არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კვლავაც იარეთ ისე, როგორც იესო ქრისტე დადიოდა

კვლავაც იარეთ ისე, როგორც იესო ქრისტე დადიოდა

კვლავაც იარეთ ისე, როგორც იესო ქრისტე დადიოდა

„ვინც ამბობს, რომ ერთობაში რჩება მასთან [ღმერთთან], ვალდებულია ისევე მოიქცეს, როგორც ის [იესო] იქცეოდა“ (1 იოანე 2:6).

1, 2. რა შედის იესოს დაკვირვებაში?

„მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი და დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს, იესოს“, — წერდა მოციქული პავლე (ებრაელები 12:1, 2). ერთგულება რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა დავაკვირდეთ იესო ქრისტეს.

2 დედნის ენიდან „დაკვირვებად“ ნათარგმნი სიტყვა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ნიშნავს „ყურადღებით ყოფნას, მისი სხვა რამეზე გადატანის გარეშე“, „მზერის ერთი რამისთვის მოშორებას იმ მიზნით, რომ დაინახო მეორე“, „მთელი ყურადღების ერთ რამეზე კონცენტრირებას“. ერთ ნაშრომში აღნიშნულია: „როგორც კი დისტანციაზე მორბენალი ბერძენი თავის ყურადღებას სარბენ ბილიკსა და თავის მიზანს წამიერად მოაშორებს და მზერას მაყურებელს მიაპყრობს, მისი სიჩქარე კლებულობს. იმავეს თქმა შეიძლება ქრისტიანებზეც“. ყურადღების გამფანტავ ფაქტორებს შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენს სულიერ წინსვლას. ჩვენ დაკვირვებით უნდა ვუყუროთ იესო ქრისტეს. რატომ ვუყურებთ „რწმენის მეთაურს“? ბერძნული გამოთქმა, რომელიც „რწმენის მეთაურად“ ითარგმნა, ნიშნავს „მთავარ ხელმძღვანელს, პიროვნებას, რომელიც ყველაფერში წინამძღოლობს და ამგვარად სხვებს მაგალითს აძლევს“. იესოს რომ დავაკვირდეთ, მის მაგალითს უნდა მივყვეთ.

3, 4. ა) რა არის იმისათვის საჭირო, რომ ისე ვიაროთ, როგორც იესო ქრისტე დადიოდა? ბ) რომელი კითხვები იმსახურებს ჩვენს ყურადღებას?

3 „ვინც ამბობს, რომ ერთობაში რჩება მასთან [ღმერთთან], ვალდებულია ისევე მოიქცეს, როგორც ის [იესო] იქცეოდა“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 იოანე 2:6). ღმერთთან ერთობაში რომ დავრჩეთ, საჭიროა დავიცვათ იესოს მცნებები, როგორც ის იცავდა მამის მცნებებს (იოანე 15:10).

4 ამიტომ, ისე რომ ვიაროთ, როგორც იესო დადიოდა, საჭიროა კარგად დავაკვირდეთ მას, როგორც რწმენის მთავარს, და ზუსტად მივყვეთ მის ნაკვალევს. ამასთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ მნიშვნელოვანი კითხვები: როგორ გვიწევს ხელმძღვანელობას ქრისტე დღეს? როგორი გავლენა უნდა იქონიოს ჩვენზე იმან, რომ ისე დავდივართ, როგორც იესო დადიოდა? რა სარგებლობა მოაქვს იესო ქრისტეს მიერ დატოვებული მაგალითის მიბაძვას?

როგორ ხელმძღვანელობს იესო თავის მიმდევრებს

5. ზეცაში ასვლამდე რას დაჰპირდა იესო თავის მიმდევრებს?

5 ზეცაში ასვლამდე, მკვდრეთით აღდგენილი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ეჩვენა და მნიშვნელოვანი დავალება მისცა. „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“, — უთხრა იესომ მათ. მაშინ „რწმენის მეთაურმა“ მოწაფეებს აღუთქვა, რომ ამ დავალების შესრულებისას მათთან იქნებოდა: „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ამ სისტემის აღსასრულამდე“ (მათე 28:19, 20). როგორ არის იესო ქრისტე თავის მიმდევრებთან დღეს, ამ სისტემის აღსასრულის ჟამს?

6, 7. როგორ გვიწევს ხელმძღვანელობას იესო წმინდა სულის საშუალებით?

