრებით არ უნდა ცხადვყოთ მტკიცე რწმენა იმისა, რომ «ახლოს არის უფლის [„იეჰოვას“, აქ] დიდი დღე»? (სოფონია 1:14).

რამდენად სახიფათოა ხილვით სიარული?

15. საკუთარ თავზე ღვთის კურთხევების გამოცდის მიუხედავად, რა მახეში გაებნენ ისრაელები?

15 ძველი ისრაელის მაგალითი გვიჩვენებს, თუ რამდენად საშიშია ხილვით სიარული და როგორ ასუსტებს იგი რწმენას. ისრაელები იმ ათი სასჯელის თვითმხილველები იყვნენ, რომელთა გამოყენებითაც ღმერთმა ეგვიპტელთა ცრუ ღმერთები დაამცირა; ისინი, აგრეთვე, წითელი ზღვის გავლით მტრებს საოცარი სახით გადაურჩნენ. ყოველივე ამის მიუხედავად, მათ დაუმორჩილებლობა გამოავლინეს — ოქროს ხბო ჩამოასხეს და მას დაუწყეს თაყვანისცემა. მათ მოუთმენლობა გამოავლინეს და არ დაელოდნენ მოსეს, რომელიც ‘აყოვნებდა მთიდან ჩამოსვლას’ (გამოსვლა 32:1—4). მოუთმენლობამ ისრაელებს იმისკენ უბიძგა, რომ ხილული კერპისთვის ეცათ თაყვანი. იმან, რომ ისრაელები ხილვით დადიოდნენ, იეჰოვას უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც „სამი ათასამდე კაცის“ დახოცვა მოჰყვა (გამოსვლა 32:25—29). რა სამწუხაროა, როდესაც დღეს იეჰოვას თაყვანისმცემლის გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რომ არ ენდობა იეჰოვას და არა აქვს იმის მტკიცე რწმენა, რომ ღმერთს შეუძლია თავისი დაპირებების შესრულება!

16. როგორ იმოქმედა ისრაელებზე ხილულმა?

16 ხილულმა ისრაელებზე სხვა მრავალი სახითაც იქონია უარყოფითი გავლენა. ხილვით სიარულის გამო მათ მტრების შიში ჰქონდათ (რიცხვნი 13:28, 32; მეორე რჯული 1:28). ამის გამო იყო, აგრეთვე, რომ ისინი სადაოს ხდიდნენ მოსეს უფლებამოსილებას, რომელიც ღვთისგან ჰქონდა მიცემული, და წუწუნებდნენ თავიანთ ცხოვრებაზე. რწმენის უკმარისობა იყო იმის მიზეზიც, რომ ისრაელები აღთქმულ მიწას დემონების გავლენის ქვეშ მყოფ ეგვიპტეში ყოფნას არჩევდნენ (რიცხვნი 14:1—4; ფსალმუნები 105:24). ალბათ, რა ძალიან სტკენდა გულს იეჰოვას იმის დანახვა, რომ მის მიერ არჩეული ხალხი თავისი უხილავი მეფისადმი დიდ უპატივცემულობას ავლენდა!

17. რამ გამოიწვია ის, რომ სამუელის დღეებში ისრაელებმა უკუაგდეს იეჰოვას ხელმძღვანელობა?

17 წინასწარმეტყველ სამუელის დღეებში რჩეული ერი, ისრაელი, კვლავ გაება ხილვით სიარულის მახეში. ხალხს სურვილი გაუჩნდა, ჰყოლოდათ ხილული მეფე. იეჰოვამ ცხადყო, რომ ის თავად იყო მათი მეფე, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ისრაელებს რწმენით ევლოთ (1 მეფეთა 8:4—9). მათსავე საზიანოდ, ისრაელებმა უგუნურება გამოავლინეს და იეჰოვას უზადო ხელმძღვანელობას ირგვლივ მყოფი ერების მსგავსად ყოფნა არჩიეს (1 მეფეთა 8:19, 20).