6 „დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, — თქვა იესომ, — ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს“ (იოანე 14:26). წმინდა სული, რომელიც იესოს სახელით არის გამოგზავნილი, ხელმძღვანელობას გვიწევს და გვამტკიცებს დღეს. ის სულიერ განათლებას გვაძლევს და გვეხმარება, გავიგოთ „ღვთის სიღრმეებიც კი“ (1 კორინთელები 2:10). გარდა ამისა, ღვთისმოსაწონი თვისებები — „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ არის ‘სულის ნაყოფი’ (გალატელები 5:22, 23). წმინდა სულის დახმარებით შეგვიძლია ამ თვისებების განვითარება.

7 როდესაც საღვთო წერილს ვსწავლობთ და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას ვცდილობთ, იეჰოვას სული გვეხმარება, შევიძინოთ უფრო მეტი სიბრძნე და გამჭრიახობა, გაგება და ცოდნა, განსჯის უნარი და საზრიანობა (იგავები 2:1—11). წმინდა სული აგრეთვე გვეხმარება, გავუძლოთ ცდუნებებსა და განსაცდელებს (1 კორინთელები 10:13; 2 კორინთელები 4:7; ფილიპელები 4:13). ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს, რომ ‘განიწმინდონ ყოველივე იმისაგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს და სრულყონ სიწმინდე’ (2 კორინთელები 7:1). განა შევძლებთ სიწმინდესთან დაკავშირებით ღვთის მოთხოვნის შესაბამისად ცხოვრებას ღვთის წმინდა სულის დახმარების გარეშე? ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც იესო ჩვენთვის ხელმძღვანელობის გასაწევად იყენებს, არის წმინდა სული, რომლის გამოყენების უფლებაც ძეს იეჰოვა ღმერთმა მისცა (მათე 28:18).

8, 9. როგორ იყენებს ქრისტე „ერთგულ და გონიერ მონას“ ხელმძღვანელობის გასაწევად?

8 განვიხილოთ სხვა საშუალება, რომელსაც დღეს იესო კრებისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად იყენებს. ამ სისტემის აღსასრულისა და იმ დროის შესახებ საუბრისას, როდესაც ის მოსული იქნებოდა, იესომ თქვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის? ბედნიერია ის მონა, რომელსაც ბატონი, როცა მოვა, ასე მოქმედს ჰპოვებს! ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“ (მათე 24:3, 45—47).

9 „ბატონი“ არის იესო ქრისტე. „მონა“ არის დედამიწაზე მყოფ ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი. მონის ამ კლასს მინდობილი აქვს, იზრუნოს დედამიწასთან დაკავშირებით იესოს ინტერესებზე და დროულ სულიერ საზრდოზე. „ერთგული და გონიერი მონის“ კლასიდან პატარა ჯგუფი, რომელიც დახელოვნებული ზედამხედველებისგან შედგება, ქმნის ხელმძღვანელ საბჭოს. ეს ხელმძღვანელი საბჭო მონის კლასის წარმომადგენელია. ის ხელმძღვანელობას უწევს მსოფლიო მასშტაბით სამეფოს შესახებ ქადაგებას და სულიერად ნოყიერი საზრდოს დროულად მიწოდებას. ამგვარად, ქრისტე კრებას სულით ცხებული „ერთგული და გონიერი მონისა“ და ამ მონის კლასის წევრებისგან შემდგარი ხელმძღვანელი საბჭოს საშუალებით უწევს ხელმძღვანელობას.

10. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს უხუცესების მიმართ და რატომ?

10 იესო ხელმძღვანელობისთვის იყენებს კიდევ ერთ საშუალებას — „ძღვენს ადამიანების სახით“, ქრისტიან უხუცესებს, ანუ ზედამხედველებს. ისინი დაყენებულნი არიან „წმინდების გამოსასწორებლად, მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“ (ეფესოელები 4:8, 11, 12). მათ შესახებ ებრაელების 13:7-ში ნათქვამია: „გახსოვდეთ ისინი, რომლებსაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრიათ და რომლებიც ღვთის სიტყვას გადმოგცემენ. დაუკვირდით მათი საქციელის შედეგებს და მათ მიბაძეთ რწმენაში“. უხუცესები ხელმძღვანელობას უწევენ კრებას. ისინი ბაძავენ ქრისტე იესოს; ამიტომ კარგია, მივბაძოთ მათ (1 კორინთელები 11:1). უხუცესებით უზრუნველყოფისთვის მადლიერება შეგვიძლია იმით გამოვავლინოთ, რომ ამ „ძღვენს“ გავუგონებთ და მათ მიმართ მორჩილებას გამოვავლენთ (ებრაელები 13:17).

11. რა საშუალებებს იყენებს დღეს იესო თავისი მიმდევრებისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ვიაროთ ისე, როგორც იესო დადიოდა?

11 ამგვარად, დღეს იესო ქრისტე თავის მიმდევრებს წმინდა სულის, „ერთგული და გონიერი მონისა“ და კრების უხუცესების მეშვეობით ხელმძღვანელობს. თუ გვსურს, რომ ისე ვიაროთ, როგორც ქრისტე დადიოდა, უნდა ვიცოდეთ, როგორ გვხელმძღვანელობს ის და დავემორჩილოთ მას. აგრეთვე, საჭიროა მივბაძოთ იმასაც, თუ როგორ დადიოდა ის. „ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი, — წერდა მოციქული პეტრე. — ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე იესოს სრულყოფილი მაგალითის მიბაძვამ?

გამოავლინეთ გონიერება პასუხისმგებლობის შესრულებისას

12. ქრისტეს მაგალითიდან რა არის კრების უხუცესებისთვის განსაკუთრებით საინტერესო?

12 იესომ მამისგან უდიდესი ძალაუფლება მიიღო, მაგრამ ის ამ ძალაუფლებას გონივრულად იყენებდა. კრებაში ყველამ, და განსაკუთრებით ზედამხედველებმა, ‘ცნობილი უნდა გახადონ თავიანთი კეთილგონიერება’ (ფილიპელები 4:5; 1 ტიმოთე 3:2, 3). უხუცესებს კრებაში გარკვეული ძალაუფლება აქვთ; ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი გამოყენებისას ისინი ქრისტეს ნაკვალევს მიჰყვნენ.

13, 14. რაში შეუძლიათ უხუცესებს მიბაძონ ქრისტეს, როდესაც ისინი სხვებს ღვთის მსახურებისკენ მოუწოდებენ?

13 იესო მხედველობაში იღებდა იმას, რომ მისი მოწაფეების შესაძლებლობები შეზღუდული იყო. ის მათგან არ ითხოვდა იმაზე მეტს, რაც შეეძლოთ (იოანე 16:12). იესო ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მოუწოდებდა თავის მიმდევრებს, ღვთის ნების შესასრულებლად ‘ძალ-ღონე არ დაეშურებინათ’ (ლუკა 13:24). ამას კი ხელმძღვანელობის გაწევით და მათი გულების მოქმედებისკენ აღძვრით აკეთებდა. დღეს ქრისტიანი უხუცესებიც არ ცდილობენ, სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა გამოიყენონ იმისათვის, რომ სხვები ღვთის მსახურებისკენ აღძრან. ისინი ყველას მოუწოდებენ, რომ ეს იეჰოვას, იესოსა და მოძმის სიყვარულის საფუძველზე გააკეთონ (მათე 22:37—39).

14 იესო კონტროლს არ უწევდა სხვების ცხოვრებას და, ამგვარად, ბოროტად არ იყენებდა მისთვის მინდობილ ძალაუფლებას. ის არც ისეთ ნორმებს ადგენდა, რომელთა შესრულებაც არარეალური იყო, და არც უამრავ კანონს აწესებდა. იესო ცდილობდა მოსეს რჯულში ჩადებული პრინციპების საშუალებით ემოქმედა ადამიანთა გულებზე (მათე 5:27, 28). უხუცესებიც ბაძავენ იესო ქრისტეს მაგალითს და საკუთარი შეხედულების საფუძველზე არ ადგენენ წესებს და სხვებს თავს არ ახვევენ პირად თვალსაზრისს. ჩაცმასა თუ გარეგნობასთან, დასვენებასა თუ გართობასთან დაკავშირებით უხუცესები ცდილობენ, აღძრან სამწყსოს წევრთა გულები, მაგალითად, იმ პრინციპების გამოყენებით, რომლებიც მოცემულია მიქას 6:8-ში, 1 კორინთელების 10:31—33-სა და 1 ტიმოთეს 2:9, 10-ში.

იყავით თანამგრძნობნი და მიმტევებელნი

15. როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს თავისი მოწაფეების სისუსტეებსა და შეცდომებზე?