18. რის სწავლა შეგვიძლია ხილვით სიარულთან დაკავშირებული საშიშროებების შესახებ?

18 ჩვენ, იეჰოვას დღევანდელი მსახურები, ძალიან ვაფასებთ ღმერთთან კარგ ურთიერთობას. მთელი გულით გვსურს, წარსულის მაგალითებიდან ვისწავლოთ ბევრი მნიშვნელოვანი რამ და ცხოვრებაში გამოვიყენოთ (რომაელები 15:4). ხილვით სიარულისას ისრაელებს არ ახსოვდათ, რომ მოსეს მეშვეობით ღმერთი ხელმძღვანელობდა მათ. თუ სიფრთხილეს არ გამოვავლენთ, ჩვენც შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქრისტიანულ კრებას იეჰოვა ღმერთი და დიდი მოსე, იესო ქრისტე, უწევენ ხელმძღვანელობას (გამოცხადება 1:12—16). ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ გავითავისოთ ადამიანური შეხედულება იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილთან დაკავშირებით. თუ ასე არ მოვიქცევით, შეიძლება მდრტვინავები გავხდეთ და აღარ დავაფასოთ იეჰოვას წარმომადგენლები და „ერთგული და გონიერი მონის“ საშუალებით მოწოდებული სულიერი საზრდო (მათე 24:45).

მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, იაროთ რწმენით

19, 20. რა გაქვთ გადაწყვეტილი და რატომ?

19 „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“, — ნათქვამია ბიბლიაში (ეფესოელები 6:12). ჩვენი მთავარი მტერი სატანა ეშმაკია. მისი მიზანია, გაგვინადგუროს იეჰოვასადმი რწმენა. ის ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობას და ნებისმიერ მეთოდს გამოიყენებს იმისათვის, რომ ღვთისადმი თაყვანისცემის შესახებ ჩვენს გადაწყვეტილებას ძირი გამოუთხაროს (1 პეტრე 5:8). რა დაგვიცავს იმისგან, რომ შეცდომაში არ შეგვიყვანოს სატანის ხილული სისტემის გარეგნულმა შესახედაობამ? რწმენით და არა ხილვით სიარული! როდესაც გვჯერა, რომ იეჰოვას დაპირებები აუცილებლად შესრულდება, ეს დაგვიცავს ‘რწმენის ხომალდის დამსხვრევისგან’ (1 ტიმოთე 1:19). ამიტომ მთელი ძალით ვეცადოთ, რომ კვლავაც განვაგრძოთ რწმენით სიარული და ბოლომდე გვჯეროდეს იეჰოვას კურთხევების. განვაგრძოთ ლოცვა იმის თაობაზე, რომ შევძლოთ ყველაფრის გადატანა, რაც ახლო მომავალში მოხდება (ლუკა 21:36).

20 იესო გვაძლევს იმის დიდებული მაგალითს, თუ როგორ ვიაროთ რწმენით და არ ხილვით. „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 პეტრე 2:21). მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია კვლავაც ვიაროთ ისე, როგორც ქრისტე დადიოდა.

გახსოვთ?

• რას ვსწავლობთ მოსესა და ესავის მაგალითებიდან რწმენით — და არა ხილვით — სიარულის შესახებ?

• რა არის მთავარი იმისათვის, რომ მატერიალიზმს მოვერიდოთ?

• როგორ გვეხმარება რწმენით სიარული იმ აზრის თავიდან არიდებაში, რომ აღსასრული შორსაა?

• რატომ არის ხილვით სიარული საშიში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 17 გვერდზე]

მოსე რწმენით დადიოდა.

[სურათი 18 გვერდზე]

ხშირად გიშლით ხელს დასვენება და გართობა თეოკრატიულ საქმეებში?

[სურათი 20 გვერდზე]

როგორ გიცავთ ღვთის სიტყვისთვის ყურადღების მიპყრობა?