15 თავისი მოწაფეების სისუსტეებისა და შეცდომებისადმი დამოკიდებულებით იესომ დაგვიტოვა მაგალითი, რომელსაც უნდა მივბაძოთ. განვიხილოთ დედამიწაზე იესოს ყოფნის უკანასკნელ ღამეს მომხდარი ორი შემთხვევა. გეთსემანეში მისვლის შემდეგ იესომ „თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე“ და უთხრა: „იფხიზლეთ“. შემდეგ „ცოტა გაიარა, მიწაზე დაემხო და ლოცვა დაიწყო“. უკან დაბრუნებისას მან მოციქულები „მძინარეები . . . ნახა“. როგორი იყო იესოს რეაქცია? მან თქვა: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მარკოზი 14:32—38). იესომ კი არ გაკიცხა პეტრე, იაკობი და იოანე, არამედ მათ მიმართ თანაგრძნობა გამოავლინა! იმავე ღამეს პეტრემ სამჯერ უარყო იესო (მარკოზი 14:66—72). როგორ მოექცა ამის შემდეგ იესო პეტრეს? „უფალი . . . აღდგა და სიმონს [პეტრეს] ეჩვენა“ (ლუკა 24:34). „ეჩვენა კეფას, შემდეგ კი — თორმეტს“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 კორინთელები 15:5). იესო არ განაწყენებულა, არამედ მიუტევა მომნანიებელ მოციქულს და განამტკიცა იგი. მოგვიანებით იესომ პეტრეს დიდი პასუხისმგებლობები მიანდო (საქმეები 2:14; 8:14—17; 10:44, 45).

16. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს, როდესაც თანამორწმუნეები იმედს გვიცრუებენ ან უსამართლოდ გვექცევიან?

16 განა ჩვენც არ უნდა მივბაძოთ იესოს და თანაგრძნობა და მიმტევებლობა გამოვავლინოთ, როდესაც არასრულყოფილების გამო თანამორწმუნეები იმედს გვიცრუებენ ან უსამართლოდ გვექცევიან? პეტრემ თანამორწმუნეებს მოუწოდა: „ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი. ბოროტის გამკეთებელს ბოროტით არ გადაუხადოთ და მლანძღველს ლანძღვით არ უპასუხოთ, არამედ აკურთხეთ ისინი“ (1 პეტრე 3:8, 9). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სხვები არ გვექცევიან ისე, როგორც იესო მოგვექცეოდა, და არ ავლენენ თანაგრძნობას თუ მიმტევებლობას? ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვეცადოთ, მივბაძოთ იესოს და ისე ვიმოქმედოთ, როგორც ის იმოქმედებდა (1 იოანე 3:16).

პირველ ადგილზე დააყენეთ სამეფოს ინტერესები

17. რა ცხადყოფს, რომ ღვთის ნების შესრულებას იესო ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებდა?

17 საჭიროა კიდევ ერთ სფეროში ვიაროთ ისე, როგორც იესო ქრისტე დადიოდა. ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას იესოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. სიქარის მახლობლად სამარიელი ქალისთვის ქადაგების შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ შევასრულო ჩემი გამომგზავნელის ნება-სურვილი და დავასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). იესოსთვის მამის ნების შესრულება ნოყიერი, კმაყოფილების მომგვრელი და გამომაცოცხლებელი საჭმელივით იყო. მართლაც რომ მნიშვნელოვანი და კმაყოფილების მომგვრელია იესოს მიბაძვა და ღვთის ნების შესრულების პირველ ადგილზე დაყენება.

18. რა კურთხევები მოაქვს შვილების იმისკენ წახალისებას, რომ სრული დროით მსახურება დაიწყონ?

18 მშობლები, რომლებიც შვილებს უბიძგებენ, დაიწყონ სრული დროით მსახურება, შვილებთან ერთად მრავალ კურთხევას იღებენ. ტყუპი ვაჟის მამა შვილებს ბავშვობიდან პიონერული მსახურებისკენ მოუწოდებდა. ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ტყუპებმა პიონერული მსახურება დაიწყეს. შედეგებით გახარებული მამა წერს: „ჩვენმა ბიჭებმა იმედი არ გაგვიცრუეს. სიამოვნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ‘შვილები მემკვიდრეობაა უფლისაგან’“ (ფსალმუნები 126:3). თავად შვილები რა სარგებლობას იღებენ სრული დროით მსახურებიდან? ხუთი შვილის დედა ამბობს: „პიონერული მსახურება ჩემს შვილებს დაეხმარა, უფრო ახლო ურთიერთობა განევითარებინათ იეჰოვასთან, გაეუმჯობესებინათ პირადი შესწავლის ჩვევა, გონივრულად გამოეყენებინათ დრო და ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაეყენებინათ სულიერი. ყველას მოუწია ცხოვრებაში არაერთი ცვლილების შეტანა, მაგრამ არც ერთი არ ნანობს, ამ გზას რომ დაადგა“.

19. რა სამომავლო გეგმებზე უნდა იფიქრონ სერიოზულად ახალგაზრდებმა?

19 ახალგაზრდებო, რა სამომავლო გეგმები გაქვთ დასახული? კარიერის შექმნას აპირებთ? თუ სრული დროით მსახურებისკენ ისწრაფვით? „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, — გვარიგებს პავლე, — გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო, რადგან დღეები ბოროტია“. შემდეგ მოციქული დასძენს: „ამიტომ, ნუღარ იქნებით უგუნურები, არამედ ჩასწვდით, რა არის იეჰოვას ნება“ (ეფესოელები 5:15—17).

იყავით ერთგულნი

20, 21. რა მხრივ იყო იესო ერთგული და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მისი ერთგულების მაგალითს?

20 იესოსავით რომ ვიაროთ, საჭიროა მისი ერთგულების მაგალითს მივბაძოთ. იესოს ერთგულებასთან დაკავშირებით ბიბლიაში ნათქვამია: „თუმცა ის იმ სახით არსებობდა, როგორც ღმერთი, ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, კერძოდ, ღვთის თანასწორად ყოფნა. პირიქით, ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა. უფრო მეტიც, როცა ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“. იეჰოვას ნების მორჩილად შესრულებით იესომ ერთგულად დაუჭირა მხარი მის უზენაესობას. მან მორჩილება წამების ბოძზე სიკვდილამდე გამოავლინა. საჭიროა, ჩვენც ‘ასეთივე აზროვნება გვქონდეს’ და ერთგულად შევასრულოთ ღვთის ნება (ფილიპელები 2:5—8).

21 იესომ ერთგულება თავისი მოციქულების მიმართაც გამოავლინა. სისუსტეებისა და არასრულყოფილების მიუხედავად, იესოს „ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოანე 13:1). მსგავსად ამისა, ჩვენც არასოდეს არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ძმების არასრულყოფილების გამო მათდამი კრიტიკული დამოკიდებულება განგვივითარდეს.

მიჰბაძეთ იესოს მაგალითს

22, 23. რა სარგებლობა მოაქვს იესოს მაგალითის მიბაძვას?

22 ცხადია, არასრულყოფილების გამო ვერ შევძლებთ აბსოლუტურად ზუსტად მივყვეთ ჩვენთვის სრულყოფილი მაგალითის მომცემის ნაკვალევს. მაგრამ შეგვიძლია მაქსიმალურად ვეცადოთ ამის გაკეთებას. ამგვარად მოქმედებისთვის საჭიროა გვესმოდეს, თუ როგორ გვხელმძღვანელობს იესო, დავემორჩილოთ ამ ხელმძღვანელობას და მივბაძოთ მის მიერ დატოვებულ მაგალითს.

23 ქრისტეს მიბაძვას მრავალი კურთხევა მოაქვს. ჩვენი ცხოვრება უფრო აზრიანი და კმაყოფილების მომგვრელი ხდება, რადგან მთელი ყურადღება ღვთის, და არა საკუთარი ნების, შესრულებისკენ გვაქვს მიპყრობილი (იოანე 5:30; 6:38). გვაქვს სუფთა სინდისი. ის, თუ როგორ დავდივართ ჩვენ, სხვებისთვის სამაგალითო ხდება. იესომ მიიწვია ყველა, ვინც მშრომელი და ტვირთმძიმე იყო, რათა მასთან გამოცოცხლება ეპოვათ (მათე 11:28—30). თუ იესოს მაგალითს მივყვებით, ჩვენც შევძლებთ ჩვენთან ურთიერთობით სხვების გამოცოცხლებას. ამიტომ, მოდი კვლავაც ისე ვიაროთ, როგორც იესო დადიოდა!

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• როგორ ხელმძღვანელობს დღეს იესო თავის მიმდევრებს?

• როგორ შეუძლიათ უხუცესებს მიჰყვნენ ქრისტეს ხელმძღვანელობას ღვთის მიერ მოცემული ძალაუფლების გამოყენებისას?

• როგორ შეგვიძლია მივყვეთ იესოს მაგალითს, როდესაც სხვები არასწორად იქცევიან?

• როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, პირველ ადგილზე დააყენონ სამეფოს ინტერესები?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

ქრისტიანი უხუცესები გვეხმარებიან, მივყვეთ ქრისტეს ხელმძღვანელობას.

[სურათები 24, 25 გვერდებზე]

ახალგაზრდებო, რა მიზნებს ისახავთ იმისათვის, რომ ქრისტიანულმა ცხოვრებამ კურთხევები მოგიტანოთ?